"ეს იყო დამნაშავეთა ბანდა, რომელთაც მხოლოდ დანაშაული აერთიანებდათ" - კვირის პალიტრა

"ეს იყო დამნაშავეთა ბანდა, რომელთაც მხოლოდ დანაშაული აერთიანებდათ"

"პატიმრებს სტეიკს ვერ ვუწვავთ, მაგრამ ციხეში ნორმალური კვებაა"

"ხშირად მძინარე პატიმრებს თავზე ღვართქაფი ატყდებოდათ"

ბევრი გავუშვით, მაგრამ, ჩანს, კიდევ ბევრია გასაშვები. სასჯელაღსრულების სისტემაში ბევრი ღირსეული ადამიანია, მაგრამ სისტემაში ისევ რჩებიან პირები, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების წამებაში. გასულ კვირას მე-8 დაწესებულებიდან ერთი პირი გავუშვით იმის გამო, რომ პატიმრების ჩვენების თანახმად, წამებაში მონაწილეობდა და საქმე პროკურატურაში გადავგზავნეთ. მიმდინარე კვირაში კიდევ 6 პირი გათავისუფლდება, რომელთა საქმეების მოკვლევაც გენინსპექციამ დაასრულა, დიდი ალბათობით, ისინიც  პატიმართა წამებაში მონაწილეობდნენ. - განუცხადა "კვირის პალიტრას" სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა, რომელთან საუბარი "ნაციონალურ მოძრაობაში" დაწყებული პროცესების შეფასებით დავიწყეთ:

- ბატონო სოზარ, რისი ნიშანია დათა ახალაიას, ზურაბ ადეიშვილისა (იხ. მე-2 გვ.) და მარიკა ვერულაშვილის მწვავე განცხადებები ვანო მერაბიშვილის შესახებ?

-  სააკაშვილის ხელისუფლება დამნაშავეთა ბანდა იყო, სადაც ყველას დანაშაული ჰქონდა ჩადენილი, ყველამ ყველაფერი იცოდა ერთმანეთზე და ამის გამო იძულებულნი იყვნენ, ერთმანეთი გაემაგრებინათ. დღეს, როდესაც ხელისუფლებაში აღარ არიან და მათი საქმეების გამოძიება დაიწყო, ერთმანეთს ასწრებენ, ვინ ვისზე მისცეს ჩვენება. მათი გუნდის დროებითი სიმყარე დაიმსხვრა.

თურმე დათა ახალაია არ ყოფილა გუნდის წევრი, ხვალ აღმოჩნდება, რომ არც ზურაბ ადეიშვილი ყოფილა, ზეგ კი ვანო მერაბიშვილი აღარ იქნება. ალბათ, საბოლოოდ "ნაციონალური მოძრაობის" გუნდის წევრი, თავმჯდომარეც და ყველაფერი  კობა ხაბაზი აღმოჩნდება.

"ნაციონალური მოძრაობის" რღვევა გარდაუვალია, რადგან ეს არ ყოფილა იდეით გაერთიანებული გუნდი. ეს იყო დამნაშავეთა კრებული, რომლის წევრები ერთმანეთს იმის გამო არ წირავდნენ, რომ საერთო დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი. როდესაც ხელისუფლებაში აღარ არიან, საერთო პასუხისმგებლობაც გაქრა. "ნაციონალური მოძრაობა" ვერასდროს იქნება ოპოზიცია. ისინი ჯერ კიდევ გავლენას ახდენენ ტელევიზიებსა და უცხოეთზე იმის გამო, რომ გამოყოლილი აქვთ 9-წლიანი ძლიერი მმართველობის პერიოდის ხიბლი. აქვთ ფული, რომელსაც ხარჯავდნენ და დღესაც ხარჯავენ უცხოეთში. აქვთ ცნობადობა, რაც გავლენას ისევ ახდენს, მაგრამ აშშ-შიც და ევროპაშიც უკვე გაიგეს ვისთან აქვთ საქმე.

ყველა ხვდება, რომ სირცხვილია მათი მხარდაჭერა. კარგად მესმის საზოგადოების, რომელიც ჩვენგან სწრაფ და გადამჭრელ მოქმედებას ითხოვს. სამართლიანობის აღდგენის გზაზე გადამჭრელი ზომები რომ მიგვეღო, შეიძლება ეს ადამიანები ვიღაცების თვალში მოწამეებად წარმოჩენილიყვნენ. დღეს კი "ნაციონალური მოძრაობა" თავის ნამდვილ სახეს ააშკარავებს. დაინახეს, რომ ისინი არ არიან რაინდები, რომლებიც რუსეთის საშინელ იმპერიას შეებრძოლნენ და კორუფცია დაამარცხეს.

ესენი არიან კორუმპირებული, მშიშარა, ერთმანეთის გამყიდველი ბოროტმოქმედი ადამიანები.

"ნაციონალების" მთავარი თემა  იყო, რომ კორუფცია დაამარცხეს. პარლამენტის წევრებს რომ ოქროს სამაჯურებს და ძვირად ღირებულ ტელეფონებს აჩუქებს პრეზიდენტი, არ არის კორუფცია? პრეზიდენტი და ქალაქის მერი გასახდომ პროცედურებში რომ ასი ათასებს ხარჯავენ ბიუჯეტიდან, არ არის კორუფცია?! მარტო თავდაცვის ბიუჯეტიდან ასეულობით მილიონია გამქრალი. მალე გამოჩნდება ეს კვალიც.

სასჯელაღსრულების სისტემაში რაც ხდებოდა, ნათელი დადასტურებაა იმისა, როგორ “დაამარცხა” სააკაშვილმა კორუფცია. აქ იყო როგორც სისტემური, ისე ქვედა დონის კორუფცია. სისტემური კორუფციის მხოლოდ ერთ მაგალითს გეტყვით. სააკაშვილის ხელისუფლების დროს თვეში 90 ლარი იყო პატიმრის კვებაზე გამოყოფილი და არ მინახავს პატიმარი, რომელიც იტყვის, რომ ამ საჭმელს ჭამდა. ეს საჭმელი მთლიანად ე. წ. "პამოიში" მიდიოდა.  დღეს, როდესაც კვება 5-ჯერ გაუმჯობესდა, პატიმრის კვება იგივე ჯდება. მიუხედავად იმისა, რომ კვების თანხა 120 ლარამდე გავზარდეთ, კომპანიამ, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა, დაადო ფასი, რომელიც 90 ლარზე ნაკლებიცაა. უწინ არ იყო და ახლა არის რძის პროდუქტები. კვირაში თუ ერთხელ იყო ხორცი, ახლა კვირაში ორჯერ არის ქათმის მოზრდილი ნაჭერი, სამჯერ საქონლის ხორცი და ორჯერ თევზის ფილე.  პატიმრები კვირაში 1 კგ ხილს იღებენ. სტეიკს ვერ ვუწვავთ, მაგრამ ნორმალური კვებაა და რაც მთავარია, სახელმწიფოს ეს იგივე ფასი უჯდება.

კორუფცია იყო ქვედა დონეზეც. პატიმრის ერთი საკნიდან მეორეში ან ერთი ციხიდან მეორეში გადაყვანაშიც ფულს იღებდნენ. პატიმარი ახლობელს შუშის მიღმა რომ არ დალაპარაკებოდა და ოთახში შეხვედროდა, (500 ლარამდე) უნდა გადაეხადა. ეს იცოდნენ ზემდგომებმაც, ეს დეპარტამენტის ხელმძღვანელისგან დაშვებული კორუფცია იყო, მინისტრს კი არავინ არაფერს ეკითხებოდა.

ქვედა დონის კორუფციის მხრივ ერთ-ერთი ყველაზე გახრწნილი სასჯელაღსრულების სისტემა იყო და ამასთან ბრძოლა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. მეც კი დავიჯერე მითი, რომ ამ სისტემაში რაღაც გამოსწორდა. როდესაც ვნახე, რა პირობებში ცხოვრობდნენ პატიმრები, ეს მითი დაინგრა. დასანგრევია ზუგდიდის ციხე, სადაც წინა საუკუნეებში დადიანების საჯინიბო იყო. მე-16 დაწესებულებას ერთ კვირაში დავცლით და გავარემონტებთ.

მე-9 დაწესებულება ახალაშენებული შენობაა, მაგრამ ისიც საჯინიბოს ჰგავს. ეს არის უზარმაზარი ფართობი, 7-8-მეტრიანი სიმაღლის ჭერით, გადახურული თუნუქით. ზამთარში, როდესაც ცივა, 500 კაცის ამონასუნთქი ზემოთ კონდენსირდებოდა და ხალხს აწვიმდა. პატიმრებს წვიმისთვის რომ თავი დაეღწიათ, თავზემოთ ცელოფანები ჰქონდათ გადაჭიმული.

როდესაც ბევრი წყალი გროვდებოდა, ცელოფანი იხეოდა და ხშირად მძინარე პატიმრებს თავზე ღვართქაფი ატყდებოდათ. ამ ციხეზე ამბობდა სააკაშვილი, ფრანგებს იმდენად მოეწონათ, რომ მისი მოდელის გადაღება მოისურვესო?!

ამ სისტემის დალაგებას დრო სჭირდება. ასევე საჭიროა მკაცრი რეჟიმის ციხეები, სადაც რეჟიმის დამრღვევი პატიმრები განთავსდებიან. მკაცრი რეჟიმის დაწესებულება გაისად ლაითურში გაიხსნება. ეს ციხე 4300 კაცზე შენდებოდა, მაგრამ ამხელა ციხის საჭიროება აღარ არის და ის 1600 პატიმარზე აშენდება.

ამავე დროს რეჟიმი შემსუბუქდება იმ პატიმრებისთვის, რომლებიც მოტივირებული არიან რესოციალიზაციისა და საზოგადოებაში დაბრუნებისთვის.  მაისში ან ივნისში გლდანში გაიხსნება ღია რეჟიმის დაწესებულება 100 კაცზე, სადაც ასეთ პატიმრებს გადავიყვანთ. ამ დაწესებულებაში ოთახები არ იკეტება და ეზოში სეირნობა თავისუფლად შეიძლება. დაწესებულების ეზოში არის აუზი, ფრენბურთის და კალათბურთის მოედნები, სახელოსნოები. ვაპირებთ სათბურების გაკეთებასაც. პატიმრებს შაბათ-კვირის შინ გატარების უფლება ექნებათ და კვირა საღამოს დაბრუნდებიან.

- მაცნობეს, რომ "რეზბალნიცაზე" არის კანონიერი ქურდი, რომელიც შეუზღუდავად სარგებლობს მობილური ტელეფონით და თავის კოლეგებთან ხანგრძლივ სატელეფონო თათბირებსაც მართავს. როგორც ვიცი, ამის თაობაზე პროკურატურაც საქმის კურშია.

- ასე არ არის. ჩვენ რომ ხელისუფლებაში მოვედით, 4 კანონიერი ქურდი იჯდა ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში და ერთი - ტარიელ ფუტკარაძე დარჩა, რომელიც ამჟამად ქალაქის საავადმყოფოშია გადაყვანილი სამკურნალოდ, რადგან მძიმე ავადმყოფია.

სატელეფონო საუბრის უფლებას, რაც კანონით არის დაშვებული, ვერავის ავუკრძალავ, მაგრამ ისე არ არის, რომ ტარიელ ფუტკარაძე საქმეებს პალატიდან აგვარებდეს.

მობილური ტელეფონი არც მას და არც არავის არა აქვს, მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად ცდილობენ ციხეში მობილური ტელეფონის შეტანას. სხვადასხვა საპყრობილეშიც აღმოვაჩინეთ მობილური ტელეფონები, რომელთაც პატიმრები უხერხულ ადგილებში მალავენ და მათი აღმოჩენა არ არის ადვილი. თუ ინფორმაცია გვაქვს, რომ  მობილურია სადმე შესული, მაშინვე განგაშს ვტეხთ. სისტემაში, სადაც იყო პატიმრების გაუპატიურება, ცოცხებით წამება და ამის შესახებ ინფორმაცია არ გამოდიოდა, ისევ ის თანამშრომლები მუშაობენ. Aარ შეიძლება ამის გამორიცხვა, რომ რომელიმე თანამშრომელი ფულის სანაცვლოდ მობილურს შეიტანს ციხეში, მაგრამ კონტროლი ძალიან მკაცრია.

- მომწერეს, რომ გენინსპექციის უფროსმა სუბელიანმა "ნაციონალების" პრაქტიკა განაგრძო და საკნებში ფარული ვიდეოკამერები დაამონტაჟა.

- გენინსპექციას არ ევალება ციხეებში რამის დამონტაჟება ან მოხსნა. მისი საქმე თანამშრომელზე შემოსული საჩივრების შესწავლაა. უკანონოდ არანაირი მეთვალყურეობა არ ხდება. აი, ზოგიერთ საკანსა და დერეფანში კი მეთვალყურეობა კანონით არის დადგენილი და ეს სად-ის უსაფრთხოების სამსახურს ევალება.

- სასჯელაღსრულების სისტემაში ორგანოებით ვაჭრობაზე, ალბათ, თქვენც გსმენიათ.

- ამბობენ, რომ სააკაშვილის რეჟიმი ყველა სისაძაგლესთან ერთად ამითაც იყო დაკავებული. იმ არაადამიანური რეჟიმის დამცველად ვერ გამოვდგები, მაგრამ რაზეც არა მაქვს მტკიცებულებები, იმას ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ. ხშირად, როდესაც სისტემა დახურულია და ინფორმაცია კი დამალული, მოვლენების ჰიპერბოლიზება ხდება. დღეს ყველაფრის გადამოწმება შეიძლება და სისტემაც ღიაა. ამავე დროს ეფექტურად მუშაობს სახალხო დამცველის აპარატი.

- თქვენ უჩა ნანუაშვილს დაუწუნეთ რეკომენდაცია, როდესაც მან თქვა, რომ არ ხვდებით მსჯავრდადებულებს.

- მსჯავრდადებულებს არა მგონია, ჩვენზე მეტი დამცველი ჰყავდეთ, რადგან ადამიანის უფლებების დაცვა ჩემი მოწოდებაა. უჩა ნანუაშვილი ჩემი მეგობარი და კარგი უფლებადამცველია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერში დავეთანხმები. მისი დასკვნა არაპროფესიონალურად იყო მომზადებული.

პატიმრებს ყოველდღიურად ვხვდები, მაგრამ ერთ დღეს სტუმრები მყავდა და ვერ მივატოვე. ამიტომ პატიმრებს ჩემი პრესმდივანი ირაკლი კორძაია შეხვდა და მათი წერილობითი მოთხოვნა ჩამომიტანა. ყველა პატიმარს რომ შევხვდე, საქმეს ვეღარ გავაკეთებ. მე 5 ათასი თანამშრომელი და 10 ათასი პატიმარი მაბარია. ასევე გადასაწყვეტი მაქვს უამრავი სოციალური თუ სხვა ტიპის პრობლემა. თქვენც, როგორც ჟურნალისტს, ხომ ხედავთ, 2 საათი გესაუბრებით... ვიღაცამ შეიძლება ესეც დროის ფუჭ კარგვად ჩამითვალოს. პატიმრებს ვხვდები, როცა საპყრობილეში მივდივარ, მაგრამ ჩემი საქმე ეს კი არა, სისტემის კარგად აწყობაა.

- ბრძანეთ, კვება გაუმჯობესდაო, თუმცა სახალხო დამცველი შენიშნავს, რომ ციხეებში საკვები მხოლოდ მაშინ არის ვარგისი, როდესაც იქ სტუმრები მიდიან.

- რეკომენდაციას მაშინ მივიღებ, როდესაც ფაქტი შემოწმებული და დადასტურებულია, მაგრამ როდესაც სახალხო დამცველი წერს "პატიმრები ამბობენო", ეს არ არის სწორი მიდგომა, მაშინ მეც ვიტყვი, რომ პატიმრები სიმართლეს არ ამბობენ. ჩაატაროს სახალხო დამცველმა ექსპერტიზა და დაადგინოს სიმართლე.

დასასრულ, მინდა თქვენს გაზეთს დაარსებიდან 18 წელი მივულოცო. "კვირის პალიტრამ" ძალიან საინტერესოდ აღნიშნა დაბადების დღე. არ დავიწყებია ზრუნვა იმ ადამიანებზე, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ყურადღება. ქალთა კოლონიის პატიმრებმა თქვენი საგამომცემლო სახლისგან კარგი საჩუქარი მიიღეს - ბიბლია და სხვადასხვა წიგნი. მინდა წარმატება გისურვოთ.