”მიკროფონთან წერეთელი მივიდა და დაიძახა, არსად არ წავალთ, ვერაფერსაც ვერ გვიზამენო. ხალხმა არ დაუჯერა პატრიარქს”
08-04-2013
”მიკროფონთან წერეთელი მივიდა და დაიძახა, არსად არ წავალთ, ვერაფერსაც ვერ გვიზამენო. ხალხმა არ დაუჯერა პატრიარქს”
რას იხსენებს 9 აპრილისა და 26 მაისის მონაწილე ყოფილი ძალოვანი

"ის გოგო დღესაც არ ვიცი, გადარჩა თუ არა"

"იმ დღეს რომ ვიხსენებდი, ქალივით ვტიროდი"

"როდიონოვი გორგოძეს ტუქსავდა, ბეზდელნიკი ვი, ბეზდელნიკიო"

"რა დედამ შობა ამის გამკეთებელი?!"

"9 აპრილს რუსმა გაქცევის საშუალება მოგვცა, 26 მაისს კი ქართველებმა ალყაში მოგვაქციეს და სასტიკად გაგვისწორდნენ"

"ორგანოებში ნამუშევარი კაცი ვარ და გინება როგორ გამიკვირდება, მაგრამ რაც იქ გავიგონე, არასოდეს გამიგონია..."


"9 აპრილს არ მინახავს იმდენი სისხლი,
რაც 2011 წლის 26 მაისს ვნახე. საბჭოთა კავშირის დროს რუს ჯარისკაცებს არ უქნიათ ის, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ქართულმა სპეცრაზმმა გააკეთა, რომელმაც სისხლის გუბეები დააყენა რუსთაველის პროსპექტზე", - მეუბნება მილიციის ვიცე-პოლკოვნიკი გურგენ მურცხვალაძე და ცრემლს ვერ იკავებს:


- მენატრება ეროვნული მოძრაობის დრო, როდესაც მთელი საზოგადოება, პარტიული
მუშაკები, ადმინისტრაციულ ორგანოებში მომუშავეები და სამართალდამცავები ერთ მუშტად იყვნენ შეკრული, ყველას დამოუკიდებლობა უნდოდა და ამ მიზნით გაერთიანებულ ხალხს ერთმანეთზე ძვირფასი არავინ გვყავდა. 1989 წლის 9 აპრილს მოვლენების ეპიცენტრში აღმოვჩნდი. მაშინ მაიორის ჩინი მქონდა, დიდუბის რაიონში სისხლის სამართლის სამძებროს უფროსის მოადგილე ვიყავი. მე და ჩემი ათი თანამშრომელი ყველაზე მნიშვნელოვან ადგილას მოვხვდით, - მთავრობის სახლში შესასვლელი კიბის თავზე. რამდენიმე ნაბიჯზე მოშიმშილეები იწვნენ, ქვემოთ კი ხალხი იდგა. დავალება გვქონდა, მომიტინგეები მთავრობის სასახლეში არ შეგვეშვა. იარაღი არც ერთ მილიციელს არ ჰქონდა... მენატრება ის დრო, როდესაც გადაძეძგილ რუსთაველის პროსპექტზე ათიათასობით კაცი ერთმანეთს ეფერებოდა. ვერ გამიგია, სად დავკარგეთ ერთმანეთის სიყვარული (ტირის). ასი ათასზე მეტი კაცი იდგა და არ მინახავს ერთი მთვრალი, ჩხუბი და კამათი. მოხუცი ახალგაზრდას ეფერებოდა, ახალგაზრდა - მოხუცს, უცხო - უცხოს, დიდი - პატარას. არც ერთ ქართველს არ სურდა, რომ ჩვენს ქვეყანაში ილია ჭავჭავაძის ტომეულების გამოცემა მოსკოვთან შესათანხმებელი ყოფილიყო.

8 აპრილს, დილის 10 საათზე მივედი პოსტზე და იქაურობა დავათვალიერე. მთავრობის სასახლეს ორი ფლიგელი აქვს. მარჯვნივ უზენაესი საბჭო იყო, მარცხნივ  - მინისტრთა საბჭო. უზენაეს საბჭოში პირველი სართული რუსეთიდან ჩამოყვანილი სპეცრაზმელებით იყო სავსე. შენობაში ისე შეიყვანეს, არავის დაუნახავს. ეს შეიძლებოდა ან შენობის ზედა ნაწილიდან, ან მიწისქვეშა გვირაბიდან, რომელიც მთავრობის სასახლიდან სანაპიროზე გადის. მომიტინგეებმა არ იცოდნენ, რომ შენობაში რუსი სპეცრაზმელები იყვნენ. ყველანი კედელთან მიდგმულ სკამებზე ისხდნენ, თავზე ჩაფხუტებით, ხელში ავტომატებითა და რეზინის ხელკეტებით. ყველას გადაკიდებული ჰქონდა ჩანთა ვაზნებისთვის, საქამრეებში კი ნიჩბები შევნიშნე. გავიფიქრე, მომიტინგეებმა რომ იცოდნენ, მათგან რამდენიმე ნაბიჯზე კბილებამდე შეიარაღებული ასეულია, ღმერთმა იცის, რა მოხდება-მეთქი.

მინისტრთა საბჭოს ფლიგელში დილიდანვე იყვნენ ამიერკავკასიის ჯარების სარდალი გენერალი როდიონოვი, საქართველოს შს მინისტრი გორგოძე და სამინისტროს თანამშრომლები. როდიონოვი გორგოძისაგან მიტინგის დაშლას მოითხოვდა, მაგრამ ანთებულ ხალხს, რომელიც ერთი კვირა უკვე მიტინგებს მართავდა, სახლში რა წაიყვანდა?!


მთავრობის სახლის წინ ხალხი ფუტკრის სკასავით ზუზუნებდა. ჩემგან 4 მეტრის დაშორებით ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, ირაკლი წერეთელი, ირაკლი ბათიაშვილი და სხვები გამოდიოდნენ - დამოუკიდებლობა გვინდა, ძირს რუსეთის დამპალი იმპერიაო! ეს როდიონოვს ესმოდა. ვფიქრობდი: რა იმპერიის დამხობაზე შეიძლება ლაპარაკი, როდესაც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი, კომპარტია, ცენტრალური კომიტეტი და ხუთიოდე ნაბიჯში რუსის ჯარია-მეთქი...

მოკავშირე რესპუბლიკების კონსტიტუციაში ეწერა, რომ სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტებზე უწესრიგობის ან მათში შეჭრის დროს გამოიყენება ცეცხლსასროლი იარაღი გაფრთხილების გარეშე. ვფიქრობდი, ამ ხალხს რომ ვიღაც პროვოკატორმა მთავრობის სასახლეში შეჭრისკენ მოუწოდოს და ხალხმა იხუვლოს, ხომ გამოცვივდებიან სპეცრაზმელები და ჟლეტა დაიწყება-მეთქი. ძალიან საპასუხისმგებლო დავალება მქონდა, კრიტიკულ ვითარებაში ხალხის ნაკადი უნდა შემეჩერებინა, რომ მთავრობის სასახლეში არ შეჭრილიყვნენ. განცხადებები სულ უფრო მწვავე ხდებოდა. ხალხზე ფსიქოლოგიური ზემოქმედებისთვის შუადღისას პროსპექტზე ტანკი ჩაატარეს. ხალხი აზუზუნდა, მაგრამ გაისმა მოწოდება, ხელი არ შეუშალოთო. მერე ჯარი ჩაატარეს. ისევ გაისმა მოწოდება, ჯარისთვის გავლის საშუალება მიეცათ. ამით როდიონოვი ხალხის გამოწვევას ცდილობდა, მაგრამ მომიტინგეები ლიდერების მოწოდებებს დაემორჩილნენ. დაღამდა.

მიტინგზე გამომსვლელები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. მიტინგი დუღდა. დაახლოებით ღამის 3 საათზე პატრიარქის სიტყვები გაისმა, - "ჩემო სულიერო შვილებო"... აბობოქრებულ მიტინგზე სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. პატრიარქმა მომიტინგეებს უთხრა, რომ იყო რეალური საშიშროება უხეში ძალა გამოეყენებინათ, რასაც შესაძლოა მსხვერპლი მოჰყვესო. პატრიარქმა ხალხს მოუწოდა, ქაშუეთში შევიდეთ და ვილოცოთო. უცებ მიკროფონთან ირაკლი წერეთელი მივიდა და დაიძახა, არსად არ წავალთ და ვერაფერსაც ვერ გვიზამენო. ხალხმა არ დაუჯერა პატრიარქს, რომელმაც სავარაუდოდ, იცოდა, რომ უზენაესი საბჭოს შენობაში რუსი ჯარისკაცები იყვნენ. შესაძლოა, როდიონოვი ეუბნებოდა კიდეც, მომიტინგეებს ვერც თქვენ შლით და ვერც გორგოძე, ამიტომ მე უნდა დავშალოო.


რამდენიმე წუთში ლენინის მოედნიდან ბატალიონი (დაახლოებით 200 კაცი) წამოვიდა. მომიტინგეებმა მათ გავლის საშუალება მისცეს. ჯარი მთავრობის სასახლის წინ გაჩერდა. გაისმა ბრძანება, ჯარი შენობისკენ შემობრუნდა და მომიტინგეების პირისპირ დადგა. კიდევ გაისმა ბრძანება და ხალხზე შეტევა დაიწყო. ვხედავდი, რომ ხელკეტებით სცემდნენ მომიტინგეებს, მაგრამ ის არ დამინახავს, თურმე ნიჩბებითაც რომ ჩეხდნენ. ჯარმა ხალხის მასა შუაზე გაწყვიტა და მოშიმშილეებამდე მოვიდა. მერე ჯარის ერთი ნაწილი სასტუმრო "ივერიისკენ" შებრუნდა, მეორე ნაწილი - ლენინის მოედნისკენ და ხალხის განდევნა დაიწყეს. წაქცეულებს ჯარისკაცები დაუზოგავად სცემდნენ. როდესაც ჯარმა ხალხს კავშირგაბმულობის სახლამდე და პიონერთა სასახლემდე მისდია, ახალი ძალა გამოჩნდა და პირდაპირ მოშიმშილეებისკენ წამოვიდა. მანამდე მათ არავინ შეხებია. დასუსტებული იყვნენ, ბევრს სიარულიც არ შეეძლო. სად გაქცეულიყვნენ, გასაქცევი არსად ჰქონდათ. რჩებოდა ერთადერთი გზა, - მთავრობის სახლში უნდა შეჭრილიყვნენ (არ იცოდნენ, რომ იქ სპეცრაზმელები იყვნენ). ეტყობა, ეს ჩანაფიქრი ჰქონდათ და განგებ უბიძგებდნენ მოშიმშილეებს მთავრობის სასახლისკენ, რათა მერე გაემართლებინათ თავიანთი ულმობელი საქციელი. მოშიმშილეებში პანიკა დაიწყო, წივილ-კივილით მოგვაწყდნენ მე და ჩემს მეგობრებს, მაგრამ გზა გადავუღობეთ. ვღრიალებდით, შენობაში არ შეხვიდეთ-თქო. სასახლის შენობიდან (კედლიდან) მწვანე ბუჩქების ცოცხალ ღობემდე ფართო ტროტუარი ჩვენს განკარგულებაში იყო და მოშიმშილეებს ვუბიძგეთ, ამ ტროტუარის გავლით პირველი სკოლისკენ გასულიყვნენ. ვისაც სიარული არ შეეძლო, მილიციელებს გაჰყავდათ. ისე გავწმინდეთ მოშიმშილეებისგან იქაურობა, ერთი კაციც არ შესულა შენობაში. ისინი რომ წივილ-კივილით შენობაში შესულიყვნენ, მსხვერპლი ბევრად დიდი იქნებოდა. იქ, სადაც დღეს 9 აპრილის მემორიალია, ერთ ბიჭს რუსი წამოეწია, ბიჭმა წაიფორხილა, დავარდა. მივარდა რუსი, ურტყა და ურტყა.

ძლივს გამოვტაცეთ ხელიდან და სასწრაფოს გავატანეთ. იქვე 14-15 წლის გოგონა ეგდო. არ ინძრეოდა. საკაცე არ გვქონდა. ავიტაცე ხელში და სირბილით წავიყვანე სასწრაფოსკენ, მაგრამ არც ერთს ადგილი არ ჰქონდა. იქვე პლედი ეგდო, გოგონა ზედ დავაწვინეთ. პლედს კუთხეებში მოვკიდეთ ხელი და მეტრო "რუსთაველამდე" ჩავიყვანეთ, სადაც ცარიელი სასწრაფო დახმარების მანქანა მოვძებნეთ და გოგო გავატანეთ. საწყალს ჭრილობა არ ეტყობოდა, მისი კვნესაც არ გამიგონია, ეტყობა, გაზით იყო მოწამლული. დღესაც არ ვიცი, გადარჩა თუ არა. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცოდით, რომ რუსმა ჯარისკაცებმა მხუთავი გაზი გამოიყენეს, თუმცა უცნაურ სუნს კი ვგრძნობდით.  მთავრობის სასახლის წინ როდიონოვი, ორი რუსი გენერალი და შოთა გორგოძე იდგნენ. როდიონოვი გორგოძეს ტუქსავდა, ბეზდელნიკი ვი, ბეზდელნიკიო. ენაზე მომადგა, ა ვი ვარვარი-მეთქი, მაგრამ გავჩუმდი და არც გორგოძეს ამოუღია ხმა. გაბრუებული ჩემი პოსტისაკენ წავედი და ვცდილობდი, გამეცნობიერებინა, რა მოხდა. უცებ დავინახე, უზენაესი საბჭოს შენობიდან რუსი სპეცრაზმელი გამოვარდა და ჩემკენ გამოექანა. ეტყობა, იმან გაამწარა, რომ ძალის გამოყენების შესაძლებლობა არ მივეცით. ჯიქურ მომვარდა და ნიჩაბი მომიქნია. ისე არ მომხვედრია, რომ ჭრილობა მოეყენებინა (თუმცა მერე რომ ვნახე, იღლიიდან თეძომდე დალურჯებული ვიყავი), გვერდზე გაწევა მოვასწარი და ხელი დავუჭირე, საპლიაკ, ჩტო ძელაეშ-მეთქი და შევაგინე. გამეცალა...

9 აპრილის მოვლენების შემსწავლელი კომისია რომ შეიქმნა, შს სამინისტროს თანამშრომლებს აგვიკრძალეს ჩვენების მიცემა. ჩვენზე უკეთესი მოწმე ვინ იყო ამ საქმეზე? იმ დღეს რომ ვიხსენებდი, ქალივით ვტიროდი, ეს რა გვიქნეს რუსებმა-მეთქი. გულმოსული მივედი კომისიაში და თავმჯდომარეს, თამაზ შავგულიძეს ჩვენება მივეცი: 1989 წლის 9 აპრილს სამხედრო ძალის გამოყენებითა და დაუშვებელი ფორმით ზემდგომ პარტიულ ორგანოებში წინასწარ დაგეგმილი მომიტინგეთა დარბევა-მკვლელობა გაიმართა-მეთქი. მერე პარტბილეთი დავწვი და როდესაც კიტოვანი-იოსელიანი მოვიდნენ ხელისუფლებაში, შს სამინისტროდანაც წამოვედი.

მას შემდეგ არც ერთი მიტინგი არ გამომიტოვებია, მაგრამ ვეღარ ვხედავ სამშობლოზე შეყვარებულ პოლიტიკოსებს. 26 მაისსაც წავედი აქციაზე. სულ მესმოდა, სახალხო მოძრაობის წინააღმდეგ პროვოკაციას ამზადებენო და აAრ გამკვირვებია სააკაშვილისგან, რადგან მის სულს თუ ვერ ვხედავ, მაშ, რას ვხედავ? ვფიქრობდი, ნუთუ ისე გაგიჟდნენ ნინო ბურჯანაძე, ელიზბარ ჯაველიძე და ნონა გაფრინდაშვილი, რომ ჯოხებით უნდათ მთავრობის ჩამოგდება-მეთქი. 26 მაისის აქციაზე ერთი განზრახვით წავედი, თუ მართლა ძალის გამოყენება სცადეს მომიტინგეებმა, ტრიბუნაზე ავიჭრები და ვიყვირებ, - მე, მრავლისმნახველი კაცი, გეუბნებით, არც იფიქროთ ძალის გამოყენება-მეთქი. მივედი აქციაზე და რა დამხობისკენ მოწოდება?! თუმცა იყო განცხადებები, მთავრობა გადადგესო. გაწვიმდა და ხის ძირში დავდექი. სპეცრაზმი რომ გამოჩნდა, ვიფიქრე, აქციას დაშლიან და ამით დასრულდება-მეთქი, მაგრამ... მთავრობის სასახლესთან მისასვლელი ხუთივე ქუჩა გადაკეტილი ჰქონდათ, ხალხს გასაქცევი არ დაუტოვეს. ისედაც გვაწვიმდა და წყლის ჭავლი მოგვიშვეს, მერე კი უმოწყალო ცემა დაგვიწყეს. 9 აპრილს რუსმა გაქცევის საშუალება მოგვცა, ქართველებმა კი 26 მაისს ალყაში მოგვაქციეს და სასტიკად გაგვისწორდნენ.

ხალხის ტალღამ რუსთაველის თეატრისკენ წამიყვანა. შუშები ჩამოიმსხვრა, მინაზე ფეხი გამიცურდა და დავეცი. ხალხმა გადამიარა, ბოლოს ვიღაც ღვთისნიერმა წამომაყენა. კინოდარბაზში აღმოვჩნდი. ორგანოებში ნამუშევარი კაცი ვარ და გინება როგორ გამიკვირდება, მაგრამ რაც იქ გავიგონე, არასოდეს გამიგონია, - ახლა გიშველოთ ნინო ბურჯანაძემ, მისი ასე და ისეო. ყველას გვაგინებდნენ. სოსო ჯაჭვლიანსა და ლუკა კურტანიძეს ცოლი, შვილები, ყველაფერი აგინეს. ხელბორკილები დაგვადეს. ამ ხნის კაცს მიტინგზე რა გინდოდაო და პანღური მითავაზეს. ვინატრე, ნეტავ იარაღი მქონდეს, რომ ეს გადაგვარებულები ერთი აღარ დავტოვო ცოცხალი-მეთქი. თავი შემძულდა, ასეთ ქართველებს რომ ვუყურებდი. ისეთი რამეები ვნახე, მიკვირს, რა დედამ შობა ამის გამკეთებელი? რამ გადააგვარა, რამ შეაძულა კაცთა მოდგმა ამ სულგაყიდულებს? ისე დამადეს ბორკილი, იმ ღამის მერე ცერა თითზე მგრძნობელობა დამეკარგა. რომ ვთხოვე, ცოტა ამიშვით, ხელი გამიფუჭდება-მეთქი, დამცინეს, ენა გააჩუმე, თორემ უფრო მოგიჭერთო. პოლიციის სამმართველოს ეზოში გადაგვიყვანეს და მთელი ღამე თავსხმა წვიმაში გვამყოფეს. დილით მობილურები ჩამოგვართვეს და გამოგვიშვეს... ძილი და მოსვენება დავკარგე 26 მაისის მერე.

ვერც ერთი სპეცრაზმელი ვერ უნდა ისვენებდეს, რომელმაც ხალხს სცემა. ისინი არ გამოდგებიან არც ივანიშვილთან და არც სააკაშვილთან, როდესაც მომენტი მიეცემათ, ფულის გულისთვის ყელს გამოგჭრიან და სამშობლოს გაყიდიან. იმდენი ვინერვიულე, გულზე ოპერაციის გაკეთება დამჭირდა. სულ ვფიქრობ და ვერ მივიღე პასუხი: სად დავკარგეთ ქართველებმა ერთმანეთის სიყვარული? ისეთი სიყვარული, როგორიც 9 აპრილს ვნახე. ამას რომ ვფიქრობ, ცრემლს ვერ ვიკავებ.
axlandels is qofa sjobda!
10 აპრილი 2014 10:11
/"9 აპრილს რუსმა გაქცევის საშუალება მოგვცა, 26 მაისს კი ქართველებმა ალყაში მოგვაქციეს და სასტიკად გაგვისწორდნენ"/

ზუსტად! ქარტველი არ გინდობს სენიანი და მტრისგან რუსისგან რაღა გვინდა?
m
09 აპრილი 2014 21:18
ეს იმიტომ მოხდა რომ ყველა უტვინო იყო,როდი და სად რა უნდა ექნათ არ იცოდნენ.ამერიკამ ეხლა უკან დაიხია რუსეთის წინაშე და წარმოიდგინე იმ დროს სად ქონდათ ჭკუა რასაც აკეთებდნენ.
macne
09 აპრილი 2014 14:45
დიახაც იმ პერიოდში მთელი ერი(ცოტა გამონაკლისის გარდა, რომელიც ყოველთვის არი) ერთად იყო. სახელმწიფო მოხელეებიდან დამთავრებული უბრალო მუშამდე... მათ შორის 70 % კომუნისტური პარტიის წევრებიც იყვნენ. ეროვნული მოძრაობის ლიდერებმა გამოიყენეს ამ ხალხის გვერდით დგომა, მოვიდნენ ხელისუფლებაში და მერე პარლამენტის პირველივე სხდომაზე დაატოვებინეს დარბაზი... თვითონვე გახლიჩეს ეროვნული მოძრაობა... ერთი სიტყვით დაღუპეს ქვეყანა... გაწირეს ქაოსისთვის. როცა თავის თავსაც კი ვეღარ იცავდნენ, ხალხს სთხოვდნენ მოდით და წინ გადაგვეფარეთო... სამასირხო იყო ეს ყველაფერი... უთაობის და ავანტურის ბრალი. გაწირეს ხალხიც და ქვეყანაც. საბრალო დათღუპულები, ახლა თუ ხედავენ ნეტავ რისთვის გაიღეს სიცოცხლე... ზოგიერთი უმსგავსო ქართველებისთვის მილიარდები რომ დაეტაცათ ???

რედაქტორის რჩევით