ღარიბაშვილმა შსს-ში წმენდა დაიწყო?! - კვირის პალიტრა

ღარიბაშვილმა შსს-ში წმენდა დაიწყო?!

"როგორ გაქრა 200.000 დოლარის აღჭურვილობა სამხედრო ბაზიდან"

ექსპერტი მამუკა არეშიძე შსს-სა და პროკურატურის იმ  ჯგუფების საქმიანობას შიფრავს, რომლებიც მისი აზრით, დღესაც ყოფილი ხელისუფლების დაკვეთების შემსრულებლები არიან. ექსპერტის განცხადებით, ძალოვან უწყებებში საკადრო ცვლილებები გარდაუვალია: "პოლიციის ახალდანიშნული უფროსები უკვე მოხსნეს, მაგრამ რატომღაც ეს არ გახმაურებულა".

- დაახლოებით 60-კაციანი ჯგუფია შსს-ში, რომელიც წინა მთავრობის დანაშაულებში მონაწილეობდა. დღეს ამ ჯგუფის უმრავლესობას ისევ თანამდებობები უჭირავს. ისინიც კი, რომლებიც სისტემის გარეთ არიან, მშვენივრად მართავენ შსს-ში სიტუაციას.

- ვინ გყავთ მხედველობაში?

- მაგალითად, ვაჟა ლილუაშვილი, კუდის უფროსის მოადგილე, ის თანამდებობაზე აღარ არის, თუმცა ზემოხსენებულ ჯგუფთან მჭიდროდ დაკავშირებულია. ეს 60-კაციანი ჯგუფი ერთ გუნდად არის შეკრული და ქმნის მუშაობის ისეთ მეთოდოლოგიას, რომ ერთი მხრივ, მათი წარსულში ჩადენილი დანაშაულები არ ამოტივტივდეს, მეორე მხრივ, თუკი მაინც დაიწყება რომელიმე საქმეზე მათთვის არასასურველი გამოძიება, ის აუცილებლად დამუხრუჭდეს. ასეთივე ჯგუფი არსებობს პროკურატურაშიც და მათ შორის არის კოორდინაცია.

- ანუ ამ ჯგუფებს მაინც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები მართავენ?

- დიახ, ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, ასეა. ახლახან ერთმა მოქალაქემ მომაწოდა ინფორმაცია, ჩემს უბანში პოლიციელები მთელი დღე ქუჩაში დგანან და ყველას გასაგონად მერაბიშვილს აქებენ, ამჟამინდელ მთავრობას კი აძაგებენო. როგორც ჩანს, ასეთი დავალება აქვთ ახლა ზემდგომებისგან (რომლებიც მერაბიშვილის ერთგულებით გამოირჩევიან) მიღებული.

- ე. ი. შსს-ს ამჟამინდელი მინისტრი   ამ ჯგუფს ვერ აკონტროლებს?

- ღარიბაშვილი უწესიერესი კაცია. ვფიქრობ, მას დრო დასჭირდა იმისთვის, რომ სიტუაციაში გარკვეულიყო და გადაწყვეტილებები მიეღო. ვიცი, რომ მან უკვე იცის ამ ჯგუფის შესახებ და ზომებს აუცილებლად მიიღებს. უკვე ორი კვირაა ირაკლი ღარიბაშვილმა თითქმის ყველა ახალდანიშნული პოლიციის უფროსი მოხსნა, რადგან ჩათვალა, რომ ისინი იმ ჯგუფის გავლენის ქვეშ არიან. ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ გახმაურებულა. ვიცი, რომ  შსს-ში არაერთი მაღალჩინოსანი სისტემის გარეთ დარჩება. სავარაუდოდ, გაათავისუფლებენ და დააქვეითებენ ისეთ მაღალჩინოსნებს, რომელთა სახელი ფართო საზოგადოებისთვისაც ცნობილია. მაგალითად, ასეთია მაღალჩინოსანი, რომელმაც პოლიტპატიმარი გარეთ გაიყვანა და დახვრეტის იმიტაცია მოუწყო. მან ვახო მაისაიას შუბლზე დაადო იარაღი და ჩახმახს თითი გამოჰკრა, თუმცა მჭიდში ტყვია არ იყო. მაისაიამ კი ერთი სიცოცხლე გაათავა.

ზემოთ ხსენებული ჯგუფიდან ზოგმა ცემა-ტყეპით დაამახსოვრა ხალხს თავი, ზოგმაც ტერორით. მათ გვარებს შეგნებულად არ ვასახელებ, ვფიქრობ, მალე დატოვებენ თანამდებობებს. ასეთივე მძიმე მდგომარეობაა პროკურატურაშიც, ზოგი პროკურორი მეუბნება, ზოგიერთი საქმის გამოძიებას ვერ ვიწყებ, რადგან ის პროკურორი, ვინც თავის დროზე ეს საქმე გააფუჭა, ჩემივე ოთახში, მეორე მაგიდასთან ზისო... არ მჯერა იმ არგუმენტის, რომ  პროფესიონალი კადრები ძნელი მოსაძებნია. მაგალითად, ვიცი, რომ გირგვლიანის საქმეზე მოწმედ დაიბარეს ყოფილი პროკურორი, რომელსაც თავის დროზე ამ საქმის გამოძიება დაავალეს, მაგრამ მან უარი განაცხადა, ჩანს, მიხვდა, რომ ცუდ საქმეს აკეთებინებდნენ. ასეთი კადრი რატომ არ უნდა მიიღონ?

- თქვენი აზრით, იმ ჯგუფს რომელი საქმეების გახმაურება არ სურს?

- მაგალითად, 2008 წლის 12 აგვისტოს ნორიოს სამხედრო ბაზა დაცარიელდა, რადგან სპეცრაზმი ომში წავიდა. შსს-მ ბაზის საყარაულოდ გაგზავნა რუსთავის კუდ-ის  პირადი შემადგენლობა, რომლის  მეთაური იყო ვინმე ტატიკიშვილი. ეს რაზმი ბაზას საღამომდე იცავდა, 8 საათზე კი ვაჟა ლილუაშვილისგან მიიღო ზეპირი ბრძანება, ბაზა დაეტოვებინა. ტატიკიშვილს დაებადა კითხვა, ეს იარაღით სავსე ბაზა რომ დავტოვოთ, აქ  ხომ ყველაფერს მოიპარავენო?! მიუხედავად ამისა, ლილუაშვილის ბრძანება  კატეგორიული იყო და რაზმმა ბაზა დატოვა. მეორე დღეს კი ომიდან დაბრუნებულმა აღმოაჩინა, რომ ბაზაში 200 ათასი დოლარის ღირებულების აღჭურვილობის დანაკლისი იყო. მაშინვე დაწერა Pპატაკი ოპერაციის ერთ-ერთმა მონაწილემ, კახა აბაშიძემ. საპასუხოდ, აბაშიძე თოფურიძესთან დაიბარეს და გააფრთხილეს, ჭკუით მოიქეციო. მან კი განაგრძო ჩივილი, რის გამოც სასწრაფოდ გამოაგდეს შსს-დან. საინტერესო ის არის, რომ აბაშიძემ ახლაც მოსთხოვა შსს-ს ამ საქმის გამოძიება, რასაც შედეგი არ მოჰყოლია. ჩემი აზრით, 200 ათასი დოლარის  სახელმწიფო ქონება  2008 წლის 12 აგვისტომდეც უნდა ყოფილიყო გამქრალი, უბრალოდ, ინსცენირება მოაწყვეს, მერე რომ ეთქვათ, საბრძოლო აღჭურვილობა საომარ ვითარებაში დაიკარგაო. იმასაც ამბობენ, ტატიკიშვილი ვაჟა ლილუაშვილის გერიაო...

- ითქვა ისიც, რომ იმ ჯგუფს კომპრომატები აქვს ახალი მთავრობის წევრებზე და ამიტომაც ვერ ათავისუფლებენ...

- კი, აქვთ ახალი ხელისუფლების ზოგიერთი წევრის როგორც ფინანსურ საქმიანობაზე, ასევე პირად ცხოვრებაზე კომპრომატები. სამწუხაროდ, ასეთია ჩვენი რეალობა.

- სახალხო დამცველის დასკვნის ერთი ეპიზოდი ლაფანყურის სპეცოპერაციას ეხებოდა. თქვენთვის თუ იყო ამ საქმეში რამე ახალი?

- ნანუაშვილის დასკვნა აბსოლუტურად დროული იყო. ნანუაშვილმა დაინახა, რომ გამოძიება ფერხდება და მან თავისი დასკვნით ბიძგი მისცა ძიების დაჩქარებას. გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებიც ამბობენ, ნანუაშვილის დასკვნა რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალსო, რაც სისულელეა. ლაფანყურში რაც მოხდა, ისედაც  კარგად იციან ჩვენმა მტრებმაც. სამი თვის განმავლობაში გავიძახოდი, საქართველოს ყოფილ ხელისუფლებას ჩეჩნები შემოჰყავთ საქართველოს ტერიტორიაზე, რომლებიც არაოფიციალურ წვრთნებში მონაწილეობენ-მეთქი. აქედან გამომდინარე, ამ დასკვნაში არაფერი ყოფილა ისეთი, რაც არ გახმაურებულა. ჩემთვის სიახლე ის იყო, რომ თურმე ვალედან გადაიყვანეს გადარჩენილი 7 ჩეჩენი, რომლებიც საქართველოს ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებმა გააცილეს. საკამათოდ მიმაჩნია დასკვნაში გამოთქმული მოსაზრება, თითქოს  საქართველოს ტერიტორიიდან ჩეჩენი მებრძოლების გაშვება ჩრდილო კავკასიაში იგეგმებოდა. ეს იყო ერთგვარი ლეგენდა იმ ბიჭებისთვის, რომლებიც მწარედ მოატყუეს. ვთვლი, რომ თავიდან ხელისუფლებამ სხვა ამოცანა დაისახა, როცა ეს ბიჭები მარტში საქართველოში ჩამოიყვანა, და სულ სხვა ამოცანის წინაშე დადგა უკვე აგვისტოს ბოლოს. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ თავიდან ასი კაცი გადმოიყვანეს საქართველოში, მათგან კი მხოლოდ 20 მებრძოლი შემორჩათ, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ დანარჩენი იმედგაცრუებულები უკან გაბრუნდნენ.

ეს არის ერთ-ერთი საქმე, რომლის გამოძიებას ძველი ხელისუფლების მიერ მართული ჯგუფი შსს-ში ხელს უშლის. მაგალითად, ანტიტერორისტული სამსახურის უფროსი სანდრო ამირიძე, რომელიც  ნანუაშვილის დასკვნაშია მოხსენიებული, დღესაც მუშაობს შსს-ში. მასთან ერთად ფიგურირებს მაღალჩინოსნების - გია ლორთქიფანიძისა და ზურაბ მაისურაძის სახელები. ამ უკანასკნელზე ვერაფერს გეტყვით, ლორთქიფანიძე კი შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლებულია. ახლა ის პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს და ახალ მთავრობას აკრიტიკებს... მიუხედავად ყველაფრისა, იმედია, ლაფანყურის სპეცოპერაციის დეტალებს მალე მოეფინება ნათელი.