"როდესაც ეს სიტყვა მესმის, სულ რუსული "გრუზი" - ტვირთი მახსენდება" - კვირის პალიტრა

"როდესაც ეს სიტყვა მესმის, სულ რუსული "გრუზი" - ტვირთი მახსენდება"

"არ მინდა ვიფიქრო, რომ ეს შეგნებულად გააკეთა ქალბატონმა სალომემ"

"ასე, იზო რიკაძეც შეიძლება დასახელდეს  საკრებულოს წევრად ან თავმჯდომარედ და ნამდვილად დაგიჭერდით მხარს"

ხელისუფლება რომ გულმოდგინედ ცდილობს საბჭოთა მემკვიდრეობისაგან გათავისუფლებას, სავსებით გასაგები და ნორმალური მოვლენაა. ისიც გასაგებია, რომ ბოლო დროს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩვენი სამშობლოს რუსული სახელწოდების ხმარებიდან ამოღებაზე ზრუნავს, მაგრამ პოლემიკის საგნად იქცა საკითხი, როგორ უნდა მოიხსენიონ საერთაშორისო არენაზე საქართველო. ამ და სხვა საკითხებზე პარლამენტის ვიცე-სპიკერ გიგი წერეთელს ვესაუბრეთ:

- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობას ამ საკითხზე სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია მოჰყვა. ზოგმა "გრუზიაზე" უარის თქმა საბჭოთა მემკვიდრეობისა და აზროვნებისაგან გათავისუფლებად მიიჩნია, ზოგმაც ანტირუსულ გამოხდომად, მაგრამ ზოგადად ეს მართებული ნაბიჯია. რადგან ჩვენი სამშობლოს დასახელება ინგლისურ ენაზე "ჯორჯიაა", მისი  ბერძნული ძირი კი "გეორგია", სჯობს ერთ-ერთი ავირჩიოთ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმართა აღმოსავლეთ ევროპისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, რომ  აღარ მოიხსენიონ საქართველო "გრუზიად". თავის დროზე, ასეთი რამ სხვადასხვა სახელმწიფომაც გააკეთა. არ ვიცი, "გრუზია" რა წარმომავლობის სიტყვაა. როდესაც ეს სიტყვა მესმის, სულ რუსული "გრუზი" - ტვირთი მახსენდება. ეტყობა,  რუსები თავიდანვე ტვირთად გვთვლიდნენ.

- ზოგი შიშობს, ვაითუ აშშ-ის ჯორჯიის შტატში ავერიოთო.

- თუ ავერევით და რამეს კარგს გაგვიკეთებენ, არა უშავს.

- საბჭოთა მემკვიდრეობისაგან გათავისუფლება ძალზე აქტუალური თემაა. რამდენიმე დღის წინ თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლებმა ეკლესიაში საბჭოთა სუკ-ის აგენტურის გამოაშკარავება მოითხოვა. რამდენად გონივრულია და ვის ინტერესშია ეს?

- საზოგადოების ნაწილმა ახალგაზრდების ეს აქცია უწმინდესისა და ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ნაწილად ჩათვალა. ვინც ეს ღონისძიება წამოიწყო, ალბათ,  სურდა, რაც შეიძლება დიდი ხმაური და ბევრი კომენტარი გამოეწვია. სახელდობრ რა მიზანი ამოძრავებთ,  ვერ გეტყვით. ძნელია, ამგვარ განცხადებებს ყურადღება არ მიაქციო, მაგრამ რაც უფრო ნაკლებად მოვუსმენთ მათ, უკეთესი იქნება. ამ განცხადებებით ვერავის ვერაფერს დაუშავებენ.

კითხვის დასმის უფლება ყველას აქვს, მაგრამ კითხვის შინაარსში  გამოსჭვივის მისი ავტორის მორალი და ეთიკა. თუ ამ კითხვების ავტორებს კათოლიკოს-პატრიარქისა და ეკლესიის დისკრედიტაცია უნდათ,  პირიქით მოხდება. ამ კითხვებით ისინი ჩრდილს ვერავის მიაყენებენ.

ის, რომ საბჭოთა დროს ყველა სექტორში და ასევე ეკლესიაშიც იყო უშიშროების ხალხი ჩანერგილი, პირველად ამ ახალგაზრდებისაგან არ მოგვისმენია. თავად პატრიარქსაც არაერთხელ ულაპარაკია საბჭოთა პერიოდის სიავესა და სირთულეებზე. დასაფასებელია ის,  ვინც თავადაც  გადაურჩა ამ პერიოდს და გადაარჩინა ქართული ეკლესია. ასეთთა შორის კათოლიკოს-პატრიარქი პირველია.

- რამდენიმე დღის წინ ხელისუფლებამ სალომე ზურაბიშვილის წიგნი "ქართული ქრონიკები" მწვავედ გააკრიტიკა.  მან სახელმწიფო ინტერესების შელახვად ჩათვალა უშიშროების საბჭოს სხდომის დეტალების გახმაურება. ეს ოპოზიციაზე მორიგი შეტევის პრელუდია ხომ არ არის?

- სამწუხაროა, თუ პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები რუსეთს საშუალებას აძლევენ, თავი დაიცვან და პირიქით წამოგვიყენონ ბრალდებები. ასეთ თემებზე ლაპარაკისას  ყველა უნდა გრძნობდეს პასუხისმგებლობას, მით უმეტეს კი ისინი, ვისაც პოლიტიკოსობაზე პრეტენზია აქვს. ჩვენ დიდ ბრძოლაში ვართ ჩაბმული და სიფრთხილე გვმართებს. არ მინდა ვიფიქრო, რომ ეს შეგნებულად გააკეთა ქალბატონმა სალომემ. შესაძლოა, მან  სახელმწიფო საიდუმლოდ არც მიიჩნია ის თემა, რაზეც ამ წიგნში საუბრობს. ისედაც უზარმაზარი ზეწოლა გვაქვს რუსეთისაგან. და უსიამოვნო ფაქტია, როდესაც მას საშუალება ეძლევა, ჩვენივე თანამემამულეების, მით უმეტეს კი ოდესღაც  მაღალ თანამდებობაზე მყოფი პირების, გამონათქვამები საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენონ.

- სალომე ზურაბიშვილს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ მისთვის მიუღებელია შეხედულება, რადგან ქართველები ვართ, ხელისუფლების კრიტიკაზე უარი ვთქვათო.

- ქართველები რომ ვართ,  სწორედ ამიტომ გვაკისრია დიდი პასუხისმგებლობა ამ რთულ ვითარებაში. სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილის ხელისუფლებაში სწორედ იმის გამო დაინიშნა საგარეო საქმეთა მინისტრად, რომ წარმოშობით (და ვფიქრობდით, რომ მენტალიტეტითაც)  ქართველი იყო. მას სიფრთხილე მართებს. მთავრობის კრიტიკა ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედებას არ ნიშნავს. თუ ქალბატონი სალომე ამას ვერ ხვდება, ძალიან სამწუხაროა.

რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს, რომ ხელისუფლებისგან ელიან რუსეთთან კავშირში დადანაშაულებას, ეს ხელისუფლების მიზანი არ არის. არასოდეს მილაპარაკია ნიშნის მოგებით ოპოზიციის მარცხზე, მიუხედავად იმისა, რომ თავად ხშირად ლაპარაკობენ ხელისუფლების შეცდომებსა და ფრაგმენტაციაზე. ასეთი განცხადებები და ბრძოლის მეთოდიკა მათ სისუსტეზე მეტყველებს.

- ოპოზიციაში აცხადებენ, რომ გადამწყვეტი ბრძოლისათვის ძალას იკრებენ და არც ოპოზიციური ფლანგის გაერთიანებაა შეუძლებელი.

- არა მგონია, ოპოზიციამ სრულად შეძლოს გაერთიანება. იქ ძალზე ჭრელი ხალხია - იდეოლოგიით, მისწრაფებებით და სამშობლოსადმი დამოკიდებულებით განსხვავებული.  ოპოზიციის ერთი ნაწილი თუ გაერთიანდა, ეს იქნება არა იდეოლოგიური, არამედ ინტერესების გამო გაერთიანება.

სად ხედავენ ოპოზიციის  საწინააღმდეგო მიზანმიმართულ კამპანიას? თუ ვინმე თავს იზღვევს და აცხადებს, რუსეთთან კავშირს დაგვაბრალებენო,  არ ვიცი. ისე დაბრალებით ჩვენც გაცილებით ბევრს გვაბრალებენ. ზოგჯერ პრესაში ისეთ რამეს წაიკითხავ, საკუთარი თავის შეგეშინდება.

- ითქვა, რომ ადგილობრივ არჩევნებზე ხელისუფლების კანდიდატი თბილისის მერის პოსტზე გიგი უგულავა იქნება. რამდენად სწორია ინფორმაცია, რომ საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე რუსუდან კერვალიშვილის კანდიდატურა განიხილება?

- რუსუდან კერვალიშვილზე ვერაფერს მოგახსენებთ. ჩემი აზრით,  საკრებულოს შესანიშნავი თავმჯდომარე ჰყავს - ზალიკო სამადაშვილი და არა მგონია, სხვა სახელისუფლებო კანდიდატზე იყოს ლაპარაკი. თეორიულად კი შეიძლება ყველაფერი მოხდეს. ასე, იზო რიკაძეც შეიძლება დასახელდეს  საკრებულოს წევრად ან თავმჯდომარედ და ნამდვილად დაგიჭერდით მხარს.