მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - ბეწვის ხიდზე - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - ბეწვის ხიდზე

ბეწვის ხიდზე

უნდა გამოვიძიოთ თუ არა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის პერიპეტიები? ჩემი პასუხია - დიახ! მართალია, მიმაჩნია, რომ ახლა ამის დრო არ იყო, მაგრამ რადგან ამ თემაზე ლაპარაკი დაიწყეს, მაშინ საქმე ბოლომდე მიიყვანონ, თუნდაც იმიტომ, რომ ასეთი საბედისწერო შეცდომა აღარ დავუშვათ. აუცილებლად უნდა გაგვცენ პასუხი რამდენიმე კითხვაზე: 1) შეიძლებოდა თუ არა ამ ომის თავიდან აცილება, ანუ შეიძლებოდა თუ არა რუსეთის ანკესზე არ წამოვგებულიყავით? 2) თუ ომში ჩავებით, ასე მალე რატომ გამოვაცხადეთ კაპიტულაცია და შეიძლებოდა თუ არა, არ დაგვეკარგა ახალგორი და კოდორი? 3) რამ შეუშალა ხელი მშვიდობიანი მოსახლეობის დროულ ევაკუაციას, ან რატომ არ გავაფრთხილეთ, რათა თავად მაინც ეცადათ გადარჩენა? ეს ბოლო კითხვა ყველაზე მწვავეა, რადგან საკუთარი მოსახლეობის წინაშე ჩადენილ დანაშაულს ეხება.

ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ცხინვალიდან გაიყვანეს მოსახლეობის ნაწილი, ქართულ მხარეს კი ამაზე არც უზრუნია. ადრე ამ კითხვაზე ასე მიპასუხეს: მერე გვეტყოდნენ, თუ ომისთვის არ ემზადებოდით, ხალხი რატომ გაგყავდათო. ეს არა მარტო სულელური, არამედ დანაშაულებრივი არგუმენტია. კითხვა რომ არ დაგისვან, ამიტომ ხალხი უნდა გაწირო?! ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, პასუხი უნდა აგოს. ჩვენ ამ ომში მშვიდობიანი მოსახლე უფრო მეტი დაგვეღუპა, ვიდრე ჯარისკაცი. ვინ გაიმეტა ხალხი? ეს, ალბათ, ერთ-ერთი უმთავრესი კითხვა იქნება, რომელზეც პასუხის გაცემა მოუწევს გამოძიებას, თუკი ეს გამოძიება დაიწყება, რადგან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ თავად არ იციან, რის გამოძიებას აპირებენ. ხელისუფლების წარმომადგენლების ნაწილი ამბობს, მხოლოდ ჰააგის სასამართლოს მოთხოვნას შევასრულებთ და ომის დროს ჩადენილ დანაშაულს გამოვიძიებთო; არიან დეპუტატები, რომლებიც პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ემხრობიან. საბოლოოდ რა და როგორ გადაწყდება, არ ვიცი, მაგრამ თუ პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნება, ამ კომისიამ  დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ წაგებული ყველა ომი უნდა გამოიძიოს. მაგალითად, რატომ წავაგეთ პირველი ომი ცხინვალში ან აფხაზეთში? თუ სააკაშვილმა უნდა გასცეს პასუხი ბევრ კითხვას, ასევე ბევრ კითხვას უნდა გასცეს პასუხი შევარდნაძემ. ერთი რამ არის მნიშვნელოვანი: ამ გამოძიებისას ჩვენ ბეწვის ხიდზე უნდა გავიაროთ. ხელისუფლება ისე უნდა მოიქცეს, რომ რუსეთს ხელში ჩვენი საწინააღმდეგო არგუმენტები არ ჩაუვარდეს. ვინ დაიწყო ომი? ასე საკითხი არც უნდა დადგეს. ეს საკითხი ჩვენთვის ნათელია. ჩვენ სააკაშვილს იმას კი არ ვედავებით, რომ რუსების წინაშე ჩაიდინა დანაშაული, ჩვენ გვაინტერესებს, ქართველ ხალხს რა დაუშავა და ამ დანაშაულთა შორისაა 2008 წლის აგვისტოში დაშვებული შეცდომებიც.

ა, ბატონო ქება!

ბოლო რამდენიმე კვირაა, ახალი ხელისუფლების საკრიტიკო სტატიებს ვწერ და ახლა გადავწყვიტე, შევაქო. განათლების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა მოახერხა, რომ ყველა მოსწავლე, ვინც საჯარო სკოლაში სწავლობს და არა - კერძოში, სახელმძღვანელოებს უფასოდ მიიღებს. მართალია, უფასო ბუნებაში არაფერია და ამ ფულს ბიუჯეტი გადაიხდის, მაგრამ მე ნამდვილად მირჩევნია, ჩემი გადასახადები სახელმძღვანელოების ბეჭდვაში დაიხარჯოს, ვიდრე სულელურ პროექტებში. ყოველ სექტემბერს წიგნებში გადასახდელი 150-200 ლარი ყველა ოჯახს მძიმე ტვირთად აწვა. მოკლედ, ყველა დარწმუნებული იყო, რომ აქ დიდი განუკითხაობა ტრიალებდა და ამას ასე მარტივად ვერავინ მოუვლიდა, მაგრამ მოუარეს. გამომცემლები ბრძოლას აპირებენ, რა თქმა უნდა, არ მინდა ეს გამომცემლობები გაკოტრდნენ, უბრალოდ, მათ გონების მოკრება და დღეიდან უფრო კრეატიული პროექტების მოფიქრება და განხორციელება მოუწევთ.

არწივი ვნახე დაჭრილი...

როდესაც პირველად პრეზიდენტის და ტრაილერის შეჯახების ამბავი გავიგე, ბოროტი ხუმრობა მეგონა. ვიფიქრე, აპრილია, ეტყობა, ვიღაცას საპირველაპრილო განწყობა გამოჰყვა-მეთქი. აბა, როგორია, როდესაც იგებ, რომ შენი პრეზიდენტი, რომელიც მეზობელ სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტით გაუშვი, ტრაილერს ეჯახება და თან - ველოსიპედით!!! რა ტრაილერი, რა ველოსიპედი! მერე მაინც ნერვიულობას იწყებ - ხომ კარგადაა და რამე... როდესაც იგებ, რომ მსუბუქად დაშავდა, ბრაზდები, ისეთი პრეზიდენტი რომ გყავს, რომელსაც ბავშვივით სულ უკან დევნა უნდა, რამე ხიფათს რომ არ გადაეყაროს და ქვეყნის სალაპარაკო არ გახდეს! წარმოიდგინეთ თურქი ჟურნალისტების სახე, როდესაც გაიგეს, რომ გურჯისტანის პრეზიდენტი მათ ქვეყანაში ველოსიპედით ტრაილერს დაეჯახა. ჟურნალისტებს ვინ ჩივის, ტრაილერის მძღოლის სახე წარმოიდგინეთ, რომ გაიგო, ვინ უვარდებოდა ბორბლებში! ყვირილით რომ გადმოხტებოდა და ამ დროს ხელში საქართველოს პრეზიდენტი შერჩებოდა!.. ალბათ, იცნობდა და ძალიან უშვერი სიტყვებით არ გამოლანძღავდა. პირადად მე ერთადერთი შემთხვევა, როდესაც პოლიტიკოსი ველოსიპედით სატვირთო მანქანას დაეჯახა, ისევ ჩვენთან მახსენდება.

მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ცნობილი რევოლუციონერი კამო ელბაქიძის დაღმართზე შეუვარდა ველოსიპედით სატვირთო ავტომობილს. ღმერთმა აშოროს მისი ბედი ჩვენს პრეზიდენტს, მისგან განსხვავებით, სააკაშვილი, წინამხრის სამმაგი მოტეხილობის მიუხედავად, მეორე დღესვე თურქეთის პრეზიდენტს შეხვდა და სულ არ ეტყობოდა, ოპერაცია რომ გადაიტანა. ბოლოს კი, რომ ვნახე, ეს ხელმოტეხილი კაცი პოლონეთიდან როგორი შემართებით უტევდა თავის ოპონენტებს და მათ ქვეყნის ინტერესების ღალატში ადანაშაულებდა, ძალაუნებურად ვაჟას დაჭრილი არწივი გამახსენდა, ფრთამოტეხილი რომ იგერიებს ყვავ-ყორნებს.