ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი - კვირის პალიტრა

ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი

ნატოსკენ, ნატოსგან, ნატოში ...

როგორც პოპულარული ინტერნეტ-გამოცემა  Eurasianet-ი და მისი ავტორი ჯოშუა კუცერა იტყობინება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მომავალ წელს ნატოში გაწევრების სამოქმედო გეგმის (MAP) მიღებას აპირებს. კეთილი და პატიოსანი, ეს ხელისუფლების ოფიციალური პოზიციაა და ამით, წესით, წერტილი უნდა დაესვას ეჭვსა და კითხვებს ახალი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკური კურსის თაობაზე.

პარალელურად, გავრცელდა ინფორმაცია ნატოში შესვლის სურვილთან დაკავშირებული ხელახალი რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე. მნიშვნელობა არა აქვს, ვინ იყო ამ თემის აგორების ავტორი თუ ინიციატორი, ფაქტია, რომ ნატოში გაწევრების სურვილთან დაკავშირებით სატესტო რეჟიმი ჩაირთო; ანუ დაიწყო საზოგადოების გატესტვა იმის თაობაზე, როგორ შეიძლება მიიღოს მან ხელახალი რეფერენდუმის იდეა: თუ ყალყზე ამდგარი შეხვდება და იტყვის, რომ მისი პოზიცია ნატოში გაწევრებაზე უცვლელია, მაშინ თავისთავად აზრს კარგავს რეფერენდუმის ჩატარება. თუ მშვიდად და აუღელვებლად მოისმენს და გაატარებს საზოგადოება ნატოსთან დაკავშირებულ ახალი რეფერენდუმის თემას, ეს, ფაქტობრივად, წინასწარი პასუხი იქნება რეფერენდუმზე. და ეს პასუხი იქნება: უარი ნატოს.

შექმნილ ვითარებაში ყველაფერს რეალურად გადაწყვეტს სწორედ საზოგადოების დამოკიდებულება ამ სტრატეგიული საკითხის მიმართ, რადგან ნატოში გაწევრებისთვის, გარდა უშუალოდ ნატოს წევრთა ან ჩვენი ხელისუფლების სურვილისა და მზაობისა, საზოგადოების განწყობა უმნიშვნელოვანესია.

და თუ მაინც ამ რეფერენდუმს ჩატარება უწერია, ჩემი ერთი მეგობრის იდეას მოგახსენებთ: მაშინ ჩატარდეს საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად, რათა ყველა საპრეზიდენტო კანდიდატმა საჯაროდ დააფიქსიროს თავისი პოზიცია ნატოში გაწევრებაზე და ამომრჩეველიც აირჩევს არა მხოლოდ კონკრეტულ პირს პრეზიდენტის პოსტზე, არამედ საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციასაც.

ძირს მეწარმე, მაღლა მუშა

როგორი ზედაპირული იყო "ნაციონალური" ხელისუფლება საკუთარ საზოგადოებასთან და თავის მხრივ, დასავლეთიც როგორ არ ფლობდა რეალურ ინფორმაციას საქართველოს საზოგადოებაში მიმდინარე ღრმად დაფარულ პროცესებსა თუ განწყობებზე, ამას დღევანდელი რეალობა მოწმობს: როცა „უცნობი“ თავის კარგად ნაცნობ კლიპს წერდა - "მოდის, მოღელავს ახალი თაობა, ახალი თაობა და მოძრაობაო", ალბათ, ვერც წარმოიდგენდა, რომ მოდიოდა თაობა ლოზუნგებით: თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა; ძირს კაპიტალისტები, ქარხნები - მუშებს; სოციალური სოლიდარობის და საზოგადოებისა და ქვეყნის სოციალისტური პრინციპებით მოწყობის მოთხოვნით. და თანამედროვე სტუდენტების ეს საკმაოდ სოლიდური ნაწილი ყველაზე ორგანიზებულად, ანთებულად და იდეის გარშემო შეკრულად გამოიყურება, სერიოზული განათლებითა და სათანადო ბაზით.

სიმართლე გითხრათ, ამას ვერც ჩვენ, სულ რაღაც 25 წლის წინ სოციალისტური წყობის გადაგდებისა და საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით უნივერსიტეტის კიბეებზე ჩამომჯდარი თაობა წარმოვიდგენდით.

დღეს კი ასეთია ახალი ქართული რეალობა, რაც მოწმობს ერთ რამეს: რამდენად ცოტა გვცოდნია ჩვენც და ჩვენს დასავლელ პარტნიორებსაც 9-წლიანი "კარნავალური" მმართველობის მიღმა საზოგადოებაში მიმდინარე დუღილის პროცესებზე. ეს კი კარგი გაკვეთილი უნდა იყოს, სწორედ დასავლეთისთვის, თუ მათი ინტერესიც საქართველოსადმი ზედაპირული და მოკლევადიანი არ იყო.