იუსტიციის სახლის დ-ეფექტები - კვირის პალიტრა

იუსტიციის სახლის დ-ეფექტები

"პარკირება ორივე სართულზე აკრძალულია"

მიხეილ სააკაშვილის დაჟინებით უმოკლეს დროში აშენებულ და ელვის სისწრაფით გახსნილ იუსტიციის სახლში პრობლემების მოგვარებას ვერ აუდიან. ახლახან დაიკეტა იქვე მდებარე ავტოსადგომი, რომელსაც ჩანგრევის საფრთხე დაემუქრა. უზარმაზარ დარბაზში ჯერ დაუსრულებელია მთელი რიგი სამუშაოები, რომელთა დამთავრებასაც სამეურნეო ნაწილი ორ თვეში ვარაუდობს. არასაიმედო ავტოსადგომი იუსტიციის სახლის ერთადერთი პრობლემა როდია - აქ ხან სახურავი ვარდება, ხანაც ძლივს ჩართული სავენტილაციო სისტემა გამოდის მწყობრიდან და ხალხი უჰაერობის გამო გონებას ან შრომის უნარს კარგავს. "კვირის პალიტრა" იუსტიციის მინისტრის მოადგილე დავით ჯანდიერს ესაუბრა.

- რატომ დაიკეტა სამინისტროს ქვეშ მდებარე ავტოსადგომი?

- 2012 წლის 22 სექტემბერს გაიხსნა იუსტიციის სახლი და იმავე პერიოდში გაიხსნა მიმდებარე პარკინგის ტერიტორიაც, რომლის მოსაწყობად 2012 წლის 4 იანვარს გამოცხადდა ტენდერი. თავიდანვე გათვალისწინებული იყო, რომ ავტოსადგომი იქნებოდა ორსართულიანი. მიუხედავად იმისა, რომ ქვედა სართულზე სამუშაოები დასრულებული არ იყო, მიიღეს გადაწყვეტილება, ზედა სართულზე პარკინგი მაინც გაეხსნათ. ახლაპარკირება ორივე სართულზე აკრძალულია - პირველზე იმიტომ, რომ დაუსრულებელია, მეორე კი დატვირთვას ვერ გაუძლებს და შესაძლოა, უბედურება დატრიალდეს.

დაუჯერებელია, მაგრამ პარკინგი ისე გაიხსნა, მიწის უზარმაზარ ორმოში განთავსებულ ავტოსადგომის პირველ სართულს ბეტონის კედლები არ ჰქონდა და მეორე სართულს სუსტი საყრდენი სისტემა ძლივს იკავებდა. გასაკეთებელია ელექტრობა და კვამლის გამწოვი სისტემა. ქვედა სართულის ამ ორმოში უამრავი მანქანა რომ განთავსდება, თუ გამწოვი არ იქნება, მძიმე შედეგები გარდაუვალია. იუსტიციის სამინისტრო პირველ რიგში მუშაობს ქვედა სართულის გამაგრებაზე, რათა საშუალება მოგვეცეს, დარბაზი გავხსნათ და ავტომობილები უსაფრთხოდ შევიყვანოთ ტერიტორიაზე. რაც შეეხება ზედა სართულს, მისი მოწესრიგება მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც საყრდენებს გაუმაგრებენ და პირველ სართულზე ყველა სამუშაო დასრულდება.

- სექტემბერში ავტოსადგომის გახსნის შესახებ განკარგულებას ვინ აწერს ხელს?

- გახსნის შესახებ არანაირი განკარგულება, მიღება-ჩაბარების აქტი და შესაბამისად, არც ხელმოწერა არ არსებობს. გაჭრეს ლენტი, შევიდნენ და სულ ეს იყო

- დაიწყო სახლმა და მასთან ერთად, ავტოსადგომმაც ფუნქციონირება. მაშინ არავინ დაინტერესებულა, რა ხიფათს უქმნიდა ადამიანებს დაუსრულებელი ავტოსადგომი.

- იუსტიციის სახლს ძლიერი ქარის დროს სახურავიც ჩამოვარდნია...

- დიახ. ერთ წელიწადში ამხელა ფართობის (32 ათასი კვმ) შენობის სრულფასოვნად აშენება წარმოუდგენელია. ძლიერი ქარის დროს სახურავის გარკვეული ნაწილი ჩამოვარდა. უსაფრთხოების მიზნით დავკეტეთ შესასვლელი. არც კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემები მუშაობს გამართულად. წელს პირველი ზაფხულია და ვშიშობთ, რომ სამინისტრო დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდება. როგორ გინდა ხალხი ამუშაო უჰაერო შენობაში? არადა, სამინისტროს ძირითადი სამსახურები - საჯარო რეესტრი, სამოქალაქო რეესტრი... - სწორედ ამ შენობაშია, მათი ფუნქციონირების გარეშე სახელმწიფო ერთ დღესაც ვერ იარსებებს. იუსტიციის სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს პრობლემების იდენტიფიცირებისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, პრობლემები არ მთავრდება. ბუნებრივია, ეს დაკავშირებულია ფინანსებთან. გამოდის, რომ ეს ახალთახალი შენობა ხელახლაა გასარემონტებელი. ამ სახლმა საკმაოდ ბევრი პრობლემა გაგვიჩინა, მიზეზი კი ის არის, რომ ერთ წელიწადში აშენებ ამ გიგანტს.

საშინელებები ხდებოდა ქუთაისის პარლამენტის შენობაში, რომელიც იმავე არქიტექტურული პრინციპით არის აგებული - ფანჯრები არ იღება და ჯერ კიდევ ოქტომბერში იქ უმძიმესი მდგომარეობა იყო.

ბათუმის იუსტიციის სახლში ჩასვლისას მეგონა, თანამშრომლები მთხოვდნენ, ხელფასი მოგვემატებინა და სხვა პირობები შეგვექმნა, ხალხმა კი ამოიგმინა, ფანჯრები გაგვიკეთეთ, რომ ვისუნთქოთო. ერთი სიტყვით, მთავარი იყო, შენობა მოსწონებოდა იმას, ვისი სურვილითაც შენდებოდა და აღარ აინტერესებდათ, შიგნით რა მდგომარეობა იქნებოდა.