მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები
06-05-2013
მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები
შავი ლაქები

კი ბატონო, დარბევა არ ყოფილა, დაშლა იყო. კი ბატონო, ისე სასტიკად არ სცემეს აქციის მონაწილეებს, როგორც ამას წინა ხელისუფლება აკეთებდა, კი ბატონო, სტუდენტები კანონს არღვევდნენ, როდესაც კედლები დაჩხაპნეს და ქუჩა გადაკეტეს, და რა მერე? თქვენ ფიქრობთ, ამის გამო 1-ელ მაისს შსს-ს საქციელი უნდა მოვიწონოთ? თქვენ ფიქრობთ, რომ ახლა ის უნდა ვარკვიოთ, ვინ უფრო სასტიკად არბევდა მიტინგებს და ღარიბაშვილს მადლობა ვუთხრათ, რომ მომიტინგეები არ დაასისხლიანეს, რომ მათ პოლიციაში არ
სცემეს (თუმცა ერთი სტუდენტი იფიცება, მცემესო!@)? კი ბატონო, ვეტყვი ამის გამო მადლობას, აღვნიშნავ პროგრესს, მაგრამ მთავარ კითხვას მაინც დავსვამ: რა მოხდებოდა, საერთოდ რომ არ დაეშალათ აქცია ძალის გამოყენებით? რატომ იყო ამის აუცილებლობა? ეს გადაწყვეტილება იმიტომ ხომ არ მიიღო შსს-მ, რომ ძალის დემონსტრირება სურდა? ასევე ლეგიტიმურია
კითხვა: სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილ პოლიციელებს რა უნდოდათ აქციის დასაშლელად? მომიტინგე როგორ უნდა მიხვდეს, ვინ მოუწოდებს მას წესრიგისკენ? ჯოხი ესროლეს პოლიციელსო. პოლიციელს კი არა, სამოქალაქოტანსაცმლიან ტიპს, რომელიც სტუდენტს სადღაც მიათრევდა. ან რატომ დაიჭირეს ჟურნალისტები? რას აშავებდნენ?

პოლიციელმა არ უნდა იცოდეს, რომ ჟურნალისტისთვის საქმიანობაში ხელის შეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია?!

კი ბატონო, უნდა დაჯარიმდნენ ის სტუდენტები, ვინც კედლებზე წარწერებს აკეთებდნენ, მაგრამ დაისჯებიან ის პოლიციელები, ვინც ძალას გადაამეტა ან ჟურნალისტს საქმიანობაში ხელი შეუშალა? აი, ეს არის საკითხავი. თუ მომიტინგე უნდა დაისაჯოს კანონის დარღვევისთვის, პოლიციელს რატომ უნდა ეპატიოს? და რომ ეპატიებათ, ამის თქმის საფუძველს ღარიბაშვილის განცხადებები მაძლევს: განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, რადგან ამგვარი რამ ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში ხდებაო. ზუსტად იმავეს ამბობდნენ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები - განა ევროპაში არ გინახავთ ნაცემი და დასისხლიანებული მომიტინგეებიო? და კიდევ ერთი მარგალიტი ღარიბაშვილის გამოსვლიდან: "მიკროფონი ყველას შეიძლება ეჭიროს." ამ განცხადების შემდეგ როგორ ფიქრობთ, დაისჯებიან ის პოლიციელები, რომლებსაც ჟურნალისტს საქმიანობაში ხელი შეუშალეს? მეეჭვება.

განა არ შეიძლებოდა ეცლიათ მიტინგის დამთავრება და შემდეგ დაებარებინათ სასამართლოში ის ახალგაზრდები, ვინც კედლებზე წარწერები გააკეთეს და დაეჯარიმებინათ? თუ დანაშაულის აღკვეთაზე ვსაუბრობთ, ეს არ გამოდის, რადგან როდესაც მიტინგის დაშლა დაიწყო, მომიტინგეები უკვე წარწერებს აღარ აკეთებდნენ, მიტინგი გზის გადაკეტვის მიზეზით დაშალეს. ესეც შეიძლება კანონდარღვევაა, მაგრამ ჩემთვის უფრო დიდი ღირებულება გამოხატვის თავისუფლებაა, ამიტომ აქ თავისუფლად შეიძლებოდა აქციის არდაშლის გადაწყვეტილების მიღება და ჩვენთვის წარსულის ცუდი მოგონებების არგაღვიძება. ვიდრე არ მივიღებ პასუხს კითხვაზე, რატომ იყო აუცილებელი მიტინგის ძალისმიერი მეთოდით დაშლა, მანამდე ვიფიქრებ, რომ შსს-მ ძალის დემონსტრირება მოახდინა. დაბოლოს: არაფერს ვამტკიცებ, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავება არ იგეგმებოდა და საქმე აღძრული არ იყო. რა თქმა უნდა, იყო, მაგრამ იმავე დღეს, საღამოს ცხრა საათზე, ამ ადამიანების დაჭერა და სასწრაფოდ ბრიფინგის მოწყობა ძალიან ჰგავდა ვანო მერაბიშვილისეულ გადაფარვის ხელოვნებას.

ხაჩიძეობას გადარჩა, მაგრამ...

ეუბნებოდნენ "ნაციონალები" ბიძინას, არ გინდა შევარდნაძის დროინდელი ჩინოსნებიო და აჰა!.. გაიძახოდა, არ შეიძლება ადამიანის იმის გამო დაწუნება, რომ შევარდნაძესთან მუშაობდა. მაშინაც იყვნენ პატიოსანი მოხელეებიო. იმას კი არ ვამბობ, რომ კორუფციულ სქემაში კირვალიძეც იყო გარეული, მაგრამ ფაქტი ხომ ფაქტად რჩება: ახალი ხელისუფლების პირობებში პირველი მსხვილი კორუფციული საქმე სწორედ იმ სამინისტროში გამოვლინდა, რომელსაც შევარდნაძის დროინდელი მოხელე ხელმძღვანელობდა.

არადა, კირვალიძეზე მართლა გული დამწყდა. ერთხელ მყავდა სტუმრად "პალიტრა ტვ"-ის ეთერში და ჩემზე უაღრესად კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. საქმეშიც გარკვეული ჩანდა, არც გულისხმიერება აკლდა. ნამდვილად არ მეგონა, ასე თუ დაამთავრებდა. თუმცა ოფიციალურად ის ჯერ არ არის გადამდგარი, მხოლოდ უფლებამოსილება შეიჩერა გამოძიების დასრულებამდე, - იმედი მაქვს, ჩემი თანამშრომლები, რომლებიც ამავე დროს ჩემი მეგობრებიც იყვნენ, უდანაშაულონი აღმოჩნდებიანო. პირადად მე მისი უკან დაბრუნების იმედი აღარ მაქვს, თუმცა ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...
ამ ეტაპზე კი ბატონ კირვალიძეს აქტივში შეგვიძლია ის ჩავუთვალოთ, რომ გადადგომა თავად მოისურვა და არ მოერიდა თავისი თანამშრომლების გამო პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას. რომ არ გადამდგარიყო, გოგა ხაჩიძე იქნებოდა, რომელსაც ლამის ნახევარი სამინისტრო დაუჭირეს და მაინც თანამდებობაზე დარჩა. მოკლედ, ხაჩიძეობას გადარჩა, თუმცა, არ ვიცი, ეს კირვალიძისთვის რამდენად არის შეღავათი.
vaso
08 მაისი 2013 20:55
სოფლის დახმარების პროგრამა დროული და მნიშვნელოვანია,მაგრამ ადგილებზე დიდი ხარვეზებით მიმდინარეობს,ძალიან ცუდად იმუშავეს აღწერაზე.ძალიან ბევრმა ადამიანმა ვერ მიიღო კუთვნილი დახმარება.ყველაფერს ივანიშვილი ხომ ვერ გააკეთებს პირადად.უნდა დაისაჯოს ყველა ვინც ამ მნიშვნელოვან საქმეს არასერიოზულად და დანაშაულებრივად მიუდგა.
Tazo
07 მაისი 2013 14:45
ბატონო მერაბ ნაცების 9 წლიანი მმართველობის დროს თუ გახსენდებათ, რომელიმე პარლამენტარი (მანიაკი თარგამაძის გარდა), რომელიც აქციის მონაწილეების დარბევას აშკარად, საჯაროდ მოითხოვდა? რაც მოითხოვა კობა დავითაშვილმა ქუთაისში მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდე?
kako
07 მაისი 2013 11:15
საეთოდ არ მიმაჩნდა სწორად ე.წ. ვაუჩერებისა და დახმარებების გაცემა არც სააკაშვილის დროს და არც ამჟამად. მაგრამ ერთი რამე უნდა ვაღიარო, ნაცების მთავრობა ამ საკითხში ბევრად ოპერატიულად ირჯებოდა. სააღდგომოდ ზესტაფონში ვიყავი და გავარკვიე, რომ იქაური სოფლების უმეტესობას ჯერ სახნავი ვაუჩერი არ მიუღია. ტრაქტორისტი იმ გლეხებს ვისაც ვაუჩერი არ აქვს ფულზე მიწას არ უხნავს, დამიჭრენო. გამოდის, რომ ვაუჩერებმა უფრო შეაფერხა საგაზაფხულო სამუშაოები (ზემო იმერეთში ხვნა-თესვა აპრილში მთავრდება). ახლა ვინაა პასუხისმგებელი, რომ გლეხებს ვისაც საკუთარი მინი ტრაქტორი არ ყავთ მიწა დაუმუშავებელი დარჩა?

რედაქტორის რჩევით