მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

ესაა სამართლიანობის აღდგენა?

დღეს ყველაზე ხშირად გაიგონებთ სიტყვებს - "სამართლიანობის აღდგენა". ეს ახალი ხელისუფლების მთავარ დაპირებად ითვლება და ახალი ხელისუფლებაც მის შესრულებას გულმოდგინედ ცდილობს. მართალია, ზოგს ტემპი არ მოსწონს, ზოგს - დაჭერილთა რაოდენობა, მაგრამ ხელისუფლება ირწმუნება, ყველაფერი კარგად იქნებაო. ხალხიც ელოდება, როდის ჩააყუდებენ წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებს. პროცესი ისე მიდის, ხელისუფლებამ ეს თუ ვერ მოახერხა (ანუ მაღალჩინოსნები ვერ ჩააყუდა), სხვა დაპირებების შესრულებას შეიძლება აზრიც არ ჰქონდეს. მაგალითად, მათ არავინ აპატიებს, რომ ვანო მერაბიშვილი არ დაიჭირონ. ხალხს "ნაციონალური მოძრაობის" ოპოზიცია მთელი 9 წელი ჩასჩიჩინებდა, რომ ვანო ქვეყანაში ყველაზე დიდი დამნაშავე იყო.

ჯერ ეს დანაშაული დასამტკიცებელია, ხალხს კი ამდენის მოთმენა არ სურს, დამნაშავეთა დაჭერას ითხოვს და მათი კარგად მესმის: წინა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ადამიანებს ასეთი მოთხოვნილება გასჩენოდათ. კი ბატონო, დანაშაული არავის უნდა შერჩეს, თორემ ხელისუფლებაში მყოფთა თავგასულობა არასდროს დასრულდება. თუმცა ერთი კითხვა მაინც მაწუხებს: სამართლიანობის აღდგენა მხოლოდ წინა ხელისუფლებას რატომ ეხება და არ ეხება წინას? განა შევარდნაძის მიმართ ნაკლები პრეტენზია აქვს საზოგადოებას? ნუთუ ის, რომ სააკაშვილმა თავის დროზე შევარდნაძის ჩინოვნიკებს ფული მოატანინა ან დაიჭირა, ნიშნავს, რომ ბატონი ედუარდის მი=მართ კითხვები აღარ არსებობს? პინოჩეტი 92 წლის იყო, სასამართლოში რომ დაატარებდნენ. თუ სამართლიანობის აღდგენაა,  გამოვიძიოთ "საქმენი საგმირონი" შევარდნაძისა, დღეს კრწანისის რეზიდენციიდან ჭკუას რომ გვარიგებს.

რატომ არავის სურს 1991-92 წლების ამბების გამოძიება და მოვლენების შეფასება? დღეს კიტოვანიც თავისუფლად დასეირნობს და სიგუაც. თუ ადამიანებს ფულის მოპარვა არ უნდა ეპატიოთ, სახელმწიფო გადატრიალება და რუსთაველზე ომის გაჩაღება საპატიებელია?

თვალებში ნაცარს ნუ შეგვაყრით!

ბათუმში აჭარის პოლიციის უფროსსა და საია-ს წარმომადგენლებს შორის მომხდარ ინციდენტზე მეორედ დაწერას არც ვაპირებდი, მაგრამ მომხდარზე სამინისტროს რეაქცია ისეთი გამაოგნებელი იყო, სხვანაირად ვერ მოვიქცევი. ჯერ გენერალურმა ინსპექციამ დადო "გენიალური" დასკვნა, სადაც ჩაწერა, რომ თელიას მხრიდან არანაირ გადაცდომა არ დადასტურდა და რაც მთავარია, სათვალთვალო კამერით გადაღებული ჩანაწერი პოლიციის თანამშრომელს თურმე შემთხვევით წაეშალა. არა, გამორიცხული არაფერია, მაგრამ  ძალიან საეჭვო განმარტებაა. თუმცა ღარიბაშვილის კომენტარების სახით მთავარი თურმე ჯერ წინ იყო: მინისტრმა თელიას გამართლება ასე სცადა: იგი პოლიციელია და რადგან შეურაცხყოფა მიაყენეს, ვალდებული იყო, პოლიციელის მუნდირი დაეცვაო. ესე იგი, პოლიციელის მუნდირის დაცვა ქუჩაში საქმის გარჩევა ყოფილა!

- თქვენ იცით, რა მოხდებოდა, ასეთი შეურაცხყოფა პოლიციელისთვის დასავლეთის ქვეყნებში რომ მიეყენებინათ? - იკითხა ჩვენმა მინისტრმა.

რა მოხდებოდა და ამ ადამიანს კანონის შესაბამისად პასუხს აგებინებდნენ: დაიჭერდნენ ან დააჯარიმებდნენ, ქუჩაში ქურდულად კი არ გაურჩევდნენ საქმეს. თანაც ეს მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ პოლიციელი ფორმით იქნებოდა ანუ მოქალაქეს ეცოდინებოდა, რომ პოლიციელთან აქვს საქმე. თელია კი სამოქალაქო ფორმაში იყო და საია-ს მძღოლს  ვერ დაესიზმრებოდა ვის ელაპარაკებოდა.

ბოლოს გაირკვა, რომ ბატონ თელიას მართვის მოწმობა არ ჰქონია და მანქანას ასე მართავდა. ამას შსს-მ კიდევ უფრო "გენიალური" განმარტება მოაყოლა: იმ დღეს აუცილებელი იყო, ვალერიან თელია თავად დამჯდარიყო საჭესთან და ძალიან მნიშვნელოვან საქმეზე წასულიყოო. თუ ასეთი სასწრაფო და აუცილებელი საქმე ჰქონდა, მაშინ ვიღაცის დასიგნალებულზე რაღას ჩერდებოდა და მერე მთელი საათი ქუჩაში საქმეს რაღას არჩევდა?

კვირის ბოლოს კი, როდესაც საია-მ ბატონი თელიას ნარკოტიკებზე შემოწმება მოითხოვა, იგი უცებ საავადმყოფოში აღმოჩნდა, რამაც ეჭვი გააჩინა, რომ ეს შემოწმებისთვის თავის არიდების მიზნით გააკეთა. იქ ისეთი წამლები გაუკეთეს, რაც ნარკოტესტის ჩატარებას უაზროს ხდისო, - ამტკიცებდნენ ვიღაც-ვიღაცები. აქ ძნელია რამე გადაჭრით თქვა, შეიძლება ადამიანი ავად მართლაც გახდეს, ამიტომ დასკვნების გამოტანისგან თავს შევიკავებ. უბრალოდ, ღარიბაშვილს დავეთანხმები, რომელმაც თქვა, რომ ისეთი ამბავი ატეხეს, თითქოს თელიამ ომი დაიწყოო. წინა კვირასაც დავწერე და ახლაც გავიმეორებ: მართლაც არ ჩაუდენია თელიას მძიმე დანაშაული, ყველაფერი, ბატონო მინისტრო, თქვენმა და თქვენი უწყების რეაქციამ გააფუჭა, არადა, ერთი ბოდიშიც საკმარისი იქნებოდა, რომ ამბავი დასრულებულიყო. მაგრამ როგორ ეკადრება საქართვლოში პოლიციის უფროსს საზოგადოებისთვის ბოდიშის მოხდა! ამას ჯობია, ხალხს თვალში ნაცარი შეაყარო?!

კარგი და ცუდი

ამ დღეებში ახალი სახალხო დამცველის ანაგრიში გამოქვეყნდა. რაღაცებით კმაყოფილი დავრჩი, რაღაცებით - არა. მომეწონა, რომ ახალი სახალხო დამცველი ახალი ხელისუფლების მიმართ პრინციპული აღმოჩნდა, იმდენად პრინციპული, რომ სოზარ სუბარმა მას სულ არაკომპეტენტური ეძახა. ეს მხოლოდ კარგის ნიშანია, რადგან თავად სოზარ სუაბარსაც არაკომპეტენტურს ეძახდნენ მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები. მოკლედ, ნანუაშვილმა ციხეებში არსებულ პრობლემებზეც მკაცრად დაწერა და გენერალ კალანდაძის დაპატიმრების დროს დაშვებულ კანონდრღვევებზეც თვალი არ დახუჭა.

არ მომეწონა ლაფანყურის ეპიზოდთან დაკავშირებული ნაწილი. მან მართლაც სკანდალური ფაქტები გაახმაურა. ეს საქმე მართლაც გამოსაძიებელია. თუმცა მე მაინც ვფიქრობ, რომ ისეთი ფაქტები, სადაც საქართველოს სპეცსამსახურები ტერორისტების მომზადებაში არიან დადანაშაულებული, სააშკარაოზე არ უნდა გამოიტანო. ჩემი აზრით, საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, ნანუაშვილს ზოგადად ეთქვა, რომ არის სკანდალური ფაქტები, ამ საკითხზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა მოეთხოვა და ეს მასალები მათთვის დახურულ რეჟიმში მიეწოდებინა. ასე დამნაშავეებიც გამოვლინდებოდნენ და ქვეყნის პრესტიჟიც არ შეილახებოდა.