წერილი, რომელიც ექვს წელზე მეტხანს საზოგადოებისათვის უცნობი იყო - კვირის პალიტრა

წერილი, რომელიც ექვს წელზე მეტხანს საზოგადოებისათვის უცნობი იყო

აგვისტოს ომამდე მეთიუ ბრაიზა საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებდა...

რა შინაარსის წერილი გაუგზავნა აშშ-ში საქართველოს ყოფილმა ელჩმა დავით სიხარულიძემ საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრ გელა ბეჟუაშვილს 2006 წლის ივნისში

"მეთიუ ბრაიზას განცხადებით, მეგობართა ჯგუფი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, 15 ივნისს არ მიიღოს ემოციური და კონფრონტაციული რეზოლუცია აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო ძალების შესახებ. ამ შემთხვევაში არც ამერიკის შეერთებული შტატები, არც მეგობართა ჯგუფი და არც გაერო საქართველოს მხარს არ დაუჭერს. ეს ავნებს არა მარტო აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივებს, არამედ უარყოფით გავლენას მოახდენს ევროპული ქვეყნების გადაწყვეტილებაზე, ჩართონ საქართველო ნატოსთან ინტენსიურ დიალოგში. მეთიუ ბრაიზას რჩევით, კარგი იქნება, თუ რეზოლუცია გვერდს აუვლის რუსეთის სამშვიდობო ძალების საკითხს და ყურადღებას გაამახვილებს გალის რაიონში საერთაშორისო საპოლიციო ძალების დიდი კონტინგენტის განლაგების აუცილებლობაზე გაეროს ეგიდით. მეთიუ ბრაიზას თქმით, საქართველომ უნდა მისცეს შანსი მეგობართა ჯგუფს, მოახდინოს პოლიტიკური ზეწოლა რუსეთზე გაეროს მეშვეობით"", - ასეთი შინაარსის წერილი გაუგზავნა აშშ-ში საქართველოს ყოფილმა ელჩმა დავით სიხარულიძემ საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს გელა ბეჟუაშვილს 2006 წლის ივნისში.

ეს წერილი, რომელიც ექვს წელზე მეტხანს საზოგადოებისათვის უცნობი იყო, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე გია ვოლსკიმ გაასაჯაროვა. ამ წერილში ასახულია რეკომენდაციები, რომელთაც საქართველოს ხელისუფლებას აგვისტოს ომამდე აძლევდა ამერიკული მხარე.

გია ვოლსკი: - ვიცოდი ბრაიზასა და ვასილ (დავით) სიხარულიძეს შორის გამართული ამ შეხვედრის შესახებ. Aამ საუბრის ჩანაწერი 2006 წლის 1-ელ ივნისს არის გაკეთებული. წერილის თარიღი ემთხვევა იმ თარიღს, როდესაც ხელისუფლების მიდგომა მკვეთრად და უხეშად შეიცვალა და სამშვიდობო პროცესის რღვევა დაიწყო.

აშშ გარანტიას იძლეოდა, რომ საქართველოს კონფლიქტების დარეგულირების საკითხი "დიდი რვიანის" შეხვედრაზე გავიდოდა. მაშინ ბევრი რამ გაკეთდა. კონფლიქტების საკითხში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე გახლდით და ჩემი ხელით გავხსენი ბიზნესცენტრი ცხინვალის ცენტრში. სიხარულიძესა და ბრაიზას შორის ამ საუბრიდან ორ კვირაში, 14 ივნისს, საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა ბრიუსელში, რომელსაც სახელმწიფოების მაღალი რანგის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამ სახელმწიფოების პოლიტიკურმა ხელმძღვანელებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 12 მილიონი ევრო ჩაედოთ საქართველოში კონფლიქტების დარეგულირების საკითხში. 45 პროექტი გვქონდა, რომლებიც ქართველებისა და ოსების ინტერესებს აკავშირებდა. ეს პროექტები ეხებოდა ენერგომომარაგებას, წყალმომარაგებასა და ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ცხინვალში უკვე მუშაობდნენ ქართული კომპანიები. ყველა მოლაპარაკების ფორმატი შეიცვალა და ინტერნაციონალური გახდა.

რამდენიმე კვირის წინ, როდესაც პარლამენტმა საგარეო კურსთან დაკავშირებული რეზოლუცია მიიღო, წინააღმდეგობა წარმოიშვა იმის თაობაზე, თუ რამდენად შესაძლებელი იყო დასავლეთის, აშშ-ის, ევროკავშირისა და რუსეთის პოზიციების შეჯერება საქართველოს საკითხზე. მე ეს წერილი მოვიყვანე იმის მაგალითად, რომ ეს არათუ შესაძლებლი იყო, არამედ უკვე მოხდა. რუსეთს 2006 წელს არ შეეძლო მთელ მსოფლიოს დაჰპირისპირებოდა და იძულებული იყო, ჩართულიყო ამ პროექტში და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასაც უჭერდა მხარს. შესაძლოა რუსეთი რაღაც ეტაპზე წინ აღუდგა ამ პროცესს, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ გადაუსწრო დესტრუქციაში ან კიდევ შესაძლოა ეს პროცესები პროვოცირებულად მოხდა.

როდესაც დარეგულირების პროცესმა პიკს მიაღწია, სწორედ მაშინ ჩაიშალა.

იმ დროს Aაფხაზეთის საკითხიც დაიძრა. შეიქმნა ერთობლივი ეკონომიკური საბჭო, აღდგა საკოორდინაციო საბჭოს მუშაობა. ყველა ეს ფორმატი ინტერნაციონალური იყო და პასუხი არა მაქვს, რატომ ჩაიშალა. ყველა მოლაპარაკების ფორმატი შეწყდა და სხვა სიბრტყეში გადავიდა. დეკემბერში სააკაშვილმა განაცხადა, დაზუსტებით ვიცი რუსებისგან, რომ მათ ცხინვალი არ აინტერესებთო. მან 2007 წელს ამომრჩევლებს გარანტია მისცა, - თუ პრეზიდენტი გავხდები, 2008 წლის ახალ წელს სოხუმში შევხვდებითო. რატომ ჩაიშალა ეს პროცესი, რომელსაც დასავლეთიც მხარს უჭერდა და  რუსეთიც დაყოლიებული იყო, ამაზე ორი პასუხია: ან რაღაც კონსპირაცია იყო, რომლის შესახებაც ჩვენ ჯერ არაფერი ვიცით, ან კიდევ სააკაშვილის ხელისუფლება მოატყუეს.

- კონსპირაციაში რას გულისხმობთ?

- როდესაც რუსეთმა დაინახა, რომ მისი როლი და გავლენა სამშვიდობო პროცესებში მინიმუმზე დავიდა, სწორედ მაშინ იფიქრა, რომ საჭირი იყო პროვოკაციების მოწყობა სამშვიდობო პროცესის ჩასაშლელად და ეს საქართველოს ხელისუფლების ხელით გააკეთა. 15 ივლისს ჩვენმა სამხედრო პოლიციამ დაიჭირა შერეული სახელმწიფო კომისიის თანათავმჯდომარე, მაღალი რანგის დიპლომატი იური პოპოვი და სახმელეთო ჯარების უფროსის მოადგილე ევნევიჩი, რომელიც ამავე დროს საქართველოდან რუსეთის ბაზების გატანას ხელმძღვანელობდა. 17 ივლისს უკვე ეუთომ გააკეთა განცხადება, საქართველო ვენის კონვენციას არღვევს და სამშვიდობო პროცესის წინააღმდეგ მოქმედებსო. ამას მოჰყვა 18 ივლისს საქართველოს პარლამენტის დადგენილება, დსთ-ის სამშვიდობო ძალები სასწრაფოდ გასულიყვნენ საქართველოდან, მაშინ როდესაც დასავლეთი გვაფრთხილებდა, რუსმა შეიძლება ცისფერი ჩაფხუტი მოიხადოს და ხაკისფერი დაიხუროს, მაგრამ გასვლით არ გავა საქართველოდანო. 20 ივლისს ცხინვალიდან დელეგაცია უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ არ ჩამოვიდა. 22 ივლისს "დიდი რვიანის" შეხვედრაზე საქართველოს საკითხი უკვე აღარ დაისვა. ამის შემდეგ ცხინვალის რეგიონში არჩევნები ჩატარდა. ვითომ ალტერნატიული პრეზიდენტი აირჩიეს, მაგრამ ფაქტი იყო, რომ  საერთაშორისო ჩართულობის გარეშე მიმდინარე პროცესები დადებით შედეგამდე არ მიგვიყვანდა. ამ წერილში სწორედ ამას გვაფრთხილებდა მეთიუ ბრაიზა. წერილში მოყვანილია მისი სიტყვები - თუ საქართველო მაინც კონფრონტაციულ გზას აირჩევს, დასავლეთის მხარდაჭერას დაკარგავსო.

რუსეთი რომ პროვოკაციულად მოქმედებდა გასაგებია, მაგრამ გაუგებარია, რატომ მოქმედებდა პროვოკაციულად ქართული მხარე.

კონდოლიზა რაისი მემუარებში წერს: საქართველოში გამგზავნა აშშ-ის პრეზიდენტმა, რათა სააკაშვილს სისულელე არ ჩაედინაო, მაგრამ მის მცდელობას შედეგი არ მოჰყოლია. ფაქტია რომ

2006 წლის ივლისიდან ისეთი პროცესი დაიწყო, რამაც 2008 წლის აგვისტომდე მიგვიყვანა.

მიუხედავად ომის მერე გავრცელებული მითქმა-მოთქმისა, უნდა ითქვას, რომ მეთიუ ბრაიზას ჩართულობა ამ პროცესებში ძალიან კონსტრუქციული და პროდუქტიულიც იყო. იგი დახვეწილი მომლაპარაკებელი იყო, მათ შორის - რუსულ მხარესთან. ამასთან, წერილში გამოხატული პოზიცია, რასაკვირველია პირადად ბრაიზას კი არა, აშშ-ის მიდგომას ასახავდა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე ევროპულ და ევრაზიის საკითხებში მეთიუ ბრაიზა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკის მიერ  გასაჯაროებულ რეკომენდაციების ამსახველ წერილს გამოეხმაურა: "2005-2009 წლებში, როდესაც წარმოვადგენდი სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, აშშ-ის მიზანი იყო ყოველწლიურად განმეახლებინა გაეროს დამკვირვებელთა მისია აფხაზეთში. ეს მოითხოვდა გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს დიპლომატიური მოლაპარაკებების რეზოლუციის მიღებას და მოლაპარაკებების შედეგად კომპრომისის მიღწევას. გაეროს ამ მოლაპარაკებებზე ჩემი მთავარი რეკომენდაცია ყოველთვის ასეთი გახლდათ, - მოსახლეობის უსაფრთხოების დასაცავად გაეროს პოლიციური ძალები გალის ტერიტორიაზე აუცილებლად უნდა ყოფილიყვნენ, რადგან რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი აფხაზეთში ვერ უზრუნველყოფდა მოსახლეობის უსაფრთხოებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, მჯეროდა, რომ საქმე მეტი იყო, ვიდრე სიტყვა"".

P. S. ბოლო დროს საზოგადოებისათვის უცნობი ბევრი დოკუმენტი სამზეოზე გამოდის და, ალბათ, კიდევ ბევრს გავიგებთ ბნელით მოცულ 9-წლიან "ნაციონალურ" მმართველობაზე.