ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი - კვირის პალიტრა

ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი

ახალი ქართული რეალობა

საკონსტიტუციო ცვლილებებზე სარეიტინგო კენჭისყრამ ახალ სასტარტო პოზიციებზე გაიყვანა ორივე საპარლამენტო ძალა: შეიძლება ბევრი ვისაუბროთ იმაზე, რომ ქართულ პოლიტიკაში 9-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად ვიხილეთ კომპრომისის ხელოვნება; ხელისუფლებამ დაზოგა საზოგადოება და "ნაციონალების" ჩვეულ სტილში მორიგი ექსპერიმენტის ობიექტად არ აქცია; უდავოა ისიც, რომ ამ დღის შედეგად დავით უსუფაშვილი ქართულ პოლიტიკაში მნიშვნელოვან ფაქტორად იქცა, განსხვავებით სტატისტი პარლამენტის თავმჯდომარეებისგან; ახალ ხელისუფლებას მიეცა დრო მშვიდ გარემოში აკეთოს რეფორმები. განსაკუთრებით იმედგაცურებულები იმით იმშვიდებდნენ თავს, რომ "ნაციონალთა" ხმაურიანი საქმეების გამოძიება ახლა დაიწყება და მერე ნახეთ, თუ გასწორდებიან წელში "ნაციონალებიო".

მაგრამ ამ დღის მთავარი შედეგი სულ სხვა რამ გახლავთ: დღევანდელი სარეიტინგო კენჭისყრა ძალიან ძვირად შეიძლება დაუჯდეს "ქართულ ოცნებასაც" და ქართველ საზოგადოებასაც: ფაქტობრივად, ეს იყო კენჭისყრა არა საკონსტიტუციო ცვლილებებზე, არამედ "ნაციონალური მოძრაობის" რეინკარნაციაზე, ანუ მისთვის მეორე სიცოცხლის შანსის მიცემაზე. აკი თქვა კიდეც სააკაშვილმა, დღეს დაიბადა "ნაციონალური მოძრაობაო". ეს შედეგი "ნაციონალური მოძრაობისთვის" შეიძლება სერიოზულ ფორად იქცეს ადგილობრივი თვითმმართველობის 2014 წლის არჩევნებისთვის. ამით გააერთიანა არა მხოლოდ შიდა მომხრეები, არამედ დასავლეთსაც დაუმტკიცა, რომ ის კვლავ სიცოცხლისუნარიანი ძალაა, რომელზეც დასავლეთის "ქორებმა" კვლავ შეუძლიათ დადონ ფსონი. არც ის არის გამორიცხული, რომ 21 მარტის სარეიტინგო კენჭისყრა ამერიკული პროექტის „კოჰაბიტაციის“ მორიგი აქტი იყო.

ხელისუფლებამ თუ პრევენციული ზომები არ მიიღო, ეს სარეიტინგო კენჭისყრა პერსპექტივაში გაცილებით მძიმე შედეგების მომტანი შეიძლება გახდეს, ვიდრე თუნდაც კონსტიტუციური ცვლილებების ჩავარდნა: სააკაშვილი ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გაბედავდა მთავრობის დათხოვნას, სამაგიეროდ ხალხის ზღვარგადასული პროტესტი "ნაციონალებს" პოლიტიკური მომავლის შანსს ფაქტობრივად აღარ უტოვებდა. დავით ბაქრაძემ კენჭისყრამდე საჯაროდ უთხრა "მეოცნებეებს" პარლამენტის ტრიბუნიდან, რომ თუ პრეზიდენტი გამოიყენებს თავის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას და ერთპიროვნულად დაითხოვს და დანიშნავს მთავრობას, ჩემი ადგილი ამ პოლიტიკურ გუნდში არ იქნებაო, რითიც დიდწილად თითქმის მთელი უმცირესობის პოზიცია გააჟღერა და რეალურად გამორიცხა სააკაშვილის მიერ კონსტიტუციის იმ ავბედითი მუხლის ამოქმედების ალბათობა. მაგრამ ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი არგუმენტი იმისათვის, რომ უმრავლესობას უარი ეთქვა სარეიტინგო კენჭისყრაზე.

პოლიტიკური დუალიზმი: რესპუბლიკელები - ნაციონალები?!

ამ კენჭისყრამ გამოავლინა ისიც, რომ დღეს პოლიტიკურ ასპარეზზე ყველაზე აქტიური ორი სუბიექტია: "ნაციონალური მოძრაობა" და "რესპუბლიკური პარტია". მათ პოზიციებს აძლიერებს ორი დამატებითი ფაქტორიც: დასავლეთთან უნიკალური ურთიერთობები, მნიშვნელოვანი პოზიციები ადგილობრივი თვითმმართველობის თუ მმართველობის ორგანოებში და მედიაში დასაყრდენისთვის დაუღალავი ბრძოლა. დღევანდელი გადასახედიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ყველაზე კარგი სასტარტო პოზიციები სწორედ "რესპუბლიკელებს" აქვთ, ანუ შეიძლება ითქვას, რომ 1-ლი ოქტომბრის არჩევნების პოლიტიკური ნაღები სწორედ რესპუბლიკურმა პარტიამ მოხსნა. ჯერჯერობით პრემიერის მიერ დაპირებული მრავალსუბიექტიანი პოლიტიკური სპექტრის ჩამოსაყალიბებლად მზაობა ნაკლებად ჩანს.

ამ ნაბიჯის შემდეგ "ნაციონალები" ეცდებიან ისე გააჯერონ ოპოზიციური ნიშა, რომ რეალური ოპოზიციისთვის ადგილი არ დატოვონ. მით უფრო, რომ ქართული პოლიტიკისთვის (და არა მხოლოდ) ტრადიციად იქცა წინასაარჩევნოდ მარტივი, მაგრამ გამოცდილი და ეფექტური ფანდის - საფრთხობელის ძიება: ორწევრა პოლიტიკური სამყარო, სადაც ერთი "კეთილია", მეორე "ბოროტი" და "კეთილი" სწორედ "ბოროტის" საფრთხედ წარმოჩენის ხარჯზე ცდილობს მხარდამჭერთა მაქსიმალურ მობილიზებასა და შემოკრებას: ასეთი "საფრთხობელა" იყო "მოქალაქეთა კავშირის" დროს "აღორძინება", "ნაციონალების" დროს რუსული თემა თავისი ვარიაციებით. თეორიულად შესაძლებელია, რომ "ოცნებისა" და "ნაციონალებისთვის" კომფორტულიც იყოს ასეთ "დუეტში" ჩაბმა, რათა სხვა, საღი პოლიტიკური და ავტორიტეტული ძალების გამოჩენას შეუზღუდონ სივრცე. ხალხის ზურგს უკან ჩვეულ გარიგებებში გამობრძმედილი ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის მსგავსი სცენარის გათამაშება ახლაც არ არის გამორიცხული, ამიტომ ისევ პრემიერ-მინისტრის კეთილგონიერების იმედად ვრჩებით.

რაც შეეხება "ნაციონალებს", ისინი "მეოცნებეებთან" ბრძოლის არსენალს სულ უფრო ხვეწენ და ამრავალფეროვნებენ. აი, მათი ერთ-ერთი ბოლო ტაქტიკური ნოვაცია: ხელისუფლება თურმე განგებ შეეცდება ევროპასა და ამერიკასთან ურთიერთობის დაძაბვასა და ჩიხში შეყვანას, რათა მერე თქვან, რომ რუსეთთან თანამშრომლობის გარდა სხვა გზა აღარ დარჩათ. ეს ის "ნაციონალური მოძრაობაა", რომელიც 7 ნოემბრისა და 8 აგვისტოს შემდეგ ფეხზე დადგა, ახლაც შეუდარებლად მძიმე სასტარტო პირობებიდან ცდილობს იგივე გაიმეოროს. და მაინც, ყველაფერი პრემიერის პირად პოლიტიკურ გამჭრიახობაზეა დამოკიდებული.