"ვლადიმერ გუცაევს 25 მილიონი დოლარი ჩაუდეს ჩემოდანში და კოკოითისთან გაამგზავრეს"
25-03-2013
"ვლადიმერ გუცაევს 25 მილიონი დოლარი ჩაუდეს ჩემოდანში და კოკოითისთან გაამგზავრეს"
მზვერავის აღსარება

ცხინვალის რეგიონში მოქმედი ყოფილი სამშვიდობო ძალების შტაბის სამხედრო დაზვერვის უფროსი ჯემალ კანკია საზოგადოებისთვის დღემდე უცნობ ფაქტებზე ალაპარაკდა. ყოფილ სამხედროს მიაჩნია, რომ 2004 წელს ცხინვალთან შეიარაღებული დაპირისპირება სააკაშვილის არასახელმწიფოებრივი აზროვნებისა და ფულს დახარბების შედეგი იყო. ყოფილი მზვერავი სააკაშვილი-კოკოითის მოლაპარაკების უცნობ დეტალებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ქართულ-ოსური ურთიერთობის ბედს არაჯანსაღი ძალები - ერთი მხრივ სეპარატისტები, მეორე მხრივ კი პირადი გამორჩენით დაინტერესებული ადამიანები წყვეტდნენ.


ჯემალ კანკია: - 2003 წლის "ვარდების რევოლუციის"
შემდეგ, დეკემბერში, სააკაშვილი აჩაბეთში უნდა შეხვედროდა ხალხს. გზა მხოლოდ ცხინვალზე გადიოდა. კორტეჟი იქაურმა საგზაო მილიციამ გააჩერა. მიშა მანქანიდან გინებით გადმოხტა - მალე საქართველოს პრეზიდენტი ვიქნები, ყველას მოგხსნით და დაგიჭერთო. ცხადია, ოსებმა სააკაშვილი აჩაბეთში აღარ შეუშვეს და მაშინვე თქვეს, საქართველოს ხელისუფლებაში ფაშისტები მოდიან, რომლებიც არც ჩვენ
დაგვმართებენ კარგს და არც ქართველებსო. არადა, იმ დროს თითქოს დათბა ურთიერთობა ოსებთან.

მე და ჩემი ხალხი რუსეთის საზღვრამდე, როკის გვირაბამდე მივდიოდით ქართული ფორმით და არავინ გვიწევდა წინააღმდეგობას. აჩაბეთისკენ მიმავალმა მომავალმა პრეზიდენტმა ისიც კი ვერ გათვალა, ცხინვალში როგორ უნდა მოქცეულიყო, რომ ოსების გული მოეგო. სააკაშვილს ცხინვალის ე.წ. ოფიციოზთან იმ დროიდან დაეძაბა ურთიერთობა, რიგითი მოქალაქეები კი მიშას მხოლოდ რიხიანი სატელევიზიო გამოსვლებით იცნობდნენ და იმედი ჰქონდათ, რომ სააკაშვილი კონფლიქტს მოაგვარებდა.

2004 წელს, როდესაც სააკაშვილი პრეზიდენტი გახდა, ედუარდ კოკოითისთან წარმომადგენლები - გიგი უგულავა და როგორც მახსოვს, გივი თარგამაძე მიავლინა. მოლაპარაკების თემა იყო ერგნეთში ბაზრობის ოფიციალურად გახსნა, ოღონდ საქართველოს ხელისუფლებას სანაცვლოდ მოგების 80% უნდა მიეღო. კოკოითიმ შესთავაზა, 60% თქვენი იყოს, 40% - ჩვენიო. ქვა ააგდო სააკაშვილმა და დაიმუქრა კიდეც, ჭკუაზე მოგიყვანთო. ამას მოჰყვა ე.წ. ჭკუის სასწავლებელი სანქციები. საქართველოს ხელისუფლებამ ერგნეთის ბაზრობაზე ვითომ კონტრაბანდის გასაკონტროლებლად ძალოვანი სამსახურები შეიყვანა. ოს და ქართველ გლეხებს საქონელს ართმევდნენ, ბაზრიდან ყრიდნენ და ცდილობდნენ, ხალხი დაეშინებინათ, რომ ბაზრობის გამართვაზე უარი ეთქვათ. ჩვენი სამშვიდობო ძალების ხელმძღვანელობა აღშფოთებას ვერ მალავდა. მდგომარეობა ძალიან დაიძაბებაო, წუხდნენ სარდალი მიშა ქებაძე და შტაბის უფროსი გივი გუგუციძე. ამ პროცესების გამო მიშა ქებაძეს მთავრობასთან მუდმივად ჰქონდა უთანხმოება. სარდალი ხელისუფლებას სთხოვდა, ცოტა ხანი გვადროვეთ და ცხინვალის რეგიონს ადგილობრივი მოსახლეობის სურვილით დაიბრუნებთო. მიშა ქებაძეს ავტორიტეტი ჰქონდა ოსებში და ბევრი სიკეთის გაკეთება შეეძლო. სამწუხაროდ, არავინ უგდო ყური და კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის მოტივით ჯარიც შემოიყვანეს რეგიონში.

ერთ დღეს გივი გუგუციძემ მითხრა, როგორც დაზვერვის უფროსს კი არ გევალება ეს საქმე, მაგრამ ტყვიავის პოსტზე დადექი, ნახე, რას აკეთებენ ჩვენებიო. კინაღამ გავგიჟდი იმ დღეს. ქართველი ძალოვანები ხალხს ხელიდან სტაცებდნენ უკანასკნელ ლუკმას. ართმევდნენ ყველაფერს, ყრიდნენ ავტომობილებში და თბილისისკენ ეზიდებოდნენ. არასოდეს დამავიწყდება ქართველი ქალი, რომელსაც ერთი ტომარა ფქვილი წაართვეს. დილის ათი საათიდან საღამოს 9 საათამდე იდგა პოსტზე და ქართულ პოლიციას ეხვეწებოდა - ორი თვეა, ჩემს შვილებს პური არ უჭამიათ, ერთ ოსს ვალი ჰქონდა და ფულის ნაცვლად ფქვილი მომიტანა, რატომ წამართვით, ღმერთი არ გწამთო? დამელია გული იმ ქალის ტირილზე და იმდენი მოვახერხე, რომ ის ტომარა დავაბრუნებინე.

- თქვით, რომ ხალხისთვის წართმეული საქონელი თბილისში მოდიოდა... სად? ვისთან?
- ალბათ, სავაჭრო ცენტრებში, საიდანაც ფულს თვითონვე იღებდნენ. სანამ ხელისუფლება კონტრაბანდასთან ბრძოლის სახელით მაროდიორობდა, ტყვიავში ღამით, ორ-სამ საათზე გორიდან შემოდიოდა მანქანების ქარავანი, 15-20 სატვირთო მანქანა იტვირთებოდა.

- ფიქრობთ, რომ 2004 წლის შეიარაღებული კონფლიქტის საფუძველი ერგნეთის ბაზრობა გახდა?
- დიახ. კონტრაბანდასთან ბრძოლის მოტივით ქართულმა მხარემ აჩაბეთში ჯარიც რომ შემოიყვანა, ოსებმა სანგრების თხრა დაიწყეს. რამდენიმე დღეში კი მიშა ქებაძეს მოაწოდეს ინფორმაცია ვლადიკავკაზიდან ცხინვალისკენ მომავალი სატვირთო მანქანების შესახებ. მალე დავაზუსტეთ, რომ 360-ტენტიანი სატვირთო მანქანა გამოვიდა როკის გვირაბიდან. ცხინვალიდან ინფორმატორმა მაცნობა, რომ იმ ავტომობილებით რუსეთიდან შემოვიდა იარაღი და მასალა ძველი საბრძოლო ტექნიკის შესაკეთებლად, რომელიც ცხინვალში წლების განმავლობაში უქმად იდგა. ცხინვალში ომისთვის ემზადებიან, რადგან, მათი ინფორმაციით, ქართულ მხარეს სურს ომი. გაფრთხილდით, ჩამოტანილია სპეციალური მოწყობილობები, რომლითაც თითოეული თქვენგანის სატელეფონო საუბარს გააკონტროლებენო. ეს ინფორმაცია მაშინ კი გაითვალისწინეს თბილისში, მაგრამ მერე არც 2004 წლის შეტაკების დროს გახსენებიათ და 2008 წლის ომშიც არავის აუკრძალავს მობილურებით მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადაცემა.

- რა მოხდა, როდესაც ქართულ მხარეს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეთ?
- იმ დროს თავდაცვის მინისტრი გია ბარამიძე იყო, უშიშროების მინისტრის მოადგილე - გიგი უგულავა, უშიშროების საბჭოს მდივანი გახლდათ ვანო მერაბიშვილი, გივი თარგამაძე კი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს ხელმძღვანელობდა. ეს ადამიანები იმიტომ ჩამოვთვალე, რომ მაშინ ისინი წყვეტდნენ ქვეყნის ბედს. მათი მოქმედების ტაქტიკა იყო პროვოკაციული სვლები, რითაც უნდა გაეღიზიანებინათ მოწინააღმდეგე. ქართულ საგუშაგოებზე ბარამიძე სადაც მივიდოდა, სროლა იწყებოდა. არ ვიცი, რატომ აძლევდა ამის უფლებას თუ განკარგულებას ქართველ ჯარისკაცებს. ოსები საპასუხო სროლას იწყებდნენ, თან მიშა ქებაძესთან რეკავდნენ, რა ხდებაო? მიშაც იწყებდა ცეცხლის შესაწყვეტად სირბილს და სამშვიდობოები ვცდილობდით მღელვარების ჩაქრობას. მტკიცებულებები, ჩანაწერები არსებობს, როგორც ტექსტური, ისე ვიდეო და აუდიომასალების სახით და გამოძიებას არ გაუჭირდება მათი მოპოვება და გაშიფვრა.

- რუსები რას აკეთებდნენ ამ დროს? ოსურ მხარეს ინფორმატორები კი გყავდათ, მაგრამ რუსების შესახებაც იღებდით ინფორმაციას?
- ერთ დღეს უშიშროების თანამშრომლებმა შტაბში დამიბარეს, მანქანაზე ვიდეოთვალი უნდა დაგიყენოთო. მოწინააღმდეგე თუ დამიჭერდა, ტყავს გამაძრობდნენ, წამებით სიკვდილი არ ამცდებოდა, მაგრამ უარსაც ვერ ვიტყოდი დავალებაზე. არც ღირსება მაძლევდა ამის უფლებას და ძმის, აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ნოდარ კანკიას სულსაც ვერ შეურაცხვყოფდი. მან დაჭრილმა ხელყუმბარა ააფეთქა ბრძოლის ველზე და 12 მოწინააღმდეგე გაიყოლა იმ ქვეყნად. ძმის მაგალითით "დაზღვევა" გადავწყვიტე. მოვითხოვე, ხელყუმბარა ფ1 მოეცათ. სამშვიდობოებს იარაღის ტარება გვეკრძალებოდა და ამ ყუმბარის ჯიბით ტარებაც სახიფათო იყო, მაგრამ მოწინააღმდეგეს საწამებლად ვერ ჩავბარდებოდი. მომცეს ხელყუმბარა, ჩემი მანქანა“დაამუშავეს, მასწავლეს, სად დამეჭირა ხელი გადასაღები ღილაკისთვის და დაიწყო ჩემი თავგადასავალი. ეს ყველაფერი ხდებოდა შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე. მალე რუსების ბატალიონიდან დამირეკეს, ორი მოსკოველი ექიმია ჩამოსული, გორის დათვალიერება უნდათო. აშკარად რუსი ჯაშუშები იყვნენ.

ვიფიქრე, გამოვიყენებ ჩვენი ინტერესისთვის-მეთქი. შემეძლო ცხინვალისკენ ისეთი გზით მევლო, სადაც მათ გარეშე არავინ შემიშვებდა. შევუთვალე რუსებს, ბენზინი აღარ მაქვს-მეთქი. მოდი ბაზაზე და ჩაგისხამთო. გამიღეს კარი და მანიშნეს, მანქანა კუთხეში დამეყენებინა. მე კი ისე დავატრიალე მანქანა, რომ რასაც თვალი მისწვდებოდა, ყველაფერი გადავიღე. მოვარდა ბატალიონის მეთაური ღრიალით, რას დასეირნობ, ხომ გითხრეს, კუთხეში დაგეყენებინა მანქანაო! "ზაპრავკა" ხომ აქ არის-მეთქი, ვიკითხე "გულუბრყვილოდ." იქ განსაკუთრებული არაფერი აღმოჩნდა. ვეჭვობდი, რომ ცხინვალში საკონსერვო ქარხნის ტერიტორიაზე ვნახავდი რაიმე საინტერესოს. ამიტომ რუს ჯაშუშებთან ერთად საკონსერვო ქარხნისკენ გავუყევი გზას. გადავიღე ტანკებისა და "ბეტეერების" სადგომი. გამოცვივდნენ შეიარაღებული ჯარისკაცები, იღრიალეს, რისთვის მოხვედიო! რუსები მყავს მანქანაში-მეთქი... ნირწამხდრებმა გამომიშვეს. 2-3 დღეში დაიწყო შეიარაღებული დაპირისპირება. დაბომბვა ოსებმა დაიწყეს, გამთენიისას, რასაც ქართული მხარის რეაქცია მოჰყვა. "ლეგენდარულმა"”თავდაცვის მინისტრმა გია ბარამიძემ შეიყვანა სამხედრო ნაწილები რეგიონში და დაიწყო შეიარაღებული კონფლიქტი, რომელიც ორ თვეს გაგრძელდა.

- გარდაუვალი იყო ცეცხლის გახსნა, თუ არსებობდა რაიმე საშუალება ამის თავიდან ასაცილებლად?
- ვფიქრობ, შემაკავებელი რესურსი არსებობდა. მერწმუნეთ, ოს ხალხს ომი არ სურდა, სეპარატისტების დაყოლიება კი თავიდანვე შეიძლებოდა, ერგნეთის ბაზარზეც და შემდეგაც, როდესაც სიტუაცია გაამწვავა თბილისმა. რუსებთან ურთიერთობის გზასაც გამონახავდა საქართველოს ხელისუფლება.

თბილისს ვთხოვდით, ნება მოეცა და მხოლოდ უშიშროებას, დაზვერვას, სამშვიდობოებს მოეგვარებინათ ეს საქმე. ჩამოვაყალიბებდით ოსურ ბრიგადას, რომელიც კოკოითის ჯარის გარეშე დატოვებდა, ხალხს გადმოიბირებდა. ვიღაც იტყვის, ეს ფანტაზიააო. არ არის ფანტაზია, უსისხლოდ გამარჯვება ნამდვილად შეგვეძლო. უშიშროების სპეცსამსახურებს ვთხოვეთ, ჩვენი შეთავაზება გაეცნო ხელისუფლებისთვის. მათ მოსწონდათ ეს იდეა, მაგრამ მთავრობამ ბრძანა, ჩვენ არავის ვეფერებითო! ეს ხომ თვითმკვლელობაა-მეთქი, ვყვიროდი. გაჩუმდიო, მითხრეს. გავჩუმდი, სამწუხაროდ, ან რომ მეყვირა, რა იქნებოდა?

მე კი არა, სარდალი ქებაძე დააპატიმრეს და დაადუმეს. უშიშროების მინისტრის მოადგილე გიგი უგულავას და გივი თარგამაძის დაგეგმილი იყო ყველაფერი. მათ არასდროს არაფრად მიაჩნდათ სახელმწიფოს ინტერესები და მიშაც უგულავას და თარგამაძის ჭკუაზე დადიოდა. ახლა რომ პატრიოტობას იჩემებენ, სასაცილოა.

არ ვიცოდე მაინც, ვინ არიან. "ნაციონალურ მოძრაობას" ლიდერობს ბანდა, რომელიც სამხედრო ტრიბუნალზე უნდა გასამართლდეს.

სააკაშვილმა აჩაბეთის ინციდენტიდან მოყოლებული, რუსების წისქვილზე ასხა და ასხა წყალი. მისი რეჟიმის არადიპლომატიურმა ქმედებამ გამოიწვია ის, რომ კოკოითი ისევ რუსებისკენ გადაიხარა. თავის დროზე ამ კაცის ყიდვა ძალიან იაფად შეიძლებოდა, რაც სამწუხაროდ, გვიან და ამაოდ სცადეს "ნაციონალებმა". 2004 წლის სექტემბერში, ორთვიანი სისხლის ღვრის შემდეგ, უკვე დიდი უფსკრული რომ გაჩნდა გორსა და ცხინვალს შორის, ვლადიმერ გუცაევს 25 მილიონი დოლარი ჩაუდეს ჩემოდანში და კოკოითისთან გაამგზავრეს. სეპარატისტების ლიდერს შესთავაზეს, თქვი, რომ ცხინვალის რეგიონი საქართველოს იურისდიქციაში ბრუნდება და ხვალ კიდევ მიიღებ 40 მილიონ დოლარსო. კოკოითიმ - ორი დღე მომეცით მოსაფიქრებლადო. გაჭედილი იყო.

თავის დროზე მიშასთან რომ საერთო ვერ გამონახა, ისევ რუსულ სპეცსამსახურებთან დაიჭირა საქმე და ახლა იოლად ვერ აიღებდა ფულს. ორი დღის შემდეგ ცხინვალის ტელევიზიით განაცხადა, საქართველოს ხელისუფლებამ ჩემი მოსყიდვა სცადაო.

მიშას რატომ უნდა გაეხადა საქმე ასე, რომ ომის შემდეგ 65 მილიონი უშედეგოდ შეეძლია უკვე გაფუჭებული საქმის გასაკეთებლად, მაშინ, როდესაც შეიძლებოდა, თუნდაც ხუთ მილიონ დოლარად საოცრებები ჩაედინა ოსების გულის მოსაგებად და მათთვის გარანტიების მისაცემად? რატომ აძლევდა ხელს სააკაშვილის ხელისუფლებას ომი? სააკაშვილის ხელისუფლებამ, ჩემი აზრით, იოლ ფულს, თანაც ნაადრევად, გემო გაუგო და მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის იბრძოლა.

2010 წელს ბაჩო ახალაიამ სამსახურიდან დამითხოვა. მანამდე კი 2008 წელი გადავიტანე. ეს ომი ცალკე თემაა. არ არსებობს ყოფილი მზვერავი და ყოფილი ჯარისკაცი. ჩვენ გადაწყვეტილებას რომ ვიღებთ, იმ დღიდან სამუდამო ვალდებულებას ვკისრულობთ სამშობლოს წინაშე, მაგრამ რადგან ჯარისკაცმა ვერ შევძელი, დამეცვა სამშობლო, ჩემი პირვანდელი პროფესიით, პედაგოგობით მინდა გავაკეთო რაღაც. სკოლაში ისტორიის მასწავლებლად მინდა მუშაობის დაწყება. თაობები ვერ გავზარდეთ სწორად და ალბათ, იმიტომ გვჭირს, რაც გვჭირს.
გიორგი დიდებაშვილი
29 იანვარი 2016 01:28
"ნაცბოზბანდა" საბრალდებო სკამზე!
asurbanifali
07 აგვისტო 2015 17:26
გიორგის და ქოცისტანის მკვიდრებს - ამ კაცს 12 წელი დაწირდა ამის სათქმელად?მერე 25 მილიონი რომელ ჩემოდანში ეტევა? მაგრამ თქვენ ამას ვერ გაიგებთ, რადგან ნიცშეს ფილოსოფიაზე აცრილები ხარტ და დიდი ჭორვილელის მრევლი ხართ....ე.ი ზღაპრები მიშაზე ისევ პოპულარულია, რა დროს მიშაა, საქმეს მიხედეთ...
ნაცმჯღაბნელებს
05 აგვისტო 2015 23:20
სააკაშვილისგან გონებადაბნეულ ხალხს ვეკითხები....თქვენი კერპი რეგვენია თუ ქვეყნის გამყიდველი!! აქ მხოლოდ ეს ორი ვარიანტია...

რედაქტორის რჩევით