თეა წულუკიანი - პრეზიდენტიც დაიკითხება! (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

თეა წულუკიანი - პრეზიდენტიც დაიკითხება! (ექსკლუზივი)

"ექვს თვეში იქნება თუ ათში, ადეიშვილს მაინც დავაბრუნებთ"

რატომ დატოვა თეა წულუკიანმა "თავისუფალი დემოკრატების" რიგები?!

რა ინფორმაციის დატანა სურდა წინა ხელისუფლებას ID ბარათებზე...

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სამართლიანობის აღდგენის ერთ-ერთ ძირითად ფაქტორად მიიჩნევს კანონს "სასამართლოს რეფორმის შესახებ", რომელიც, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში შევა ძალაში. მინისტრის განცხადებით, ქართველ მოსამართლეებს თავისუფლების ისტორიული შანსი ეძლევათ, რომლის გამოყენებითაც ისინი დაიბრუნებენ სახელსა და ღირსებას, აირჩევენ რეალურად ეფექტურ იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და თვითონ გადაწყვეტენ, რომელი მოსამართლის ადგილი არის მართლმსაჯულებაში და ვინ უნდა დატოვოს მათი რიგები. სასამართლოს, პროკურატურის რეფორმებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, ასევე, თუ რატომ არ არის დღეს მინისტრი რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი, თეა წულუკიანი "კვირის პალიტრას" ესაუბრა:

- რა მოხდება პროკურატურასთან დაკავშირებული რეფორმის შედეგად, ხდება თუ არა პროკურატურა იუსტიციის სამინისტროსგან სრულიად დამოუკიდებელი ორგანო? ეს ორი სტრუქტურა განცალკევდება?

- არა. კონსტიტუციაში წერია, რომ პროკურატურის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს იუსტიციის მინისტრი, ასეც დარჩება ძალაში, მაგრამ მინისტრს არ ექნება უფლება სისხლისსამართლებრივი დევნისა, რადგან არ შეიძლება პოლიტიკური ფიგურა იყოს სისხლისსამართლებრივი მდევნელიც. სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა იყოს აპოლიტიკური პროცესი, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციებიც მოგვიწოდებდნენ, მაგრამ ადეიშვილს ამის გაგონება არ სურდა. მე და არჩილ კბილაშვილმა, სხვა პარლამენტარებთან ერთად, ოქტომბერშივე შევიმუშავეთ კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც მთავარი პროკურორი გახდება მთავარი სისხლისსამართლებრივი მდევნელი, მას ექნება ადამიანური რესურსების მართვის სრული უფლება, თვითონ დანიშნავს რეგიონში პროკურორებს. დღეს კი ეს უფლება განაწილებული გვაქვს. იუსტიციის მინისტრი შეინარჩუნებს საერთო ზედამხედველის ფუნქციას, ჩამოუყალიბებს მათ საერთო სახელმძღვანელო პრინციპებს, რათა პროკურორებმა უკეთ დაიცვან ადამიანის უფლებები.

- გაქვთ თუ არა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პროკურორთა დიდი ნაწილი, განსაკუთრებით რეგიონებში, ხალხის უნდობლობით სარგებლობს. აპირებთ თუ არა საკადრო პოლიტიკის გადახედვას, სანამ კანონი ამის საშუალებას გაძლევთ?

- ახალი კანონის მიღების შემდეგ საკადრო პოლიტიკაში ჩარევის უფლება აღარ მექნება. ამ ეტაპზე კი რაღაც დოზით ვერევი კიდეც. რაც შეეხება უნდობლობას პროკურორების მიმართ, მთავარ პროკურატურაში არჩილ კბილაშვილმა შექმნა 12-კაციანი ჯგუფი, რომელმაც დაახარისხა პროკურორების წინააღმდეგ შეტანილი საჩივრები. საქმეებს იძიებენ და მალე წარმოადგენენ დასკვნებსაც.

- ამ 12-კაციან ჯგუფის წევრებზე ამბობენ, რომ ისინი გამოუცდელები არიან.

- გამოცდილი ვინ არის? ის, ვინც მუშაობდა ადეიშვილის დროს, ხომ? ამიტომაც საქმე ჩავაბარეთ იმ ხალხს, რომლებიც პროკურატურაში დაგვხვდნენ როგორც სტაჟიორები, საქმეებში ჩახედული, მაგრამ არა მონაწილენი. მათ აქვთ სუფთა წარსული და კეთილსინდისიერი მუშაობის შედეგად დაწერენ მართებულ დასკვნებს. მათ ჰყავთ ხელმძღვანელი, თვალყურის მიმდევნებელი, ამას უშუალოდ აკეთებს არჩილ კბილაშვილი, რათა თითოეული ბრალდებული პროკურორის საქმე ბოლომდე გამოიძიონ და თუ საჭირო იქნება, თანამდებობა დაატოვებინონ. ამასთან, არ შეიძლება საკითხის ისე დაყენებაც, რომ ყველა პროკურორი ცუდია. Aარ უარვყოფ, რომ  პროკურატურაში ამ ხუთი თვის განმავლობაში სათანადო საკადრო ცვლილებები ვერ მოხერხდა, რადგან გამოსაძიებელია უამრავი საქმე და თუ დღესვე ყველა პროკურორს დავითხოვთ, უამრავი საქმე დაუმთავრებელი დარჩება. ამიტომ საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ავირჩიეთ უფრო მისაღები გზა. თუკი რომელიმე პროკურორზე იქნება ბრალდების მტკიცებულება, შესაბამისი ჯგუფი გამოიძიებს მის საქმეს. მთავარია, ბრალმდებლებმა საჩივარი დაასაბუთონ, გაამყარონ კონკრეტული არგუმენტებით, სანდოობის ფაქტებით.

- საზოგადოების უკმაყოფილებას ასევე იწვევს წინა ხელისუფლების მაღალი რანგის დამნაშავე ჩინოვნიკების დაუსჯელობაც.

- ზოგიერთი მათგანის წინააღმდეგ არის აღძრული საქმე, ზოგიერთის მიმართაც აღიძვრება. 9 წლის განმავლობაში რაც იყო, იმისი დაწმენდა და სამართლიანობის აღდგენა დროს მოითხოვს. ამასთან, არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ბოლო სიტყვას სასამართლო ამბობს და საზოგადოება პროკურატურას კი არ უნდა სთხოვდეს პასუხს, რატომ არ არის ესა თუ ის ყოფილი თუ ჯერაც მოქმედი ჩინოსანი ციხეში, არამედ სასამართლოს ხელმძღვანელობას უნდა მოჰკითხოს, რატომ იღებს სუბიექტურ გადაწყვეტილებებს? ბოლო სიტყვა სასამართლოს ეკუთვნის. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი სასამართლო. რეფორმის შედეგად მოსამართლეებს აქვთ უნიკალური შანსი, ჩაატარონ კონფერენცია და ფარული კენჭისყრით ღირსეული წარმომადგენლები აირჩიონ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. გათავისუფლდნენ შიშისგან, ზეწოლისგან, წარსულის აჩრდილებისგან. თუ მათ ეს უნიკალური შანსი ვერ გამოიყენეს, მეც და საზოგადოებაც ჩავთვლით, რომ სასამართლო საქართველოში უიმედოა.

- იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას, თუ ამ სასამართლო რეფორმის ახალი მოდელი ვერ გაამართლებს?

- ვენეციის კომისიის შენიშვნებგათვალისწინებულ კანონპროექტზე, რომელიც პარლამენტში შევიდა, ვიღებ ჩემს წილ პასუხისმგებლობას, მაგრამ შედეგი ბევრად არის დამოკიდებული მოსამართლეებსა და პარლამენტზეც. ასევე მინდა ვთქვა, რომ კანონის მიზანი არ არის მოსამართლეების ციხეში ჩაყრა. მისი მიზანია აღმასრულებელმა ხელისუფალმა, ვინც უნდა იყოს, მათ შორის მეც, სასამართლო ხელისუფლებას ვერ მიუთითოს, ვინ უნდა დაისაჯოს დისციპლინური წესით და ვინ - არა. ახალი კანონით მოსამართლეებს მივცემთ  ინსტრუმენტებს, აირჩიონ იუსტიციის უმაღლესი საბჭო, მოსამართლე გახდეს თვითმართული პროფესია, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებშია და თვითონ გადაწყვიტონ, ვინ არცხვენს მართლმსაჯულებას. რაც უნდა ძნელი გასაგები იყოს, ჩემთვის მიუღებელია ინსტინქტებითა და შურისძიებით მოქმედება იმ მოსამართლეების მიმართ, ვინც არასწორი გადაწყვეტილება გამოიტანა სხვადასხვა შემთხვევაში.

ანგარიშსწორების მეთოდით თუ ვიმოქმედებთ, დავემსგავსებით "ნაციონალურ მოძრაობას". მე კი ყველაზე მეტად სწორედ ის არ მინდა, რომ დავემსგავსოთ "ნაციონალური მოძრაობის" რომელიმე წევრს.

ამიტომაც ძალიან ვფრთხილობ, როდესაც სამართლიანობის აღდგენას ეხება საქმე. მოსამართლეებმა თვითონ გაცხრილონ თავიანთი რიგები.

- ბოლო პერიოდში ერთ-ერთ აქტუალურ თემად იქცა 2008 წლის აგვისტოს ომის მიზეზებისა და მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დაკითხვის თემა. პრეზიდენტი აცხადებს, რომ არ ითანამშრომლებს საგამოძიებო კომისიასთან.

- აგვისტოს ომის გამოძიება ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებაა. საქართველო არის ომის მონაწილე მხარე და როდესაც მხარე გავხდით, ავიღეთ გარკვეული ვალდებულებები. Hჰააგის სასამართლოში, პროკურორთან, შესულია დიდი ინფორმაცია, სადაც სხვადასხვა ქვეყნის  მოქალაქეები და არასამთავრობო ორგანიზაციები  ჩივიან იმის თაობაზე, რომ ამ ომში სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობისა და თანამდებობის პირებმა ჩაიდინეს სავარაუდოდ კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული ან სხვა დანაშაული, რაც ომისდროინდელ დანაშაულად კვალიფიცირდება. ჩვენი ვალდებულებაა, ეს საქმე არ გავხადოთ საერთაშორისო ტრიბუნალის განსახილველი და ჩვენს პრობლემებს თვითონვე მოვუაროთ იმ ვალდებულებების ფარგლებში, რომლებიც გვაქვს. ჩემი და მთავარი პროკურორის მიზანია, აგვისტოს ომი  გამოვიძიოთ თვითონვე, მაგრამ თუ ეს ვერ შევძელით, არ აღმოვჩნდით საკმარისად პროფესიონალები, ან პოლიტიკური ნება არ გვექნა საამისოდ, იძულებული ვიქნებით, დავემორჩილოთ ჰააგის პროცესს და ეს საქმე განიხილონ საერთაშორისო დონეზე.

ეს არ არის ჩემი მიზანი და არა მგონია, ქართველი საზოგადოებისთვისაც იყოს სასურველი.  მოვიძიეთ წინა ხელისუფლების მიერ მომზადებული ყველა მასალა,  რამდენიმე ათეული ტომი. უნდა დაიხატოს სრული სურათი, რა გააკეთა წინა ხელისუფლებამ. რაც შეეხება პრეზიდენტის დაკითხვას, თუ საქმის გარემოებები ამას მოითხოვს მოცემულ დროს, დაიკითხება ისიც (შესაძლოა იმ დროისთვის უკვე პრეზიდენტი აღარც იყოს) და ბევრი მაღალჩინოსანიც, რომელი ქვეყნის და ეთნიკური წარმოშობისაც არ უნდა იყვნენ ისინი, რომელთა სახელი, სამწუხაროდ, უხერხულად შეიძლება ფიგურირებდეს აგვისტოს ომში.

- რა აქვს გამოძიებული წინა ხელისუფლებას?

- იკვეთება, რომ გამოსაძიებელია ხუთი-ექვსი მიმართულება. მათ აირჩიეს რამდენიმე და ამ მხრივ საქმე წინ არის. არ ვიცით, ყველა რატომ თანაბრად არ გამოიძიეს, ალბათ, ვერ მოასწრეს, ან არ ჰქონდათ პოლიტიკური ნება.

- ხომ არ არის გამოუძიებელი ის მიმართულება, სადაც მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლებოდა დამდგარიყო?

- ეს მიმართულება ყველაზე ნაკლებად არის გამოძიებული.

- 2004 წლის ცხინვალთან საომარი შეტაკების პერიპეტიებს თუ გამოიძიებთ?

- რა თქმა უნდა.

- ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ე.წ. აიდი-ბარათების თემა. როგორი ფორმისა და შინაარსის პირადობის მოწმობები გვექნება?

- ამ საკითხზე გულწრფელი კონსულტაციების მოლოდინი მაქვს მე პირადად წმინდა სინოდთან. ჩემთვის ცნობილია, რა ინფორმაციის დატანა სურდა წინა ხელისუფლებას ამ ბარათზე და რა ვერ მოასწრო. რაც შეეხება დღემდე არსებულ ვარიანტს, აიდი-ბარათი შეიცავს მფლობელის შესახებ მინიმალურ ინფორმაციას, სახელს, გვარს, დაბადების თარიღსა და მისამართს. მიმაჩნია, რომ ეს არის აბსოლუტურად საკმარისი ინფორმაცია, რაც პირადობის მოწმობაზე უნდა იყოს. საქართველოს მოქალაქეებს სჭირდებათ ერთადერთი რამ - პირადობის მოწმობა, რომელსაც ვერავინ გააყალბებს და არა ისეთი რამ, როგორც წინა ხელისუფლებას სურდა, თბილისიდან მესტიაში აიდი-ბარათით შეეკვეთათ კუბდარი. ჩვენ გვჭირდება გაუყალბებელი პირადობის მოწმობები, რომელთა საშუალებით მივიღებთ გაუყალბებელ არჩევნებს. ჩემი და საქართველოს ხელისუფლების მიზანი ეს არის და არა სხვა რამ...

- რა ინფორმაციის დატანა სურდა და ვერ მოასწრო წინა ხელისუფლებამ?

- აიდი-ბარათზე პირთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციის მიბმას გეგმავდნენ. სახელმწიფოსთვის ერთბაშად იქნებოდა ხელმისაწვდომი ყველა ინფორმაცია ყველა ქმედების შესახებ, რომლის დროსაც მოქალაქე ოფიციალურად დაფიქსირდებოდა, ანუ დაწყებული კარდილოგთან ვიზიტით, დამთავრებული საბანკო მოქმედებებით, ნებისმიერი მნიშვნელოვანი და უმნიშვნელო დეტალი. Fფაქტობრივად, ადამიანის თითოეული ნაბიჯი ცნობილი იქნებოდა, რაც ეწინააღმდეგება მის თავისუფალ ნებას. ჩვენ ამას არ ვგეგმავთ და ამის საწინააღმდეგო კანონიერ გარანტიებზეც ვფიქრობთ, რადგან პერსონალური მონაცემები და პირადი ცხოვრება უნდა იყოს ხელშეუხებელი.

- ცოტა ხნის წინ გამოჩნდა იუსტიციის სამინისტროსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადაღებული კლიპი, რომელიც მოსახლეობას აფრთხილებს, დაფიქრდნენ, სანამ იპოთეკურ ხელშეკრულებას დადებენ და უძრავ ქონებას ანდობენ ვინმე კერძო პირს ან საფინანასო ორგანიზაციას. დამეთანხმებით, ეს პრობლემის გადაწყვეტა არ არის. დღეს ბევრს ემუქრება უსახლკაროდ დარჩენის საფრთხე?!

- საჯარო რეესტრის მონაცემებით, დღეს ძალაშია 200 000 იპოთეკური ხელშეკრულება, ეს ეხება 200 000 მოქალაქეს და მეტს, რადგან მათ უკან დგანან ოჯახები. შევქმენით სამუშაო ჯგუფი, რომელიც იუსტიციის სამინისტროში მუშაობს არა რომელიმე კონკრეტულ იპოთეკართან, მევალესთან დაკავშირებულ პრობლემებზე, არამედ მუშაობს საზოგადოდ მევახშეების მიერ  ჩადენილი უმსგავსო საქციელიდან გამომდინარე მკაცრი რეგლამენტაციის დაწესებაზე და საკანონმდებლო ბაზის შეცვლაზე. ვმუშაობთ და მალე მთავრობას წარვუდგენთ პროექტს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იქცეოდეს საკრედიტო ფინანსური ორგანიზაცია, კერძო იპოთეკარი, რომ საზოგადოების თვალში მას არ ეწოდებოდეს მევახშე, რომელიც სარგებლობს სუსტი ადამიანის მდგომარეობით და აუბედურებს ოჯახებს. რა ეშველება მათ, ვინც მძიმე მდგომარეობაშია? ვეძებთ გამოსავალს.

- აპირებს თუ არა იუსტიცის სამინისტრო შესთავაზოს პარლამენტს ცვლილებების შეტანა კანონში "მიგრაციის შესახებ"?

- ეს დავალება მთავრობის პირველსავე სხდომაზე მივიღეთ მე, შინაგან საქმეთა მინისტრმა და დიასპორების სახელმწიფო მინისტრმა. გვაქვს სამთავრობო  კომისია მიგრაციის შესახებ, განვიხილავთ კანონპროექტებს, ცვლილებებს, დაკავშირებულს მიგრაციის რეგულირებასთან. დიდი ხანია ამ საქმეში გვეხმარება ევროკავშირი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, ფაქტობრივად, მიგრაციის კომისიის სამდივნო, სადაც მიგრაციის საკითხებზე ყველა უწყება იკრიბება და იღებს გადაწყვეტილებას. თვითონ პრემიერსაც ეს თემა ძალიან აწუხებს და მალე უნდა შევთავაზოთ გამოსავალი.

- საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესის საგანია განვითარებადი ქვეყნებიდან შემომავალი უცხოელების თემა, მათი შეუზღუდავი მიგრაცია, ბიზნესისთვის თავისუფალი პირობები, მიწების იოლად შესყიდვის მექანიზმი, უვიზო რეჟიმი...

- ეს დიდი სამუშაო პროცესია. ყველა უწყებას აქვს თავისი პოზიცია და დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ. რაც შეეხება უვიზო რეჟიმს, გვაქვს ასზე მეტ ქვეყანასთან უვიზოდ შემოსვლის რეჟიმი, თუმცა იგივე არ ხდება ჩვენი მოქალაქეების მათთან შესვლაზე. ამ საკითხს გადავხედავთ, თუმცა, ეს არ ეხება ევროკავშირის ქვეყნებს. თუ ჩვენი ხალხისა და ქვეყნის ინტერესში იქნება, შევინარჩუნებთ სხვა ქვეყნებთან უვიზო რეჟიმს, სხვა შემთხვევაში კი ამ საკითხს გადახედვა მოუწევს.

- ოპონენტებს დღემდე სალაპარაკოდ აქვთ ამნისტიის თემა, რომელიც თავის დროზე სხვათა შორის შს მინისტრმაც დაიწუნა. თქვენ გაქვთ რაიმე ისეთი მოდელი, რაც ამნისტიის საკითხს ხმაურიანი განხილვის თემად აღარ აქცევს?

- ვაფასებ იმ დიდ შრომას, რომელიც პარლამენტმა გასწია ამნისტიის კანონზე. ვაფასებ იმ პირთა გათავისუფლებას, ვინც პოლიტიკური მოტივით იტანჯებოდა ციხეში, არ გვქონდა ლოდინის ფუფუნება და ამიტომ პარლამენტს დაჩქარებულ რეჟიმში მოუწია მუშაობამ.  შესაბამისად ხარვეზებიც იყო, ამის გამო არ შეიძლება ვთქვათ, რომ კანონი არ უნდა მიღებულიყო. ათეულობით უდანაშაულო პირის გათავისუფლება ამ თემას გადასწონის. ვიმედოვნებ, მომავალში ჩვენ აღარ მოგვიწევს  პოლიტიკური პატიმრების ამნისტია, რადგან არ გვეყოლება პოლიტიკური პატიმრები. რაც შეეხება უკანონო პატიმართა თემას, ამისთვის შევქმენით ხარვეზების კომისია და ვიმედოვნებ, ამ მიმართულებითაც მალე აღდგება სამართლიანობა.

- როდის დაიწყებს მუშაობას ხარვეზების კომისია? არაადეკვატური სასჯელების მქონე პატიმრებს ეჩქარებათ სამართლიანობის აღდგენა.

- ჩემი მიზანია, კომისია შემოდგომაზე  ამუშავდეს. ამ პროცესს დიდი თანხა სჭირდება. კანონპროექტმა ექსპერტიზა უნდა გაიაროს, პარლამენტმა კანონად უნდა აქციოს და ა.შ. რაც შეეხება არაადეკვატურ სასჯელს - იმ პირებს, რომლებიც რეალურად დამნაშავე არიან, მაგრამ არაადეკვატურად მაღალი სასჯელი აქვთ, ეს მოსამართლის გამო არ სჭირთ. "ნაციონალებმა" შემოიღეს კანონი, რომლის ძალითაც მოსამართლეს ავალდებულებდნენ, სასჯელები შეეკრიბა; სადაც შეკრებითობა არ იყო და ერთი დანაშაული ფიქსირდებოდა, იქ მინიმალური ზღვარი გაზარდეს.

მოსამართლე იყო უკანონო კანონის ტყვე და ამ გზითაც აკონტროლებდნენ მას.

ჩვენ ამ ჩარჩოს ვხსნით, ახლა პარლამენტში განიხილება იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა, რომელიც მთავრობის ინიციატივად გაფორმდა, უპირობო შეკრებითობის პრინციპის გაუქმების  შესახებ და კანონს უკუქმედით ძალას  ვაძლევთ.

ყველა პატიმარს, ვინც არაადეკვატურად მაღალ სასჯელს იხდის, შეეძლება სასამართლოს მიმართოს და შეამცირებინოს სასჯელი.

- საზოგადოებაში არის მოსაზრება, რომ ახალი ხელისუფლება პატიმარ მამაკაცებს უფრო დიდ ყურადღებას აქცევს, ვიდრე ქალებს.

- არა მგონია. ორი დღის წინ არასრულწლოვანი პატიმრები მოვინახულე. შემდეგი ვიზიტი დაგეგმილი მაქვს ქალთა კოლონიაში, მინდა არასრულწლოვანი გოგონა მოვინახულო (ვინაობას არ გვიმხელს - ავტ.), ვნახო, როგორ პირობებშია. მინდა ფსიქოლოგიურად და მორალურად დავუჭირო მხარი. მიმაჩნია, რომ საპატიმრო სასჯელი არ უნდა იყოს ადამიანებისთვის სამუდამოდ პერსპექტივის ჩამკეტი. შესაძლოა ეს არასრულწლოვანი გოგონაც უსამართლობის მსხვერპლია.

- არასრულწლოვანთა კოლონიაში ჰყავთ ფსიქოლოგი? მათი ჯანმრთელობა რამდენად დაცულია?

- ჰყავთ არა მარტო ფსიქოლოგი, ციხის ხელმძღვანელებშიც არიან ქალი ფსიქოლოგები. მათ დეტალურად წარმოადგინეს არასრულწლოვნებთან დაკავშირებული მართლმსაჯულების პრობლემა. როგორც მითხრეს, არაერთი არასრულწლოვანია წინასწარ პატიმრობაში ზრდასრულებთან, გლდანის ციხეში. ეს მათი ფსიქიკისთვის დარტყმაა. ზრდასრულ ადამიანსაც კი სიცოცხლის ბოლომდე ახსოვს, პირველად როგორ დაიკეტა საკნის კარი მის უკან. როდესაც ბავშვი იმავე მდგომარეობაში ხვდება, როგორშიც ზრდასრული, ეს სახელმწიფოს შეცდომა და ნაკლოვანებაა. ამიტომაც ჩვენ სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორის საბჭოში ექსპერტებთან, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად ვმსჯელობთ, თუ როგორ ჩამოვაყალიბოთ მართლმსაჯულება ბავშვებისთვის, ანუ გვეყოლება მოსამართლე, რომელმაც ბავშვის ფსიქოლოგია იცის და ის იქნება სპეციალიზებული არასრულწლოვანთა საქმეებზე. ამასთან, არასრულწლოვანი წინასწარ პატიმრობას არ უნდა ატარებდეს დახურულ სივრცეში ზრდასრულებთან ერთად. ეს არის კანონის პრობლემა, თუ კანონს არ შევცვლით, მარტო ციხე ვერაფერს შეცვლის.

- ევროპაში სექსუალური უმცირესობების კონფერენციას დასწრებიხართ.

- დიახ, პარიზში ინფორმაციის გაცვლის მიზნით მიმიწვია ქალთა უფლებების მინისტრმა სხვა, 57 ქვეყნის მინისტრთან ერთად. მხოლოდ ქალი მინისტრები იყვნენ. ვიმსჯელეთ სამართლებრივ მდგომარეობაზე და შევადარეთ ჩვენი ქვეყნების კანონები, როგორ არეგულირებს ესა თუ ის ქვეყანა სექსუალური უმცირესობების საკითხს. ზოგან არის დაშვებული ქორწინება, ზოგან - არა. როდესაც ასეთი წყვილებისგან ბავშვის შვილებას ეხება საქმე, კანონი პრიორიტეტს ბავშვის უზენაეს ინტერესს უნდა ანიჭებდეს. ერთსქესიანი ქორწინების თემა უაღრესად მტკივნეულია. მალე საფრანგეთი დაუშვებს ერთი სქესის ქორწინებას, მიიღებს კანონს და ამას ჩემი იქ ყოფნის პერიოდშივე მოჰყვა დიდი საპროტესტო აქციები. არავინ იფიქროს, რომ ეს საკითხები უმტკივნეულოდ განიხილება სადმე, ქვეყნებს ერთიანი მიდგომა ამ საკითხებისადმი არა აქვთ. საერთო არის ის, რომ ყველა ადამიანის სიცოცხლე და მისი უფლებები არის უზენაესი ღირებულება. ასეა ჩემთვისაც. მიუღებელია  აგრესია და ძალადობა იმიტომ, რომ ადამიანი არის სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი. საქართველოში ამ საკითხთან დაკავშირებული ნებისმიერი ახალი კანონი ფართო მსჯელობის საგანი  უნდა გახდეს, უნდა განვიხილოთ საზოგადოებასთან, არასამთავრობო სექტორთან ერთად.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენ დატოვეთ "თავისუფალი დემოკრატების" რიგები, ხართ თუ არა ალასანიას პარტიის წევრი?

- შევიჩერე წევრობა მინისტრის უფლებამოსილების ვადით, რადგან მიმაჩნია, რომ უნდა ვიყო ყველას მინისტრი და არა ერთი რომელიმე პარტიის მხარდამჭერებისა. ეს პარტიაშიც განვაცხადე მინისტრად დასახელების დღესვე. გამგეობის წევრი აღარ ვარ, არც სხდომებს ვესწრები და პარტიულ საქმიანობაში ჩახედულიც აღარ გახლავართ.

- ფიქრობთ თუ არა, რომ შესაძლებელია ყოფილ მმართველ გუნდთან კოაბიტაცია?

- ძნელია, ზოგჯერ - შეუძლებელიც, რადგან უმცირესობა დაკავებულია  საბოტაჟით და არა დემოკრატიის შენებით.

- ჩიორა თაქთაქიშვილს სუსტი ქალი უწოდეთ, რა იგულისხმეთ?

- სუსტია ქალი, რომელსაც საკუთარი აზრი არ გააჩნია იმ თემაზე, რაზეც ლაპარაკობს და ნაცვლად იმისა, აღიაროს, შეუძლებელია ამ პოზიციის დაცვაო, განაგრძობს მის დაცვას. პოლიტიკაში თუ მოდიხარ, ისეთი დაუნდობელი გარემოა, რომ ორჯერ მეტად სერიოზული უნდა იყო, ვიდრე მამაკაცი პოლიტიკოსი. სამწუხაროდ, ამის განწყობა ჩიორა თაქთაქიშვილს ვერ შევამჩნიე.

საზოგადოებაც და თანამებრძოლებიც ქალ პოლიტიკოსს უფრო ძნელად აპატიებენ შეცდომებს, ვიდრე კაცს.

რეალურად, კოალიციასა და მთავრობაში კაცების გარემოცვაში ვმუშაობ და ვხვდები, რომ ქალის შეცდომა უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე მამაკაცისა. პოლიტიკა არ იყო ქალების საქმე, ეს წინა საუკუნეში დავიწყეთ და ქალები ახლა იმკვიდრებენ თავიანთ პოზიციას.

- ბოლო დროს ირაკლი ოქრუაშვილი ხშირად არაკორექტულად იხსენიებს "ქართული ოცნების" წევრებს, თუნდაც ალასანიას.

- ოქრუაშვილს პირადად არ ვიცნობ. ვიცნობ ტელეეკრანიდან და იმ საქმეებით, რაზეც დაკითხულა და, ალბათ, კიდევ დაიკითხება სხვა საქმეებზე მოწმის სტატუსით. ის, რომ დროდადრო ჩვენი გუნდის წევრებს უპირისპირდება, გაუგებარია. განსაკუთრებით გაუგებარია, როდესაც ალასანიასთან კაცური ტიპის ჭიდილი აქვს, ვიდრე პოლიტიკურის და ეს ახალი დაწყებული არ არის.

- კიდევ ერთი საინტერესო კაცის, ადეიშვილის შესახებ რას იტყვით? არის თუ არა მართლა უნგრეთში?

- უნგრეთის სახელმწიფომ უარყო, რომ ადეიშვილი მის ტერიტორიაზეა. შსს-სა და პროკურატურასთან ერთად საერთაშორისო ძებნის გამოცხადებაზე ვმუშაობთ. მისი გაქცევიდან ჯერ მხოლოდ 6 თვეა გასული. ეს არ არის ის დრო, რომ პანიკამ მოგვიცვას, ადეიშვილს ვერ დავაბრუნებთო. სიმართლე ყოველთვის ზეიმობს და ექვს თვეში იქნება თუ ათში, მას მაინც დავაბრუნებთ. მთავარი ის არის, დამოუკიდებელი სასამართლო შეიქმნას, ხალხს ჰქონდეს სამართლიანობის განცდა, დაზღვევა, ჯანდაცვა, განათლების საშუალება და სამართლიანი საპრეზიდენტო არჩევნები.