მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები
01-04-2013
მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები
"ბლატნოი" პოლიციელების ქვეყანა

აჭარის პოლიციის უფროს ვალერიან თელიას ეგონა, რომ მოქალაქე როინ ფარტენაძეს პრობლემებს შეუქმნიდა, რადგან ის პოლიციის უფროსია, ხოლო რომან ფარტენაძე მძღოლი. მაგრამ დღეს პრობლემები ვალერიან თელიას აქვს, თან ძალიან დიდი პრობლემები. იგი შეიძლება თანამდებობას დაემშვიდობოს. შეიძლებაო, ვამბობ, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტრო, ჩემი შთაბეჭდილებით, მაქსიმალურად ცდილობს მის გადარჩენას. დროს წელავენ, არადა, თითქოს ყველაფერი ნათელი უნდა იყოს მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ბათუმის პოლიციის თანამშრომელმა ერთ-ერთი სათვალთვალო კამერიდან ჩანაწერები წაშალა.

ჯერჯერობით შეიძლება ეს ფაქტიც დასამტკიცებელია, მაგრამ უფლებას ვიტოვებ, გონივრული ეჭვის საფუძველზე თელიას მხრიდან სულ მცირე - თანამდებობისთვის შეუფერებელი საქციელის ჩადენა ვივარაუდო. თუმცა აქ მთავარი ის კი არ არის,  თელიამ ჩაიდინა თუ არა რაიმე განსაკუთრებული დანაშაული,
არამედ მთავარი ისაა: საქართველოში ასეთი საქციელი პოლიციის უფროსისთვის ითვლება თუ არა შეუფერებელ საქციელად. საქართველოში პოლიციელობა და მით უმეტეს, პოლიციის უფროსობა ხომ ყველაფრის უფლების ქონას ნიშნავს. თუ გაქვს იარაღი და თან კანონის დამცველი გქვია, შენთვის ყველაფერი დასაშვებია, უპირველესად კანონის დარღვევა. ასე იყო აქამდე და, სამწუხაროდ, ეს ტრადიცია გრძელდება. "შენ იცი, მე ვინ ვარ, მე თელია ვარ, პოლიციის უფროსი." როგორც ფარტენაძე ჰყვება, ეს სიტყვები უთხრა მას შავი ჯიპიდან გადმოსულმა ადამიანმა. სწორედ ესაა მთავარი პრობლემა, პოლიციის უფროსს რომ ჰგონია, თანამდებობა მას რაღაცით მოქალაქეზე მაღლა აყენებს.

ძალიან კარგია, რომ დღეს ის ხედავს: მოქალაქეს კი არ შეექმნა პრობლემები იმის გამო, რომ პოლიციის უფროსს დაუპირისპირდა, არამედ სწორედ მას, პოლიციის უფროსს. არადა ვინ იცის, რამდენი მოქალაქე დაჩაგრულა იმის გამო, რომ სადღაც მისი და პოლიციელის გზები გადაკვეთილა და მას უფიქრია, რომ იარაღიან და თანამდებობიან კაცთან ვერაფერს გახდებოდა. ვიდრე საქართველოში პოლიციელების "ბლატაობა" არ დასრულდება, არაფერი გვეშველება. ხოლო ეს რომ დასრულდეს, ყველა მოქალაქემ ისე უნდა ამოიღოს ხმა, როგორც როინ ფარტენაძემ. ვიცი, ახლა მეტყვით, რომ როინ ფარტენაძეს გაუმართლა, რადგან ის "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" მძღოლია. გასაგებია, მაგრამ სხვა მოქალაქესაც იგივე რომ შემთხვეოდა და "ახალგაზრდა იურისტებისთვის" დახმარებისთვის მიემართა, როგორ ფიქრობთ,  მის უფლებებს არ დავიცავდით? დავიცავდით, მაგრამ სამწუხარო ისაა, რომ მოქალაქეები ზედმეტ პრობლემებს, გაჩუმებას ამჯობინებენ.

თუ ამ ინციდენტს შევაჯამებთ, ვიტყვი, რომ მთავარია, ეს ყველაფერი ყველა პოლიციელისთვის და პოლიციის უფროსისთვის  ჭკუის სასწავლებელი გახდეს. პირადად მე თელიას არც დაჭერას და, თქვენ წარმოიდგინეთ, არც თანამდებობიდან გათავისუფლებას ვემხრობი. თუ ის მიხვდება, რომ პოლიციის უფროსი ასე არ უნდა იქცეოდეს, თუ ის ფარტენაძეს კი არა, პირველ რიგში საზოგადოებას მოუხდის ბოდიშს, დარჩეს თანამდებობაზე. მიზანი მიღწეული იქნება: თუ თელია ამას გაიგებს, მაშინ მას შეუძლია სხვა პოლიციელებსაც მისცეს მაგალითი, ხოლო თუ ვერ გაიგებს (და ჯერჯერობით ყველაფერს ასეთი პირი უჩანს), შეიძლება ღარიბაშვილმა საზოგადოების ზეწოლას ვერ გაუძლოს და მან თანამდებობაც დაკარგოს. ხოლო თუ ღარიბაშვილი გაჯიუტდება, თავად დაკარგავს ნდობას საზოგადოებაში. ახლა არჩევანი მათზეა.

ნუ დასცინი სხვასაო, გადაგხდება თავსაო

ბედის ირონიაა, აბა რა! ადგნენ და "ერისიონს" ლანძღავდნენ, კრემლში ომიდან ხუთი წლის მერე კონცერტის გამართვას როგორ დასთანხმდაო და უცებ, ვაშაძის ეს ავადსახსენებელი წერილი, სადაც ბატონი მინისტრი ომიდან სამ თვეში სთხოვს თავის რუს კოლეგას, ნება მოგვეცით, ჩამოვიდეთ და რუსეთში კონცერტები გავმართოთო.

ამაზე დიდ მახვილს "ნაციონალების" მხარდამჭერებს ვერავინ ჩასცემდა.
ბოლოს იქამდე მივიდნენ, თავს იმით იმშვიდებდნენ, განზრახვა კი ჰქონდათ, მაგრამ სისრულეში ხომ არ მოუყვანიათო. ზოგმა, კრემლში ხომ არ ითხოვდა კონცერტის გამართვას, ზოგადად რუსეთზე იყო ლაპარაკიო. ვიღაცები, საერთოდ, მხოლოდ ვაშაძისთვის ხელის შეწმენდას ცდილობდნენ, მაგრამ ალბათ შტერიც მიხვდება, რომ ომიდან რამდენიმე თვეში მოსკოვში ასეთი წერილის გაგზავნის გადაწყვეტილებას მაშინ ჯერ კიდევ კულტურის მინისტრი დამოუკიდებლად ვერ მიიღებდა. ლოგიკას რომ თავი დავანებოთ, კარგად მახსოვს სააკაშვილის იმდროინდელი ერთ-ერთი გამოსვლა, როდესაც მან თქვა, რომ ჩვენ ახლა უნდა გავგზავნოთ რუსეთში ჩვენი კოლექტივები და სხვადასხვა ქალაქში კონცერტები გავმართოთ, რომ რუს ხალხს ვაჩვენოთ, რა შეგვიძლიაო.  ეს ინტერვიუ იმიტომ დამამახსოვრდა, რომ მისი მოსმენის დროს შოკი მივიღე, არ მიმაჩნდა მიზანშეწონილად დამპყრობლის წინაშე ცეკვა-თამაში. მერე ეს პროექტი მართლაც აღარ განხორციელდა. როგორც ჩანს, ვიღაცამ უთხრა მიშას, რომ ეს სისულელე იქნებოდა, ან რუსებმა არ მოინდომეს.

გულწრფელად შევდივარ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა მდგომარეობაში. როგორია სხვას რომ აკრიტიკებ და უცებ შენი ფავორიტი აღმოჩნდება იგივე ქმედების ჩამდენი. მერე რა, რომ პროექტი მაშინ არ განხორციელდა. განზრახვა ხომ ჰქონდათ? განზრახვა ზოგჯერ ქმედებაზე მეტია.

p.s. უსუფაშვილი დაგვპირდა, - ჯერ სად ხართ, ამაზე უფრო შოკისმომგვრელ წერილებს იხილავთო. ეჭვიც არ მეპარება! "ნაციონალების" მხარდამჭერებს კი ვურჩევდი: ვიდრე სხვას გააკრიტიკებენ, კარგად გადაამოწმონ, იგივე მათ ფავორიტსაც ხომ არ აქვს მანამდე გაკეთებული.
shlopancebis dzegli
05 აპრილი 2013 14:35
სანამ კანონი არ დადგება ქვეყანაში, მაღლა ვიდრე რელიგია, ვიდრე პოლიცია და ვიდრე პარლამენტი, არასოდეს გვექნება სახელმწიფო და ვიქნებით მუდმივი ნგრევის პირობებში
goga-s
04 აპრილი 2013 17:36
ცნობისთვის-ირაკლი არ სვამს,(ძალიან იშვიათად)მითუმეტეს არ ილეშება
svani
03 აპრილი 2013 19:48
სწორედ რომ შუაშია.როცა ამბავს ყვებით ორივე მხარის პლიუს მინუსები უნდა გვითხრათ.
ფონს ქმნით უარყოფითს,თქვენი ნაწერის წაკითხვის მერე ძალაუნებურად ადამიანი უარყოფითად განეწყობა ბატონი თელიას მიმართ(ვინც აგყვებათ).ამ დროს მალავთ მნიშვნელოვან ფაქტს.ნასვამობა თუ არაა საგზაო დარღვევის და შელაპარაკების დროს შუაში,აბა სხვა რა ჯანდაბაა?
p.s.
ბატონმა ღარიბაშვილმა ჯობია ხელის გადაფარებას, სიმართლეს თვალებში შეხედოს და მთელი უწყების პრესტიჟი ერთ ადამიანს არ გადააყოლოს!

რედაქტორის რჩევით