"ორი კავშირის ქვეყანა", ანუ რას მოიტანს უკრაინული მოდელი
08-04-2013
"ორი კავშირის ქვეყანა", ანუ რას მოიტანს უკრაინული მოდელი
"რუსეთი უკრაინის ამ იდეას ჯერჯერობით ყალყზე შემდგარი შეხვდა და მას ორ სკამზე ჯდომის წარუმატებელი მცდელობა უწოდა"

ყოველდღიურ პრობლემებში ჩაძირულებსა და ყოფით თემატიკას გამოკიდებულებს ყურადღების მიღმა გვრჩება თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციები, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად შეიძლება აისახოს საქართველოზე. ბოლო დროს უცნაური პროცესების მოწმენი ვხდებით: "ნაციონალური მოძრაობა" ხელოვნურად ავსებს ოპოზიციურ ნიშას; ხელოვნურად ახდენს დასავლური ღირებულებების დევალვაციას, სვამს რა ტოლობის ნიშანს საკუთარ თავსა და დასავლურ გეზს შორის; ხელოვნურადვე ვავსებთ საინფორმაციო სივრცეს თითიდან გამოწოვილი
რაბათის ციხისა თუ 19 აპრილის თემებით და ა.შ. და ამ გზით, უმრავლესობისა და უმცირესობის უტყვი თანხმობითა და საზოგადოების მდუმარებით ვაგრძელებთ ვირტუალურ რეალობაში ცხოვრებას. ამ დროს ჩამოყალიბებასა და განსაზღვრას მოითხოვს ქვეყნის სტრატეგიული გეზი და ის უნიკალური შანსი, რომელიც საქართველოს მიეცა ხელისუფლების ცვლასთან ერთად: მულტიპოლარული მსოფლიოსკენ მიმავალ
გზაზე საქართველო გახდეს ახალი რეგიონული პოლიტიკის ტონის მიმცემი, რასაც ბევრად მეტი დივიდენდის მოტანა შეუძლია ქვეყნისთვის.


რამდენიმე დღის წინ გავრცელდა მეტად საინტერესო და ნიშანდობლივი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ უკრაინას არ სურს არჩევანის გაკეთება ევროკავშირსა და ცნობილ ავბედით "საბაჟო კავშირს" (რუსეთის, ბელორუსისა და ყაზახეთის მონაწილეობით) შორის და ამიტომ აყენებს ინიციატივას, გახდეს "ორი კავშირის ქვეყანა". უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ 2013 წლის ბოლოსთვის უკრაინა იმედოვნებს შექმნას თავისუფალი ვაჭრობის ზონები ევროკავშირსა და "საბაჟო კავშირთან" და ამგვარად უკრაინა შეძლებს გახდეს ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელსაც ექნება ასეთი ზონები აღმოსავლეთითაც და დასავლეთითაც, ორივე გაერთიანებასთან. ამ გზით უკრაინა ცდილობს, გამოიყენოს განვითარების ორივე ვექტორი, მაქსიმალური სარგებელი მიიღოს და არა უარი თქვას რომელიმე მათგანზე. "საბაჟო კავშირის" სრულყოფილ წევრობაზე უკრაინა უარს ამბობს, თუმცა თანახმაა იყოს დამკვირვებელი სათათბირო ხმის უფლებით.

რუსეთი უკრაინის ამ იდეას ჯერჯერობით ყალყზე შემდგარი შეხვდა და მას ორ სკამზე ჯდომის წარუმატებელი მცდელობა უწოდა. რა თქმა უნდა, მისი დაუოკებელი სურვილია, უკრაინა "საბაჟო კავშირის" წევრად ისეთი სტატუსით იხილოს, რომ მას გვერდზე გასახედი არ დაუტოვოს.

უკრაინის მიერ გახმოვანებული ამბიციური, თუმცა დღევანდელი გადასახედიდან ნაკლებად რეალისტური იდეის გაცნობის შემდეგ, ამომიტივტივდა საქართველოს ახალი ხელისუფლების მიერ დეკლარირებული კურსი: რუსეთთან ურთიერთობა მტრულიდან გადაიყვანოს თანამშრომლურ რეჟიმში და იმავდროულად, შეინარჩუნოს ნატოსთანაც სტრატეგიული პარტნიორობის რეჟიმი გაწევრების შეუქცევადი სურვილით, თანაც იზრუნოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე. მაშინაც და დღესაც ამ სამივე მიზნის მიღწევა ერთად ნაკლებად რეალისტურად მიიჩნევა.

უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებების სურვილი, შეათავსონ ერთგვარად შეუთავსებელი, თითქოსდა გარკვეულ, შორეულ ანალოგიებს აჩენს. ეყოფათ თუ არა ამ ქვეყნების ხელისუფალთ პოლიტიკური ალღო და ნიჭი, იდეა რეალობად აქციონ, მომავალი გვიჩვენებს. პირველ ნაბიჯად, სულ მცირე, აუცილებელია, რომ ვირტუალური რეალობის შექმნა შევწყვიტოთ და დავიწყოთ რეალ-პოლიტიკის კეთება. თუ უკრაინელ სტრატეგებს შეუძლიათ მსგავსი, თავისი არსით ეპოქალური ინიციატივების წამოყენება, რატომ არ შეგვიძლია ჩვენ, მსოფლიოსთვის ესოდენ აქტუალურ და პრობლემურ რეგიონში ახალი ხედვების შემუშავება და შეთავაზება?! თუ, რა თქმა უნდა, ამის სურვილი და პოლიტიკური ნება აღმოაჩნდება საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას. რაც შეეხება საჭირო ინტელექტუალურ პოტენციალს, ანუ როგორც მას დღეს უწოდებენ - საკადრო რესურსს, ვარწმუნებ ჩვენს ხელისუფლებას, რომ საქართველოში არის ამისთვის აუცილებელი საკადრო პოტენციალი, თუმცა საწინააღმდეგოს უმტკიცებენ პრემიერ-მინისტრს ყოველ დღე-ცისმარე, რათა საკუთარი შეუცვლელობა დაუდასტურონ. უბრალოდ, ამ პოტენციალს მოზიდვა და გააქტიურება უნდა. 

თუ უკრაინამ შეძლო თავისი ინიციატივის ხორცშესხმა, მის მიერ გახმოვანებული მოდელი სრულიად ახალ რეალობას შექმნის საბჭოთა კავშირისა და ვარშავის ბლოკის დაშლის შემდეგ ახალ გაერთიანებებში გადანაწილებული ან მათ მიღმა დარჩენილი ქვეყნებისთვის და სრულიად განსხვავებულ კონფიგურაციას შესთავაზებს მათ, რაც შეიძლება ეკონომიკური თვალსაზრისით გაცილებით მოქნილი და მომგებიანი მოდელი იყოს ბევრი მათგანისთვის, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ შეიძლება არსებული რეგიონული გაერთიანებების სრულ ან ნაწილობრივ რევიზიამდე მიგვიყვანოს, ან სულაც დასახოს ახალი გზა, მეტ თანამშრომლობასა და ნაკლებ კონფრონტაციაზე ორიენტირებული ახალი ევროპისა და მსოფლიოსკენ.
MAVERICK
13 აპრილი 2013 17:06
ვაიინტელექტუალთა პარადი რესპების ქვეგამხედვრობის ღვაწლია და სანამ ხელისუფლების უმაღლეს ეშალონებში ბოლო არ მოეღება ვიწროპარტიული ინტერესებით უვიცთA და მედროვეთა ჯირითს,
კვალიფიციური კადრების პრობლემა მარადიული თავისტკივილი იქნება ნებისმიერი მთავრობისათვის.
კახა
12 აპრილი 2013 13:19
უკრაინაში უნდა იცოდე რა ხდება. რას შევნატრით ვიცით? ჩემი მეგობარი იყო ჩამოსული შარშან ზაფხულში და ყველაფერში აქეთ შემოგვნატროდა. მაგალითი მისი მონაყოლიდან (პატარა ბიზნესი აქვს): "საბუთი მქონდა რაღაც ასაღები (მგონი დღგ-ს გადამხდელი რომ არ იყო, თუ რაღაც ეგეთი). ფული მომთხოვესო. უარი ვუთხარი. 2 კვირა მატარეს წინ და უკან, მეტი ვერაფერს ვაკეთებდი. ბოლოს ადვოკატი ავიყვანე და იმასთან ერთად დავდიოდიო. მერე მითხრეს, ვერ დაგიბეჭდავთ საბუთებს, პრინტერი არ გვაქვსო, წადი გვიყიდე პრინტერი, მოგვიტანე და დაგიბეჭდავთო. მეტი ნერვები აღარ მქონდა და ეგ გავუკეთეო". ამ ტიპის ისტორიები ბევრი მოყვა. ძალიან გულგატეხილი იყო - საერთოდ არ მივდივართ წინო....
მანქანით წავიყვანე ლანჩზე და რომ გადავედით, ჩემი ლეპტოპი მანქანაში ჩავტოვე. გაგიჟდა, რას აკეთებო? რა პრობლმაა, ვინ ახლებს ხელს-მეთქი? რას ამბობ, კიევში კურტკას ვერ ვტოვებ მანქანაში, შეიძლება შუშა ჩალეწონ და წაიღონო. მართლა არ გეშინია კომპიუტერის დატოვებაო?...
ჩვენ სულ ნაცების მიერ ქვეყნის ნგრევაზე რომ ვლაპარაკობთ, ხალხო, ვიყოთ რა ობიექტურები! საძაგებელი ვაძაგოთ და საქები შევაქოთ. სულ ამას გავიძახი, მაგრამ მასაში ჩვენ (ორივე მხარე) რადიკალურები ვართ და ზღაპრებიდან ვერ გამოვსულვართ: გვგონია რომ კეთილის და ბოროტის ბრძოლას აქვს ადგილი. არც ერთია ეშმაკი და არც მეორე ანგელოზი. ეს პოლიტიკაა. ჩვენ დროზე თუ არ ვისწავლით პოლიტიკური ძალების ობიექტურად შეფასებას და ინდივიდუალური პოლიტიკოსების მესიებთან გაიგივებას არ შევწყვეტთ, იცოდეთ რომ დავიღუპებით.
nino
09 აპრილი 2013 10:37
საერთოდ ქართველებს ყოველთვის უხდებოდათ რამოდენიმე იმპერიასთან ბრძოლა ერტდროულად და ყოველთვის ან თითქმის ყოველთვის გამოსდიოდა. სამწუხაროდ ეს გამოცდილება წარსულს ჩაბარდა.თუმცა არც ეს აზრი არის ინტერესმოკლებული. ცდა ყოველთვის შეიძლება. რატომაც არა???????

რა თქმა უნდა ეს დიდი სიფრთხილეს, ინტელექტს და შორსმჭვრეტელობას მოითხოვს. ასეთები კი ძალზე ცოტანი არიან. პირადად მე არც კი ვიცნობ ასეთ ადამიანებს თუმცა ვფიქრობ რომ აუცილებლად იქნებიან ოღონდ მოძებნა სჭირდებათ, რადგან ასეთები ჩრდილში ყოფნას ამჯობინებენ.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები