რა სქემით უსმენდა ყოფილი ხელისუფლება ხალხს? - კვირის პალიტრა

რა სქემით უსმენდა ყოფილი ხელისუფლება ხალხს?

რა სქემით უსმენდა ყოფილი ხელისუფლება ხალხს?

"თვალთვალისა და მიყურადების სამსახურის ძველი უფროსი დღესაც მუშაობს შსს-ში"

"საქართველოში ყოველთვის ასე იყო - იპარავდნენ და მერე მთავრობებს უყოფდნენ. დაუსჯელობა ჩვენს ბიზნესკულტურაში გამჯდარია, ქვეყნისა და ხალხის ძარცვა - მომგებიანი "

"ვანო მერაბიშვილმა ჩემს გასანადგურებლად "ზარალა" გამოიყენა"

"იძულებული გამხადეს, მეათედ ფასად მიმეყიდა კომპანია შარანგიებისთვის"

"საქართველოში საკუთრების ჩამორთმევის ბუმი იყო"

რეპრესირებულმა ბიზნესმენებმა მოძრაობა "დააბრუნე" შექმნეს და მას "კავკასუს ონლაინის" ყოფილი მეპატრონე, მამია სანადირაძე ხელმძღვანელობს. მათი აზრით, პრობლემის დროულად გადასაწყვეტად კარგი გზა სპეციალიზებული პროკურატურის შექმნაა, სადაც ყველა ბიზნესწართმეულ პირს ქონების დასაბრუნებლად ბრძოლის შანსი ექნება. რეპრესირებული ბიზნესმენები უკვე შეხვდნენ იუსტიციის მინისტრს, პარლამენტის წევრებსა და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაც სურთ...

ბიზნესმენი მამია სანადირაძე, "კავკასუს ონლაინის" ყოფილი მეპატრონე:

- ნოემბერში, როცა არჩევნები წააგეს, მარეგულირებელ კომისიაში ქაღალდის საფქვავით გაანადგურეს დოკუმენტები. მტკიცებულებებს სხვა უწყებებშიც სპობდნენ. გამოდის, ახალმა მთავრობამ საამისო დრო მისცა. დღემდე არ სრულდება დანაპირები, რომ სამართლიანობა აღდგება. ვფიქრობ, ქვედა რგოლები ბიძინა ივანიშვილს ცრუინფორმაციას აწვდიან, რომ ქონების დაბრუნებას ქაოსი მოჰყვება. არადა, მისი პოლიტიკური ნება საკმარისია, რომ ყინული დაიძრას. მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძის იდეა, რომ შეიქმნება სპეციალური კომისია, მასში არასამთავრობო სექტორისა და ხელისუფლების წარმომადგენლები შევლენ, მერე კეთილი ბიძიები და დეიდები კანონიერ ძალაში შესულ საქმეებს წაიკითხავენ, იტყვიან, ეს არ უნდა მომხდარიყოო და საქმეს ისევ სასამართლოს, ანუ კუბლაშვილს გადაულოცავენ, მცდარი გზაა...

ჩვენთან საკუთრების ჩამორთმევის ბუმი იყო. ძირითადად, ნაჩუქრობის ხელშეკრულება ფორმდებოდა. ახლა ამბობენ, თუ ქონება სახელმწიფოს უკვე გაყიდული აქვს, კეთილსინდისიერ მყიდველს ქონებას ვერ ჩამოართმევენ და ასეთი საქმეები არ გადაისინჯებაო, ეს დარღვევაა. ხალხს ცოლ-შვილის გაუპატიურებით ემუქრებოდნენ, ავიწროებდნენ და ამაზე გამომძიებლებმა მტკიცებულებები უნდა მოიპოვონ. ითქვა, რომ მხოლოდ 100.000-ზე მეტი ღირებულების ქონების დაკარგვის შემთხვევაში შეიძლება პირს დაუბრუნონ ქონება. რა დააშავა იმან, რომელსაც ერთი ჯიხური ჰქონდა და ისიც წაართვეს? ფუნდამენტური პრინციპი ირღვევა - თანაბარი სამართლიანობა. იმედია, ამ ფორმით ეს კანონპროექტი ძალაში არ შევა.

ექსპერტ გია მეფარიშვილს თავისი კონცეფცია აქვს, თუ როგორ შეიძლება წართმეული ქონების დროულად დაბრუნება. ყოფილი გენერალური პროკურორი ორი მოწვევის პარლამენტარია, მისი დაწერილია სისხლის სამართლის კოდექსი და მიაჩნია, რომ უნდა შეიქმნას სპეციალიზებული პროკურატურა, რომელიც გამოიძიებს სისხლის სამართლის საქმეებს, დაკავშირებულს ადამიანის უფლებების დარღვევასთან, მათ შორის - საკუთრების ჩამორთმევასთან. არის საშიშროება, რომ ჩამორთმეული ქონება ოფშორულ ზონებში რეგისტრირებულ კომპანიებზე გადაფორმდეს. ტენდენცია უკვე შეინიშნება. ამჯერად ორი ოფშორი აქტიურობს - კუნძული მენი და ვირჯინიის კუნძულები. ორივე ისეთი ზონებია, საიდანაც ინფორმაციის მიღების თეორიული შანსიც არ იქნება, ამიტომ ახალ ხელისუფლებას მოდუნების უფლება არა აქვს.

მამია სანადირაძე: - "კავკასუს ონლაინმა" კაბელი ევროპიდან გამოიყვანა, 40-მილიონიანი ინვესტიცია განხორციელდა. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი 35 მილიონს გვაძლევდა ინფრასტრუქტურის უფრო განვითარებისთვის, საქართველოს მთლიანად ასათვისებლად, აზერბაიჯანსა და სომხეთთან შემაკავშირებელი მაგისტრალების შესაქმნელად და კავკასიის იაფი ინტერნეტით მოსამარაგებლად. ჩვენს კომპანიას მაშინ "სილქნეტი" კონკურენციას ვეღარ უწევდა, ამიტომ მისმა ხელმძღვანელმა, მხედრიონელმა გიორგი რამიშვილმა, მეტსახელად "ზარალამ" ჩვენს კომპანიას დაადგა თვალი. ჩვენს კაბელებს ნაჯახებით ჩეხდნენ, ინფრასტრუქტურას ანადგურებდნენ, იმ აპარატურას გვიზიანებდნენ, რომელიც "სილქნეტის" ტერიტორიაზე გვქონდა. "სილქნეტი" მონოპოლისტი იყო, მოსახლეობასთან შემაერთებელი მავთულები მხოლოდ მას ჰქონდა. არც შეკეთების საშუალებას გვაძლევდნენ. ამას დაემატა დაძაბულობა მთავრობასთან. ვითარება უფრო გამწვავდა, როცა ვანო მერაბიშვილმა ინტერნეტით თვალთვალისა და მოსმენების შესაძლებლობა გაითვალისწინა. მერაბიშვილის მინისტრობის დროს თვალთვალისა და მიყურადების სამსახურის უფროსი ბორის მიტიჩაშვილი იყო, ის კატეგორიულად მოითხოვდა უკანონო მოსმენებს.

- ამის უფლებას აძლევდით?

- როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილება იყო მოსმენაზე, ვალდებული ვიყავით, მოთხოვნა შეგვესრულებინა, მაგრამ მოითხოვეს მთელი ინტერნეტნაკადი გაეკონტროლებინათ. ჩვენი თანამშრომლების უნიფორმით შს სამინისტროს თანამშრომლები უნდა მისულიყვნენ სახლებში ინტერნეტის დასაინსტალირებლად, ან დაზიანებულის შესაკეთებლად და ამას შევეწინააღმდეგე. სამინისტროს თანამშრომლები ხაზებს სპეციალურად აზიანებდნენ. ან უბრძანებდნენ ჩვენს ტექნიკოსებს, გაეთიშათ ინტერნეტი მათთვის საჭირო აბონენტისთვის. ამის შემდეგ სამინისტროდან სპეციალურად მომაგრებული ჯგუფი იმ მისამართზე გადიოდა და სახლებში მოსასმენებსა და სათვალთვალო კამერებს ამონტაჟებდა. მათ სასამართლოს გადაწყვეტილება ან რაიმე დადგენილება მოვთხოვე, მაგრამ მითხრეს, სიტყვიერ ბრძანებას უნდა დაემორჩილოო. 2010 წელს ტოტალურად დაიწყო მოსმენები, ამ უკანონობაზე უარი ვთქვი და ხელისუფლებამ ურჩობა არ მაპატია.

- მოსმენა კომპიუტერის საშუალებით ადვილია?

- რა თქმა უნდა. ბორის მიტიჩაშვილი სამინისტროში დღესაც მუშაობს და შეუძლიათ იმ პირთა სია ამოიღონ, რომელთაც უსმენდნენ და უთვალთვალებდნენ. ჩვენი კომპანიიდან ყველას სახელი, გვარი და მისამართი ამოიღეს.Y ყველა კომპიუტერს მინიჭებული აქვს აიპი-მისამართი და ამ გზით ადვილად შეიძლება ნებისმიერი კომპიუტერის გაკონტროლება. შეუძლიათ დაადგინონ, რომელ გაზეთს კითხულობ ან როგორ კომენტარებს აკეთებ, თუნდაც ინკოგნიტოდ... ვანო მერაბიშვილმა ჩემს გასანადგურებლად "ზარალა" გამოიყენა, ამაში ჩართული იყო მერიის ზედამხედველობის სამსახურიც. რამდენჯერმე ფაქტზე დავიჭირეთ ის პირები, რომლებიც კაბელებს აზიანებდნენ, უმეტესად პრობაციონერები და ნარკომანები იყვნენ. პატრული იჭერდა მათ, მაგრამ მალე ათავისუფლებდა. "ზარალა" სახელმწიფო რესურსს ადვილად იყენებდა. ყველამ იცის მისი და მიშა სააკაშვილის მეგობრობის ამბავი. სახელმწიფო კომპანია "ელექტროკავშირი" ყაზახების ფულით იყიდეს, მათი წარმომადგენელი რამიშვილი იყო. ადგნენ და ერთლარიანი ტარიფი 13 ლარი გახადეს.

მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელმა ჩიქოვანმა, რომელიც დღეს იძებნება, უკანონოდ, საერთო ჯამში 660.000 ლარით დამაჯარიმა. ერთხელ 270.000 ლარით, რადგან დროზე არ შევატყობინეთ ოფისის მისამართის გამოცვლა. მეორედაც 270.000-იანი ჯარიმა დამაკისრეს იმის გამო, რომ ერთი დღით დაგვაგვიანდა სადამფუძნებლო ცვლილებების შეტყობინება. ჩიქოვანი ხელქვეითებს ეუბნებოდა, ზურაბ ადეიშვილის დავალებაა, ამ კომპანიას დარღვევა უნდა მოვუძებნოთო. არადა, გადასახადების პატიოსანი გადამხდელი ვიყავი. საგადასახადომ დარღვევა ვერ აღმოაჩინა, მაგრამ 11 მილიონით მაინც დამაჯარიმა.

- რა საფუძვლით?

- დამადანაშაულა, თითქოს 5 თვე ინტერნეტს იაფად ვყიდდი, ძვირად რომ გაგეყიდა, ბიუჯეტში 11 მილიონით მეტი დღგ შევიდოდაო. არადა, ინტერნეტს 15 ლარად, საბაზრო ღირებულების ფასად ვყიდდი. მითხრეს, თუ 11 მილიონს 45 დღეში არ გადაიხდი, დაგაპატიმრებთ როგორც გენერალურ დირექტორს და იქიდან ამტკიცე შენი სიმართლეო. იძულებული გამხადეს, მეათედ ფასად მიმეყიდა კომპანია შარანგიებისთვის, "ჯი-ემ-სი ჯგუფისთვის". შარანგიებმა ჯერ მითხრეს, 50% მოგვეცი და ყველა პრობლემა გაქრება, არც ჯარიმები გექნება გადასახდელიო. იძულებული ვიყავი, მიმეცა, მერე კომპანიაზე კონტროლი რომ დაამყარეს, დამემუქრნენ და ჩემი დარჩენილი 30%-ც მოითხოვეს... ბოლოს მეუღლესა და ოთხ შვილთან ერთად საქართველოდან ინგლისში გავიქეცი.

- დარჩენილი 20% ვის ეკუთვნოდა?

- ინგლისური საინვესტიციო ფირმის იყო, არ ვიცი, ისინი დღეს არიან თუ არა კომპანიაში. 5 წელიწადში კომპანია მილიარდი დოლარის ღირებულების უნდა გამხდარიყო. საქართველოში ყოველთვის ასე იყო, იპარავდნენ და მერე მთავრობებს უყოფდნენ მოპარულს. დაუსჯელობა ჩვენს ბიზნესკულტურაში გამჯდარია, ქვეყნისა და ხალხის ძარცვა - მომგებიანი.

- დღეს რა ხდება?

- ახლაც ბევრი მედროვე და გაღლეტილია მოსული, ელოდებიან ხელსაყრელ მომენტს და მერე პოლიტიკიდან დახუნძლული მიდიან. ერთ-ერთი გადამზიდავი კომპანიის ხელმძღვანელმა მითხრა, მავიწროებენო. საქართველო ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა მსოფლიოში საკუთრების დაცვის საქმეში.

რამდენიმე მილიონს ვიხდიდი ყოველწლიურად, იმედი მქონდა, სახელმწიფო დამიცავდა, მაგრამ რომ გაძღნენ, მერე მე შემჭამა ჩემი ფულითვე გაზულუქებულმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

ჩემსავით გაძარცულები მთელ მსოფლიოში არიან გაფანტული. ლონდონში სამი წელი ვიყავი, იქაც გავხსენი ოფისი და ავეჯს ვამზადებთ მდიდრებისთვის. უცხოეთში ბევრმა ჩემისთანამ ააწყო საქმე. არადა, მათ უნდა ეყრდნობოდეს საქართველოს ეკონომიკა. სამწუხაროა, ჯერ ისევ ჩიხშია წართმეული ქონების დაბრუნების საქმე. ჩვენ ერთადერთი დაპირების შესრულებას მოვითხოვთ - აღდგეს სამართლიანობა. 5 თვე გავიდა და არაფერი გაკეთებულა. ვიბრძოლებ, რომ სამართალმა იზეიმოს. ეს არის იმის გარანტია, რომ გაქცეული ხალხი დაბრუნდეს. კონკურენცია უნდა გავუწიოთ გაზულუქებულ მონოპოლისტებს.

5 თვე ძალიან დიდი დროა. რაც მთავარია, ამ დროში ბევრი მტკიცებულება ნადგურდება. მოწმეებსაც მოისყიდიან და დააშინებენ. თბილისის პროკურატურის ანტიკორუფციულ განყოფილებაში 7 გამომძიებელია, დაზარალებულთა უმეტესობა თბილისელია, 18 000 განცხადება შვიდმა გამომძიებელმა როგორ უნდა გამოიძიოს?

- თქვენი ბიზნესიც გაყიდეს ხელმეორედ?

- ჯერ არა, მაგრამ მასში შემავალი კომპანიები უკვე გასხვისდა. "აიტივი" და "პრესა. ჯე" ვანო მერაბიშვილის კონტროლირებად ორგანიზაციას გადასცეს...

"სილქნეტის" ხელმძღვანელის მისამართით მამია სანადირაძის ბრალდებებს კომპანიაში ასე პასუხობენ:

- ბოლო დროს გახშირდა სატელეკომუნიკაციო კომპანია "კავკასუს ონლაინის" ყოფილი მფლობელისა და ხელმძღვანელის, მამია სანადირაძის თავდასხმები სატელეკომუნიკაციო კომპანია "სილქნეტსა" და მის მფლობელებზე. დღემდე კომპანია "სილქნეტს" არ გაუკეთებია არც ერთი საპასუხო განცხადება, რადგან სერიოზულად არ მიგვაჩნია ბატონი სანადირაძის აბსურდული ბრალდებები, რომელსაც ის აგრესიული ჭორების სახით ავრცელებს სხვადასხვა მედიაგამოცემაში. ბატონი სანადირაძე კომპანია "სილქნეტს" ბრალს სდებს ისეთ სერიოზულ დანაშაულებში, როგორიცაა "კავკასუს ონლაინის" კუთვნილი კაბელების ჩაჭრა, მორალური ზეწოლა პირადად მასზე და ახალი მფლობელების მიერ "კავკასუს ონლაინის" ხელში ჩაგდება, ასევე პირადად შეურაცხყოფს "სილქნეტის" ერთ-ერთ მფლობელს ბატონ გიორგი რამიშვილს. ბატონ სანადირაძესთან პოლემიკაში შესვლა არ მიგვაჩნია გონივრულად, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ყოველივე ეს წარმოადგენს ავანტიურისტულ მცდელობას შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება და ცრუ, უსაფუძვლო ბრალდებებით და შავი პიარით მიიღოს გარკვეული სარგებელი.

კომპანია "სილქნეტი" მიმართავს ყველა სამართლებრივ მექანიზმს, რათა ბატონმა სანადირაძემ პასუხი აგოს კანონის წინაშე.

თეა ხურცილავა