"ოქტომბრის არჩევნები თავზე დავაღუნეთ, თორემ რისი დამთმობი იყო ეს წუწკი?!"
01-04-2013
"ოქტომბრის არჩევნები თავზე დავაღუნეთ, თორემ რისი დამთმობი იყო ეს წუწკი?!"
"უსუფაშვილს ვეტყვი, ჩვენ, ხელოვანები, ვინმეს გასათრევები არ ვყოფილვართ"

"ამ კაცთმოძულე და ხეპრე ბენდუქიძემ რა უნდა ასწავლოს სტუდენტებს"


"მოსკოვში ქართველი ხელოვანების ჩასვლას ყოველთვის დიდი დატვირთვა ჰქონდა. ხელოვნება ჩვენი ბრძოლის საშუალება, ჩვენი იარაღი იყო. ამ გზით ვაჩვენებდით, ვინ ვიყავით და ისინიც ხვდებოდნენ, რომ ერთან ჰქონდათ საქმე და არა ადამიანების ნაკრებთან. ოლეგ ტაბაკოვმა "გოდოს მოლოდინში" რომ ნახა, თქვა, თავი დავანებოთ ამ ნიჭიერ, ნაგიჟარ ქართველებს. მათი მწყემსვა შეუძლებელია. ნურავინ იფიქრებს მათ რაიმე საზღვრებსა და
ჩარჩოებში ჩაკეტვასო. ეს ხომ ჩვენი აღიარებაა", - მეუბნება მსახიობი, მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი, რომელთანაც საუბარი ყოფილი კულტურის მინისტრის გრიგოლ ვაშაძის წერილით დავიწყეთ, რომელიც მან აგვისტოს ომის შემდეგ რუს კოლეგას გაუგზავნა:

- "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოსკოვში გამართული კონცერტების გამო ანსამბლი "ერისიონი" მწვავედ გააკრიტიკა, თუმცა აღმოჩნდა, რომ
აგვისტოს ომიდან სამი თვის თავზე მინისტრი ვაშაძე რუსეთში ქართველი ხელოვანების ჩაყვანას თავად ითხოვდა.

-  ვაშაძისადმი, სანამ მინისტრი გახდებოდა და "ნაციონალური მოძრაობის" ჭაობში ჩაეფლობოდა, სიმპათიით ვიყავი გამსჭვალული. ძალიან მიხაროდა მასთან და ნინოსთანაც შეხვედრა. ჩემთვის გაუგებარი იყო, როგორ აღმოჩნდა ეს კაცი სააკაშვილის ხელისუფლებაში, მაგრამ ეს მისი არჩევანია.
"ნაციონალური მოძრაობა" დღევანდელ უმრავლესობას რუსეთუმეობას სწამებს და ჩვენ გვაბრალებს იმას, რისი გამკეთებელიც თვითონ არის. უსახო ადამიანი, რომელსაც დღეს პრეზიდენტი ჰქვია, მოგვიწოდებს, მიდით ხალხთან და გაიგეთ მათი ტკივილი. ნუ ახდენთ ზემოქმედებას მედიაზე, ნუ ცდილობთ დეპუტატების გადმობირებასო; შემარყეველია, როდესაც კრავის ქურქში გახვეული ეს პირწავარდნილი ნაძირალა ასე ლაპარაკობს.

როდესაც ეს აღვირახსნილი, ქვეყნის წინაშე უზარმაზარი ბოროტების ჩამდენი კაცი ასე თავხედობს, ჩემი მოთმინება მთავრდება. შეიძლება პრეზიდენტი კრიჭაში ედგეს საკუთარ ქვეყანას?! რა იყო ამდენ ხანს გაჭიანურებული ელჩების დანიშვნა? რას ლაპარაკობს სატელევიზიო გამოსვლებში ან უცხოეთში კაცი, რომელიც საკუთარ ქვეყანაში სიძულვილის ობიექტი გახდა? ასეთი პრეზიდენტი გამუდმებით ქართველ ხალხს ახსენებს. ვის გულისხმობს, ვის შესჩივის? იმ ხალხს, ვინც სამშობლოდან გააქცია ლუკმაპურის საშოვნელად? იმ ხალხზე ლაპარაკობს, რომელსაც ტერიტორიები დაუკარგა, ამოხოცა, ქონება წაართვა და ციხეში გამოკეტა? მთელი ეს რიტორიკა სიგნალია უცხოეთისთვის, აქაოდა, ისეთი დემოკრატი ვარ, არჩევნებიც კი დავთმეო. სააკაშვილი რისი დამთმობია?! მან კი არ დათმო, ოქტომბრის არჩევნები თავზე დავაღუნეთ, თორემ რისი დამთმობი იყო ეს წუწკი?! ხალხმა საკადრისი პასუხი გასცა მას ოქტომბერში და ახლა 19 აპრილს ცდილობენ რაღაცას. ვის ეძახიან ამ დღეს?

- საქართველოს ევროპული ორიენტაციის დამცველებს.
- ევროპულ ორიენტაციას მათგან რა დაცვა სჭირდება? კიდევ ავტობუსებით ჩამოიყვანენ ხალხს? ამათ ისე უნდა ვუყუროთ, როგორც ზოოპარკში გამომწყვდეულ მხეცებს. სათქმელი არაფერი რომ არა აქვთ, ორიენტაციაზე დაიწყეს ლაპარაკი. აბა, იმას ხომ არ აღიარებენ, რომ სოფლად ხვნა დაიწყო, რაღაცებს ფასები აკლდება, ხალხის კეთილდღეობისთვის ბევრი რამ კეთდება. ეს ბოლშევიკების ემისრები ამბობენ, ევროპულ ორიენტაციას გადავუხვიეთო, მაშინ როდესაც მათი პროევროპულობა მხოლოდ შირმაა. ამდენი ბოროტების ჩამდენ ხალხს ვინ დატოვებს პოლიტიკურ არენაზე, მათ ვინღა აირჩევს?

1-ელ ოქტომბერს დიდი გამარჯვება მოიპოვა ქართველმა ხალხმა, მაგრამ მეორე ეტაპი - ქვეყნის მართვა უფრო რთული და ეკლიანი აღმოჩნდა. ამათ მათი გაგებით ერთ დღეში დაამყარეს რეჟიმი. სინამდვილეში ძალადობით დაამყარეს წესრიგი, ერთ დღეში წაართვეს ხალხს ქონება.

- ძალიან ხომ არ იგვიანებს სამართლიანობის აღდგენა?

- ძალიან დიდხანს ვიცხოვრეთ დიდი ცოდვებით. იმდენი უბედურება და გავერანება ვნახეთ, ძალიან ფრთხილობს ბიძინა ივანიშვილი. დააკვირდით, როგორი რუდუნებაა მის ყველა სიტყვაში. სამართლიანობა უნდა აღდგეს. ეს პროცესიც მოთმინებით უნდა გავიაროთ, რადგან ყველანაირი არეულობა "ნაციონალურ მოძრაობას" აძლევს ხელს. 

როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" გამგე ტრიბუნიდან ყვიროდა, ნულოვანი ტოლერანტობა, ყველანი ციხეშიო, ქვეყანა ძალადობამ წალეკა. საკმარისია, დღეს ასეთი აგრესიული განცხადება გააკეთოს პრემიერმა, ისევ აირევა ქვეყანა. დამჩვარული მშვიდობა ჭირის დღესავით მეზიზღება, მე ფასეული მშვიდობა მინდა, რომელსაც დიდი მუშაობა და ხალხზე ზრუნვა ახლავს თან...

სხვებს რომ საუბრის მანერას უწუნებენ ეს გადაპრანჭული "ნაციონალები", აჯობებს გააკონტროლონ გაუგებარი წარმონაქმნის, ხეპრე ბენდუქიძის გამონათქვამები. ეს ქვეყნის დამაქცევარი თავხედი როგორ გვევლინება განმანათლებლის პოზაში? ამ კაცთმოძულემ რა უნდა ასწავლოს სტუდენტებს? მარგველაშვილთან, ამ უსუფთავეს კაცთან, ბენდუქიძეს ურჩევნია სასწრაფოდ დახუროს პირი.
გამოესწორებინათ ხარვეზები, რა საჭირო იყო ამ "სწავლას მოწყურებული" სტუდენტების ქუჩაში გამოყვანა? მეც ვიყავი სტუდენტი და ჩემი ახალგაზრდობა პროტესტში გავატარე, ოღონდ იმისთვის გამოვდიოდი, ქვეყანას ბოროტება რომ მოშორებოდა. მათ თანატოლებს რომ ცოცხებს ურჭობდნენ, ის რატომ არ გააპროტესტეს? ვის დასჭირდა ამ ყველაფრის პოლიტიკაში გადაყვანა, ცხადია, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. რატომ ატყდა ხმაური ჩემთვის სათაყვანებელი ადამიანის, თეა წულუკიანის განათლებაზე, ხომ ჩაუტარა მასტერკლასი? ალასანიასა და ღარიბაშვილსაც Mშეუტიეს, მაგრამ რა გამოუვიდათ? ზოგჯერ მაღიზიანებს, რომ "ნაციონალებს" ზედმეტად ვუწევთ ანგარიშს, არ არის საჭირო "ნაციონალების" ზედმეტი ფერება.

- ამას წინათ გავიგეთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს დიდად არ მოსწონს პარლამენტში მსახიობებისა და სპორტსმენების ყოფნა.
- ვიცნობ უსუფაშვილს და არა მგონია, ეს აგდებული ტონით ეთქვა. პოლიტიკოსებმა გაითვალისწინონ, რომ როდესაც ხალხთან მიდიოდნენ, ბევრ ხელოვანს ზოგიერთ პარტიაზე მეტი წონა ჰქონდა. პოლიტიკური და კანონშემოქმედების გამოცდილება კარგია, თუმცა ზოგი 20 წელია პარლამენტშია და რა შემატა ქვეყანას? ამ პატარა ჩხვლეტას ღიმილიანად ვუპასუხებ და არა ღვარძლით. ფასდაუდებელი იყო ბიძინა ივანიშვილის წონა 1-ლი ოქტომბრის არჩევნებში, მაგრამ ჩვენ, ხელოვანები, ვინმეს გასათრევები არ ვყოფილვართ. ხალხთან რომ მივდიოდით, არ გვითქვამს, ბიძინამ გამოგვგზავნა თქვენთანო. მათთან ჩვენი განვლილი ცხოვრებით და საქმეებით მივედით. ჯერჯერობით პარლამენტში და ხალხისაგან უპატივცემულობას ვერ ვგრძნობ, მაგრამ თუ ვინმე ამას გულში გაივლებს, გავაფრთხილებ, - არ გირჩევთ!
gio
05 აპრილი 2013 16:04
ვააა!მისტერ კლოუნ
გურული
04 აპრილი 2013 18:08
ნუ პრუტუნებ თუ არა,დაგეკარგება 'ა' და გახდები აზა.არტისტი უმეტეს შემთხვევაში საქართველოში ტაკიმასხრები არიან.მუდამ უძვრებიან განურჩევლად ყველას ვინც დაანაყრებს.შენ პაპუაშვილი(პაპუასი შეგფერის,"ბერძნულ"მანერაზე)ვერ გაგიგია დანელიას ზარი,თელავის ნაცვლად,თელავივში რომ დარეკა. თბილისური ჩაკირული, ჩათლანი ჩინოვნიკების მსახური ხარ შენ,ცრუ, არტისტი მოკლედ.შენისთანების გამოა ქართული რომ დაკნინებულია ქვეყანაში.არა ქართველი ხარ შენ,ვერ მიხვდი ...სიონმა ანსამბლობა რომ დაამთავრა მოსკოვის "ტანცაობით".შენ ვერ მიხვდები რატომ.
qartveli
04 აპრილი 2013 16:25
ბატონო ზაზა, თქვენი პირადი რეიტინგი ბარე ორი პარტიის გამთლიანებულ რეიტინგს აჭარბებს!
თქვენი ყოველი სიტყვა ოქროზე მეტი ღირდა საარჩევნო ბრძოლის დროს და ვინმეს არაფერი დაავიწყდეს, თორემ კიდევ მოვა არჩევნები...

რედაქტორის რჩევით