"ვფიქრობ, პრემიერი იზოლაციაში ჰყავთ" - კვირის პალიტრა

"ვფიქრობ, პრემიერი იზოლაციაში ჰყავთ"

"უკანონო მოსმენებს ვინც აკანონებდა, ის პროკურორიც დააწინაურეს"

"სამართალდამცველებს ვურჩევ, დროულად გამოფხიზლდნენ!"

"მალე მთელი აგრესია კბილაშვილზე გადავა"

"შეცდომა იყო გენინსპექციის უფროსად ღარიბაშვილის ნათესავის დანიშვნა"

ბოლო დროს გახშირდა პროტესტი იმის გამო, რომ ის ძალოვანები და პროკურორები, რომლებიც წინა ხელისუფლებაში საქმეებს იძიებდნენ, ისევ თანამდებობებზე არიან. ამბობენ, ისინი შეგნებულად ბლოკავენ ინფორმაციებს, ცდილობენ პროვოკაციების მოწყობას და ამგვარი პროვოკაციებით ახალი ხელმძღვანელების დისკრედიტაცია ხდება. ექსპერტ კახა კახიშვილთან ამ საკითხებზე ვისაუბრეთ:

- უცნაური ტენდენცია გამოიკვეთა. ისინი, ვინც ადეიშვილის დროს პროკურატურაში დეპარტამენტის უფროსებად, მოადგილეებად, ოლქის პროკურორებად მუშაობდნენ, ახლაც გადაწყვეტილების მიმღებად რჩებიან. არადა, ეს ხალხი წლების განმავლობაში პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებდა. ყველა უკანონობა პროკურატურას და სასამართლოს უკავშირდება. მოვისმინეთ სააკაშვილის აღიარებაც - ადეიშვილს მადა ჭამაში მოუვიდა და სხვადასხვა პროექტისთვის საჭირო თანხის საშოვნელად ართმევდა ქონებას ბიზნესმენებსა და ხალხსო. ადეიშვილი ამას ახორციელებდა იმ პროკურორების მეშვეობით, რომლებიც ახლაც იქ არიან. მათ ზურგს სასამართლო უმაგრებდა. დღეს პროკურატურა და სასამართლო ტანდემში არ არის, მაგრამ ახლა პროკურატურის გადაწყვეტილება სასამართლოში იცვლება...

ნონსენსია, რომ პარლამენტმა 200 კაცი პოლიტპატიმრად ცნო და ამის გამო არც ერთი პროკურორი არ დაუთხოვიათ, დასჯაზე რომ არაფერი ვთქვათ. ხელისუფლება შეიცვალა, ადამიანები მიდიან პროკურატურაში განცხადებებით და იქ ხვდებათ ის ხალხი, ვინც მათ ჩაგრავდა. ისინი ახლაც მეგობრობენ ყოფილი ხელისუფლების ელიტასთან. დარწმუნებული ვარ, კონკრეტულ საქმეებზე

პროკურატურიდან ინფორმაცია გაედინება და "ნაცმოძრაობის" ოფისში მიდის...

ამას ადასტურებს თუნდაც გუნავას, გვარამიას, კალანდაძის დაკავების ფორმები.

- როგორ ფიქრობთ, მათი დაკავებისას დარღვევები შეგნებულად დაუშვეს?

- ფაქტობრივად, ყველამ აღიარა, რომ ეს ნორმალურ სტანდარტს არ შეესაბამებოდა. სხვა საკითხია, შეგნებულად ხომ არ შეიყვანეს შეცდომაში ძალოვანი უწყებებისა და პროკურატურის ხელმძღვანელობა ძველმა კადრებმა, რომ დაკავებისას შეცდომა დაეშვათ... ასეთი მაგალითი კიდევ ბევრი იქნება. მეტიც, მოვა დრო და ეს კადრები შიგნით, უწყებებში შეჰქმნიან პრობლემებს.

ვფიქრობ, გუნავამ შეგნებულად აიღო იარაღი, რომ დაეკავებინათ და პროვოკაცია მოეწყოთ. ვიღაცამ შს მინისტრსა და მთავარ პროკურორს მიაწოდა ინფორმაცია, გუნავა იქნება იარაღით და დავიჭიროთო... იცოდნენ, შემდგომში იტყოდნენ, რად უნდოდა პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს უნომრო იარაღი, როცა მას იარაღის ტარების უფლება აქვსო. იგივე მოხდა კალანდაძის დაკავების დროსაც.

- იუსტიციის მინისტრსაც უწუნებთ კალანდაძის დაკავების ფორმას?

- ვინ ურჩია იუსტიციის მინისტრს და მთავარ პროკურორს, მოდი, დავაბარებინოთ ირაკლი ალასანიას კალანდაძე და დილის 4 საათზე დავაკავოთო? ფაქტია, იდეა ვიღაცამ მიაწოდა... განათლების მინისტრმა მარგველაშვილმაც აღიარა, რომ რესურსცენტრის თანამშრომლები არასწორ ინფორმაციას აწვდიდნენ და მინისტრი ამის საფუძველზე ხშირად არასწორ გადაწყვეტილებებს იღებდა.

2004 წლიდან 2012 წლამდე ოლქის პროკურორის მოადგილის გარეშე არც ერთი საპროცესო შეთანხმება, დაკავება არ ხდებოდა, არც ერთ საქმეზე არ დამდგარა გამამართლებელი განაჩენი და ეს ადამიანი ახალმა ხელისუფლებამ იმავე ოლქის პროკურორად დანიშნა. მას დაევალა ძველი საქმეების, ანუ იმის რევიზია, რომლის ავტორი თავად იყო. უკანონო მოსმენებს ვინც აკანონებდა, ის პროკურორიც დააწინაურეს.

- კბილაშვილი ამბობს, რომ 345 პროკურორიდან 322-ზე საჩივარია შესული და ხელაღებით ყველას ვერ დაითხოვს, სანამ არ მოხდება გამოძიება.

- კბილაშვილმა ისიც თქვა, რომ კადრების არარსებობის გამო ვერ ითხოვს ძველებს. სრული აბსურდია, რომ კადრები არ არის. მე ვლაპარაკობ გადაწყვეტილების მიმღებ პროკურორებზე და არა რიგითებზე. კბილაშვილი აცხადებს, რომ გაათავისუფლა სტრუქტურა იმ ხალხისგან, ვინც ადეიშვილის დროს იღებდა გადაწყვეტილებებს. ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, - მას არავინ გაუთავისუფლებია, უბრალოდ ისინი გადაანაცვლა. ბევრი ძალიან კარგი, პროფესიონალი გამომძიებელი, რომლებმაც არ იმუშავეს ადეიშვილის პროკურატურაში, დღესაც უმუშევარია იმის გამო, რომ არ არის კბილაშვილის კურსელი. ის კადრებს მხოლოდ საკუთარ კურსელებში, ნაცნობებსა და ნათესავებში ეძებს, ამიტომაც ვერ იპოვის პროფესიონალებს. კურსელები სადამდე მიიყვანენ მას, მალე გამოჩნდება. მალე აგრესია მასზე გადავა, რადგან პროკურატურა უმოქმედოა, თავის ამოცანას ვერ ასრულებს. მეტიც, ჩემი აზრით, პროკურატურაში პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებენ.

- რას გულისხმობთ?

- ზოგიერთ საქმეს შეგნებულად აყოვნებენ, ზოგს აძლევენ მსვლელობას. თვითონ ყოფენ, პრიორიტეტი რას მიანიჭონ ახლა, რას - 5 თვის მერე. ეს ნიშნავს, რომ შერჩევითი მართლმსაჯულებაა. აყოვნებენ გამოძიებას პროკურორების საჩივრებზეც, იმიტომ, რომ იციან, როგორც კი დაიწყება გამოძიება, მაშინ რომელიღაც კურსელს უნდა დაემშვიდობოს. ამიტომ არ იწყებს და ამბობს, რომ ჯერ მტკიცებულებები არა აქვს. არავინ ითხოვს მტკიცებულების გარეშე ვინმეს დასჯას, მაგრამ მას უფლებამოსილება აქვს, თუ განცხადება შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, გადააყენოს მაინც პირი თანამდებობიდან და არ დააწინაუროს. მას შეუძლია ის რიგითი პროკურორები, გამომძიებლები, რომლებიც წლების განმავლობაში არანაირ გადაწყვეტილებას არ იღებდნენ, ადეიშვილამდეც მუშაობდნენ იქ, მის დროსაც და ახლაც, აქვთ დიდი კვალიფიკაცია, დანიშნოს წამყვან პოზიციებზე. მათ ადგილას მოიყვანოს სტაჟიორები, ასწავლოს საქმე და ასე შეიქმნება პროკურატურის ოქროს ფონდი. მაგრამ ამას სჭირდება სურვილი და კომპეტენცია. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ გადაწყვეტილებას პროკურატურაში რეალურად სულ სხვა პირები იღებენ.

- მაინც ვინ?

- ჩემი აზრით, მისი მოადგილე ნაცვლიშვილი იღებს მათთან ერთად, ვინც მან მიიყვანა სამსახურში, ხოლო კბილაშვილი მედიაპერსონაა. ის კარგი იურისტია, ოღონდ სამოქალაქო საქმის სპეციალისტი. თან ბუნებით ადვოკატია, არასოდეს უმუშავია პროკურატურაში. არ იცის საქმის გამოძიების ეტაპები. არასოდეს გასულა შემთხვევის ადგილზე,  არ გამოუტანია დადგენილება სასამართლო-სამედიცინო და სხვა სახის ექსპერტიზის დანიშვნაზე, არ დაუკითხავს არც მოწმე, არც ბრალდებული, არ მიუღია მონაწილეობა პროცესზე როგორც ბრალმდებელს...

როგორ შეიძლება ამდენი ხანი დაყოვნდეს საქმეები, რომელიც ქონების დაბრუნებას ეხება? ამ დროში ქონება სხვადასხვა პირზე გაფორმდება და შემდგომში ძალიან რთული იქნება მისი დაბრუნება. მთავარია, დროზე გადაიჭრას ეს პრობლემა, თორემ სახელმწიფოს კომპენსაციების გადახდა მოუწევს.

- შს მინისტრი გააკრიტიკეს ალეკო ტაბატაძის დანიშვნის გამო, კბილაშვილს ნაცვლიშვილი დაუწუნეს, სუბარს - სუბელიანი.

- იგივე პრობლემაა განათლების, ფინანსთა, სასჯელაღსრულების სამინისტროებში, განსაკუთრებით ფინანსურ პოლიციაში. ყველგან არის კადრების პრობლემა და ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, კონკრეტული ჯგუფი ცდილობს ამ უწყებებში მეორე პირებად შესთავაზოს ისეთი პირები, რომლებიც ნებისმიერ უწყებრივ გადაწყვეტილებას მიიღებენ. მოვა დრო და ამასაც გავშიფრავ. ფაქტი სახეზეა, ჯაჭვი იკვეთება.

ცდილობენ რეალურად ამ ხალხმა მართოს სისტემა ისე, რომ იმავდროულად, ჩრდილში იყვნენ. ვფიქრობ, ივანიშვილს არწმუნებენ, ეს კანდიდატი უფრო ივარგებს ამ თანამდებობაზეო, მაგრამ იმავდროულად თავის საქმეს აკეთებენ და გავლენებს პოულობენ სხვადასხვა უწყებაში. შს სამინისტრო და პროკურატურა ძალიან სპეციფიკური უწყებებია. პროფესიონალი რომც იყო, თუ კოლექტივმა არ მიგიღო, ძალიან გაგიჭირდება უწყების მართვა. შს სამინისტროში ძალიან მკაცრი კონტროლია საჭირო დანიშვნებზეც. ვფიქრობ,

ღარიბაშვილი ნიჭიერი კაცია, მაგრამ მართვის გამოცდილება არა აქვს

და ვშიშობ, სანამ გამოცდილებას მიიღებს, სადმე პრობლემა არ შეექმნას.

- ბევრმა გააკრიტიკა ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა უმცირესობასთან. მიაჩნიათ, რომ ადეკვატური პასუხი ვერ გასცა შეკითხვებს.

- ფაქტობრივად, უმცირესობის წევრებმა ირონიით დაჰკითხეს მინისტრი.  სხვა დროს ასეთი ტიპის შეხვედრებს უფრო აკადემიური სახე უნდა მიეცეს. ვფიქრობ, შეცდომა იყო გენინსპექციის უფროსად ღარიბაშვილის ნათესავის დანიშვნა. ის მნიშვნელოვანი თანამდებობის პირია, მან უნდა გააკონტროლოს სამინისტროში არსებული გადაცდომები და დანაშაულის გამოძიება. მე ირაკლის ადგილას ნათესავს არ დავნიშნავდი, თუმცა, "ნაცმოძრაობას" რა უკვირს? მერაბიშვილის მოადგილე მესხელი მისი ახლო ნათესავი იყო.

- საზოგადოება ელოდება გახმაურებულ საქმეებზე გამოძიებას.

- ვფიქრობ, გაჭირდება ამ საკადრო პოლიტიკის ვითარებაში. საბოლოოდ სამართლის მომლოდინე საზოგადოების აგრესია გადავა ისევ პროკურატურასა და ხელისუფლებაზე. ვურჩევ, დროულად გამოფხიზლდნენ!

სასჯელაღსრულებაში საერთოდ კატასტროფაა. გენინსპექციის უფროსად დაინიშნა სუბელიანი, ყოფილი პროკურორი, რომლის სახელი 26 მაისის საქმეებს უკავშირდება. ის უმოწყალოდ ყრიდა ხალხს ციხეში.

მან გააშვებინა დეპარტამენტის თავმჯდომარე და საკუთარი კადრები დანიშნა კოლონიის უფროსებად. რატომ მოიყვანა "ნაცმოძრაობის" კადრი სუბარმა, ეს მას უნდა ჰკითხოთ. დღეს მირზა სუბელიანი მართავს სასჯელაღსრულების სამინისტროს.

ვფიქრობ, ბატონი ბიძინა ოქტომბრამდე აკვირდება, ვინ რისი გამკეთებელია, მაგრამ ამ დაკვირვებაში რა შედეგი იქნება, არ ვიცი. ოქტომბრამდე ვერ გარისკავს, თუნდაც იმიტომ, რომ ძალოვანი მინისტრები პრეზიდენტის პრეროგატივაში შედის.

ოქტომბრის შემდეგ შეიძლება ვიხილოთ გაბრაზებული ივანიშვილი

და მისი გადაწყვეტილებები.

- რა შეფასებას მისცემთ საკონსტიტუციო ცვლილებების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს?

- წინადღეს განაცხადეს, რომ სარეიტინგო გამოკითხვა არ ჩატარდებოდა. თუ გინდა, მოგვეცი ხმა, თუ არა, ამ საკითხს ისედაც გავიტანთო. რას ნიშნავდა უსუფაშვილის ნათქვამი, არ დავნიშნავთ სარეიტინგო კენჭისყრასო... მაგრამ, როგორც ჩანს, ამით საბოლოოდ გააძლიერეს "ნაცმოძრაობა" და მის თავმჯდომარეს კიდევ ერთხელ მისცეს ძალის დემონსტრირების საშუალება. არ ვიცი, რას დავაბრალო - არასტრატეგიულ გათვლებს, არაორგანიზებულობას თუ რას? ფაქტია, "ნაცმოძრაობა" ყოველდღე მკვიდრდება, როგორც მეორე ძალა ქვეყანაში, რომელიც განსაზღვრავს პოლიტიკურ პროცესებს...

ვფიქრობ, პრემიერი იზოლაციაში ჰყავთ და ის პირები, რომლებსაც ენდობა, ისე უხატავენ სურათს, როგორც თვითონ აწყობთ. ისეთ ინფორმაციას აწვდიან, რომელიც აწყობთ, ან საერთოდ არ აწვდიან. ცხადია, არ არსებობს კარგი კოორდინაცია, როგორც "ქართული ოცნების" ფრაქციაში, ისე მთავრობასა და კოალიციას შორის.

თეა ხურცილავა