მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

საკონსტიტუციო დრამა

ხუთშაბათ საღამოს პარლამენტში ნამდვილი დრამა გათამაშდა. მთელი საქართველო სულმოუთქმელად ელოდა რა მოხდებოდა. ასეთი დაძაბული კვანძის გახსნა კარგ დრამატურგსაც კი შეშურდებოდა.

მოგვიანებით ეს ყველაფერი ვახტანგ ხმალაძემ "კავკასიურ ცარცის წრეს" შეადარა: ვისაც უფრო უყვარს ბავშვი, ხელსაც ის უშვებს. აბა, ბავშვს ხომ არ გავგლეჯდითო. თუ ამ ლოგიკას გავყვებით, გრუშეს როლი პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს ერგო. უბრალოდ, იმ დროს, როდესაც თავის ფინალურ მონოლოგს წარმოთქვამდა, ისეთი სახე ჰქონდა, როგორც ოტელოს დეზდემონას დახრჩობის შემდეგ, როცა ის საკუთარ საქციელს აცნობიერებს.

როგორც გაირკვა, "ოცნება" ტყუილად ბაქიბუქობდა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საკმარისი რაოდენობა ჰყავდათ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე წევრი უპირობოდ დაუჭერდა მხარს ამ ცვლილებებს. ასეთი არაფერი მოხდა, "ოცნებას" სასურველის მისაღებად მისთვის დამამცირებელ დათმობაზე წასვლა დასჭირდა. საღამოს კი სააკაშვილი გამარჯვებას ზეიმობდა  და გაიძახოდა, რომ ყველას აჩვენეს, როგორი მაგრები არიან. მიშა უკვე ისეთი დისკრედიტირებულია, მის სიტყვას ჩალის ფასი აქვს, ამიტომ "ნაციონალური მოძრაობის" შემორჩენილი მომხრეების გარდა ეს სიტყვები, ვერავისზე  იმოქმედებდა, მაგრამ ისინი ხომ მაინც განამტკიცა რწმენაში. "ოცნებამ" ამ ნაბიჯით "ნაციონალურ მოძრაობას" საშუალება მისცა, მისი დაშლის პროცესი შეეჩერებინა. კიდევ ერთი შედეგი, რაც სააკაშვილმა აქედან მიიღო, ისაა, რომ "ოცნების" მომხრეთა ნაწილი მათი ფავორიტი კოალიციის მოქმედებით იმედგაცრუებული დარჩა. სააკაშვილმა მიაღწია იმას, რომ "ოცნების" მხარდამჭერთა ეს ნაწილი "ოცნებაზე" გაბრაზდა. საბოლოოდ, ეს ყველაფერი როგორ შემოუტრიალდება "ოცნებას", არც არავინ იცის, მაგრამ იმ დღეს ჰქონდათ კი მათ სხვა გამოსავალი?

უსუფაშვილს და ივანიშვილს ხომ არჩევანის გაკეთებამ რეალურად ცუდსა და უარესს შორის მოუწიათ: "ოცნება" "ნაციონალების" წინადადებას სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარებაზე თუ დასთანხმდებოდა, მაშინ მისთვის ერთი ცუდი შედეგი დგებოდა და ერთი კარგი: ცუდი ის იქნებოდა, რომ ყველა ნახავდა, მათ არ ჰყავთ 100 დეპუტატი და "ნაციონალური მოძრობა" ერთიანობას ინარჩუნებს, კარგი კი ის იქნებოდა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები გავიდოდა. თუ "ოცნება" "ნაციონალების" წინადადებას არ დასთანხმდებოდა, მაშინ ხელში ორი ცუდი შედეგი შერჩებოდა და არც ერთი კარგი: "ნაციონალები" მაინც აჩვენებდნენ ყველას, რომ "ოცნებას" 100 ხმა არ აქვს, ანუ მათი დაშლა ვერ მოახერხეს (პირდაპირ კენჭისყრაზე დაყენებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს ჩააგდებდნენ) და პლუს არც საკონსტიტუციო ცვლილებები გავიდოდა. ასე რომ, უსუფაშვილის და ივანიშვილის არჩევანი პრაგმატული იყო: ერთი კარგი და ერთი ცუდი შედეგი ჯობდა ორ ცუდს.