ღიმილიანი ამერიკა - კვირის პალიტრა

ღიმილიანი ამერიკა

ცნობილმა ამერიკელმა ექსპერტმა პოლ გობლმა ორი დღის წინ ეკა ბერიძის ეთერში საუკეთესო მასტერკლასი ჩაგვიტარა საქართველოს მთელ პოლიტიკურ ელიტას, საექსპერტო თუ ჟურნალისტურ თანამეგობრობას: საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პერსპექტივებზე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკმაოდ რეალურ შანსებზე საქართველოს მიერ გათვლილი და აწონილ-დაწონილი პოლიტიკის წარმოების შემთხვევაში.

ვუსმენდი და ვფიქრობდი, სააკაშვილის 9-წლიანი საომარი რიტორიკით და ქმედებებით გაჯერებული მმართველობის პერიოდში, ხომ არსებობდა ასეთი ამერიკაც: პრაგმატული, გონიერი, კეთილგანწყობილი და საქართველოსთვის მოცემულ ისტორიულ მონაკვეთში ყველაზე ეფექტური და სწორი გეზის მომცემი. ამერიკა, რომელიც ამბობდა და ამბობს, რომ საქართველოს გზა ნატოსა და ევროკავშირისკენ გადის არა სამეზობლოსთან კონფრონტაციაზე, არამედ თანამშრომლობაზე. ამერიკა, რომელსაც აინტერესებს არა რუსეთის სამიზნედ ქცეული საქართველო, არამედ საქართველო, რომელსაც შეუძლია და უნდა იკისროს კავკასიაში სტაბილურობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა. და ეს სწორედ ის ამოსავალი წერტილია, რომელმაც ბიძგი უნდა მისცეს, ერთი მხრივ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და მეორე მხრივ, რუსეთის  ერთიანი სხეულის შენარჩუნებას თუ დაშლის პროცესის შეკავებას. ეს კი საქართველოს ინტერესშიც შედის, რადგან თვალსაწიერ მომავალში რუსეთიდან ჩრდილო კავკასიის გამოყოფის ქაოსურმა და დამანგრეველმა პროცესმა შეიძლება წალეკოს ფაქტობრივად უსაფრთხოების ბარიერებმოშლილი საქართველო.

პოლ გობლი ამბობს, რომ სააკაშვილის ხელისუფლების მთავარი შეცდომა იყო ის, რომ 1989-91 წლებში მსოფლიოში არსებულ რეალობაში ჩარჩა და მთელი 9 წელი იქცეოდა ისე, თითქოს დარაბებს მიღმა 90-იანი წლების გარიჟრაჟი იდგაო, როცა საბჭოთა კავშირი იშლებოდა და დასავლეთი ნებისმიერი ფორმით მზად იყო დაეცვა ამ პროცესში თავისი აქტიური მოკავშირეები.

პოლ გობლს არ უთქვამს ის, რომ მის პარალელურად არსებობს სხვა ამერიკაც, უფრო ზუსტად ამერიკის პოლიტიკური ელიტის ის ნაწილი, რომელიც ასევე ჩარჩა არცთუ შორეულ 90-იან წლებში და რომელიც საქართველოს განიხილავს ძირითადად როგორც ფორპოსტს და უკაცრავად პასუხია და - წყლულს„რუსული დათვის“ ტანზე. სწორედ მათი ადეპტი იყო სააკაშვილი და ის, რაც მოხდა 2008 წლის აგვისტოში, პოლ გობლის ანალიზის ლოგიკიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პროვოკაცია იყო არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რუსეთისთვისაც, რადგან მან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის სახით მიიღო ჩრდილო კავკასიაში ჩადებული უზარმაზარი ძალის მქონე ნაღმი: მარტივი ფორმულაა - ჩრდილო კავკასიაში ცენტრიდანული ტენდენციების გაფართოება პირდაპირპროპორციულია აფხაზეთის აღიარების პროცესის გაღრმავებისა.

ამერიკელ ანალიტიკოსს სულ რამდენიმე მონასმი დასჭირდა იმისათვის, რომ დაენახებინა ოპტიმალური გზა: 1. ნატოსა“ და „ევროკავშირისკენ“ და 2. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ. ჩვენი სტრატეგიათმოძულე და ახლომხედველი პოლიტიკური კლასის საყურადღებოდ, თავს ნებას მივცემ და ამ ორი მიმართულებით შევაჯამებ გობლის თეზისებს.

ნანატრი ალიანსები

1. ქართველები ბოლომდე ვერ აცნობიერებენ, რას ნიშნავს ნატოსა და ევროკავშირის წევრობა, რაც არა მხოლოდ უფლებები, არამედ მოვალეობებიც არის. ეს ითხოვს კანონების, მიდგომების, ქცევის ფუნდამენტური ნაბიჯების რევიზიას, რისთვისაც ხელისუფლებამ ხალხი უნდა ამზადოს და ემზადოს თვითონაც;

2. მეზობლებთან ურთიერთობის დარეგულირება -„ევროკავშირის“ ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა. ნატოსა და ევროკავშირში უფრო მალე მოხდება რუსეთთან თანამშრომლობის და არა კონფრონტაციის რეჟიმში მყოფი საქართველოს გაწევრება;

3. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან საქართველოს ამ ათწლეულში ნატოსა“და ევროკავშირში“გაწევრების ყველაზე რეალური შანსი აქვს.

გამარჯობა, აფხაზეთო, შენი!

1. მოიხსენით რუსეთის კომპლექსი: კოზირები მხოლოდ რუსეთის ხელთ არ არის! დროა გავაცნობიეროთ, რომ საქართველოს კეთილგანწყობა რუსეთს ისევე სჭირდება, როგორც ჩვენ მისი;

2. მუსლიმური ჯგუფებისგან მომავალი საფრთხე, რომელიც როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ, ცენტრალური აზიისა და ჩრდილო კავკასიის რეგიონებიდან ემუქრება რუსეთს, მას აიძულებს დაინახოს, რომ სჭირდება ძლიერი მართლმადიდებელი მოკავშირე საქართველოს სახით;

3. მხოლოდ სომხეთზე დაყრდნობა რუსეთს ბევრს არაფერს აძლევს სამხრეთ კავკასიაში. საქართველო არის გზა და გასაღები აზერბაიჯანისკენ, ირანისა და სპარსეთის ყურისკენ;

4. ჩრდილო კავკასიაზე კონტროლი წარმოუდგენელია სამხრეთ კავკასიის გარეშე. ამ მიმართულებითაც საქართველომ შეიძლება შესთავაზოს რუსეთს ის, რაც მას სასიცოცხლოდ სჭირდება: ტერიტორიული მთლიანობა ტერიტორიული მთლიანობის სანაცვლოდ!

5. უახლოეს 5 წელიწადში აფხაზეთი რუსეთისთვის შეიძლება ისეთ საშიშროებად იქცეს, რომელიც მას შავი ზღვისგანაც დააშორებს და ჩრდილო კავკასიის სახით უფრო დიდ ტერიტორიაზე დააკარგვინებს კონტროლს. წარმოიდგინეთ, რომ აფხაზეთის საერთაშორისო აღიარება მოხდა და ნატოს ყველა ქვეყნის საელჩო განლაგდა აფხაზეთის ტერიტორიაზე. რას შვრება ამ დროს სტიმულმიცემული და შეგულიანებული ჩრდილო კავკასია?! რუსეთი ხომ საერთოდ დაკარგავს კონტროლს კავკასიაზე?! ამიტომ, რუსეთისთვის აფხაზეთის საქართველოსთვის მიყიდვა შეიძლება ძალიანაც ხელსაყრელი გახდეს;

6. საქართველოს შეუძლია აფხაზეთთან დაკავშირებით „პროფკავშირების პრინციპით“ იმოქმედოს: პროფკავშირები ძლიერი მაშინაა, როცა იმუქრება და არა როცა გაფიცვას იწყებს. რატომ არ შეუძლია საქართველოს „დაემუქროს“ რუსეთს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებით, რაც რუსეთს ჩრდილოკავკასიურ კოშმარად ექცევა?!

და საერთოდ, ვიყოთ ოპტიმისტები და კრეატიულები, ქართველებო. არსებობს ამერიკა მაკკეინის და ამერიკა პოლ გობლის. და თუ შევიყვარებთ ჩვენს ქვეყანას, მივხვდებით, რომ საქართველო ის კოზირია, რომლის გაჭრაც 2500-წლიანმა ისტორიამ ვერ მოახერხა და მომავალსაც თავაწეული შევხვდებით.