"19 აპრილს ჩვენ იმპოტენციური შაჰიდიზმის დემონსტრირებას ვიხილავთ"
01-04-2013
"19 აპრილს ჩვენ იმპოტენციური შაჰიდიზმის დემონსტრირებას ვიხილავთ"
"ეს წერილი შემთხვევით ქუჩაში მომაწოდა მოქალაქემ"

"როცა წერილს წერდა, მაშინ ვაშაძის დედაქალაქი მოსკოვი იყო"

"ბევრ საინტერესო ინფორმაციას აეხდება ფარდა იმ პირებზე, დღეს რომ მჯიღს ირტყამენ გულზე"

"ჩვენ საქმე ან მავნებლებთან გვაქვს, ან კლინიკურ იდიოტებთან"


"სამწუხაროდ, დღეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები მინიმუმამდეა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს დაუშვებელია, ასე აღარ უნდა გაგრძელდეს. კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადავდგათ რუსეთსა და საქართველოს შორის კულტურული ხიდის აღსადგენად", - ალბათ, ძნელია იმის დაჯერება, რომ ასეთი შინაარსის წერილი საქართველოს კულტურის
მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ აგვისტოს ომიდან სამიოდ თვეში გაუგზავნა თავის რუს კოლეგას, ალექსანდრ ავდეევს. გრიგოლ ვაშაძე იმ გუნდის წევრია, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ რუსეთში კონცერტების გამართვის გამო ანსამბლი "ერისიონი" "კრემლისიონად" მონათლა და მოღალატის იარლიყიც დაუნანებლად უბოძა. ეს წერილი სამსჯავროზე გია ხუხაშვილმა გამოიტანა, რის შემდეგაც "ორგზის" მინისტრის,
გრიგოლ ვაშაძის პასუხმაც არ დააყოვნა.


გრიგოლ ვაშაძე: "ეს ის პერიოდია, როდესაც ემისრები წინ და უკან დაქროდნენ. მესიჯები ჩამოჰქონდათ ჩემთან და აქედანაც მიჰქონდათ. ეს იყო ორივე მხარის ბოლო მცდელობა, რომ ჩვენი ურთიერთობა ნორმალურ სასტარტო პოზიციამდე მიგვეყვანა. ამ პოლიტიკური აქტივობის მეოთხეხარისხოვანი დეტალი იყო ის, რომ იმ შემთხვევაში, თუ რაღაცაზე მოვილაპარაკებდით, შეიძლებოდა კულტურული ღონისძიებების ჩატარება.

სამწუხაროდ, აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენი ინტერესები სრულიად შეუთავსებელი იყო, ასე რომ, ეს თემა თავისთავად დაიხურა. არასოდეს არავის, არც ერთ ჟურნალისტს არ ვეტყვი (ალბათ, ამის თქმის დრო მოვა, მაგრამ უახლოეს მომავალში არ ვიტყვი), ვინ ჩამოდიოდა, ვინ მიგზავნიდა მესიჯებს და რას ვპასუხობდი, იმიტომ,  რომ ეს დააზარალებს საქართველოს ინტერესებს და იმ ნდობას, რაც ჩვენს პარტნიორებს აქვთ. როგორ მოხდა, რომ წერილი, რომელიც იყო კულტურის სამინისტროს არქივში, ვიღაც მესამეხარისხოვანი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის "ფეისბუკზე" აღმოჩნდა?

ამაზე სასწრაფო გამოძიების ჩატარებაა საჭირო, იმიტომ, რომ ნეგატიური ცვლილებები სახელმწიფო აპარატში უკვე შეუქცევად ხასიათს იღებს. ჩვენ საქმე ან მავნებლებთან გვაქვს, ან კლინიკურ იდიოტებთან. როგორ მოხდა, რომ დღევანდელ საქართველოში, რომელიც ვითომდა დემოკრატიისა და კანონის დაცვის მაგალითი უნდა იყოს, ვიღაცას კულტურის სამინისტროდან გამოაქვს წერილი და აძლევს ვიღაც პროვინციელ პოლიტოლოგს".

გია ხუხაშვილი, საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი:
- ამ ხელისუფლებისგან ყველაფერს შეჩვეული ვიყავით, მაგრამ მაინც ახერხებენ, რომ თავხედობისა და უტიფრობის ახალ-ახალი პლასტები გვიჩვენონ. სანამ ამ წერილს ვნახავდი, ერთი კვირით ადრე ყოფილი ხელისუფლება მოღალატედ აცხადებდა "ერისიონს", რომელიც ამ წერილშიც არის დასახელებული და დიდი კონტრასტია ამ ხელისუფლების წარმომადგენლების, ვაშაძის თანამოაზრეების ლაპარაკსა (რომლებიც "ერისიონს" ღალატში სდებდნენ ბრალს) და მათ რეალურ ქმედებებს შორის აგვისტოს ომიდან მესამე თვეს. გრიგოლ ვაშაძის ეს წერილი რუსეთის კულტურის მინისტრისადმი მადლობით იწყება, რომელმაც ვაშაძეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა. იმ პერიოდში ვაშაძე რუსეთის მოქალაქე იყო, ჯიბეში რუსული პასპორტი ედო. ეს პასპორტი ედო ჯიბეში საგარეო საქმეთა მინისტრობის დროსაც. ვაშაძე მე მდებს ბრალს პროვინციალიზმში, როდესაც მისი წერილია პროვინციალიზმის სულით გაჟღენთილი და მონური მორჩილების რიტორიკით აღსავსე.

ვაშაძის განწყობა გასაკვირი არ არის, რადგან იმ პერიოდში ის რუსეთის მოქალაქე იყო და მისთვის დედაქალაქი მოსკოვი გახლდათ.

- ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, რომ ასეთი შინაარსის წერილი გრიგოლ ვაშაძემ საერთაშორისო თანამეგობრობის რჩევით დაწერა.

- რომელი თანამეგობრობის რჩევით? ომიდან მესამე თვეს, როდესაც ქართველი საზოგადოება შოკში იყო, კულტურულ ურთიერთობებზე და თანაც ასეთი ტონით საუბარი წარმოუდგენელია. ასეთი ტონიც საერთაშორისო თანამეგობრობამ ურჩია? მემორანდუმის გაფორმება, რომლითაც ენგურჰესი "რაოეესის" კონტროლქვეშ გადავიდა, საერთაშორისო თანამეგობრობამ ურჩია? ეს ძალიან ჰგავდა დამარცხებულის მიერ ხარკის გადახდას. წიკლაური და ვაშაძის ყოფილი მოადგილე ვაშაკიძე კი ამ დროს კითხვებს სვამენ დღევანდელი ხელისუფლების ორიენტაციაზე. ამბობენ, რომ დღევანდელი ხელისუფლება არ არის პრინციპული რუსეთთან ურთიერთობაში.E ეს კონტრასტი მაშფოთებს. ომიდან მესამე თვეს ასეთი წერილის დაწერას გამართლება არა აქვს. ამიტომ ააქტიურებენ სხვა თემას, როგორ მოხვდა წერილი ჩემს ხელში. ისინი ამაზე დაობენ, რათა ნაკლებად ილაპარაკონ წერილის შინაარსზე.  

- ვაშაძემ დანაშაული დაინახა იმაში, რომ რუსეთთან მინისტრის ოფიციალური მიმოწერა გასაჯაროვდა.

- ვაშაძისთვის, რა თქმა უნდა, დანაშაულია თავისი უმსგავსო ქმედებების გასაჯაროება. მას თავი ჯერ კიდევ სსრკ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ჰგონია, სადაც ყველაფერი დახურული იყო. წარმოდგენა არა აქვს, რომ დღევანდელ საქართველოში არსებობს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომლითაც ეს საკითხები რეგულირდება. ვაშაძე მუშაობდა ატომური ენერგეტიკის დეპარტამენტში და ყველამ, ვინც იმ პერიოდს კარგად იცნობს, იცის, რომ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის გარეშე ამ დეპარტამენტში არავინ მუშაობს. თუ ვაშაძე იკითხავს, საიდან ვიცი ეს, ვეტყვი: ვიკიპედიიდან.

- იქნებ მაინც მითხრათ, როგორ აღმოჩნდა ეს წერილი თქვენთან?
- ამ წერილის ქსეროასლი შემთხვევით ქუჩაში მომაწოდა მოქალაქემ. იმდენად აღმაშფოთა ამ წერილმა, რომ კულტურის სამინისტროს მივმართე. ვიკითხე, ამ ნომრითა და თარიღით იყო თუU არა წერილი არქივში. მე წერილის იდენტიფიცირება მოვახდინე. კულტურის სამინისტრომ ამ წერილის არსებობა ჩემგან გაიგო.

- თქვენ ბრძანეთ, რომ კიდევ გაქვთ მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია. ესეც წერილებია?

- წერილი ბევრია. საინტერესოა, ომის შემდგომ პერიოდში რა მიმოწერა იყო სხვადასხვა სამინისტროსა და რუსულ მხარესთან, ან კიდევ სხვა შუამავლებთან. მაქვს ინფორმაცია ხელისუფლების გარიგებებზე სხვადასხვა ბიზნესპროექტში. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ამას არ ვასაჯაროებ, გახლავთ ის, რომ ამ ტიპის დანაშაულს ორი მხარე ჰყავს: ხელისუფლება, როგორც ამღები, და ბიზნესი, როგორც თანხების გამცემი. სამართლის გაგებით გამცემიც დანაშაულის თანამონაწილეა. ამ შემთხვევაში ბიზნესი მსხვერპლად მიმაჩნია და არა დანაშაულის შეგნებულ თანამონაწილედ. ამ ინფორმაციას მას მერე გავასაჯაროებ, რაც შედგება ეკონომიკური ამნისტიის აქტი. ამის შემდეგ ბევრ საინტერესო ინფორმაციას აეხდება ფარდა
იმ პირებზე, დღეს რომ მჯიღს ირტყამენ გულზე. ყოფილ მინისტრებსა და სხვა ჩინოვნიკებს ვგულისხმობ, რომლებიც პოლიტიკაში აპირებენ დარჩენას და ამის მორალური უფლება არა აქვთ.  

- ვაშაძის  წერილის გამოქვეყნების მერე  19 აპრილის აქციაზე წამსვლელთა რიცხვი ხომ არ შემცირდება?

- ეს წერილი საკმარისია იმისათვის, რომ 19 აპრილის აქცია "ევროპულ არჩევანზე" ფარსად იქცეს. სააკაშვილი საკუთარი სკამის იქით არასოდეს იყურებოდა. მისთვის და "ნაცმოძრაობისთვის" დამახასიათებელია პოლიტიკური შაჰიდიზმი. ისინი მზად არიან, მუდმივად ასწიონ ტემპერატურა, აიფეთქონ თავი და ააფეთქონ საზოგადოებაც. მათ ასეთ განწყობას დაემატა მათი პოლიტიკური იმპოტენციაც. ასე რომ, 19 აპრილს ჩვენ მხოლოდ იმპოტენციური შაჰიდიზმის დემონსტრირებას ვიხილავთ. ვაშაძის წერილი უსათუოდ იქნებოდა სააკაშვილთან შეთანხმებული და ამის მერე ვაშაძის გადაყვანა საგარეო საქმეთა მინისტრად იმაზე მეტყველებს, რომ ის სააკაშვილს რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას ჰპირდებოდა. სწორედ ეს გახდა ვაშაძის კარიერული წინსვლის მოტივი. ტრაგიკული ის არის, რომ ის რუსეთმა არ მიიღო, არ დაელაპარაკა. როდესაც ვაშაძე ამბობს, არ ვიტყვი, ვინ ჩამოდიოდა ჩემთან და რა მესიჯები მიდიოდა საქართველოდანო, ამჟღავნებს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" შეეშინდა, ამ წერილის გამჟღავნების შემდეგ ვაშაძეს ხელი მათთვის არ შეეხოცა და ამიტომაც მინიშნება გააკეთა: მზად ვარ, არ ვთქვა, რომ თქვენ ამ ყველაფრის თანამონაწილეები ხართო.

- მან ასევე თქვა, შეიძლება დადგეს დრო, როდესაც ვიტყვიო.
- ამით ვაშაძე ამბობს, თუ ხელს შემახოცავთ, ვიტყვი, რომ ეს არ იყო ჩემი ინიციატივით დაწერილი წერილიო. ვაშაძე შანტაჟს მიმართავს, არ გაბედოთ ჩემი გაწირვა, თორემ ვილაპარაკებო. 

გურამ ოდიშარია, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი: - ისეთი დოკუმენტები, როგორიც ვაშაძის წერილია, ალბათ, კიდევ მოიძიება სამინისტროში. ჩვენ ამ დოკუმენტებში ქექვისა და ვინ ვის რა მისწერა, გარკვევის დრო არა გვაქვს, მაგრამ რომ არსებობს, ჩემი თანამშრომლებიც ადასტურებენ. ვაშაძის წერილს გამოქვეყნების მერე გავეცანი. ასეთი წერილების არსებობის შესახებ საზოგადოებამ უნდა იცოდეს. ყოფილი ხელისუფლება იმას კი არ ამბობს, ეს წერილი ჩვენ არ დაგვიწერიაო, იმას ჩივის, რატომ გახდა ეს წერილი საჯარო. ამ წერილს არ ჰქონდა გრიფი "საიდუმლო". როდესაც ასეთი დოკუმენტი იწერება, ეს მთავრობის ნებასაც გამოხატავს. გარდა ამისა, ასეთი დოკუმენტები ყოველთვის მიდის საგარეო საქმეთა სამინისტროს გავლით. ვაშაძის წერილი უსათუოდ გაივლიდა საგარეო საქმეთა სამინისტროში. ეს წერილი საგარეო საქმეთა სამინისტროს რომ მიზანშეწონილად არ მიეჩნია, დაბლოკავდა, მაგრამ წერილი მოსკოვში გაიგზავნა და, სავარაუდოდ, ადრესატამდეც მივიდა. მაგრამ როგორც ვიცი, პასუხი არ ყოფილა(!).
antimoralisti
14 აპრილი 2013 00:16
იქნებ პატარა გიორგის გადასარჩენად გააკეთოთ რამე, დედას მესამე შვილი უკვდება, გაიღეთ რამე, არ ამოიყვანეს ყელში სისხლი.....
david bobohia
10 აპრილი 2013 07:30
მილიარდები თქვენს ხელშია,აბრუნეთ ის,შეკმენით ხარისხიანი-კონკურენტუნარიანი ქვეყნის პროდუქტი,გამოჩეკეტ ინტელქკტუალური საზოგადოება,ამით დაძლევთ ყოველგვარ კრიზის.
david bobohia
09 აპრილი 2013 08:07
გაიმარჯვა და მოვიდა ახალი მთავრობა,მეტი რა გინდა უკეთესი-მიხედეთ ქვეყნის საქმეს,რათ გინდათ ამდენი წინამორბედების ლანდღვა- გინება,მათი დევნა,თუ ამით ხალხს დაასაქმებთ და დააპურებთ -შემცდარხართ.ერთ პედაგოგს ქონდა ასეთი გამოთქმა

რედაქტორის რჩევით