რას სთხოვს ბიძინა ივანიშვილის კურსელი პრემიერ-მინისტრს
06-05-2013
რას სთხოვს ბიძინა ივანიშვილის კურსელი პრემიერ-მინისტრს
"ნაციონალობა" ბოლშევიკური მიმდინარეობაა "მხედრიონული" ატრიბუტიკით"

"მგელი ჩავუყვანე ბიძინას საჩუქრად ჭორვილაში, მაგრამ დაცვამ არ შემიშვა"

"ბიძინასეული იდეა კარგია, მაგრამ სტრატეგია არ არსებობს"


"ბიძინა პრინციპული ადამიანია და ვფიქრობ, არასოდეს მოექცევა გარემოცვის ტყვეობაში. რასაც იტყვის, იმას აკეთებს და აუცილებლად ამოწმებს, მისი სიტყვა როგორ სრულდება. თუმცა, სახელმწიფოს მართვა კერძო პირის, თუნდაც მილიონერის ბიზნესსაქმიანობა არ არის და უკვე პრემიერ-მინისტრს მთავრობის წევრების გასაკონტროლებლად იმაზე მეტი ძალისხმევა მოუწევს, ვიდრე ბიზნესის მართვისას, თუნდაც მას მილიარდობით მოგება მოჰქონდეს. იმისათვის,
რომ ივანიშვილის სიტყვა საქმედ იქცეს, მას გამუდმებით უნდა ჰქონდეს ხალხთან ურთიერთობა, თორემ ადგილობრივი მმართველებისგან ვერასოდეს მიიღებს ზუსტ ინფორმაციას. ამიტომაც მოვედი თქვენთან, რომ აქედან ვუთხრა სათქმელი ბიძინა ივანიშვილს, რომელთან ერთადაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკურ ფაკულტეტზე ვსწავლობდი," -  ამბობს ვაჟა სულხანიშვილი, რომელსაც ივანიშვილის მსგავსად, წითელ დიპლომზე დაუმთავრებია
უნივერსიტეტი.


ბატონი ვაჟა "კვირის პალიტრას" პირველად რამდენიმე წლის წინ დაუკავშირდა, როდესაც საქართველოს ტყეებში მგლების სიმრავლე საშიში გახდა. მაშინ ხელისუფლებას საგანგებო ზომების მიღებას სთხოვდა. ამჯერადაც ხელისუფლების გამოსაფხიზლებლად გვეწვია რედაქციაში, თუმცა, მგლების შემოსევაზე უფრო მნიშვნელოვან საკითხზე - ქართული სოფლის, კერძოდ კი, თიანეთის რაიონის განვითარებაზე სალაპარაკოდ, სხვანაირად ჩემს კურსელს ხმას ვერ ვაწვდენო. არადა, სანამ ივანიშვილი პოლიტიკაში მოსვლას დააპირებდა, მანამდეც უცდია მასთან შეხვედრა, მგელი ჩაუყვანია საჩუქრად ჭორვილაში, მაგრამ თურმე, დაცვამ არ შეუშვა... ახლა ბატონი ვაჟა "ქართული ოცნების" წევრია. 

- ბიძინას მაშინ ზებრები ჰყავდა და ეტყობა, დაცვას შეეშინდა, რომ ჩემი ნაჩუქარი მგელი ეგზოტიკურ ცხოველებს მუსრს გაავლებდა...

ბიძინა ჩვენს ფაკულტეტზე მესამე კურსიდან გადმოვიდა, საღამოს დასწრებულზე სწავლობდა, რადგან დღისით მუშაობდა. 1980 წელს დავამთავრეთ უნივერსიტეტი, მე - მშენებლობის ეკონომიკის და ორგანიზაციის სპეციალობით, ბიძინამ კი მანქანათმშენებლობის ეკონომიკა და ორგანიზაცია შეისწავლა. ერთი შეხედვით ვერ გამოარჩევდი, მშრომელი და თავმდაბალი კაცი იყო, მაგრამ ურთიერთობისას თავს გამახსოვრებდა სიდინჯითა და გონიერებით. ახლახან შევიკრიბეთ კურსელები. მოვილხინეთ. თქვეს, ბიძინასაც გავუგზავნეთ მოსაწვევიო... ალბათ, ვერ მოიცალა...  

ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტი ვიყავი და ასპირანტურაც დავამთავრე, მაგრამ ჩვენს დროს თუ პატრონი არ გყავდა, ან ბიძინასავით თავდადებული არ იყავი, წინ ვერ წახვიდოდი. "ნაციონალები" რომ მოვიდნენ, როგორც 40 წელს გადაცილებული, "ჩამრეცხეს" და სამსახურიდან გამიშვეს. საგადასახადო ინსპექციაში ვმუშაობდი. არაფრად ჩააგდეს ჩემი პატიოსნება და დამსახურება, თუნდაც ის, რომ ყველაზე მძიმე წლებში, როდესაც "მხედრიონი" აოხრებდა საქართველოს, არაკანონიერი სამეწარმეო საქმიანობის გამო აქტი დავუწერე "მხედრიონელს". ასეთი რამ არავის გაუბედავს. ერთY-ერთი მხედრიონელი საწვავს ყიდდა მეტრო "სამას არაგველთან". აქტი ოთხ ტონა-ნახევარი ბენზინის უკანონო რეალიზაციის ფაქტზე შევუდგინე და საქმე სასამართლოს გადაეცა, რის გამოც მხედრიონელებმა კინაღამ ჯვარს მაცვეს. "ნაციონალებიც" "მხედრიონელების" მსგავსნი არიან, ეს არის 21-ე საუკუნის ბოლშევიკური მიმდინარეობა "მხედრიონული" ატრიბუტიკით, ამიტომაც არ მწამს მათთან კოაბიტაციის.
მიმაჩნია, რომ შერიგება შესაძლებელია მასთან, ვინც ქრისტესმიერი მონანიებით აღიარებს თავის ცოდვებსა და შეცდომებს, ამათთვის კი ღმერთი არ არსებობს და დანაშაულის და ცოდვის შეგრძნება როგორღა შეაწუხებთ?

როდესაც სამსახურიდან დამითხოვეს, ხომ არ დაველოდებოდი, ვინ გამომიჩნდებოდა ლუკმის მომწოდებელი - წავედი სოფელში და მამა-პაპისეულ მიწას მივხედე. როდესაც არჩევნები დაიწყო, ბიძინას თანამებრძოლთა გუნდში ჩავეწერე. თბილისში, ისნის რაიონში ვცხოვრობ, თიანეთში - სოფელ ჯიჯეთში. ვიმუშავე უანგაროდ, გასამრჯელოს გარეშე. ჩემს შვილს 50 000 ლარი კრედიტი ჰქონდა აღებული ბანკიდან და სამსახურიდან გამოაგდებდნენ, თუ შეიტყობდნენ, რომ "ქართული ოცნების" მხარდამჭერი და აქტივისტი ვიყავი. ვალს ვეღარ გადაიხდიდა, ბინას გაგვაყიდინებდნენ და თავზე დაგვემხობოდა ყველაფერი. ამიტომაც ზაქარია ქუცნაშვილს ვუთხარი, ჩუმად დაგეხმარებით-მეთქი.

- სულ უანგაროდ იმუშავეთ?

- რატომ უანგაროდ? მიმაჩნდა, რომ "ნაციონალების" წასვლა იქნებოდა ჩემი შრომის კარგი საზღაური.

- ახლა სოფლის მეურნეობას მისდევთ?
- დიახ, მაგრამ თუ სახელმწიფოს ხელშეწყობა არ გაქვს, ძნელია გლეხისთვის მეურნეობის განვითარება ისე, რომ თავის რჩენაც შეძლოს და ქვეყნის ეკონომიკასაც წაადგეს. თიანეთში მესაქონლეობა განვითარდებოდა, მთებისკენ მიმავალი გზები რომ არ დანგრეულიყო. კომუნისტების დროს გაიყვანეს ეს გზები. ხალხი სათიბად დადიოდა და ზამთრისთვის  საქონლის საკვებს იმარაგებდა. ახლა იმდენი ვერ ჩამოაქვთ, რომ ბევრი საქონელი იყოლიონ. ამ პრობლემის მოგვარება პირუტყვის ოდენობას გაასამმაგებდა. სოფლის მეურნეობის განვითარებას ფული სჭირდება, ბანკები კი ფულს არ იძლევიან.
მართალია, ბიძინამ თქვა, გლეხებს ფერმერებად ჩამოყალიბებაში უნდა შევუწყოთ ხელიო, მაგრამ  რაიონებში მაინც ისე ხდება ყველაფერი, როგორც ბანკებს სურთ. კრედიტს მხოლოდ იმას აძლევენ, ვისაც გამოცდილება აქვს ფერმერობისა. სოფლის განვითარების ივანიშვილისეული იდეა კარგია, მაგრამ სტრატეგია არ არსებობს.

ამიტომაც ადგილებზე ვერ გვარდება საკითხი, სინამდვილეში არავინ იცის, რა სჭირდება ხალხს. იმას არ ვამბობ, რომ ხელისუფლების პირველმა პირებმა ქართველი მეფეებივით ინით შეიღებონ წვერი და ხალხში გადაცმულებმა იარონ, მაგრამ საჭიროა საზოგადოებასთან ურთიერთობა, რათა გაიგო, რა სურს მათ, რა უჭირთ და როგორ უნდა დაეხმარო, რომ შემდეგ თავად დაეხმარონ სახელმწიფოს.

- თიანეთს რისი წარმოება შეუძლია?

- მესაქონლეობის შესახებ უკვე გითხარით... ხილის გადამმუშავებელი ქარხანა რომ აშენდეს, თიანეთში ეკოლოგიურად სუფთა ხილის წვენებს ვაწარმოებდით, რაც მთელ მსოფლიოში ძვირად ფასობს. იქვე იორია და ზაფხულის ტურიზმის განსავითარებლად კოტეჯების მოწყობაც შეიძლება. 

- ადგილობრივი ხელისუფლებიდან არ მოდის არავინ ხალხთან სალაპარაკოდ?
- დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი ჩამოდის ხოლმე, მაგრამ ჩემთან დასალაპარაკებლად ვერ იცლის, უამრავი ხალხი დასდევს ათასი სათხოვრით. არადა, მეც მინდა დახმარება, რომ საქართველოს ფლორისა და ფაუნის კვლევის ცენტრი შევქმნა. ფშავლები ჩივიან, ბოლო ორი წელია, არჩვს რომ დავიჭერთ, სახტად ვრჩებით, ქონის ნასახი არ აქვსო. გამოკვლევა უნდა, რა არის ამის მიზეზი.
ბევრი სამკურნალო მცენარე გვაქვს გამოუყენებელი, არადა ფიტოთერაპიას ხომ დიდი ყურადღება ექცევა თანამედროვე მსოფლიოში... რუსებს იაპონიაში გააქვთ გვიმრის მწნილი. დამზადდეს ჩვენთანაც, დაიდოს იაპონელებთან კონტრაქტები...

ბევრი კარგი იდეის განხორციელება შეიძლება, მაგრამ იმ გარემოს უნდა იცნობდე, სადაც იდეა ჩნდება, გარემოს კი ადგილობრივ მოსახლეობაზე უკეთ ვერავინ გაგაცნობს. ვიწვევთ ბატონ ბიძინას თიანეთში. ის ხალხის რჩეულია და არ უნდა დაშორდეს მათ.
metkeve
11 ივლისი 2013 16:17
მეგობრებო,ეს ადამიანი ტყუილს ამბობს,მისი შვილი მუშაობდა და მუშაობს გარემოს დაცვის სამინისტროში სამმართველოს უფროსად,იყო და არის ნაციონალური მოძრაობის წევრი და მხარდამჭერი,მათმა დააწინაურეს,კაპიკებში იყიდა მიწა თბილისში და ააშენა მაღაზია და ავტოსამრეცხაო,იკითხეთ მისი შვილის სახელი სამსახურში
david bobohia (ЦЕНДИХ)
13 მაისი 2013 00:33
ბატონო ვაჟა,თქვენს კურსელ მილიარდელპრემიერს სჯობდა თქვენ წარედგინეთ პრეზიდენტობის კანდიდატად,რადგანაც თქვენ ხარისხიც- გამოცდილებაც და კარგი პროგრამაც გაქვთ რეგიონალური განვითარების.ხოლო მისი კანდიდატის მარტო შეპირება ვნახეთ,უფასო სახემძგვანელოებისა,მე ვშიშობ, იმ ხე-ტყეს რისგანაც ქაღალდი მზადდება ქარიშხალმა არ გადაუაროს ან ბევრი სხვა Fორს-მაჟორული მოვლენები არ მოხდეს,ჯერ შეესრულებინა დანაპირები და მერე პრეზიდენტობაზე ეფიქრა,თორემ ბავშვებს მაგარი მეხსიერება აქვთ.
merabi
08 მაისი 2013 13:26
მედულიკო, სანამ სხვას წერას დაუწუნებ, იქნებ შენი ცოდნაც გადაამოწმო? ან იქნებ დაწერილს გადახედო სანამ "გაგზავნა"-ს დააჭერ ხელს?

რედაქტორის რჩევით