"ივანიშვილის გადაწყვეტილებამ ეს ქვეყანა არ შემარგო"
29-04-2013
"ივანიშვილის გადაწყვეტილებამ ეს ქვეყანა არ შემარგო"
"ბიძინას სიტყვას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს!"

იქნება თუ არა გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატი

"ღვთის მადლით, სააკაშვილზე პასუხისმგებლობა მე არა მაქვს აღებული"

"მილიონი რომ ეცოტავებათ, გასაგებია, რადგან გარანტირებული 50 მლნ ჰქონდათ"

"2011 წელს 26 მაისი ყველაზე სამარცხვინო იყო, მაგრამ ის ერთადერთი იქნება"


"პრემიერ-მინისტრის დავალებების შესრულება ჩემთვის იოლი არ არის. არ მინდოდა იმ ვალდებულების აღება, რომელმაც მხოლოდ პრობლემები მომიტანა. 20 წელი ვნატრობდი ასეთი ქვეყნის უბრალო მოქალაქეობას, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის გა
დაწყვეტილებამ, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ვყოფილიყავი, ეს ქვეყანა არ შემარგო", - გვითხრა პირველმა ვიცე-პრემიერმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელთან საუბარიც გამომცემლებისა და წიგნის მაღაზიების პროტესტით დავიწყეთ:


- არ მეგონა, თუ ოდესმე ჩემი სახელი წიგნის უარყოფასთან იქნებოდა ასოცირებული, მაგრამ წიგნის სახელით სპეკულაციის აკრძალვა ჩემი ბუნებრივი მოტივაცია იყო.  ამ გადაწყვეტილებამ ფინანსურად
დააზარალა გამომცემლობები, რომლებიც ყოველწლიურად 50 მლნ ლარს იდებდნენ ჯიბეში. ეს ფული მოსახლეობისგან იყო ექსპროპრირებული.
მიუხედავად იმისა, რომ გამომცემლებს კანონიერად ჰქონდათ მინიჭებული უფლება, თითოეული ოჯახიდან 200-300 ლარი გამოეტანათ, მორალურად ეს არასწორი იყო. ეს ჩვენი ხელისუფლებისთვის ვერ იქნება კანონიერი. ჩვენ გვინდა ადამიანებს ყოფა შევუმსუბუქოთ და ოჯახები არ გავწყვიტოთ წელში.

- თქვენი გადაწყვეტილება სამუშაო ადგილების დაკარგვასა და ინტელექტუალური საკუთრების ხელყოფასთან დააკავშირეს.

- პირიქით იქნება. სახელმძღვანელოები, ძირითადად, საზღვარგარეთ იბეჭდებოდა და ახლა აქ დაიბეჭდება. 200-300 ლარი, რომელიც ოჯახებში დაიზოგა ამ 50 მილიონის ექსპროპრიაციის შედეგად, მოხმარდება ქართული წარმოების დაფინანსებას და საბავშვო ბიბლიოთეკებისთვის წიგნების შეძენას. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ის ნიჭი და განსაკუთრებულობა, რომელიც ყველა ქართველშია, უფრო განვითარდეს. წინა ხელისუფლებას ეშინოდა ქართველი კაცის, რადგან თავისი ნიჭიერებით დაბრკოლებას უქმნიდა. ამიტომ უნდოდათ, დავეთრგუნეთ! წინა ხელისუფლებას ნიჭიერება აშინებდა, ჩვენი კი ნიჭის არ გვეშინია.  

ინტელექტუალური საკუთრების დაცვა გულისხმობს კონკრეტულ ვალდებულებას მის მფლობელსა და მიმთვისებელს შორის. ასეთი ვალდებულების თაობაზე დადებული იყო კონტრაქტი სამინისტროსა და გამომცემლებს შორის და დღეს ეს კონტრაქტი მავალდებულებს, რომ 10% გადავუხადო გამომცემლებს, რაც დაახლოებით მილიონ ლარს შეადგენს.

გამომცემლები ხელს არ გაანძრევენ, ისე ჩაერიცხებათ მილიონი. ამ 10%-ს მათ იმისათვის ვუხდი, რომ წიგნებს უფასოდ ვბეჭდავ. მილიონი რომ ეცოტავებათ, გასაგებია, რადგან გარანტირებული 50 მლნ ჰქონდათ. 

- როგორც პირველ ვიცე-პრემიერს, სხვა თემებზეც გკითხავთ. საზოგადოების ნაწილი უკმაყოფილოა ხელისუფლების ლოიალურობით და ამბობს, ჩვენ დამნაშავეებთან კოაბიტაციისთვის არ მიგვიცია ხმაო.
- თუ ადამიანი სისხლის სამართლის დამნაშავეა, სანამ საზოგადოების წინაშე ვალს არ მოიხდის, ძნელია მასთან ერთადერთი მიზნისკენ სწრაფვა, მაგრამ სააკაშვილისაგან განსხვავებით, რომელიც საზოგადოებას მატარებელზე ამხტარებად და ჩამომხტარებად ყოფდა, ჩვენ არ ვყოფთ საზოგადოებას. 1-ლი ოქტომბრის მერე ახალი საქართველო დაიწყო. ახალ საქართველოში ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ, მაგრამ არავის შევუნდობთ ისეთ რამეს, რისი შენდობაც არ შეიძლება. ისინიც და ჩვენც ერთად გამოვისყიდით ჩვენს დანაშაულს.  მთავარი წყალგამყოფია ის, რაც პრემიერმა თქვა - სიმართლე. იმ პირებმა, ვინც დანაშაული ჩაიდინეს თავიანთი სინდისისა და ქვეყნის წინაშე, უნდა აღიარონ დანაშაული და რადგან ჩვენ ქრისტიანი ერი ვართ, როგორც უძღებ შვილებს, ყველაზე მეტად მათ მივიღებთ. მეტიც, პატივს მივაგებთ მათ, ვინც დანაშაულს აღიარებს და ქვეყნის სამსახურში დაბრუნდება.

- დანაშაულის აღიარება ნაკლებად ეტყობოდა 19 აპრილს "ნაციონალური მოძრაობის" მიტინგს.
- ადამიანმა რომ დანაშაული აღიაროს, გრძელი გზა უნდა გაიაროს. 9 წელიწადი დასჭირდა სააკაშვილს, რომ "ნაციონალური" "ეროვნულად" ეთარგმნა და დიდი დრო დასჭირდება "ნაციონალურ მოძრაობას", რომ რეალობასთან შესაბამისობაში მოვიდეს. რადგან "ნაციონალურის" გაქართულებას 9 წელი დასჭირდა, შესაძლოა მეტი დრო დასჭირდეს იმას, რომ ისინი მართლა ეროვნულები გახდნენ. დაველოდებით, სანამ მოეგებიან გონს და დადგებიან ერის სამსახურში.

- ბენდუქიძესთან თქვენი კამათი როგორ დასრულდა? მისი გარდასახვის იმედიც გაქვთ?

- (იცინის) რა თქმა უნდა. ნახეთ, ჩემთან ურთიერთობაში რამდენად ნატიფი ფორმები შეიძინა და კანონმორჩილი გახდა. ბენდუქიძემ, რომელიც სააკაშვილის დროსაც და მერეც ცდილობდა კანონმდებლობის ლანძღვას, თავისი ინსტიტუტის წესდება კანონთან შესაბამისობაში მოიყვანა და კანონმორჩილი გახდა.

- "ნაციონალურმა მოძრაობამ" მწვავედ გააკრიტიკა პრემიერის გამოსვლა ევროსაბჭოში.
- პრემიერის გამოსვლა იყო საკუთარი თავისა და ქვეყნის პატივისმცემელი ადამიანის გამოსვლა. 9 წლის განმავლობაში ჩვენ დავკარგეთ იმის განცდა, რომ ვართ ერი, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კაცობრიობის ისტორიაში. ერები არ იზომებიან 5 ან 9-წლიანი ისტორიით და 15-წუთიანი გამოსვლებით. როდესაც ქართველი ევროპაში გამოდის, უნდა გამოვიდეს როგორც მნიშვნელოვანი ერის წარმომადგენელი, რომელსაც სამიათასწლოვანი ისტორია აქვს. პრემიერის გამოსვლა ამ განცდით იყო გამსჭვალული. ის გამოვიდა როგორც იმ ერის წარმომადგენელი, რომელსაც დღეს ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემები აქვს, მაგრამ მის უკან დიდი ისტორია და ღირსება დგას. ვისაც ეს განცდა არა აქვს, უკვირს, როგორ ბედავს საქართველოს წარმომადგენელი, ასეთი ღირსებით იდგეს ასეთ ფორუმზე. ვინც პრემიერს აკრიტიკებს, მისთვის უცხოა ღირსებით დგომა ასეთი აუდიტორიის წინაშე. მათ მხოლოდ მომლოდინისა და მთხოვნელის პოზაში დგომა შეუძლიათ. ქართველებს გვაქვს განსაკუთრებულობა, რითაც შეგვიძლია ევროკავშირში შევიდეთ და ძალიან გოიმები გამოვჩნდებით ევროპელების თვალში, თუ საკუთარ ისტორიას ვერ დავაფასებთ.

- ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი ღირსეული დღე, 26 მაისი, როგორც ვიცი, განსხვავებულად აღინიშნება.
- 26 მაისი ჩვენი სიამაყის დღე და განსაკუთრებული დღესასწაულია. ერთადერთი 26 მაისი, რომელიც ჩვენთვის ტრაგიკულია, 2011 წლის 26 მაისია. ეს სამარცხვინო დღე იყო, მაგრამ ყველა სხვა 26 მაისი ბედნიერი იქნება. ახალმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ეს არ იყოს დღესასწაული მხოლოდ დედაქალაქში.

ამ დღეს ყველა მოქალაქე უნდა ზეიმობდეს, სადაც უნდა იყოს. ამ დღეს ყველანი - სამხედროები, მთავრობა, სასულიერო პირები თუ მოქალაქეები ერთ მდგომარეობაში ვიქნებით და არ ვაპირებთ ტრიბუნებით გავემიჯნოთ ერთმანეთს.
ტრიბუნები, საშვი ზეიმზე, სექტორი და ა.შ. აღარ იქნება. ჩვენ ერთად ვიზეიმებთ. ზეიმში იქნება სამხედრო ელემენტიც.    

- აღლუმი, რომელსაც სააკაშვილი იბარებდა, არ იქნება?
- აღლუმს ჩაიბარებს მოსახლეობა, საქართველოს მოქალაქეები.

- პრეზიდენტი  როგორ გყავთ მოაზრებული ამ დღესასწაულის სცენარში?

- ღვთის მადლით, სააკაშვილზე პასუხისმგებლობა მე არა მაქვს აღებული. პრეზიდენტი თავისუფალია!

- ამბობენ, რომ ივანიშვილი პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატად განგიხილავთ.
- მეც გავიგე და გამიკვირდა. წარმოდგენა არა მაქვს, საიდან მოიტანეს. 

- როდესაც  NDI-ს კვლევით მეათე ადგილზე გახვედით, პრემიერმა აღშფოთება ვერ დამალა, მის მუშაობას ყველაზე წარმატებულად ვაფასებო.

- რადგან მეათე ადგილზე ვარ, ე.ი. უნდა გამოვსწორდე და მეცხრეზე გადავიდე. 

- პრემიერის რეიტინგის 5 ერთეულით კლებას რით ახსნით?
- ე.ი. მე არ ვმუშაობ კარგად და მოვახერხე, მისი რეიტინგი 5 ერთეულით დამეწია. მე ხომ მისი მთავრობის წევრი ვარ. გამოვსწორდები. როდესაც მე-9 ადგილზე გადავალ, პრემიერის რეიტინგიც გამოსწორდება. 

- მახსოვს, მინისტრობაც არ გინდოდათ, მაგრამ ივანიშვილმა დაგარწმუნათ, რომ ამ თანამდებობაზე წასულიყავით. რომ გითხრათ, პრეზიდენტად უნდა იყაროთ კენჭიო?
- 43 წლის ვარ, ბიძინა ჩემზე უფროსია, მაგრამ თავს მის მეგობრად ვთვლი. რთული განსაჭვრეტია, რა შეიძლება მოხდეს, როდესაც ორი კაცი განიხილავს, რა არის გასაკეთებელი. საქართველოში დიდი მნიშვნელობა ენიჭება, როდესაც მეგობარი რაღაცას გეუბნება და რაღაცას ერთად გეგმავთ. რა მოხდება, რა ტიპის დისკუსია გვექნება, ამის თქმა ძნელია, მაგრამ ბიძინას სიტყვას ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
თემურ ხუციშვილი
05 მაისი 2013 21:06
რა ეშველება ქართულ სკოლას?სადამდის იარსებებს მკვდრად შობილი სამეურვეო საბჭო?როდის ექნება პედაგოგს ადამიანების ხელფასი?ვეღირსებით ნორმალურ სახელძღვანელოებს?
გიორგი
05 მაისი 2013 11:58
ეს მოგწონთ?
david67
03 მაისი 2013 02:00
მეც მომწონს მარგველაშვილი. ერთი კითხვა მაქვს. რა ბედი ეწია ამერიკიდან ჩამოსულ ვითომ ინგლისურის მასწავლებლებს? თუ კიდევ საქართველოში არიან ვინ აფინანსებს მათ?

რედაქტორის რჩევით