უგულავამ პრეზიდენტობა "არ მინდაო"(?!) - კვირის პალიტრა

უგულავამ პრეზიდენტობა "არ მინდაო"(?!)

საპრეზიდენტო არჩევნების პერიპეტიებზე წერა ჯერ ნაადრევია და არც ვაპირებდი, თბილისის მერის გიგი უგულავას განცხადება რომ არ წამეკითხა. კერძოდ, უგულავამ თქვა, რომ არ აპირებს პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრას და არც პარტია განიხილავს ამ საკითხს.

"მე ვარ ქალაქის მერი, არჩეული პირდაპირი წესით 2014 წლამდე. მაქვს უამრავი გეგმა, პროექტი, რომლებიც დაწყებულია; სოციალური, ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც უნდა მივიდეს 2014 წლამდე და, შესაბამისად, მომდევნო მერმა, რომელსაც აირჩევს ქალაქი, გადაიბაროს. ეს თანამდებობა რომ მიკავია, ჩემთვის დიდი პატივი და გამოწვევაა. შესაბამისად, არსად წასვლას არ ვაპირებ, სხვა თანამდებობა რაც უნდა მიმზიდველი ჩანდეს ვინმესთვის", - აღნიშნა უგულავამ.

უკვე მემილიონეჯერ მიწევს იმის აღნიშვნა, რომ მართლაც დრონი მეფობენ და არა მეფენი. სულ რაღაც ორი წლის წინ უგულავაზე შეგვეძლო გვეწერა, როგორც რეალურ საპრეზიდენტო კანდიდატზე და სხვათა შორის, თავად უწყობდა ხელს, რომ მის მიერ კონტროლირებად მედიაში ეს თემა მუდამ აქტიური ყოფილიყო.

უგულავა, ისე როგორც "ნაციონალური მოძრაობის" სხვა ლიდერები, დარწმუნებული იყვნენ, რომ 1-ლი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ისევ ხელისუფლებაში დარჩებოდნენ და საპრეზიდენტო არჩევნები დავიდოდა მხოლოდ იქამდე - ვის დატოვებდა "მემკვიდრედ" სააკაშვილი. Uუფრო ზუსტად, "სკამის შემნახავად" მორიგ, 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე (მანამდე სააკაშვილი, სავარაუდოდ, პრემიერის პოსტზე "შეისვენებდა").

თავად "ნაციონალები" არ მალავდნენ, რომ "სკამის შემნახავის" ძირითადი კანდიდატები იყვნენ გიგი უგულავა, ვანო მერაბიშვილი და ზეთეორიულად დავით ბაქრაძე. შესაბამისად, სააკაშვილის კარზე იყო გაუთავებელი კულუარული თამაშები, პოზიციების გამაგრების მცდელობა და ამბობენ, რომ უგულავას ჯერ კიდევ 2010 წელს დაუჭერია თადარიგი და უცხოური პიარკომპანიაც კი ჰყავდა შერჩეული საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.

1-ელმა ოქტომბერმა ყველაფერი ეს წყალში ჩაყარა. "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი თავდაღმართში დაეშვა და ეს პროცესი დღესაც გრძელდება. თუმცა სიმართლე რომ ითქვას, რეიტინგის ვარდნის კუთხით უგულავამ (რომელსაც თბილისელები იგულავას ეძახიან) თავის პარტიას დაასწრო და ამაში დიდი როლი სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე სტრიპტიზბარებში გართობას თუ ლას-ვეგასში ვიზიტებსაც მიუძღვის.

შესაბამისად, დღეს, თბილისის მერის მიერ თავის ასეთი დაფასება - პრეზიდენტობა არ მინდაო, ცოტა არ იყოს, იუმორისტულ განწყობაზე გვაყენებს. ეს დაახლოებით იგივეა, თქვენმა მონა-მორჩილმა რომ თქვას - გაეროს გენერალურ მდივნად კენჭისყრას არ ვაპირებ, რადგან ჟურნალისტიკაში ჯერ კიდევ ბევრი საქმე მაქვს გასაკეთებელიო.

როგორც ამ სტატიის ავტორის გაეროს გენმდივნობა არ განიხილება, ისე რა თქმა უნდა, არ განიხილება უგულავას საპრეზიდენტო კანდიდატობა. იყრიდა კენჭს და მოუწევდა ერთ-ერთი მაჟორიტარი კანდიდატის ბედის გაზიარება, რომელიც არჩევნების შემდეგ ცოლ-შვილსაც კი გაებუტა - თქვენ მაინც მოგეცათ ჩემთვის ხმაო.

თუმცა სახის შენარჩუნება ყველას სურს, მათ შორის გიგი უგულავას და სწორედ ამას ემსახურებოდა მისი ზემოხსენებული განცხადება. თუმცა მას სხვა, უფრო სერიოზული პრობლემები აქვს. აგერ სასამართლო რეფორმა იწყება, შესაძლოა, მან დაკარგოს "ნაციონალების" მაშველი რგოლის ფუნქცია და ვინძლო, უგულავა 2014 წელს, როდესაც მერობის გადაბარებას გეგმავს, სულ სხვა გარემოში შეხვდეს.

და ვინღა იკისრებს "ნაციონალების" საპრეზიდენტო კანდიდატის ჭაპანს. ვითომ მერაბიშვილი? ვნახოთ. ყოველ შემთხვევაში, არა გვგონია, ამით თავად ყოფილი პრემიერი აღფრთოვანებული იყოს. თუ, რა თქმა უნდა, ამ არჩევნებს ოლიმპიური პრინციპით არ უდგება, როდესაც მთავარი მონაწილეობაა და არა გამარჯვება.