ისევ მამაპაპური ურთიერთწეწვა - კვირის პალიტრა

ისევ მამაპაპური ურთიერთწეწვა

"მადლობა პატრიარქს, რომ ყველას მიგვახვედრა ჩვენი დაცემის სიღრმე და ეს გააკეთა ისე, რომ სილაც კი არ გაუწნავს ჩვენთვის"

ხელისუფლებამ მმართველობის 6 წლის შედეგები შეაჯამა და დაასკვნა, რომ ქვეყანა წინ წავიდა. კორუფცია წელში გატყდა და საქართველო ეკონომიკური აღმავლობის გზას შეუდგა. რამდენად აისახა ქვეყნის წინსვლა საქართველოს მოსახლეობაზე და რამდენად ნიშნავს ხელისუფლების კეთილდღეობა მოსახლეობის კეთილდღეობას, ამ საკითხებზე ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრ თემურ ქორიძეს ვესაუბრეთ. თუმცა ბატონ თემურს საუბრის დასაწყისში კონსტანტინე გამსახურდიას ერთი სკანდალური  განცხადების თაობაზე ვკითხეთ:

- წიგნში "დინების საწინააღმდეგოდ" (გვ. 153) კონსტანტინე გამსახურდია წერს, რომ "ზვიად გამსახურდიამ დაუყოვნებლივ ცნო ჩეჩნეთის დამოუკიდებლობა 1991 წლის შემოდგომაზე. ამ ნაბიჯმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია საპარლამენტო ოპოზიციის რიგებში... ისინი თვლიდნენ, რომ ჩეჩნეთის გამო არ ღირდა ჩრდილოელი მეზობლის განაწყენება". იქნებ ამ ფაქტის შესახებ გვიამბოთ.

- გულწრფელად მიკვირს და დღემდე ვერ გამიგია, რისთვის დასჭირდა ავტორს ასეთი რამის შეთხზვა და გამოქვეყნება. მართალია, ზვიად გამსახურდია დიდად აფასებდა ჩეჩენი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას, ახლო ურთიერთობა ჰქონდა ჯოჰარ დუდაევთან და მის მხარდამხარ ერთიანი კავკასიური სახლის შექმნაზეც ზრუნავდა, მაგრამ 1991 წელს, როდესაც საფრთხე თვით საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას დაემუქრა, ჩვენგან ასეთი ნაბიჯის გადადგმა თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა. ამიტომ მაშინდელი ხელისუფლება ჩეჩნეთის დამოუკიდებლობას ვერ აღიარებდა და, რაღა თქმა უნდა, არც უღიარებია. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მსგავსი თხოვნით ზვიადისთვის დუდაევსაც არ მიუმართავს. ის მეტად გონიერი პოლიტიკოსი იყო და ცხადია, არსებული მდგომარეობის მთელი დრამატიზმი კარგად ესმოდა. ამდენად, გაუგებარია, რას ემსახურება ასეთი განცხადება. საბედნიეროდ, ზვიად გამსახურდიასა და მის თანამებრძოლებს ნამდვილად ჰყოფნიდათ პოლიტიკური ალღო, რომ საქართველოს ბედი სასწორზე არ შეეგდოთ.

- როგორც ირკვევა, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებების გამოძიება გარკვეულ ძალებს არ უნდათ. კომისიის წევრებს თურმე ანგარიშსწორებითაც ემუქრებიან.

- ხსენებული კომისიის პატივცემულმა წევრებმა ეს საქმე ნებაყოფლობით იკისრეს, რაც უზარმაზარ პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული. ამიტომ დღეს მათი შიშნარევი ჭირვეულობა მთლად მოსაწონი არ უნდა იყოს. ზვიად გამსახურდიას მოწამებრივი აღსასრული ნამდვილად არ არის კერძო შემთხვევა. მასთან საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენებია დაკავშირებული და ვფიქრობ, გამოძიება არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ შინ მოპოვებული მასალების შესწავლით. საგამოძიებო კომისია ვალდებულია პოლიტიკური ხასიათის ფუნდამენტური დასკვნა გამოიტანოს სამსჯავროზე, აღიაროს ან უარყოს ზვიად გამსახურდიას აღსასრულთან დაკავშირებული ჩვენი ეროვნულ-სახელმწიფოებრიობისთვის როგორც შიდა, ისე გარეშე ხელის შემშლელი ფაქტორების არსებობა. სხვა შემთხვევაში, საპარლამენტო კომისიის საქმიანობა ჩვეულებრივ დეტექტივს დაემსგავსება და მას აღარ ექნება საზოგადოებრივ-პოლიტიკური მნიშვნელობა. არის კიდევ ერთი, არცთუ მეორეხარისხოვანი პრობლემა, რაც ჩვენი საზოგადოების შინაგან წინააღმდეგობებს უკავშირდება.

- ალბათ, სწორედ ამის გამო მოგვიწოდა უწმინდესმა და უნეტარესმა, რომ "ივერიელთა ტრაქტატზე" მოგვეწერა ხელი.

- ვწუხვარ, რომ  საზოგადოებამ ჯეროვნად ვერ შეაფასა ჩვენი სულიერი მამის ეს ნაბიჯი. შეიძლება ვცდები, მაგრამ რატომღაც მგონია, სწორედ ჩვენმა შინააშლილობამ გახადა იძულებული პატრიარქი, ქართველი საზოგადოებისთვის ამ მოწოდებით მიემართა. მან 1790 წლის ივერიელთა ერთობის ტრაქტატი გაიხსენა. როგორც ცნობილია, ეს შეთანხმება ქართულ სამეფო-სამთავროებს შორის გაფორმდა (ქართლ-კახეთი, იმერეთი, ოდიში და გურია). ესეც ჩვენი მძიმე მდგომარეობის გამო გახდა აუცილებელი. მგონი, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს ქვეყნის დაშლისა და დაქუცმაცების მასშტაბი, როცა მის ცალკეულ ნაწილს ერთმანეთთან ურთიერთობისთვის ტრაქტატის (შეთანხმების) დადება უხდებათ. თუკი გავითვალისწინებთ, რომ მანამდე (1783წ.) ქართველი მეფეები უცხო სახელმწიფოსთან (რუსეთი) აფორმებდნენ ტრაქტატებს, ამჯერად დაქვეითების სავალალო შედეგი იმდენად თვალში საცემი გახდა, რომ ტრაქტატი "შიდა მოხმარების" დოკუმენტადაც კი გადაიქცა. დღეს, თურმე, როგორც თავის დროზე მიხაკო წერეთელი შენიშნავდა: "კიდევ უფრო დაცემულ ვართ", რადგან იძულებული გავხდით, ტრაქტატი თითოეულ ქართველს შორის ურთიერთდამოკიდებულების გასარკვევად გაგვეფორმებინა. ალბათ, დარცხვენილი ვართ და ამიტომაც არ გვსურს პატრიარქის ამ მწუხარე შემოთავაზებაში ტრაგიკული ქვეტექსტი წავიკითხოთ. მადლობა პატრიარქს, რომ ყველას მიგვახვედრა ჩვენი დაცემის სიღრმე და ეს გააკეთა ისე, რომ სილაც კი არ გაუწნავს ჩვენთვის.

გამიკვირდა, ზოგიერთმა პოლიტიკურმა ლიდერმა ისეთი თვითკმაყოფილი სახით მოაწერა ხელი ამ ტრაქტატს, კაცი იფიქრებდა, საქორწინო აქტს ავსებსო... მაგრამ განა დღეს ამ ტრაქტატის სულისკვეთებით ვცხოვრობთ? ჩვენ ხომ ისევ მამაპაპურ ურთიერთწეწვაში ვართ ჩაბმული და როგორც გრიგოლ რობაქიძე იტყოდა, ისევ ძველებური მონდომებით ვამტკიცებთ, რომ "ქართველი ერის ყველაზე დიდი მტერი ისევ ქართველი ერია".

2008 წლის 20 იანვარს, ინაუგურაციის დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, ჩემს მემკვიდრეს  გაერთიანებულ საქართველოს დავუტოვებო, შემდეგ კი რატომღაც ეს საჯარო ფიცი  დაივიწყა და დღეს ხშირ-ხშირად იმეორებს, დავით აღმაშენებელმა გამეფებიდან 30 წლის შემდეგ დაიბრუნა თბილისიო. ამ გულმავიწყობის მიზეზი ნათელია: სააკაშვილმა კარგად იცის, რომ  დანაპირებს ვერ შეასრულებს, ის თავად არის დაბრკოლება საქართველოს გაერთიანების გზაზე, ხოლო, როდესაც პრეზიდენტობას დაასრულებს, ალბათ, იტყვის, დრო არ მეყოო.

კარგად ვიცით, რაც გვჭირს. ჯერ კიდევ როდის თქვა ილია ჭავჭავაძემ, ევროპა ვერ გახდება ჩვენი პატრონი, თუ საკუთარ თავს თავად არ ვუპატრონეთო. 22 წლის იყო ნიკოლო მიწიშვილი, როდესაც გამოაქვეყნა საოცარი წერილი "ფიქრები საქართველოზე", სადაც არის ფრაზა: "ჩვენი არსებობის მეტაფიზიკური ფორმულა არის ასეთი: წახვალ ინანებ, არ წახვალ, ინანებ. ჩვენ უნდა ვიპოვოთ, ისეთი გზა, სადაც არ ვინანებთ". ნუთუ ასე ძნელი მოსაძებნია გზა, სადაც არ ვინანებთ? დიახ, საკმარისი გონი გვაქვს, რომ ჩვენს ავადმყოფობას დიაგნოზი ჩვენვე დავუსვათ და სამშვიდობოს გავაღწიოთ, მაგრამ ამ გზაზე დღეს სანთლით რომ ვეძებოთ, სიბრძნეს ვერსად იპოვის ადამიანი.

-  თქვენ ბევრ რამეს აკრიტიკებთ, თუმც ხელისუფლება ამაყობს 6-წლიანი მმართველობის შედეგებით.

- ქალაქის სხვადასხვა ადგილას ხშირად წააწყდებით უზარმაზარ პანოს წარწერით: "საქართველო ჩაწყობის გარეშე". ხელისუფლება ამაყობს, რომ თურმე "ჩაწყობა" ერთხელ და სამუდამოდ დაამარცხა. ამას წინათ კი ქართულ პრესაში მხატვარ გოგი ჩაგელიშვილის მშვენიერი ინტერვიუ წავიკითხე, მაგრამ მისი ზედმეტად გულუბრყვილო აღსარების მიღმა თავზარდამცემი ფაქტი აღმოვაჩინე. რესპონდენტი თავის ბედკრულ ბავშვობაზე ლაპარაკობს. თურმე, მიზეზთა გამო გამუდმებით პროტექცია სჭირდებოდა, რადგან სწავლა ეძნელებოდა. მხატვარი გულწრფელად აღიარებს, ტექნიკუმშიც "ჩაწყობით" მიმიღესო. მართალი გითხრათ, მისმა ზედმეტმა გულახდილობამ გამაოცა: ქართული წერის გამოცდაზე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბებია, მზია წერეთელი დამეხმარაო. როდესაც ეს აღსარება წავიკითხე, მივხვდი, რატომაც არის გაავებული მიხეილ სააკაშვილი. წარმოიდგინეთ, რა მძიმე შთაბეჭდილებას დატოვებდა პატარა მიხეილზე ყოველდღიურად ჩამწყობი და კორუმპირებული ბებიის ცქერა... გაუგებარია, სააკაშვილი რატომ ავრცელებს თავის ოჯახში დამკვიდრებულ ამ ჩვევას მთელ ჩვენს ინტელიგენციაზე? თუ ბებიამისი იყო კორუმპირებული, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ილია ვეკუა, ნიკო მუსხელიშვილი და კორნელი კეკელიძეც კორუმპირებული იყვნენ.

როდესაც მიხეილ სააკაშვილი დაჟინებით ამტკიცებს, კორუფცია საქართველოში არ არსებობსო, ჩანს, ღრმა დალტონიზმთან გვაქვს საქმე. ასევე უცნაურია, დღენიადაგ რომ იმეორებს, ქვეყანაში ყველაფერი კარგად არისო,  მაშინ როდესაც ქართველი ხალხი გმინავს.