ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი - კვირის პალიტრა

ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი

ირანული საინფორმაციო სივრცე საქართველოში

ჩვენს ქვეყანაში ოფიციალურად რეგისტრირებულ ირანელთა რაოდენობა უკვე 6000-ს აღწევს

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში ირანის აქტივობაზე ორი ძალზე დამაფიქრებელი ინფორმაცია გავრცელდა: საქართველოში მაუწყებლობა დაიწყო ირანის სახელმწიფო რადიოს ქართულენოვანმა ფილიალმა და საიტმა დამაინტრიგებელი თემებით და სათაურებით, მაგ.: "ისლამი",„"ანტისიონისტური იარაღი" და სხვა, სადაც ფართოდ მიმოიხილება ამერიკის ხელისუფლების შეცდომები როგორც საგარეო, ასევე შიდა პოლიტიკაში, რუსეთის აქტივობები ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით და ა.შ. მოკლედ, ანალიტიკოსებისა და შესაბამისი პროფილის სამსახურებისთვის ფიქრისა და განსჯის დიდი საბადოა. პარალელურად, ბი-ბი-სიმ გამოაქვეყნა საკმაოდ ინფორმაციული სტატია საქართველოთი ირანელების განსაკუთრებული დაინტერესების შესახებ.

სტატია გვაუწყებს, რომ საქართველოში ირანელებისთვის ყოველკვირეული ჟურნალიც კი იბეჭდება, რომელიც ირანელებს საქართველოს კულტურას, ტრადიციებს და სამართალს აცნობს, ხოლო ჩვენს ქვეყანაში ოფიციალურად რეგისტრირებულ ირანელთა რაოდენობა უკვე 6000-ს აღწევს. ბი-ბი-სი არაფერს გვატყობინებს განსაკუთრებულად საინტერესო თემაზე: რომელი რეგიონის მიმართ იჩენენ განსაკუთრებულ დაინტერესებას ანუ სად უფრო კომპაქტურად სახლდებიან ირანელები საქართველოში? და უვიზო რეჟიმის და საქართველოში ირანელთა ასეთი მოძალების პირობებში, არის თუ არა  რადიკალური ისლამისტური მიმდინარეობების მომხრეთა მასობრივი შემოდინების საშიშროება და გააქტიურება განსაკუთრებით ქვემო ქართლის რეგიონში?

ირანთან, როგორც რეგიონში ერთ-ერთ ანგარიშგასაწევ და ძლიერ მოთამაშესთან, საქართველოს, რა თქმა უნდა, თანამშრომლობა მართებს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ირანს რეგიონში და მათ შორის, საქართველოშიც, თავისი ინტერესები აქვს, რომელიც შეიძლება არ თანხვდებოდეს არც საქართველოს და არც დასავლეთის ინტერესებს. მეორე მხრივ, ირანში ხელისუფლებისგან ნაკლებად კონტროლირებადი რადიკალური ისლამისტური ჯგუფებიც არსებობს, რომელთაც შეიძლება სურდეთ საქართველოში, კერძოდ, მის აზერბაიჯანელი მოსახლეობით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონში - ქვემო ქართლში -„საგანმანათლებლო“ მოღვაწეობის გააქტიურება. რას უქადის ეს საქართველოს?! საქართველოს სახელმწიფოს სტრატეგიული მიზნებისადმი აქამდე ყოველთვის ლოიალურად განწყობილი აზერბაიჯანელი მოსახლეობის ნაწილის გარადიკალებასა და სახელმწიფო ინტერესებთან შეუთავსებელი ქცევის წესის დამკვიდრებას ხომ არა?! ისიც აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ქვემო ქართლში ირანული მასტის რადიკალური ისლამის გააქტიურება საფრთხეს შეუქმნის აზერბაიჯანის სახელმწიფო ინტერესებსაც, რაც ასევე უნდა გაითვალისწინოს საქართველოს ხელისუფლებამ. საინტერესოა, ახალი ხელისუფლების რომელი სტრუქტურაა დაკავებული სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის ასეთი უმნიშვნელოვანესი საკითხების შესწავლა-გამოკვლევით?!