ილია ჭავჭავაძისა და მიხეილ სააკაშვილის სამშობლო ერთი და იგივეა?"
15-04-2013
ილია ჭავჭავაძისა და მიხეილ სააკაშვილის სამშობლო ერთი და იგივეა?"
(გაგრძელება. დასაწყისი იხ. "კვირის პალიტრა" #15)

"ილიას მკვლელობის მოტივი და არსი საბოლოოდ არ არის შესწავლილი"

მამუკა გიორგაძე, "სახალხო პარტიის" თავმჯდომარე:
- რუსეთში პატრიარქობა პეტრე პირველმა გააუქმა. საუკუნეების განმავლობაში რუსულ ეკლესიას მართავდა წმინდა სინოდი, რომლის მუშაობის წარმმართველი საერო მოხელე, ობერპროკურორი გახლდათ. საქართველოში უწყვეტი პატრიარქობა 1811 წელს გაუქმდა იმის საფუძველზე, რომ ერთ იმპერიაში არ შეიძლებოდა ორი მართლმადიდებლური ეკლესია ყოფილიყო. ქართული და რუსული ეკლესიების სინოდები გაერთიანდა. თუმცა აქ მნიშვნელოვანი რამ მოხდა: ქართული და
რუსული სინოდების შეერთების შემდეგ წოდებით უპირატესი ანტონი II იყო. ამიტომაც არ შეწყვეტილა მასზე ზემოქმედება. ის წამებით აღესრულა. შარშანწინ ანტონ კათალიკოსი წმინდანთა დასში შეირაცხა და ეწოდა ანტონ II მრავალვნებული. თუ ვისგან მიიღო მან მრავალი ვნება, ერთმორწმუნე რუსეთის დამოკიდებულებას გამოხატავს. კათოლიკოსიII სულთანსა და შაჰს ხომ არ უწამებიათ?

საქართველოში პატრიარქის ინსტიტუტი 1917 წელს აღდგა და პირველი პატრიარქი კირიონი იყო. ამის მერე უწყვეტად შემოინახა საქართველოში პატრიარქობა, მიუხედავად იმისა, რომ 1927 წელს პატრიარქობა რუსეთში ისევ გაუქმდა. საქართველოში პატრიარქის ინსტიტუტი გაუქმებას ამბროსი ხელაიამ გადაარჩინა. მან აიძულა ხელისუფლება, არ გაეუქმებინა საქართველოში პატრიარქობა. შემდეგ კი პატრიარქობის შენარჩუნებაში დიდი როლი ითამაშა კალისტრატე ცინცაძის ავტორიტეტმა, რომელიც სტალინთან ერთად სწავლობდა სემინარიაში.

ფაქტობრივად, პატრიარქობა მოსეს ძალმოსილებაა. ძნელია, როდესაც ეკლესიას არ ჰყავს პირი, რომელიც შეძლებს უფალთან საუბარს, ეკლესიისა და ერის დაახლოებას. ერსა და ეკლესიას შორის კავშირი გაწყვეტილია, როცა მათ შორის ჩინოვნიკი, ობერპროკურორი დგება. საქართველოში კი ერსა და ეკლესიას შორის კავშირი 1917 წლის მერე არ შეწყვეტილა. რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლებს კანონით ევალებოდათ, რომ აღსარებაში ნათქვამი საეჭვო ფაქტი ხელისუფლებისთვის მოეხსენებინათ. ჩვენთან კი 1917 წლის შემდეგ ასეთი რამ კანონით დადგენილი არ ყოფილა. თუმცა ბოლშევიკებმა დიდი ბრძოლა გამოუცხადეს ეკლესიას. ქართველ "უღმერთოთა კავშირის" წევრები მეუფე კალისტრატესთან შესულან და უთქვამთ, ღმერთი არ არსებობსო. თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ ვის ებრძვითო? - ამ კითხვით დაუმუნჯებია მეუფეს "უღმერთოები".

1932 წელს, პარტიის გადაწყვეტილებით 5 წელიწადში, ანუ 1937 წელს, საბჭოთა კავშირში ღმერთის ხსენება უნდა დავიწყებულიყო. ჩვენ ამ საზოგადოების შთამომავლები ვართ.

ჩვენი მტრისთვის საშიშია ეროვნულ პოზიციაზე მდგარი ადამიანი. 1907 წელს ილია ჭავჭავაძის მკვლელობა ტექნიკური საკითხი იყო. მოხუცი, ჯანმრთელობაშერყეული კაცი საფრთხეს არ წარმოადგენდა, მაგრამ მთავარი მისი ფიზიკური ლიკვიდაცია არ ყოფილა. ილიას მკვლელობა გაცილებით ადრე დაიწყო, როდესაც პირველად აკადრეს ერის მამას ტალახის სროლა. ილიამ უცხოური ჯიშის ჯორი და ძროხა ჩამოაყვანინა და მისთვის გული რომ ეტკინათ, ჯორს უკანა ტანში სარი შესთხარეს და მოუკლეს, ძროხას კი ცური მოაჭრეს. ილია მაშინ მოკლეს, როდესაც საკუთარ დაარსებულ გაზეთში ვერ დაბეჭდა ცილისმწამებლური წერილის პასუხი. ილიას დაარსებულმა "ივერიამ" ნაცვლად იმისა, რომ "მოგზაურის" ცილისმწამებლურ წერილზე პასუხი გაეცა, დაწერა, ნუთუ რასაც "მოგზაური" წერს მართალია, ალბათ, ილია ამაზე პასუხს გასცემსო. ამის მერე დაწერა ილიამ ქართული პუბლიცისტიკის შედევრი "ნუთუ". ეს წერილი მხოლოდ "მოგზაურის" კი არა, მისი მომხრეებისთვის იყო განკუთვნილი. რაში შეგეპარათ ეჭვი, იმაში, რომ გლეხს კოკა გადავამსხვრიე, რომ წყალი დავუკავე ვინმეს? ნუთუ დაიჯერეთ, რომ მე ასეთი არაადამიანური ქმედებების გამკეთებელი ვარო? ილიას მკვლელობის მოტივი და არსი საბოლოოდ არ არის შესწავლილი.

ილიას ნააზრევი კი არა, ჩვენ "ვეფხისტყაოსნის" მისტიკური ელემენტებიც კი არ დაგვიმუშავებია. რატომ უვლიდა ქართველი ერი "ვეფხისტყაოსანს" ასე? ალბათ, იმიტომ, რომ მასში რაღაც ისეთი ძევს, რომელიც რომელიმე თაობამ უნდა იპოვოს.

ჩვენი მტრებისთვის გათითოკაცებული მორწმუნე ადამიანი საშიში არ არის, საშიში მორწმუნე მრევლია. როცა ქრისტეს სიტყვას პატრონი ჰყავს, ის არის "საშიში". სწორედ ამიტომაც იყო, რომ კომუნისტები არ აძლევდნენ ეკლესიაში სიარულის საშუალებას ადამიანებს.

ჩვენ დილის 9-დან 1-ელ საათამდე წირვა-ლოცვაზე გულწრფელი მორწმუნეები ვართ, ბევრს ცრემლიც მოსდის ლოცვის დროს, მაგრამ ეკლესიიდან რომ გამოვალთ, მერე ვცხოვრობთ ეკლესიურად? 1-ელი საათიდან საღამომდე ვის ვემსახურებით?

მისმა უწმინდესობამ გათითოკაცებული, გზააბნეული კერპთაყვანისმცემელი ათეისტები შემოიყვანა ტაძარში. დღეს ამ მრევლის ერთ მუშტად შეკვრაა საჭირო. თუ ჩვენ ერთი ღმერთი გვყავს, თუ სამშობლო საერთო გვაქვს, რაღა გვაქვს გასაყოფი? თუ საქართველოს მოსახლეობის 90% ენდობა ეკლესიას, რატომ ვცხოვრობთ ასე? ეს იმას ნიშნავს, რომ არა ვართ მთლად მორწმუნეები, მაგრამ საქართველო რომ არ ინგრევა, ჭეშმარიტად მორწმუნე მცირერიცხოვანი ადამიანების დამსახურებაა. ეს ჰყოფნის საქართველოს გადარჩენას, მაგრამ საქართველოს  ასაყვავებლად მეტი რწმენაა საჭირო. მთავარია, ჩვენ გავხსნათ ფანჯარა უფლისთვის და დავკეტოთ ბოროტისთვის, მერე უფალმა იცის, როგორ გამოგვიყენებს და რა სიმაღლეზე აგიყვანს.

ბიბლიიდან ვიცით, რომ წარღვნის მეორედ არდაშვების სიმბოლოდ უფალმა ცაზე ცისარტყელა გამოხატა, ჩვენ კი რის სიმბოლოდ ვაქციეთ ცისარტყელა? ღვთიური სიმბოლო, რომელიც ადამიანსა და ღმერთს შორის დადებული ხელშეკრულების გამოხატულებაა, მეოცე საუკუნის ბოლოს მამათმავლებისა და ლესბოსელების სიმბოლოდ ვაქციეთ! მას შემდეგ, რაც ადამიანებმა ღმერთთან ხელშეკრულება დავარღვიეთ, არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ უფალიც არ დაიცავს თავის პირობას.

- თქვენი აზრით, დღევანდელ რეალობაში საქართველოს საერო ხელისუფლის მთავარი ამოცანა რა უნდა გახდეს?
- ახალმა ხელისუფლებამ უარი უნდა თქვას ბოლშევიკურ მოდელზე, როდესაც ხელისუფლება სახელმწიფოსთან აკეთებდა იდენტიფიცირებას. გარკვევით უნდა ითქვას, რა არის ქართული სახელმწიფოს ინტერესი და რაა ხელისუფლების ინტერესი მისი 4-წლიანი მმართველობის განმავლობაში. დღეს მთავარია, ამის გაკეთება შეძლოს ბიძინა ივანიშვილმა და ოქროს ასოებით შევა ისტორიაში. ის იქნება ხელისუფალი,  რომელმაც ბოლშევიზმი დაამარცხა საქართველოში.
დღემდე  4 წლით არჩეულ მთავრობას და მის ხელმძღვანელს ვიღებთ როგორც ბელადს და სახელმწიფოს  სიმბოლოს.

ჩვენთვის გამსახურდიაც სახელმწიფოს სიმბოლო იყო, შევარდნაძეც და სააკაშვილიც. ცალკე, ხელისუფლებისაგან გამიჯნული საზოგადოება თითქმის აღარ არსებობდა და ცალკე იყო საზოგადოების მცირე ნაწილი, რომელიც გამიჯნული იყო ხელისუფლებას, ისინი, ვინც ხელისუფლებამ არ მიიღო, ან ვისთვისაც ხელისუფლება ვერ გახდა კეთილდღეობის გარანტი.

დღეს ვხედავთ, რომ სააკაშვილის ოპონენტების უმეტესობა "ნაცმოძრაობის" ყოფილი წევრები არიან. დღეს ვერ ვხედავ ცალკე საზოგადოებას, რომელიც ობიექტურად შეაფასებს მოვლენებს. ყველანი მოლოდინის რეჟიმში ვართ. ეს მოლოდინი არ გვაკეთებინებს მთავარ გასაკეთებელს და არ გამიკვირდება, რომ 6 თვის მერე ჩვენ ბარიკადის სხვადასხვა მხარეს აღმოვჩნდეთ.

- რა უნდა გაკეთდეს საიმისოდ, რომ ქართველი საზოგადოება ისევ არ გაიხლიჩოს?

- ბიძინა ივანიშვილმა ხელი უნდა შეუწყოს საზოგადოების ცალკე სუბიექტად ჩამოყალიბებას, გამიჯნოს მთავრობა და სახელმწიფო. "ქართული ოცნება" და "ნაცმოძრაობა" რამდენიმე კონტროლირებად მედიასაშუალებაში დასხდებიან და ისე მსჯელობენ საქართველოს მომავალზე, სხვას არაფერს ეკითხებიან. არადა, აუცილებელია, რომ ეს სივრცე საჯარო  გახდეს, სადაც ყველა ჩვენგანი, როგორც ტოლფასი სუბიექტი, პროცესში მივიღებთ მონაწილეობას.

მიკვირს "ქართული ოცნება" რატომ აძლევს "ნაცმოძრაობას" იმის საშუალებას, რომ ზეწოლაში დაადანაშაულოს. როდესაც მათ ამხელ როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი, შეიძლება ეს ზეწოლად მოინათლოს, მაგრამ თუ ამას გააკეთებს რომელიმე დამოუკიდებელი და სანდო პოლიტიკური ან საზოგადოებრივი სუბიექტი, ეს აღარ იქნება ზეწოლა და ვერც ბრალდებას წაუყენებენ "ქართულ ოცნებას". სააკაშვილი ამბობს, მე ვარ სამშობლოო, მაგრამ მე ვერ მივიღებ სააკაშვილის სამშობლოს, რადგან მისი სამშობლო ჩემი სამშობლო არ არის. გრიგოლ რობაქიძემ თქვა, იმაზე დიდი უბედურება რა არის, როდესაც სამშობლო არამშობლიური ხდებაო. რობაქიძე ამას ემიგრაციაში ტიროდა, მე კი აგერ, თბილისში ვარ და არ არის ეს ჩემი სამშობლო. სამშობლო ხომ მარტო მთა და ველი არაა, ღირებულებაა. ქართველი ერი იმაზეც ვერ შევთანხმებულვართ, რა არის ჩვენი ღირებულება და რას ვდებთ ამ სიტყვაში.

სამშობლო ის მისტიკაა, რომელიც მე და თქვენ გვაერთიანებს. შეიძლება ერთმანეთს რაღაც საკითხებზე ცხვირში ვუბაგუნოთ, მაგრამ რა გვაერთიანებს? სანამ ამაზე არ შევთანხმდებით, ჭირს ერთიანობა და მერე ვამბობთ, - ქართველები ერთმანეთს ვერ ვიტანთო. არადა, პრობლემა ისაა, რომ არ შევთანხმებულვართ მთავარზე.

ილია ჭავჭავაძისა და მიხეილ სააკაშვილის სამშობლო ერთი და იგივეა? მეეჭვება, რომ მათ ერთი სამშობლო ჰქონდეთ. ერთი იდეით შეკავშირებულ ადამიანებს უფლის ნებით შეუძლიათ იდეა ისე განავრცონ, რომ არც დაგვჭირდეს ვინმეს მოკვეთა. ამის არაერთი მაგალითია ქრისტიანობის ისტორიაში. 12-მა მოციქულმა და რამდენიმე ადამიანმა ხომ მოახერხა, რომ დღეს მილიარდობით ქრისტეს აღმსარებელია მსოფლიოში. ერთმა "სუსტმა" გოგომ მოაქცია ქართველობა. ის, რაც ჩვენ შეუძლებელი გვგონია, ღვთისთვის შესაძლებელია. უფალმა გვითხრა, ხელი გაანძრიე და გეშველებაო. არ ვანძრევთ ხელს. განა სამშობლოს ისე ვეპყრობით, როგორც დედას?  200-წლიანმა არასახელმწიფოებრიობამ ძალა და ენერგია გამოგვაცალა. წაგვართვა უნარი, თავისუფლებით ტკბობა შევძლოთ და მერე ამ თავისუფლების შესაბამისად პასუხისმგებლობა ავიღოთ. ამიტომაც ვიგონებთ და ვიშველიებთ შეთქმულების თეორიებს, რომ ვიღაც საქართველოს ბედს უჩვენოდ წყვეტს. მაცხოვარი გვეუბნება, - ფეხზე დადექითო.  როცა ჩვენთვის მთავარი უფლის მიერ შთაბერილი სული გახდება, როდესაც სულისმიერები გავხდებით, მაშინ გავხდებით ბედნიერი ერი...

მარი ზანდუკელი
kato
16 აპრილი 2013 12:42
რა შეკითხვებს სვავთ..მეტი საფილოსოფოსო აღარ დაგრჩენიათ ეხლა წმინდა ილია მართლისა და მოქმედი პრეზიდენტის შედარებებით არ დაიღალოთ თავი...ჩვენ დღევანდელობას ჩვენ ვერ შევაფასებთ წესივრად და არც არავის აინტერესებს ისტორიულ ჭრილში დღევანდელობის შეფასება..ამას ის ხალხი მშვენივრად გააკეთებს, ჩვენ რომ მიწას ამოვეფარებით და მერე მოვლენ სამზეოზე..სად გვეჩქარება..სულ რაღაც 100 წელი ეყოფა მაგ ამბავს.
kaxeli
15 აპრილი 2013 22:33
"კერპთაყვანისმცემელი ათეისტები"
ეს უკვე რაღაც ახალია.
კაცი ან ათეისტია, ან მორწმუნე.
კერპთაყვანისმცემელიც ისეთივე მორწმუნეა, როგორიც მუსულმანი, ქრისტიანი, კრიშნაიდი და ა.შ.
ასე რომ კერპთაყვანისმცემელი ათეისტი იგივეა, რაც ათეისტი მუსლიმანი, ან ათეისტი ბუდისტი, ან ათეისტი ქრისტიანი.

gela
15 აპრილი 2013 16:47
ივანიშვილმა რო დაბოლილი პოლიტიკა მოიტანა ფაქტია


ნამდვილი მტრის შეგრძნება მოსპო


მარტო იაზროვნე და იპროფესორე!



თორემ მიშა და ბოკერია რო დასავლეთის პატრიოტები არიან ამას რად უნდა ლაპარაკი

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები