"თამაში ომის ყანაში" – მერაბიშვილის მიერ დაჭერილი "სამშობლოს მოღალატის" სკანდალური აღიარება - კვირის პალიტრა

"თამაში ომის ყანაში" – მერაბიშვილის მიერ დაჭერილი "სამშობლოს მოღალატის" სკანდალური აღიარება

ვიცე-პოლკოვნიკი გაიოზ მოსეშვილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გადახდილი ყველა ბრძოლის მონაწილეა. 2008 წლის ომის წინ ის სენაკის მეორე ბრიგადაში მსახურობდა.

- ომის მოახლოება 2008 წლის ივლისში იგრძნობოდა - საქართველოს ხელისუფლების განცხადებებში რუსეთთან მოლაპარაკების სურვილი არ ჩანდა. ჯარი გადავიდა გაძლიერებული ფიზიკური წვრთნის რეჟიმზე. დაიწყო უძილო ღამეები და ბრიგადის შტაბში ომი რუკაზე ისევ ძველი მონახაზით - მიმართულება აფხაზეთი. ეს ლოგიკური იყო. ასე ყალიბდება თავდაცვის სტრატეგია. სამწუხაროდ, 11 აგვისტოს, შინდისში, ამ "საშტაბო" ომის რუკები რუსებმა ჩაიგდეს ხელში. შემდეგ ეს რუკები მოწინაღმდეგემ ააფრიალა, როგორც მტკიცებულება, რომ ქართველები აფხაზებისა და ოსების წიანაღმდეგ საბრძოლველად ვემზადებოდით.

ომის წინა დღე – მერაბიშვილის მიერ დაჭერილი "მოღალატის" სკანდალური აღიარება

7 აგვისტოს მეორე ბრიგადის შტაბმა მიიღო ბრძანება, ცალკეული ასეულები ცხინვალში გაეგზავნათ. რამდენიმე ოფიცერმა ვთხოვეთ ბრიგადის მეთაურს, მაშინდელი სახმელეთო ჯარების სარდლობისთვის განემარტა, რომ ასეულები ბრიგადის საბრძოლო შემადგენლობის ერთეულები იყო და მათ გარეშე ნებისმიერი დავალების შესრულება გაგვიჭირდებოდა. პასუხი მალე მოვიდა - უკანალები დააყენეთ და ბრძანება შეასრულეთო. ასე დავრჩით საინჟინრო უზრუნველყოფის, კავშირის და დაზვერვის გარეშე. არადა ჩვენს დაზვერვას ჰყავდა კარგად მომზადებული უპილოტო საფრენ მზვერავ საშუალებათა რამდენიმე ეკიპაჟი.

შვიდი აგვისტოდან მთელი ბრიგადა ელოდა ომში წასვლის ბრძანებას. თუ ჩვენ გაგვიყვანდნენ, დასავლეთის მიმართულება - დაუცველი და კოდორი მოწყვეტილი რჩებოდა. როცა ეს აზრი ხელმძღვანელებს გავუზიარე, მიპასუხეს, ჩვენზე ჭკვიანები სხედან ზემოთ და მათ უკეთ იციანო. 8 აგვისტოს დილით სამედიცინო ასეულის მოწინავე ეკიპაჟებიც გავგზავნეთ ცხინვალში. მათ შორის იყო ჩემი მეუღლე. ბრიგადა, ფაქტობრივად, სამედიცინო პერსონალის გარეშე დარჩა. ესეც ზემდგომების ბრძანება ყოფილა. 10 საათიდან ბრიგადის მოწინავე კოლონებიც დაიძრნენ ცხინვალისკენ. მალე მოვიდა ცნობა ჩვენი ასეულების ერგნეთში დაბომბვის შესახებ. მთელი დღის განმავლობაში ვტვირთავდით და ბრძოლის ველზე ვუშვებდით საჭირო აღჭურვილობას და შეიარაღებას. ბაზაზე მყოფი საჰაერო დამცველი "ბუკიც" რომ გავიდა, ვიკითხე, სულ დაუცველს გვტოვებთ-მეთქი? გათვლის უფროსმა დამამშვიდა, კოპიტნარში მივდივართ და იქიდან სენაკსაც მოსწვდებაო. არადა, ცხინვალისკენ უკრეს თავი. როდესაც სენაკი იბომბებოდა, მაშინ გავიგეთ, რომ კოპიტნარიდან დაცვის იმედი არ უნდა გვქონოდა. დავრეკე სახმელეთო ჯარების შტაბში და მოვითხოვე საჰაერო დაცვის გაძლიერება. მიპასუხეს, ყველა სახის დაცვის საშუალება ფრონტზეა გაგზავნილიო.

8 აგვისტოს, დაახლოებით 23 საათსა და 40 წუთზე, ჩრდილოეთიდან თვითმფრინავების ხმა მოისმა. ოთხი ბომბდამშენი მძიმედ მოდიოდა. როგორც კი სენაკის მთას გადმოუფრინეს, მანათობელი ბუშტები გადმოყარეს. ბაზის შენობებიდან პირადი შემადგენლობის გამოყვანა მოვასწარით. მანამდე ყველგან სინათლე გამოვართვევინე. თვითმფრინავებმა გადაუფრინეს შტაბს და გაემართნენ აეროპორტისკენ, საითაც რეზერვისტთა ჯგუფები იდგნენ. ვფიქრობდი, მოტრიალდებოდნენ და ხელახლა დაგვბომბავდნენ. ჩვენ საპასუხოდ არც "სტრელები" გვქონდა, "ბუკიც" ცხინვალში იყო. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ სენაკი ცალკე იყო, ყველასგან მიტოვებული. ეს არ იყო ომში მონაწილეობა, ეს იყო "თამაში ომის ყანაში".

რუსული დესანტი თუ სამშვიდობოები?!

აფხაზეთიდან დევნილებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია, რუსებმა დესანტი გადმოსხეს ოჩამჩირის ბაზაზე და ზუგდიდისკენ მოდიანო. მივხვდი, რომ ზუგდიდს არ დასჯერდებოდნენ და აუცილებლად შემოვიდოდნენ სენაკის ბაზაზე. დავურეკე მეთაურს და ვუთხარი, რომ მოვემზადებოდით ევაკუაციისთვის და დარჩენილ ტექნიკასა და საბრძოლო მასალებს გადავიტანდი ქუთაისის მიმართულებით, ხოლო რის გატანასაც ვერ შევძლებდით, ავაფეთქებდით. მეთაურმა მიპასუხა, პროვოკაციას არ აჰყვე და პანიკა არ ატეხო, რუსული დესანტი კი არ გიახლოვდებათ, სამშვიდობო ჯარისკაცები არიან და 22-კილომეტრიან ზონას არ გამოსცდებიანო. წარმოუდგენელი იყო, რუსებს ჩვენი ავტოპარკი არ დაებომბათ, სადაც დარჩენილი ტექნიკა იდგა. ამიტომაც გადავწყვიტე, აეროდრომის ტერიტორიაზე ანგრებში განმეთავსებინა. დამეხმარა მეოთხე ბრიგადის სატანკო ბატალიონის ერთი ეკიპაჟი, რომელიც იმიტომ დატოვეს, რომ ეშელონზე ვერ დაეტია. ეკიპაჟის მეთაური იყო სერჟანტი ნაჭყებია. ტანკები ანგრებში გადავიყვანეთ. მძიმე ტექნიკა კი მარტვილი-ხონის მიმართულებით გასაყვანად მოვამზადეთ, თუმცა, მალე ფრონტიდან დაგვირეკეს, ხვალ დილით ტანკისტები იქნებიან ადგილზე და თვითონ მიხედავენ ტექნიკასო. ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა ხელმძღვანელობაზე, თითქოს ომში კი არა, საბრძოლო წვრთნებში იღებდნენ მონაწილეობას. თან გაგვაფრთხილეს, ბაზაზე დარჩენილი ტექნიკა გაუმართავია და თუ გაფუჭდება, პასუხისიმგებლობა თქვენ დაგეკისრებათო. ე.ი. თუ ტანკებს გადავიყვანდი და გზაში გაფუჭდებოდა, მე ვიყავი პასუხისმგებელი მათ რემონტზე, თუ, რა თქმა უნდა, მანამდე ტექნიკის დაზიანების ბრალდებით არ დამაპატიმრებდნენ.

10 აგვისტოს "აღმოაჩინეს", რომ რუსები თურმე 22-კილომეტრიან ზონასაც გამოსცდნენ და ზუგდიდშიც შემოვიდნენ და რომ სამშვიდობოები კი არა, დამპყრობელი ჯარი შემოვიდა. მიუხედავად ამისა, ჩემს ზემდგომებს გაგონებაც არ სურდათ, რომ ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები მოეწოდებინათ. ყველა საშუალებები ფრონტზეა, ტყუილად გვაწუხებო...

(გაგრძელება იქნება)