"მალიში შტაბის ოფიცრებს გავგზავნით"
25-03-2013
"მალიში შტაბის ოფიცრებს გავგზავნით"
"გამორიცხულია ჩვენთან ვინმეს ნათესავმა მიიღოს წახალისება"

"ბიძინა ივანიშვილსა და მე რთული ერთკვირიანი პერიოდი გვქონდა, რაც უკეთესი შედეგით დასრულდა. ჩვენს ურთიერთობას მეტი იმუნიტეტი შევძინეთ გარე ჩარევებისგან", - მითხრა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, რომელთან საუბარიც გასული კვირის მთავარი თემებით დავიწყეთ:

- გასულ კვირას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის მოსმენა გაიმართა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, გაღრმავდეს პარლამენტის წინაშე ინსტიტუციური ანგარიშვალდებულება და რეალურად შესრულდეს პარლამენტის ზედამხედველობა ხარჯვით ნაწილზე, ფინანსებისა და რესურსების მართვაზე. ავიღეთ
ვალდებულება, რომ წელიწადში ერთხელ თავდაცვის სამინისტრო შესყიდვების მთელი ხარჯის ანგარიშით წარდგება თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში. ეს მნიშვნელოვანი ბერკეტი იქნება უმრავლესობისა და უმცირესობისთვის, რომ თავდაცვის სისტემაზე რეალური საპარლამენტო ზედამხედველობა დაწესდეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურაში მძიმე მემკვიდრეობა დაგვხვდა და ამის გამოსწორებაზე დავიწყეთ ზრუნვა.

ასევე მინდა ყურადღება გავამახვილო გასულ
კვირას აშშ-ის სენატში გამართულ მოსმენაზე. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში მოისმინეს სამხედროების შეფასება ამერიკის გრძელვადიან პოლიტიკაზე ავღანეთში, საზოგადოდ, უსაფრთხოების გარემოზე, სენატორ შაჰინის დაინტერესებით საკმაოდ სოლიდური ნაწილი დაეთმო საქართველოს. ადმირალმა სტავრიდისმა მოხსენება გააკეთა, რამდენად წარმატებული ქვეყანაა საქართველო ნატოსთან ინტეგრაციის საქმეში, რამდენად ეიმედებათ მათ საქართველო და ჩვენი სამხედროები, რომლებიც ამერიკელი ქვეითების მხარდამხარ იბრძვიან ავღანეთში. სენატორებისა და თავდაცვის უწყების შეფასება ადეკვატური  იყო, რომ საქართველო ურყევად ადგას ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის გზას.

- ცნობილი გახდა, რომ ჩვენი სამხედროები მალიშიც ჩავლენ სამხედრო მისიით.

- ეს არ არის საბრძოლო ამოცანა. ჩვენ მზადყოფნა გამოვხატეთ და მოლაპარაკება დავიწყეთ ევროკავშირთან, რომლის თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემა ნატოს სისტემაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. პასუხისმგებლობა, რასაც საქართველო და ევროპა ერთმანეთის მიმართ ავიღებთ, უფრო მჭიდრო ინსტიტუციურ საფუძველს ჩაუყრის ევროპაში ჩვენს სრულფასოვან ინტეგრაციას. ევროპის უსაფრთხოება კავკასიიდანაც რომ იწყება, ეს გამოჩნდა 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს, როდესაც ყველაზე დიდი ინიციატივით ამერიკელებთან ერთად ევროკავშირის მაშინდელი პრეზიდენტი, ქვეყნის პირველი პირი, სარკოზი ჩაერთო. ჩვენი პოლიტიკური და ერის ნებაც არის, რომ გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი ნაწილი და ასეთ ოპერაციებში მონაწილეობით ევროპასთან ინტეგრაციას შევუწყოთ ხელი. ევროკავშირს ჩვენ ერთობლივ საშტაბო ოპერაციებში მონაწილეობა და მალიში შტაბის ოფიცრების გაგზავნა შევთავაზეთ.

- რამდენიმე კვირის წინ ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ მის კომპიუტერს თქვენი უწყებიდან უსმენდნენ.
- მის ნათქვამს ეჭვქვეშ არ ვაყენებ, მაგრამ წარმოუდგენელია, ვინმე ჩემი უწყებიდან იყოს ამაში ჩართული, რადგან როგორც კი შევუდექი ჩემი მოვალეობის შესრულებას, პირველი, რაც გავაკეთე, ის იყო, რომ სამხედრო პოლიციას ჩამოვართვი სატელეფონო მიყურადების ტექნიკური შესაძლებლობა. ასე რომ, ამის ტექნიკური შესაძლებლობა თავდაცვის უწყებას არა აქვს. მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება ბოლომდე მივიდეს. აქ მხოლოდ ოქრუაშვილზე არ არის საქმე. საქართველოდან უნდა ამოიშანთოს ის კულტურა, რომელიც დაამკვიდრა წინა ხელისუფლებამ და მათ შორის ოქრუაშვილის მთავრობამ. პასუხისგებაში უნდა მიეცეს ყველა, ვინც ამ პოლიტიკურ დაკვეთას აძლევდა სამართალდამცავ სტრუქტურებს.

- ოქრუაშვილმა ისიც თქვა, რომ სააკაშვილი თეა წულუკიანის, ირაკლი ღარიბაშვილისა და მაია ფანჯიკიძის მოხსნის საკითხს განიხილავს. ასევე გავრცელდა ხმა, რომ მაია ფანჯიკიძის ადგილზე პრემიერი სალომე ზურაბიშვილს მოიაზრებს.
- საქართველოს მთავრობაში გადაადგილებები არ იგეგმება. თუ პრემიერი მიიღებს გადაწყვეტილებას სამთავრობო გადაადგილებაზე, უპირველესად ჩვენ გაგვაცნობს და მერე იტყვის საჯაროდ. მთელი მთავრობა ძალიან კარგი გუნდური პრინციპით მუშაობს. მომავალში, ბუნებრივია, ცვლილებები იქნება, მაგრამ მინისტრების შეცვლა ამ ეტაპზე არ განიხილება.

- როგორც ამბობენ, რესპუბლიკელები ივანიშვილის ფავორიტობისთვის იბრძვიან და კონკურენტებად თქვენს გუნდს მოიაზრებენ.
- ბატონი დავით უსუფაშვილისთანა პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს არ ჰყოლია. ის სახელმწიფოებრივი აზროვნების კაცია და მიხარია მასთან მუშაობა. პარლამენტში ჩვენი და რესპუბლიკური ფრაქცია ჰარმონიულად თანამშრომლობენ. საგარეო ურთიერთობებში ყველაზე უფრო გამოცდილი პარლამენტარები სწორედ ჩვენ გვყავს და ჩვენ ორ პარტიაზეა გადმოსული საერთაშორისო ურთიერთობებში ჩვენი წინ წაწევა. ალბათ, ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ცდილობენ ასეთი აზრების გავრცელებას. როდესაც ბიძინასა და მე რთული ერთკვირიანი პერიოდი გვქონდა, საგანგებოდ ავრცელებდნენ ხმას, რომ ჩემთან რაღაც მოლაპარაკება მიმდინარეობდა და კოალიციაში განხეთქილება დაიწყებოდა. ეს პოლიტიკური ცხოვრების ნაწილია და ასეთი სულმოკლე ფორმებით კონკურენცია არ მიკვირს.

- პრემიერმა იმ "რთულ პერიოდში" ისეთი განცხადებები გააკეთა თქვენზე, რომ... წყენა ამის გამო არ დაგრჩენიათ?
- სიმართლე გითხრათ, გულში წყენას არ ვიტოვებ. მით უმეტეს, ისეთი მეგობრისა და პარტნიორისგან, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, რომელმაც ოქტომბერში შეცვალა ქვეყნის ცხოვრება. ჩვენ კიდევF უფრო ძლიერი პარტნიორები ვართ დღეს. ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი მთავრობის ხელმძღვანელი და მადლიერი ვარ იმ დიდი მხარდაჭერისთვის, რასაც იჩენს თავდაცვის სამინისტროსა და ჩემ მიმართ. ჩვენ კარის ინტრიგებზე მაღლა უნდა დავდგეთ. როგორც კი ვიღაცაზე რამეს იტყვი და გაბრაზდები, საქმეს ვეღარ გააკეთებ, ინტრიგებში უნდა ჩაება. მე კი არმია მაქვს შესაქმნელი.

- ამას წინათ ბრძანეთ, რომ თავდაცვის უწყებაში ელიტური კორუფცია იყო. ჩვენ ვნახეთ ძვირად ღირებული მანქანები და მინისტრის მოსასვენებელი ოთახები.

- ეს ავტომობილები არ სჭირდებოდა სამინისტროს. "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" 2012 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ჩასვა იმ კატეგორიაში, სადაც არის რუსეთი და ცენტრალური აზიის ქვეყნები, როგორც კორუფციის ყველაზე დიდი რისკის მატარებელი. ჩვენ შევუერთდით ნატოს "ბილდინგ ინტეგრითის" პროგრამას, რომელიც კორუფციასთან ბრძოლის მძლავრი ინსტიტუტია.

თავდაცვის სამინისტროში იყო არა მხოლოდ ელიტური კორუფცია, არამედ ის პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებდა. მაგალითად, 25 ათასამდე სიმბარათი შეისყიდა თავდაცვის სამინისტრომ სასურველი პოლიტიკური ლიდერების ინტერნეტში დამეგობრება-დალაიქებისთვის.
სამხედრო პოლიციას ჩამოშორდა არა მარტო სატელეფონო მიყურადების, არამედ სამხედრო მზადყოფნის შემოწმების ფუნქციაც, რასაც მეთაურებზე, ბრიგადის ხელმძღვანელებსა და ჯარისკაცებზე პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად იყენებდნენ.

- 8 მილიარდიდან, რაც თავდაცვისთვის გამოიყო, რამდენი მოხმარდა უწყებას?
- ჯერჯერობით რთულია ამის თქმა, მაგრამ პროკურატურამ მილიარდ 300 მილიონზე მეტი დანაკლისი უკვე აღმოაჩინა.

- მსმენია, რომ თავდაცვის სამინისტროში ისევ მუშაობენ შაშკინის მოყვანილი პირები, ვინც თქვენი ფოტოს დალაიქებისთვის თანამშრომლებს ტუქსავდნენ.

- თუ სისხლის სამართლის დანაშაული არა აქვს ჩადენილი, შანსი ყველას უნდა მივცეთ. ის მოქალაქე იმ სისტემის მსხვერპლია, რომელიც სააკაშვილმა შექმნა. პირველად თავდაცვის სამინისტროს ისტორიაში, მაღალი სამოქალაქო თანამდებობები საჯარო კონკურსზე გავიდა. შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და სამმართველოს უფროსები კონკურსით შეირჩევა. ჩვენს სამინისტროში  თანამდებობებზე ნიჭისა და გამოცდილების შესაბამისად დაწინაურდებიან და დაინიშნებიან.

- ითქვა, რომ თქვენი ცოლისძმა ლაშა ფანჯიკიძე მონაწილეობს შესყიდვებში.
- ლაშას ამასთან შეხება არა აქვს და არც მაგ საქმის სპეციალისტია. ისეთი სისტემა გვაქვს, რომ გამორიცხულია ჩვენთან ვინმეს ნათესავმა მიიღოს წახალისება.

- იქნებით კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატი?

- კოალიციაში შევთანხმდით, რომ მაისისთვის მივუბრუნდებით ამ საკითხს. კოალიცია მიიღებს ერთობლივ გადაწყვეტილებას და მერე გახდება ჩვენი საპრეზიდენტო კანდიდატის ვინაობა ცნობილი.  დარწმუნებული ვარ, ღირსეული კანდიდატი გვეყოლება და საპრეზიდენტო არჩევნებზე კოალიციის კანდიდატი გაიმარჯვებს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით