ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი - კვირის პალიტრა

ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი

პოლიტიკური სპექტრის განვითარების ტენდენციები

საქართველოს პოლიტიკურ სპექტრს განვითარების ერთი ტენდენცია ახასიათებს: რადიკალურ ლიდერსა და განწყობებს ენაცვლება გაწონასწორებული, მეტად რაციონალურ პოლიტიკაზე ორიენტირებული პოლიტიკური ლიდერი და განწყობები და პირიქით.

ამასთან, დღეს მკვიდრდება პოლიტიკური სპექტრის სეგმენტიზაციის ტრადიციული მემარცხენე-მემარჯვენესგან განსხვავებული:  პროდასავლურ-პრორუსული დიფერენციაცია. საზოგადოების პოლარიზება პრორუსულ-პროდასავლურ სეგმენტებად, კონკურენციას კი ზრდის, მაგრამ საზოგადოების რადიკალური განწყობებისა და რეფლექსების გაღვივებასაც შეუწყობს ხელს.

სულ უფრო გააქტიურებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თემის ფონზე როგორ ნაწილდება პროდასავლურ-პრორუსულ თუ ცენტრისტულ ფლანგებზე არსებული პოლიტიკური სპექტრი?!

ყველაზე მწირედ სწორედ დასავლური ფლანგი გამოიყურება (ვგულისხმობ მათ, ვისაც მინიმუმ საპარლამენტო ბარიერის გადალახვის შანსი აქვს): "ნაციონალები", "რესპუბლიკელები" და ირაკლი ალასანიას "თავისუფალი დემოკრატები", რომელთაც საერთო ჯამში 20-25% შეიძლება მოიპოვონ.

ყველა დანარჩენი პარტია: "ქართული ოცნება", სალომე ზურაბიშვილის "საქართველოს გზა", "ეროვნული ფორუმი", "მრეწველები", "სოციალ-დემოკრატები", ნინო ბურჯანაძის "ერთიანი საქართველო" თუ დავით თარხან-მოურავის "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", ლეიბორისტები, კახა კუკავას "თავისუფალი საქართველო" თუ ვალერი ხაბურძანიას მომავალი პარტია - ნაწილდება ან ცენტრისტულ (მათ შორის, "ქართული ოცნება" და სალომე ზურაბიშვილის პარტია) ან ნაციონალისტურ ან რუსულ (ღია თუ შეფარულ) ფლანგებზე.

პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ამ ფლანგების ხვედრითი წონა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში (რა თქმა უნდა, ჩატარების შემთხვევაში), გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე მკვეთრად პროდასავლური ვექტორისა. და ეს ტენდენცია დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გაიზრდება.

ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ პრემიერმა ნეიტრალური პოზიცია დაიკავა და ზემოთ ჩამოთვლილი პოლიტიკური სუბიექტები ცალ-ცალკე მიუშვა, ვთქვათ, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე: რამდენად ჭრელ პარლამენტს და მხიარულ პოლიტიკურ გარემოს მივიღებთ...

ცალკეა განსახილველი ლევან ვასაძის ფიგურა, რომელსაც პოლიტიკურ ველზე შემოსვლის შემთხვევაში შეუძლია მასშტაბური ძვრა მოახდინოს და პოლიტიკური სპექტრის სტრუქტურირებას შეუწყოს ხელი.

ამჯერად, არ შევუდგებით იმაზე ლაპარაკს, ვინ ჩადგება რიგში მთავარი ოპოზიციონერის სტატუსის მოსაპოვებლად, მხოლოდ ერთ საინტერესო ტენდენციას შევეხებით. მოგეხსენებათ, ქუთაისის საკრებულოში ყოფილი ნაციონალების ბაზაზე უმრავლესობის ფრაქცია შექმნა "საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა", რომლის წვერებიც ოპოზიციურ მოღვაწეობას ეწეოდნენ სააკაშვილის რეჟიმის პირობებშიც, თუმცა პარტიად მხოლოდ რამდენიმე თვის წინ გაფორმდა. სწორედ ყოფილი "ნაციონალების" გადმობირების გზით გეგმავს "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" უმრავლესობის აღებას იმერეთის, სამეგრელოსა და აჭარის იმ რაიონებსა და ქალაქებში, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობა ჯერ კიდევ "ნაციონალების" ხელთაა და შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ მერებისა და გამგებლების ცვლილებაც. როგორც პარტიის თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავი აცხადებს, ქუთაისის მერის კანდიდატურის შერჩევისას გადამწყვეტი იქნება პრემიერ-მინისტრის აზრი. და საერთოდ, პარტია თავს პრემიერ-მინისტრის მხარდამჭერად მიიჩნევს, თუმცა არსებითი განსხვავებები აქვს კოალიციაში შემავალ ზოგიერთ პარტიასთან. საინტერესოა ისიც, რომ "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" პარლამენტშიც აპირებს ფრაქციის შექმნას და ამ მიზნით კონსულტაციებს უკვე აწარმოებს როგორც კოალიცია "ქართული ოცნების", ასევე "ნაციონალური მოძრაობის" სიით გასულ დეპუტატებთანაც.

ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა გადაბირების რამდენიმე აპრობირებული გზა არსებობს (ვგულისხმობ როგორც საკრებულოების, ასევე პარლამენტის ამჟამინდელ წევრებს): ფინანსური დაინტერესება, შანტაჟი ან სამომავლო პერსპექტივის გარანტიის მიცემა. რომელი გზის გამოყენება შეუძლია "პატრიოტთა ალიანსს"?! მას არც ფინანსები აქვს საამისო და არც სახელისუფლებო ბერკეტები შანტაჟისთვის თუ სამომავლო გარანტიების მისაცემად. იმის მტკიცება, რომ იდეოლოგიურად მონახეს ყოფილმა "ნაციონალებმა" "პატრიოტებთან" საერთო - პარტიასთან, რომელიც ღიად აცხადებს, რომ თურქეთი ისეთივე ოკუპანტია, როგორიც რუსეთი და ის ახლა ბათუმის წაღებას ცდილობს - საერთოდ არარეალურია.

უფრო საინტერესოა, რა სტიმულისა და მოტივაციის გამო უნდა გადავიდნენ მმართველი კოალიციის წევრი დეპუტატები რამდენიმე თვის წინ შექმნილი პარტიის ფრაქციაში?! ალბათ ერთადერთი იმის გამო, რაც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უნდა შეიქმნას ოპოზიცია ანუ მესამე ძალაო.

ვნახოთ, რა შედეგს მოიტანს ეს ახალი კონფიგურაცია.