"იდეებ რა ვუყო!.." - კვირის პალიტრა

"იდეებ რა ვუყო!.."

შაბათს ტელევიზორი ჩავრთე და ვხედავ: პრეზიდენტი ბათუმში ახალი სასტუმროს ფონზე დგას და ლაპარაკობს. ვა, ეტყობა, სასტუმროს ხსნის. ერთი მოვუსმინო, აუცილებლად იტყვის რამეს ისეთს, რაც ჩემი რუბრიკისთვის გამომადგება. გასაგებია, რომ სასტუმროს ხსნის, მაგრამ გვერდით რაღაც თეთრ ნაჭერში გახვეული უდგას.ნეტავ ეს რა არის? სასტუმრო იხსნება, ძეგლი ხომ არა, თეთრი ნაჭერი რომ ჩამოხსნან! ვიდრე ლაპარაკს მორჩებოდა, მოვკვდი ინტერესით, რა არის ამ თეთრი ნაჭრის ქვეშ-მეთქი. აი, სიურპრიზი! თეთრი ნაჭრის ქვეშ საბჭოთა პროჟექტორი ყოფილა. პროჟექტორი საჩუქრად სასტუმროს ამშენებელ თურქ ბიზნესმენს გადაეცემა! მართლაც ორიგინალური საჩუქარია! წარმომიდგენია, როგორ მოიფიქრა უცებ ეს ყველაფერი სააკაშვილმა, როგორ მოითხოვა, მომიტანეთ სასწრაფოდ ძველი პროჟექტორიო. შეიძლება ბოლომდე მისმა ხელქვეითებმაც არ იცოდნენ, რაში სჭირდებოდა პრეზიდენტს ძველი, დაჟანგული საბჭოთა პროჟექტორი. მომიტანეთ და გაიგებთ! ვა, ნეტა რად უნდა? არ გინდა ახლა საბჭოთა პროჟექტორის მოძებნა? მაგრამ, როდესაც პრეზიდენტი ითხოვს, უნდა გააჩინო! გააჩინეს. დადგით სასტუმროს წინ და თეთრი ნაჭერი ჩამოაფარეთო. ვა, რას აპირებს?! და უცებ: - აი, თქვენ, საჩუქარი იმის სიმბოლოდ, რომ რუსი ქართველ და თურქ ხალხს ვეღარასოდეს გაყოფს, როგორც საბჭოთა პერიოდში გვყოფდა და ამ პროჟექტორით აკონტროლებდა. ეს პროჟექტორი კი არა, გველეშაპის თვალია. აი, მიგნება! სააკაშვილი პოლიტიკური მეტაფორების ნამდვილი დიდოსტატია! გინახავთ სადმე სასტუმროს ასეთი ორიგინალური გახსნა? ვერც ნახავთ! სააკაშვილი ერთია და ისიც ჩვენ გვყავს. გასკდით გულზე! ჯერ სადა ხართ! ამ სასტუმროს მშენებლობა 2010 წლის გაზაფხულზე დასრულდება და ვინ იცის, მანამდე მას პრეზიდენტი კიდევ რამდენჯერ გახსნის! მერე როგორც თქვა, ეს დასაწყისია, კიდევ ათეულობით აშენდება ასეთიო. ახლა თითო სასტუმრო მინიმუმ სამჯერ ხომ უნდა გახსნას: ჯერ საძირკვლის ჩასხმა, მერე შავი კარკასის დასრულება, მერე თეთრის. დათვალეთ, რამდენი გახსნა გამოვა. ყველა გახსნა ასეთი ორიგინალური თუ იქნება, მოსაწყენად ნამდვილად არ გვეცლება.

პრესსპიკერი

სააკაშვილი მართლაც თანდათან სწავლობს პრეზიდენტობას. ამის ნათელი დასტური პრესსპიკერის პოსტის შემოღებაა. ასეთი პოსტი ყველა ნორმალურ ქვეყანაში არსებობს. ყველა ნორმალურ ქვეყანაში პრეზიდენტის სახელით განცხადებებს ძირითადად პრესსპიკერი აკეთებს ხოლმე. სააკაშვილს ადრეც ჰქონია მცდელობა პრესსპიკერის ყოლისა, მაგრამ ამას მხოლოდ ფორმალური ხასიათი ჰქონდა. ჩანს, მანანა მანჯგალაძის შემთხვევა სხვაა. კარგია, რომ სააკაშვილი ბოლოს და ბოლოს, ამ მხრივ ცივილიზებული ქვეყნების ცივილიზებულ პრეზიდენტებს დაემსგავსა. ცუდი ისაა, რომ ამ ელემენტარული საკითხის მოსაგვარებლად და მისახვედრად მთელი ექვსი წელი დასჭირდა. ვაცალოთ ამ კაცს, როგორც ჩანს, ნელ-ნელა სწავლობს!

აღიარება

ამას წინათ ტელეკომპანია "იმედმა" ერთთი კვირის დაგვიანებით ვარდების რევოლუციას სპეციალური გადაცემა მიუძღვნა. გადაცემაში დიდი დრო დაეთმო ინტერვიუს ვარდების რევოლუციის მთავარ გმირთან, მიხეილ სააკაშვილთან. პრეზიდენტმა ტრადიციულად ბევრი საინტერესო რამ თქვა. მაგალითად, დღევანდელი ოპოზიციის გასაგონად: "თუ საზოგადოებას ეუბნები, რომ შედეგს მიიღებ, უნდა მიიღო, თორემ მერე არავინ გენდობა... მაშინ უკან რომ დაგვეხია, დაშინებული მთავრობა გათამამდებოდა და შეიძლებოდა უარესი ექნა ქვეყნისთვის". კიდევ უამრავი საინტერესო დეტალი იყო მის გამოსვლაში. ახლა ამ ინტერვიუს დაწვრილებით განხილვას არ ვაპირებ. მხოლოდ ერთ ეპიზოდს გავიხსენებ. ჟურნალისტი ეკითხება პრეზიდენტს, - დღევანდელი გადმოსახედიდან წარმატებული იყო თუ არა ვარდების რევოლუციაო? სააკაშვილი პასუხობს: "ჩვენ მივაღწიეთ იმაზე მეტს, ვიდრე მე ყველაზე გაბედულ ოცნებებში შემეძლო წარმომედგინა. მე ვიცოდი, რომ ჩვენ ბოლომდე თავზე ხელაღებულები ვიყავით... ცოდნა კი გვქონდა, მაგრამ იმის მეათედიც არა, რაც საჭირო იყო და თანდათან შევიძინეთ".

სიმართლე გითხრათ, პირველად რომ ვნახე ეს გადაცემა, ამ სიტყვებისთვის ყურადღება არც მიმიქცევა. მერე, როდესაც მითხრეს, მიშამ თავისი პირით თქვა, ჩვენ თავზე ხელაღებულები ვართო, არ დავიჯერე. სპეციალურად ინტერნეტში მოვძებნე და თავიდან ვნახე ეს გადაცემა. უბრალოდ, თავზე ხელაღებულები კი არა, ბოლომდე თავზე ხელაღებულებიო. თან მარტო მე კი არაო. მრავლობითი ფორმა გამოიყენა... ერთ მშვენიერ დღეს მას შეუძლია ასევე მშვიდად გვითხრას: - ბოლომდე თავზე ხელაღებული ვიყავი, როდესაც მომიტინგეების დარბევისა და ტელეკომპანიაში სპეცრაზმის შეყვანის ბრძანებას ვიძლეოდიო; ბოლომდე თავზე ხელაღებული ვიყავი, როდესაც ცხინვალზე შეტევის დაწყების ბრძანებას გავცემდიო და ა.შ.

სააკაშვილის იმ ინტერვიუს ზემოთ მოყვანილ ნაწყვეტში კიდევ ერთი საინტერესო დეტალია: თავზე ხელაღებულები კი ვიყავით, მაგრამ წარმატებისთვის ცოდნა იყო საჭირო, რაც მინიმალური გაგვაჩნდა და მერე შევიძინეთო. ანუ, თან ქვეყანას ვმართავდით, თან ვსწავლობდითო. გამოდის, ჩვენი ქვეყანა სასწავლო ცენტრი ყოფილა, პრაქტიკის გასავლელი ე.წ. ექსპერიმენტის ადგილი.  გინდათ ისწავლოთ ქვეყნის მართვა? გახდით საქართველოს პრეზიდენტი! ისეთი პირობებია, შედეგი გარანტირებულია!

პატრიარქმა, - დარგეთო...

პატრიარქმა ხალხს ლოცვა-კურთხევა მისცა, ხეები დარგეთო. დატრიალდა ქართველი ხალხიც, დაიწყეს ხეების რგვა. თანაც პატრიარქმა დააკონკრეტა, - წელიწადში თორმეტი ძირიო. დატრიალდა არა მარტო ხალხი, პირველ რიგში ხელისუფლება. აქაოდა, შემოგვხედეთ, პატრიარქის კურთხევას როგორ ოპერატიულად ვეხმაურებითო. პრეზიდენტმა მეორე დღესვე დარგო ერთი ნერგი ბათუმში, თან განაცხადა, - პატრიარქმა თქვა, ნერგი ორი ხელით უნდა გეჭიროთო და მეც ორი ხელით მიჭირავსო. ეს ყველაფერი კარგია. ხეების დარგვას რა სჯობია, მაგრამ ყველაფერზე პატრიარქმა თუ არ მოგვიწოდა, ჩვენით ვერ უნდა მივხვდეთ, რა არის კარგი და რა ცუდი? თუ ასე გაგრძელდა, მალე შეიძლება პატრიარქს იმის მოწოდება დასჭირდეს, ჭამის წინ ხელების დაბანა არ დაგავიწყდეთო.