"ვერსად გაგვექცევიან!.." (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

"ვერსად გაგვექცევიან!.." (ექსკლუზივი)

"საქართველოში დაბრუნება სახელმწიფო საქმიანობაში ჩემს შესაძლო მონაწილეობას უკავშირდება"

"ვინც იქნება შემჩნეული ღალატსა და საბოტაჟში, იმ წამსვე უნდა გათავისუფლდეს და დაისაჯოს"

"მთავარია, ყველამ მიიღოს დამსახურებული სასჯელი"

"თავიდან დასავლეთმა დაიჯერა, რომ საქართველოში უსამართლო პოლიტიკური დევნა დაიწყო, მაგრამ "ნაციონალებმა" იმდენი იყვირეს უაზროდ და იმდენად ყველას პირზე ეკერა ეს თემა, რომ საკუთარ თავს ავნეს და თავიანთი ნათქვამი საეჭვო გახადეს", - განაცხადა "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა.

- რამდენადაც ვიცი, გაეროში თქვენი სამუშაო ხელშეკრულების ვადა ცოტა ხანში გადის და უკვე გაქვთ კონკრეტული შემოთავაზებები...

- ჩვენი უშიშროების საბჭოსთან არსებული ჯგუფის მანდატი ყოველ წელს განახლებას ექვემდებარება. უშიშროების საბჭოს რეზოლუციით, თავის დროზე ამავე სისტემით უგრძელდებოდა მანდატი აფხაზეთში მყოფ გაეროს მისიას. ეს ნიშნავს, რომ სანამ უშიშროების საბჭო არ ჩათვლის, რომ ირანის ბირთვულ პროგრამას სანქციები აღარ სჭირდება, ან რომელიმე მუდმივი წევრი ვეტოს არ დაადებს, ეს მანდატი, სავარაუდოდ, ამ ზაფხულსაც გაგრძელდება. სხვა საკითხია, მანდატის განახლების შემთხვევაში მე დავთანხმდები თუ არა  საქმიანობის გაგრძელებას... იურიდიულად ეს არ მეკრძალება. გადაწყვეტილება, შევწყვიტო ეს კონტრაქტი და დავბრუნდე საქართველოში, სახელმწიფო საქმიანობაში ჩემს შესაძლო მონაწილეობას უკავშირდება.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ  ბიძინა ივანიშვილმა საგარეო უწყების ხელმძღვანელობა შემოგთავაზათ, სხვა ვერსიით კი - საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა...

-  უფრო უპრიანი იქნებოდა, ეს პრემიერისთვის გეკითხათ.

არ იქნება კორექტული, მე გავამხილო ის, რისი თქმაც თვითონ აქამდე არ ისურვა.

თანაც დღემდე საბოლოოდ არაფერი გადაწყვეტილი არ არის.

- ბიძინა ივანიშვილის განცხადებების მიუხედავად, მას ოპონენტები "რუს ოლიგარქად" მოიხსენიებენ. თქვენი აზრით, საქართველომ თავის საგარეო კურსს გადაუხვია? სინამდვილეში როგორი იყო სააკაშვილის საგარეო კურსი და რა არის ივანიშვილის ხელისუფლების საგარეო ორიენტირი?

- ამ საკითხზე რაიმე ეჭვი რომ მქონდეს, ამ ხელისუფლების გვერდით არ ვიდგებოდი. სამაგიეროდ, მიმაჩნია, რომ ქვეყნის დღევანდელი კურსი წინა ხელისუფლების კურსის გაგრძელებად ვერ გამოცხადდება, იმიტომ, რომ წინა ხელისუფლება იყო მოჩვენებით დემოკრატიული და მოჩვენებით პროდასავლური. რეალურად ისინი, რუსეთის მსხვერპლის იმიჯს ამოფარებულები, ყველაფერს უთმობდნენ რუსეთს - ტერიტორიებს, პოლიტიკურ, ფინანსურ და ეკონომიკურ პოზიციებს.

დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკა კი არის ნამდვილად პროდასავლური და ევროპული.

- უკვე ექვსი თვე გავიდა ახალი ხელისუფლების მოსვლიდან. თუ ხედავთ მათ შეცდომებს?

- ხარვეზები, რასაც ვხედავ, იმის გამოა, რომ ხელისუფლება ახალია და ზოგი მიმართულებით გამოცდილება აკლია. მეორე მხრივ, ხარვეზების მიზეზია ისიც, რომ წინა ხელისუფლება "კოაბიტაციის" გაუთავებელი ძახილით სინამდვილეში ყველა მიმართულებით თანამიმდევრულ საბოტაჟს ეწევა. ამ დროს ვხედავთ პირველ პოზიტიურ შედეგებს სოფლის მეურნეობაში, გაიზარდა პენსიები, გაუმჯობესდა დაზღვევის სისტემა... ეს ცოტა არ მგონია...

- მინდა ასევე გკითხოთ, სააკაშვილის და მისი გუნდის დღევანდელი ქმედებები კონსტრუქციულია თუ დესტრუქციული?

- საბოტაჟი როდის იყო კონსტრუქციული!.. შიდა საბოტაჟზე ჩემზე უფრო კარგად იცით. რაც შეეხება გარეთ ქმედებებს, მე ამას ყოველდღიურად ვხედავ. არ დაგავიწყდეთ, რომ მე სხვადასხვა ქვეყანას ვსტუმრობ ოფიციალური ვიზიტებით და ძალიან კარგად ვიცი, რა ინფორმაციას ავრცელებენ  ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები - თვით პრეზიდენტიც და ჯერ კიდევ მოქმედი  ელჩები თუ საელჩოების თანამშრომლები, რომ აღარაფერი ვთქვა მათ ლობისტებზე, მაგრამ ესეც მალე დასრულდება.

დღეს  აღარავის სჯერა, რომ ახალი ხელისუფლება ვინმეს ავიწროებს ან ჩაგრავს. არავის სჯერა, რომ ეს ხელისუფლება პრორუსულია. ბევრი მიხვდა, თუ რა დესტრუქციულ ქმედებებს ეწეოდა დამარცხებული მხარე და ამის გამო თითიც დაუქნიეს. უცხოელებისთვის სიმართლის თქმაში თეა წულუკიანს და კიდევ ზოგიერთებს (მაგ., დათო უსუფაშვილს)  დიდი წვლილი მიუძღვით.

- პროკურატურაში 18 ათასი განცხადებაა შესული. ხალხს სურს, სამართლიანობამ მალე იზეიმოს, თუმცა არც ერთი გახმაურებული საქმის შედეგი ჯერ არ ჩანს...

- უსამართლო ქვეყანაში სამართალი თვალის დახამხამებაში ვერ აღდგება.  თუ ვართ ცივილიზებული ერი, სასამართლოც  ცივილიზებული და სამართლიანი უნდა გვყავდეს. Eეს იმას ნიშნავს, რომ არც ლინჩის წესით გასამართლება იქნება და არც წინასწარ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებები. რაც უფრო დასაბუთებული და გაწონასწორებული იქნება სასამართლო, მით უფრო ღირებული იქნება მისი განაჩენი. მთავარია, ყველამ მიიღოს დამსახურებული სასჯელი. ფული უნდა დააბრუნონ ქვეყნის ხაზინაში და კიდევ, უფრო მნიშვნელოვანია, ქვეყანაში არავის დარჩეს ეჭვი მათი დანაშაულის მიმართ. ეს არის ჩვენი ხვალინდელი მშვიდი ცხოვრების საწინდარი. ამიტომ არსად გვეჩქარება. სად გაგვექცევიან?

-  ხომ არ არის ივანიშვილის ხელისუფლების აქილევსის ქუსლი კადრებიA ან კიდევ ის "ნაციონალები", რომლებიც დარჩნენ სხვადასხვა უწყებაში და კვლავ წინა ხელისუფლების მითითებებს ასრულებენ იმიტომ, რომ "დავალებული" არიან მათგან?

- საქართველო ვერ გაიმიჯნება დღევანდელ ან ყოფილ ნაციონალებად და სხვებად. ცივილიზებულ ქვეყანას ისიც ევალება, რომ გაარჩიოს, ვინ არის დამნაშავე და ვინ - მხოლოდ შემცდარი ან სუსტი და მშიშარა. შეიძლება ისეთებიც იყვნენ, რომელთაც სჯეროდათ წინა ხელისუფლების. ჩვენ დამნაშავეები უნდა გავასამართლოთ.

გაიგოს ქვეყანამ, რა დანაშაული ჩაიდინეს და რისი გაკეთება აღარ შეიძლება. დანარჩენები, ვინც მუშაობენ სამინისტროებში, იყვნენ, ოღონდ ერთი მკაცრი პირობით - ვინც იქნება შემჩნეული ღალატსა და საბოტაჟში, იმ წამსვე უნდა გათავისუფლდეს და დაისაჯოს.