სანდრო გირგვლიანის დედის მოძღვარს გაუპატიურებით ემუქრებოდნენ? - კვირის პალიტრა

სანდრო გირგვლიანის დედის მოძღვარს გაუპატიურებით ემუქრებოდნენ?

"ვისაც ვერ წამლავდნენ, ესროდნენ, ვისაც ვერ ესროდნენ, პროვოკაციას უწყობდნენ ან სარჩო-საბადებელს ართმევდნენ"

დეკანოზი გრიგოლ გოგიჩაძე თავისი სკანდალური განცხადებით (ჩვენი გაზეთის ფურცლებიდან) საზოგადოებას, ალბათ, კარგად ახსოვს... მან სანდრო გირგვლიანის დედის ანდერძი გაახმაურა და ეჭვი გამოთქვა, რომ ირინა ენუქიძე მოწამლეს. "ირინამ ბოლო კვირას თითქოს მოიხედა... მითხრა, ხომ ხედავ, მეც მომკლეს ამ ურჯულოებმა. ჩემი და სანდროს სულისთვის ილოცე... სააკაშვილის ხელისუფლებაში. ჩემს მკვლელობას არავინ გამოიძიებს და როცა ხელისუფლება შეიცვლება, სთხოვე, ჩემი მკვლელობის საქმეც გამოიძიონო", - მამა გრიგოლი ქალბატონი ირინას მოძღვარი იყო. გასულ კვირას ის "კვირის პალიტრას" ისევ დაუკავშირდა.

მამა გრიგოლ გოგიჩაძე: "მე "ნაციონალურ მოძრაობას" სატანისტური სექტა ვუწოდე. მარხვის დღეებში ვერიდები ასეთი მძიმე შედარებებს, თუმცა სხვა სიტყვები ვერ აღწერს ამ არაადამიანების მიერ ქვეყანაში დამკვიდრებულ სიბინძურეს.

ამ ბინძურმა ძალამ ეკლესია ლამის განხეთქილებამდე მიიყვანა. თქვენ არ იცით, რა ამბები ხდებოდა საპატრიარქოში. ყველა ღონე იხმარეს სასულიერო პირების გადასაბირებლად და დასაშანტაჟებლად - ზოგს ძველი ცოდვები და ადამიანური სისუსტეები გაუხსენეს, ზოგს ცილი დასწამეს და თავიანთი ჩანერგილი სასულიერო პირების ხელითვე დაუწყეს ბრძოლა.

მადლობა ღმერთს, რომ გადავრჩით... "ნაციონალებმა" სცადეს, 19 აპრილის აქციაზე სასულიერო პირებიც გაეყვანათ. ვიცი, ამ დროს რა ხდებოდა, თუმცა ყველაფრის თქმის უფლებას თავს არ მივცემ. გასულ კვირას ვიყავი საპატრიარქოში და ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობას" მხარს დაუფარავად უჭერდა, აღიარა, რომ ცდებოდა. ვუთხარი, სჯობდა ადრე ამოგეღო ხმა ყველა უკეთურობაზე-მეთქი.

- რას გულისხმობთ?

- გირგვლიანის მკვლელობას, ირინა ენუქიძის მოწამვლას. ირინამ, ჩემმა სულიერმა შვილმა, სიკვდილის წინ მითხრა, რომ ის ბუნებრივი სიკვდილით კი არ კვდებოდა, არამედ მოკლეს! რასაკვირველია,  ქართველი ერი ვერც სისხლიან 26 მაისს დაივიწყებს. ციხის კადრებმა კი ხელისუფლების სახე სრულად გამოააშკარავა. განა ჩვენ არ ვიცოდით, რა ხდებოდა საპატიმროებში? რამდენ პატიმარს უთქვამს ჩვენთვის აღსარება... მახსოვს, ერთ-ერთს თავის მოკვლა ძლივს გადავაფიქრებინე. ეს პატიმარი მორწმუნე იყო, გლდანის მე-8 დაწესებულებაში იხდიდა სასჯელს. ციხის ადმინისტრაციამ თანამშრომლობა და სხვების დაბეზღება სთხოვა. უარი განაცხადა, რის გამოც ე. წ. საქათმეში შეაგდეს. ასეთ საქციელს სატანის მიმდევრის გარდა ვინ ჩაიდენდა?! ისეთ დღეში ჩააგდეს, თავის ჩამოხრჩობას აპირებდა.

- პატრიარქს თუ უთხარით ეს?

- რასაკვირველია, ვუთხარი. თუმცა მას ჩემზე მეტი ინფორმაცია ჰქონდა. ძალიან განიცდიდა ამ ამბავს. მახსოვს, მითხრა, ყველაფერი ღვთის შეწევნით კარგად იქნებაო. მართლაც ასე მოხდა... ის კაცი გადარჩა.

- თქვენც გდევნიდნენ?

- ყოველთვის სიმართლეს ვამბობდი და ამითვალწუნეს. თავიდან ჩემი მოსყიდვა სცადეს და ათასგვარი საცდურის წინაშე დამაყენეს; ჩემზე კომპრომატების მოპოვება  სურდათ, რომ არ გამოუვიდათ, შეტევაზე გადმოვიდნენ... ერთ-ერთმა სასულიერო პირმა ირინა ენუქიძეზე მითხრა, რას დასდევ მაგ ქალსო. ვუთხარი, ყველაზე ძვირფასი, შვილი დაკარგა, ახლა სიმართლის საპოვნელად იბრძვის, მეტ პატივისცემას იმსახურებს-მეთქი. საბურთალოს სასაფლაოზე კეთილი ადამიანების დახმარებით წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი ავაშენეთ. პირველი შესაწირი ქალბატონმა ირინამ გაიღო... ეკალბარდი გავკაფეთ და სანდროს საფლავთან ახლოს დავიწყეთ მშენებლობა. ტაძარი სწორედ მისი სულის მოსახსენებლად აშენდა, რამაც ხელისუფლებაში ვიღაცები გააღიზიანა. ერთ-ერთმა ეპისკოპოსმა, რომელიც ხელისუფლებასთან იყო დაახლოებული, შემომითვალა, იქნებ ეს ტაძარი გირგვლიანის კი არა, სასაფლაოზე დაკრძალული ყველა ახალგაზრდა ბიჭის  სულის მოსახსენებლად ააშენოთო. არ დავთანხმდი. საბოლოოდ, ჩემივე ძალისხმევით აშენებულ ტაძარს მომაცილეს და სამების ეკლესიაში გადამიყვანეს. ვფიქრობ, უწმინდესს ჩემზე არასწორ ინფორმაციას აწვდიდნენ და, ალბათ, ურჩობისთვისაც მკიცხავდნენ. გული დამწყდა, მაგრამ რას გავაწყობდი?! მერე ლონდონში წასვლა მომიხდა. მაშინ ლონდონის სამწყსო მეუფე აბრაამს ექვემდებარებოდა და მისი კურთხევით წარმადგინეს უწმინდესთან. თავიდან ბერძნულ ეკლესიაში თვეში ერთხელ ვწირავდი ქართულად, ღვთის წყალობითა და მრევლის თანადგომით ერთ წელიწადში ავაშენეთ წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, სადაც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ვიზეიმეთ. ამ ტაძარსაც მალე მომაცილეს...

მიპირისპირდებოდნენ "ნაცმოძრაობასთან" დაახლოებული საერო პირებიც. როცა ვარიანში ბავშვი შიმშილით გარდაიცვალა, "მაესტროს" ჟურნალისტი ამ ტრაგედიის  გადასაღებად სოფელში ჩავიყვანე და დევნა მაშინაც განვიცადე. მირეკავდნენ და მემუქრებოდნენ. 2008 წლის ომის შემდეგ ვთქვი, გორიდან დაიწყო სროლა ვარიანის მიმართულებით-მეთქი და ამანაც გააღიზიანა ხელისუფლება. არადა, იმ გასროლას მსხვერპლი მოჰყვა, რაზეც არავინ ლაპარაკობს.  ასე იყო თუ ისე, ჩემს წინააღმდეგ ბრძოლა გაათკეცდა. ერთხელაც ახალდაბაში მივდიოდი მანქანით, გზა გადამიჭრა შავმა ჯიპმა და პირდაპირ ჩემკენ გამოემართა. დავინახე, რომ ჯიპში სპეცსამსახურის თანამშრომლები ისხდნენ, შემეშინდა, საჭე დიდი სისწრაფით მოვაბრუნე, რათა შეჯახება ამერიდებინა თავიდან და სწორედ ამ დროს ამოტრიალდა ჩემი ავტომობილი. სასწაულებრივად გადავრჩი. თუმცა ეს ყველაფერი შეშინებულმა არ გავამხილე და ვთქვი, ვიღაცამ სამუხრუჭეები გადამიჭრა-მეთქი. მაშინაც იყო ანონიმური ზარები, ლიკვიდაციით მემუქრებოდნენ და მლანძღავდნენ.

თქვენ წარმოიდგინეთ, ერთხელ გაუპატიურებითაც კი დამემუქრნენ.

ვიცი, ვინც იდგა ამ ყველაფრის უკან, მაგრამ ყველაფერს რომ მოვყვე, თქვენი გაზეთის ფურცლები ვერ დაიტევს.

- სკანდალურ განცხადებას აკეთებთ. მღვდელს გაუპატიურებით ვინ ემუქრებოდა?

- ერთი რამ მინდა იცოდეთ, იმით, რაც ციხეებში ხდებოდა, არა მარტო პატიმრებს, არამედ სასულიერო პირებსაც ებრძოდნენ.

- რას ამბობთ?

- ბოლო დროს მამათმავლობა ყველა სფეროში დანერგეს. "ნაციონალებმა" ყველა ის სიბინძურე გაუკეთეს ეკლესიას, რასაც კომუნისტები აკეთებდნენ, თანაც გაცილებით საძაგლად.

განსაკუთრებით სიმართლის მთქმელს უსწორდებოდნენ. ვისაც ვერ წამლავდნენ, ესროდნენ, ვისაც ვერ ესროდნენ, პროვოკაციას უწყობდნენ ან სარჩო-საბადებელს ართმევდნენ. მეც დამიწვეს ფერმა, არ მომცეს საკალმახე მეურნეობის მოწყობის საშუალება. ვერ გამიგია, რა ნამუსით მოუხმეს ხალხს, 19 აპრილს  როგორ სთხოვეს  აქციაზე მისვლა და მხარდაჭერა.

- ახლა რა მდგომარეობაში ხართ?

- ისევ დავდივარ სამების ეკლესიაში და მღვდელმსახურებაში ვმონაწილეობ.