რებრენდინგი ჰო, მაგრამ ფეისებს რა ვუყოთ, ფეისებს?!
22-04-2013
რებრენდინგი ჰო, მაგრამ ფეისებს რა ვუყოთ, ფეისებს?!
სჯობს, ვანომ სხვა რამე მოიფიქროს

"ნაციონალური მოძრაობის" 19 აპრილის აქციას ყოფილი მმართველი პარტიის რებრენდინგის, ანუ გადასხვაფერების მცდელობა უწოდეს. თუმცა ეს ბოლო გაფართხალებას უფრო ჰგავდა. აქციის მიზანი იყო, ერთი მხრივ, დასავლეთისთვის თავის შეხსენება - ნახეთ, ისევ ძლიერი ძალა ვართო, მეორე მხრივ კი, "ნაცმოძრაობაში" შემორჩენილი აქტივისტებისთვის იმის ჩვენება, რომ პარტია არ მომკვდარა. მოკლედ, რებრენდინგი იყო თუ თვითგადარჩენის მცდელობა, ფაქტია, კრახით დასრულდა... თუ რატომ, ქვემოთ მოგახსენებთ.

დავიწყოთ იმით, რომ "ნაციონალები" შეიკრიბნენ თბილისში, რუსთაველის
გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ - ვანო მერაბიშვილის, მიხეილ სააკაშვილისა თუ გიგი უგულავას იმ ადგილას ყელყელაობა, სადაც 7 ნოემბერსა თუ 26 მაისს ხალხს არბევდნენ, პოლიტიკური მკრეხელობაა. ისე, ყოჩაღ 2007 თუ 2011 წლებში დარბეულების თვითშეგნებას, რომ "ნაციონალების" მიტინგს არ მიაკითხეს (რისიც ძალიან გვეშინოდა).

აქციამდე რამდენიმე დღით ადრე
სააკაშვილის ერთ-ერთმა მთავარმა დასაყრდენმა, კუდ-ის ყოფილმა შეფმა დათა ახალაიამ ეპისტოლარული იერიში მიიტანა ვანო მერაბიშვილზე; ყოფილი პრემიერის ბოსტანში ერთი დიდი ლოდი დეპუტატმა მარიკა ვერულაშვილმაც ისროლა. ამ შიდაგარჩევების ფონზე აქციაზე მისვლა ბევრმა გადაიფიქრა, მათ შორის იმ აქტივისტებმაც, რომლებიც პარტიაში 2002 წლიდან არიან. 

თუმცა დათა ახალაიას ათასი წერილიც კი ვერ მიაყენებდა "ნაციონალებს" ისეთ დარტყმას, როგორიც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯების გასაჯაროებამ მიაყენა. მაგალითად, 19 აპრილის აქციაზე ვუსმენდით თბილისის მერის, გიგი უგულავას გულმხურვალე გამოსვლას. ანეკდოტურია სამშობლოს სიყვარულზე იმ კაცის ლაპარაკი, რომელიც სააკაშვილთან ერთად ამავე სამშობლოს ბიუჯეტიდან ავსტრიაში გასახდომ პროცედურებში 115 ათას ლარს ხარჯავდა და ხურდით სტრიპტიზბარებში გართობას აფინანსებდა.

გაოპოზიციონერებულმა პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას იუშჩენკოს აბანოსთან ერთად, დიდი დრო დაუთმო ღირსებასა და უღირსობაზე საუბარს. არ გვინდა, მორალისტებს დავემსგავსოთ, მაგრამ აქვს კი ღირსებაზე საუბრის უფლება სახელმწიფოს მეთაურს, რომელიც ესპანელ მზარეულს ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონს უხდიდა და გადამხდელების ფულითვე ყიდულობდა ყველაფერს - რუსი ჟურნალისტის სამკაულით დაწყებული, ქართველი პიანისტის თაიგულით დამთავრებული.

ერთმა ჩემმა ახლობელმა ეს აქცია ასე შეაფასა: ახალ ლოზუნგებს რა მნიშვნელობა აქვს, ფეისებს რას უშვრებით, ფეისებსო. ისე, ეტყობა, რებრენდინგი თუ თვითგადარჩენა ვანო მერაბიშვილს სხვანაირად ჰქონდა წარმოდგენილი. ვრცელდებოდა ხმა, რომ წინასწარი გეგმით, სააკაშვილი და უგულავა აქციაზე არ უნდა გამოჩენილიყვნენ. "ნაციონალურ მოძრაობას" კარგად ახსოვს არჩევნების წინ სტადიონის აქცია. მაშინ "ნაცმოძრაობის" აქტივისტებით სავსე სტადიონზე მერაბიშვილის გამოსვლას აპლოდისმენტებით შეხვდნენ, სააკაშვილის გამოსვლისას კი ხალხმა დემონსტრაციულად დატოვა სტადიონი.

19 აპრილის აქცია "ვანოს დღე" უნდა ყოფილიყო, თუმცა სააკაშვილი და უგულავა ადგნენ და აქციაზე მიეჭრნენ. ალბათ, ამის გამო, პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლისას, მერაბიშვილმა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია დატოვა.

აქციაზე ორი გზავნილი იყო. პირველი ის, რომ ეროვნული მოძრაობის დაწყება გამოაცხადეს(?!).
პოლიტიკური ანომალიაა, რომ მოქმედი პრეზიდენტი და მოქმედი მერი ეროვნულ მოძრაობას იწყებენ.
თუმცა გარკვეული ლოგიკა ამაშიც არის - ცნება "ეროვნული მოძრაობა" პოლიტიკურად გაკოტრებული პარტიის უკანასკნელ თავშესაფრადაც შეიძლება იქცეს. იმდენი სიკეთე თქვენს მონა-მორჩილს, რამდენჯერაც ყოფილა იმ პრესკონფერენციებზე, სადაც ერთ დროს რეიტინგულ, მაგრამ შემდეგ თავდაღმა დაშვებულ პოლიტიკოსებს ზარ-ზეიმით გამოუცხადებიათ, ახალ, არნახულ ეროვნულ მოძრაობას ვიწყებთო...

თუმცა ამ პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, ვანო მერაბიშვილს, როგორც ჩანს, ზოგადი წარმოდგენა აქვს ეროვნული მოძრაობის ისტორიასა და მის მნიშვნელობაზე. სანამ აქციაზე შესძახებდა -“ხელები შორს საქართველოს დამოუკიდებლობისგანო”- მანამდე სრული სერიოზულობით ამტკიცებდა, რომ 90-იან წლებში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მაქსიმუმ ათასი კაცი იბრძოდა (9 აპრილი მაინც არ ახსოვს?!).

მეორე გზავნილი კი იყო - ამ მთავრობას ოთხი წელი ვერ დავაცდითო. ისე, "ნაციონალების" ნება რომ იყოს, ახალ ხელისუფლებას ერთ დღესაც არ დააცდიდნენ, რომ გახმაურებულ თუ გაუხმაურებელ საქმეებს გამოძიება არ ღირსებოდა.

დაბოლოს, აქციებზე ადამიანების თვლა უმადური საქმეა, მაგრამ ორი თვით ადრე დაანონსებულ აქციაზე ყოფილი მმართველი პარტია, თავის ოპოზიციონერ პრეზიდენტ-მერ-გუბერნატორ-გამგებლიანად თუ 10-12 ათას კაცზე მეტს ვერ მიიყვანს, მართლაც ვერ ჰქონია კარგად საქმე... არა, სჯობს, ვანომ სხვა რამე მოიფიქროს.
temida
24 აპრილი 2013 17:24
ნუ ნერვიულობთ ხალხო, არავისაც არ დაიჭერენ და არავითარი სამართლიანობა არ აღდგება. ასე სურთ ჩვენს დასავლელ "მეგობრებს". ხოლო რაც შეეხება იმას, თუ რა გვსურს მე და თქვენ, ეგ მხოლოდ გრამაფონშია!
tata
24 აპრილი 2013 12:21
გაგა,გეთანხმებით,მაგრამ ტენდეცია ხომ უნდა ჩანდეს,რომ ეს მთავრობა ასრულებს დანაპირებს?მაგ.ვანო მერაბიშვილი,რატომ არ ზის ციხეში???
gaga
24 აპრილი 2013 03:04
იმათ გასაგონათ , ვინც 7თვის არჩეულ მთვარობას უკვე დაპირებების ასრულებას თხოვს ვურჩევდი კარგად გაიხსენონ მიშამ 9 წელიწადში რამდენი დანაპირები შეასრულა.ის უამრავი პროექტები, მათ შორის პატრული და ჯარის აღკაზმულობა როგორც თავად აღიარეს ივანიშვილის დაფინანსებული არმოჩნდა.დაპირებული 100$ პენსია და მილიონი სამუშაო ადგილიზღაპარი იყო, ტერიტორიული მთლიანობის საკითხი კიდე ფანტასტიკის სფერო და რაღა დარჩა?? 11 მილიარდი საგარეო ვალი? აი რა დატოვა მიშამ

რედაქტორის რჩევით