ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი
01-04-2013
ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი
ახალი დასავლური იდეა - ქართული ევროპეიზმი

ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტზე ახალი ტენდენცია იკვეთება: პოლიტიკური სპექტრის მემარცხენე-მემარჯვენე-ცენტრისტულ კლასიკურ დაყოფას ანაცვლებს პრორუსული, პროდასავლური და ულტრანაციონალური (რუსული სურნელით) მიმართულებები.

საზოგადოებაში ორი შემხვედრი პროცესი მიმდინარეობს: ერთი მხრივ, ხდება დასავლური იდეის, დასავლეთის, როგორც ღირებულების დევალვაცია. მიზეზები: "ნაციონალების" მიერ ტოლობის ნიშნის დასმა მათსა და დასავლეთს შორის, რაც სტრატეგიული შეცდომა იყო, რადგან არ არსებობს შეუმცდარი ხელისუფლება და ყველა შეცდომა გადაბრალდა დასავლეთს; მრავალჯერადმა გაყალბებულმა არჩევნებმა, უკანონო დასჯებმა, ბიზნესის„"დაწერებმა" საზოგადოებაში
სულ უფრო გააქრო სამართლიანობის განცდა და რადგან ხშირად დასავლეთის რეაქცია ადეკვატური არ იყო, მოლოდინი დასავლეთის, როგორც სამართლიანი არბიტრის მიმართ, გაცვდა.

საზოგადოების მძაფრი რეაქცია მოჰყვა ხელისუფლების მიერ საზოგადოების ღირებულებით სისტემაში მყარად გამჯდარი ფასეულობების უხეში ფორმებით დანგრევისა და ქართული ფასეულობებისთვის დღემდე მიუღებელი ლიბერალური ურთიერთობების ისეთი ფორმების დამკვიდრების
მცდელობას, როგორიცაა, მაგალითად, ჰომოსექსუალიზმი. ქართველის უნიფიცირების ექსპერიმენტს საზოგადოების შემხვედრი აგრესია მოჰყვა.

მეორე მხრივ, პრორუსული ძალები და შესაბამისი იდეოლოგები მიზანმიმართულად ცდილობენ დასავლური ღირებულებების ერთგვარ სიმბოლოდ სწორედ ჰომოსექსუალიზმი წარმოგვიდგინონ. ამ „იდეის“ დამკვიდრება იმავე ინტერნეტსივრცეში სათანადო, ღრმად იდეოლოგიური კლიპების მეშვეობით უკვე სახიფათო ფორმას იღებს. პარალელურად, მიზანმიმართულად მკვიდრდება მზარდი მოლოდინი რუსეთის მიმართ, გაჩნდა ნოყიერი ნიადაგი რუსეთთან მჭიდრო ბმის მქონე ფულიანი ქარიზმატული ქართველების პოპულარიზაციისთვის. საინფორმაციო საშუალებებში სულ უფრო აქტიურად და თამამად ხდება რუსული თემის პოპულარიზაცია. ერთბაშად ამოიზარდა რუსეთთან ძმობის მოქადაგე ენჯეოები, საზოგადოებრივი მოძრაობები თუ პერსონები. რუსეთი ნიადაგს სინჯავს სავიზო რეჟიმის მოსახსნელად. იდეოლოგიური მიმართულების პარალელურად, რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების, იმავე რუსული ბაზრის გახსნის შედეგად, დროებითი "ეკონომიკური სამოთხის" მითის შექმნა შესაძლოა რუსული სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილად იქცეს.

რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, სააკაშვილის მმართველობის შემდეგ ჩვენ დავდექით იმ რეალობის წინაშე, რომ რუსეთი სააკაშვილის ხელით და დასავლური ფულით ებრძოდა დასავლეთსვე საქართველოში და შედეგად დღეს დასავლური იდეა გადარჩენას საჭიროებს. 1. სხვანაირად საქართველო დაამთავრებს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არსებობას, რაც რუსეთს ხელს გაუხსნის ძლიერი ევრაზიული სივრცის აღდგენისკენ; 2. დასავლეთი დაკარგავს პოლიტიკურ, სამხედრო, ენერგეტიკულ და ა.შ. პლაცდარმს ორ უმნიშვნელოვანეს რეგიონულ სახელმწიფოს - თურქეთსა და რუსეთს შორის. 

ერთი მხრივ, პოლიტიკური სივრცის გახსნასა და კონკურენციაში ცუდი არაფერია. კონკურენცია დასავლეთს აიძულებს იყოს უფრო მობილური და რეალისტური ქართული რეალობების მიმართ, რაც საქართველოსაც საშუალებას მისცემს, აწარმოოს უფრო სარგებლიანი საგარეო პოლიტიკა.„"ნაციონალური მოძრაობის" ექსტრემიზმის დასავლეთის ინტერესების უმთავრეს ფორპოსტად წარმოჩენა მხოლოდ ავნებს დასავლეთის ინტერესებს საქართველოში. პირიქით, ის დროა, დასავლეთმა საქართველოში ახალი ადამიანური რესურსი მოიძიოს, რომელიც საზოგადოების ნდობით სარგებლობს და რომელიც შეძლებს დასავლური ფასეულობებისა და მისადმი მოლოდინის ახლებურ გადააზრებასა და მიწოდებას საზოგადოებისთვის: რა არის საქართველოს ევროპული გზა - ქართული ევროპეიზმი და რას უნდა დაეფუძნოს თანამედროვე დასავლური ტიპის ქართული სახელმწიფო.

არჩევნებიდან არჩევნებამდე

მოახლოებული რამდენიმე არჩევნები ჩვენი დემოკრატიულობის გამოცდის კარგი სარბიელია. ახლა უკვე გვიანია საუბარი იმაზე, რომ მრავალპარტიული სისტემის შენების გზაზე უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა, გამოკლებული მაჟორიტარული ოლქები მმართველ კოალიციას პარლამენტსგარე ოპოზიციისთვის რომ დაეთმო. მაგრამ ხელისუფლება ამ ნაბიჯისთვის მზად არ აღმოჩნდა. თუმცა, წინ გვაქვს ახალ საარჩევნო კოდექსზე მუშაობის პროცესი და შემდეგ უკვე საპრეზიდენტო არჩევნები. იმისათვის, რომ საარჩევნო კოდექსი, ტრადიციისამებრ, კვლავ ტანზე არ მოირგონ პარლამენტში წარმოდგენილმა ძალებმა და პარლამენტს გარეთ დარჩენილი ან შესაძლო ახალი პოლიტიკური სუბიექტები კვლავ არათანაბარ პირობებში არ ჩააყენონ, რისი მაღალი ალბათობაც არსებობს, საზოგადოებამ დიდი დაინტერესება და აქტივობა უნდა გამოავლინოს.

უკაცრავად პასუხია და, დღეს ამაზე ყურს არავინ იპარტყუნებს, ხვალ კი ასეთი გულარხეინობისთვის შეიძლება მწარედ მოგვეზღოს, რადგან რაში-რაში და, ხელისუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლაში პარლამენტში წარმოდგენილი ძალები„"კოჰაბიტაციის" უმაღლეს პილოტაჟს გვაჩვენებენ. მაშინ როცა ხელისუფლების მხრიდან მოსახლეობის ნდობის უპრეცედენტო გამოხატულება იქნებოდა "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატის საერთო-სახალხო გამოკითხვით, ანუ პრაიმერით შერჩევა. ეს არის ქართული პოლიტიკური კულტურისთვის, პოლიტიკური ისტორიისთვის ძალზე თამამი განაცხადი, როცა ხელისუფლება იმდენად ღიაა და იმდენად არ ეშინია საკუთარი მოსახლეობის, რომ მას ანდობს საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევას, მით უფრო, რომ მმართველ კოალიციას ამის ადამიანური რესურსი ნამდვილად აქვს.
ვნახოთ, რამდენად მიიღებს ამ გამოწვევას "ქართული ოცნება".
omar
02 აპრილი 2013 21:37
ნინო, საყვარელო, იტალიელები ემოციურებიც არიან და რაციონალურებიც, რაც იმაში გამოიხატება, რომ „სხვის“ დაჩაგვრასაც აპროტესტებენ; ქართველები კი მხოლოდ საკუთარ დაჩაგვრას. მაგალითად, სულ ახლახან არჩილ კბილაშვილმა აუწყა საზოგადოებას, რომ ციხეებში პატიმრებს ორგანოებს აჭრიდნენო, რასაც ქართველი საზოგადოება ისე შეხვდა, ვითომც აქ არაფერი მომხდარიყოს. ერთადერთი, ვინც ამ ამბავს აუღელვებია, ვასილ მაღლაფერიძეა. ბატონი ვასილი, „მაესტროს“ წუხანდელ გადაცემაში, ცდილობდა, თავისი აღელვება „ტელეჟურნალისტ“ დიანა ტრაპაიძისა და თეონა გეგელიასათვისაც გადაედო, მაგრამ ეს უკანასკნელნი პუბლიცისტს სიტყვას ბანზე უგდებდნენ! ისე, შესანიშნავ გაზეთ „კვირის პალიტრას“ არ ეწყინოს, მაგრამ მთავარი პროკორორის მიერ გაცხადებული ამ ამბით აღელვება არც მის პუბლიკაციებს ეტყობა.
temida
02 აპრილი 2013 20:50
ქალბატონო ხათუნა,
დასავლეთის იმიჯი სააკაშვილმა და ნაცხროვამ კი არა, თვითონ დასავლეთმა დაასამარა საქართველოში. დასავლეთი უკვე იმდენჯერ გამოვიდა ეშმაკის ადვოკატის როლში და იმდენჯერ მოგვექცა, როგორც მეორახარისხოვან ქვეყანას, რომ ჩემს გარშემო ყველას სძულს ეს თქვენი ნაქები დასავლეთი. არც თქვენ, არც ქართველი პოლიტიკოსები და არც ჟურნალისტები არ ეუბნებით ხალხს სიმართლეს. სიმართლე კი იმაში მდგომარეობს, რომ დასავლეთს არ ვუნდივართ, არა!!! არც არასოდეს ვუნდოდით. ხოლო რაც შეეხება იმას, თუ ჩვენ რა გვინდა, და რა -არა, ეს ვის რაში აინტერესებს? გავწყდით ქართველები დასავლეთი მოლოდინში! მაგათ მარტო მაშინ ვახსენდებით, როცა სამხედრო კონტინგენტის გაგზავნაზე მიდგება საქმე. არც სავიზო რეჟიმს გვიმარტივებენ და არც თავიანთ ბაზარს გვიხსნიან. ამიტომაა, ხალხმა რომ რუსეთისკენ შებრუნება დაიწყო. აბა რა ქნან? პირადად თქვენ გეკითხებით, რა ქნას ხალხმა?
ბადრი
02 აპრილი 2013 16:03
როგორც ყოველთვის, კვალიფიციური ანალიზია...

რედაქტორის რჩევით