მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები: მერი ეშმაკის ბორბალზე
29-04-2013
მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები:  მერი ეშმაკის ბორბალზე
პირველი გამოსვლა

ევროსაბჭოში ივანიშვილის პირველი გამოსვლა "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან სწორედ ასეთი კრიტიკისთვის იყო განწირული. "ნაციონალებმა" თავად არ დასვეს მწვავე კითხვები, აქაოდა, ჩვენი შიდა დაპირისპირება მთელი ევროპის დასანახად არ გამოგვაქვსო, მაგრამ სხდომაზე აღმოჩნდნენ დეპუტატები, ვისაც აშკარად ეტყობოდათ ჩვენს ძველ ხელისუფლებასთან კონსულტაციების გავლა. როგორც ამბობენ, პოლონელმა დეპუტატმა აღიარა კიდეც "ტვიტერის" გვერდზე, კითხვის დასმამდე კონსულტაციები ჩიორა თაქთაქიშვილსა და თამარ ბოკუჩავასთან გავიარეო.

ან აღიარება რად უნდოდა, ისეთი კითხვა დასვა, გეგონებოდა, ნუგზარ წიკლაური საუბრობსო. "ბატონო
პრემიერ-მინისტრო, თქვენ არ გიყვართ სააკაშვილი, მაგრამ გიყვართ პუტინი," - ასე დაიწყო მან. ივანიშვილის ადგილზე რომ ვყოფილიყავი, ამ პოლონელს ვეტყოდი, არ ვიცი, ვის უყვარს პუტინი, ეს შეგიძლიათ ბატონ პუშკოვს ჰკითხოთ, მაგრამ ვისაც სააკაშვილი გიყვართ, მზად ვარ, ოქტომბრის შემდეგ სახლში გაგატანოთ-მეთქი. თუმცა არა, ჩვენმა პრემიერმა ზედმეტად კორექტული
პასუხი არჩია. ზოგს ეს უფრო მოეწონა. სოციალურ ქსელებში ნახავდით ასეთ კომენტარს: "როგორც იქნა, გვყავს ლიდერი, რომელიც ისტერიკის გარეშე ლაპარაკობს." კი, ეს მეც მომწონს და ივანიშვილის გამოსვლას დადებითადაც ვაფასებ, მაგრამ ვფიქრობ, ზედმეტი არაფერი ვარგა, მათ შორის, არც კონსტრუქციულობა - ზოგჯერ პრინციპული პასუხია საჭირო.

ივანიშვილმა თავის შესავალ სიტყვაში თქვა, ჩვენი პოზიცია რუსეთთან ურთიერთობისას იქნება კორექტული, მაგრამ პრინციპულიო, თუმცა შემდეგ, კითხვა-პასუხის დროს, მხოლოდ კორექტულობა ვნახეთ. კორექტულობა და პრინციპულობა მე ასე მესმის: როდესაც რუსი დეპუტატი თავის კითხვაში ვითომ შემთხვევით ახსენებს, რომ ომი საქართველომ დაიწყო, ამას არ უნდა წაუყრუო. როდესაც ეთნიკურ წმენდაზე გეკითხებიან, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაარქვა. მე არ ვემხრობი იმას, რომ ყოველ წუთს ვეძახოთ რუსეთს აგრესორი, მაგრამ როდესაც ისმის კითხვა, უნდა იყოს პასუხიც. არ ვიზიარებ "ნაციონალების" ისტერიკას, თითქოს ამით ქვეყანა დაიქცა და არც იმას ვფიქრობ, რომ ივანიშვილს ზუსტად ისეთი პასუხები უნდა გაეცა, როგორსაც მიშა გასცემდა, მაგრამ ის უნდა ყოფილიყო კორექტულიც და პრინციპულიც.

უტიფრობა საზღვრებს გარეშე

არა რა, ტელევიზორი დილით არ უნდა ჩავრთო, თორემ მერე ის დღე დათარსულია.  როგორია, დილით რომ გაიღვიძებ, ჩართავ ტელევიზორს და აკაკი მინაშვილის კომენტარი გესმის: "ვეტოს მიზანი არის, რომ როგორმე დავიცვათ სასამართლოს დამოუკიდებლობა. სასამართლოს დამოუკიდებლობა ეს არის ფუნდამენტი დემოკრატიის..." ვეცი ტელევიზორს და გამოვრთე, ამას ნერვებს არ მოვაშლევინებ-მეთქი. კაცო, შესავალი მაინც გაუკეთე, თქვი, რომ ჩვენ არ გამოგვივიდა, მაგრამ გვინდა, ამათ გამოუვიდეთ და შეიქმნას დამოუკიდებელი სასამართლო-თქო, ან ჯანდაბას, გაწითლდი მაინც. არა! სრულიად შეუვალი, მშვიდი და უმწიკვლო გამომეტყველებით მიყვები, რომ თურმე შენი მიზანია, დაიცვა სასამართლოს დამოუკიდებლობა. რაღაც რომ დაიცვა, ხომ უნდა არსებობდეს?! რისი იმედი  გაქვს, ამას რომ ამბობ? ასეთ რაღაცებზე ჯერ ნერვები მეშლებოდა, მერე მეცინებოდა, ახლა კი, როგორც ატყობთ, ისევ ნერვები მეშლება. ვიქნები პათეტიკური და ვიტყვი:
უტიფრობასაც აქვს საზღვარი! სად გინახავთ, ავტორიტარიზმის ფუძემდებლები დემოკრატიაზე ლექციებს კითხულობდნენ?

სად გინახავთ, მელა ქათმის სიცოცხლის უფლებაზე ლაპარაკობდეს? ხალხი, რომელმაც მოკლა სასამართლო და მოსამართლეები პროკურატურის ნოტარიუსებად აქცია, დღეს სასამართლოს დასაცავად იბრძვის?! ვის სჯერა ეს? მათ მომხრეებს, ალბათ. მაგრამ რამდენნი არიან ისინი? უფრო სწორად, რამდენნი შემორჩნენ? ბოლო გამოკითხვებით გაირკვა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი 10%-ია. მაგრამ "ნაციონალებს" გავლენა საკუთარ რეიტინგზე რამდენჯერმე მეტი აქვთ. ეტყობა, ეს გავლენა ატყუებთ და ამიტომაც არ ცვლიან არც ტაქტიკას და არც რიტორიკას. დავით უსუფაშვილმა განაცხადა, ქართული დემოკრატიის ამოცანაა "ნაციონალური მოძრაობის"“ გადარჩენაო. როგორ გინდა, ასეთი ძალა გადაარჩინო? ეს სიტუაცია, იცით, რას ჰგავს? ლექტორს რომ ძალიან უნდა, სტუდენტს ნიშანი დაუწეროს და ეხვეწება, რამე მაინც მოყევი, რომ დაგეხმაროო, სტუდენტი კი ხმას ვერ იღებს. კი ბატონო, ცივილიზებული გზაა, როდესაც სახელისუფლებო პარტია ოპოზიცაში გადადის და კი არ ნადგურდება, როგორც "მრგვალი მაგიდა" ან "მოქალაქეთა კავშირი", არამედ ბრძოლას აგრძელებს, მაგრამ თუ ამ პარტიას თვითგანადგურების რეჟიმი აქვს ჩართული, რა უნდა უშველო? თუ მას უტიფრობა პოლიტიკური ბრძოლის ხერხი ჰგონია, რას გააწყობ, რაც უნდა გინდოდეს მისი გადარჩენა?

მერი ეშმაკის ბორბალზე

კვირის ბოლოს ხმა გავარდა, ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობაში ბათუმის მერია განთავსდებაო. მიშამ მაშინვე, - ჩემს ნალოლიავებ შენობას ფუნქციას რომ უცვლით, ასეთ მკრეხელობას თალიბებიც კი არ სჩადიოდნენო. პრეზიდენტს პასუხი განათლების მინისტრმა გასცა: ეს შენობა ძალიან ოდიოზურად გამოიყურებოდა და ამიტომ გადავეცით ბათუმის მერიასო. სამი კითხვა მაქვს განათლების მინისტრთან: 1) რას ნიშნავს სიტყვა "ოდიოზური", როცა მას შენობაზე ვამბობთ? 2) თუ უნივერსიტეტს არ ეკადრებოდა "ოდიოზური შენობა", ბათუმის მერიას ეკადრება? 3) 37-ე სართულზე განთავსებულ ეშმაკის ბორბალზე ვინ უნდა "იკატაოს", ბათუმის მერმა? ისე, როგორი სანახავი იქნება მერი ეშმაკის ბორბალზე?
Sophie
01 მაისი 2013 00:36
ომი საქართველოს არ წამოუწყია, საქართველო რუსეთის პროვოკაციაზე წამოეგო, ან ვითომ წამოეგო, ისე კი კარგად დადგმული "სპექტაკლი" იყო. როგორც ჩანს სააკაშვილს სჭირდებოდა ეს ომი და პირველ რიგში სწორედ მისი ავადმყოფური ფსიქიკის, უმეცრების და სისასტიკის წყალობით მრავალი ქართველი გამოესალმა სიცოცხლეს, ვფიქრობ მისი მიზანიც ეს იყო, ქართველების განადგურება, ამ ცხრა წლის მანძილზე განა სხვა რა აკეთა?! ქართული გენის ამოძირკვა და მის მაგივრად ინდოელების, პაკისტანელების, ჩინელების "ჩანაცვლება" რომ საბოლოოდ ამ ყველაფრისგან მიეღო რაღაც მუტანტი. ძნელია ებრძოლო შენზე დიდ და ძლიერ მტერს, მაგრამ "მოყვარის" ნიღაბქვეშ ამოფარებული მტრის წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო ძნელია
t a m a r i
30 აპრილი 2013 07:46
,,იკატაონ,, მერებმა შინ,უცხოეთში მიჩვეულებს გაუჭირდებათ ერთ ადგილზე ჯდომა.
Knatski
29 აპრილი 2013 17:37
ვაკო მინაშვილის რიტორიკა მართლაც ყველანაირ საზღვრებს სცდება. შეიძლება ნაციოანალების ქმედებებში ბევრი რამ იყოს საკამათო და განსასჯელი, მაგრამ ნაცხებმა სასამართლოს დამოუკიდებლობაზე ილაპარაკონ, ყოველგვარ საზღვრებს ცდება. რაც შეეხება vep1963 თქვენი ირონია უადფგილოა, რადგან ყველა გამგებმა ადამიანმა იცის სინამდვილეში რა მოხდა. სხვა საქმეა საჭიროა თუ არა ამის შესახებ ლაპარაკი. ეს უკვე საკამათოა.

რედაქტორის რჩევით