შვეიცარიის ელჩი - "ორივე კარგად მოიქცა: კირვალიძეც და პრემიერიც" (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

შვეიცარიის ელჩი - "ორივე კარგად მოიქცა: კირვალიძეც და პრემიერიც" (ექსკლუზივი)

ექსკლუზიური  ინტერვიუ შვეიცარიის ელჩ  ბატონ გიუნტერ ბეხლერთან

"კირვალიძის გადაწყვეტილება იყო ევროპული ყაიდის მაგალითი"

"არ ხდება "წითელი ხაზების" გადაკვეთა, რაც გონივრული მიდგომაა"

საქართველოში შვეიცარიის სრულუფლებიანი ელჩის, გიუნტერ ბეხლერის ღია წერილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისადმი, რომელშიც მან ევროპის რიგ დაჯგუფებებს ახალი ხელისუფლების მიმართ ორმაგი სტანდარტის გამოყენებაზე მიუთითა, საქართველოსა თუ ევროპაში მძაფრი მსჯელობის საგნად იქცა. "კვირის პალიტრისათვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ჰერ ბეხლერმა საქართველოს საგარეო და საშინაო გამოწვევებზე ისაუბრა.

- გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ თქვენმა ღია წერილმა თავის დროზე დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია...

- ეს, რა თქმა უნდა, ელჩისათვის უჩვეულო ნაბიჯი იყო, რამაც ბევრ ჩემს კოლეგას ცნობისმოყვარეობა გაუღვიძა. უმეტესობამ ჩემი ეს გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა - ჩემს აზრს ბევრი იზიარებდა, ისინი მოხარულები იყვნენ, რომ მე, მათმა კოლეგამ, ვცადე, განმემუხტა ის დაძაბულობა, რომელიც რიგი საერთაშორისო დაჯგუფებების განცხადებებს მოჰყვა.

- იქნებ ჩავუღრმავდეთ თქვენი ამ ნაბიჯის მოტივებს. გააკეთებდით თუ არა იმავეს, შვეიცარია რომ ევროკავშირის წევრი ყოფილიყო? მისაღები იქნებოდა თუ არა თქვენგან მსგავსი წერილის გამოქვეყნება?

- მეტად საგულისხმო შეკითხვაა. როგორც დემოკრატი, ვფიქრობ, ევროკავშირში არსებობს საკმარისი თავისუფლება, რათა წევრი ქვეყნების საგარეო მისიებმა საკუთარი აზრი თამამად გამოხატონ. ასე რომ, მე მაინც იმავეს გავაკეთებდი...

- დასავლური პუბლიკაციებისა და ზოგიერთი დასავლელი ლიდერის განცხადებების ფონზე, ჩნდება აზრი, რომ წინა ხელისუფლებას ბევრად მეტი გავლენა აქვს ევროპის პოზიციაზე, ვიდრე ახლანდელს...

-    არც არის გასაკვირი, რადგან მათ ამისთვის 9 წელი ჰქონდათ და ამ ხნის მანძილზე მოახერხეს მტკიცე ურთიერთობების ჩამოყალიბება ევროპის ზოგიერთ ანგარიშგასაწევ ძალასთან. ახალი, თუნდაც დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება კი ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობების დალაგებას, პრაქტიკულად, თავიდან იწყებს. ამას გარკვეული დრო სჭირდება და სწორედ ამის წარმოჩენა იყო ჩემი წერილის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რათა ხაზი გამესვა იმისთვის, რომ ახალი ხელისუფლებისკენ მიმართული მითქმა-მოთქმა და კრიტიკა ყოველთვის არ იყო გამართლებული. ყველას აქვს უფლება იკითხოს - რატომ ვერ ასრულებს ხელისუფლება დანაპირებს, მაგრამ არა მაშინ, როდესაც ამ დანაპირების შესრულებისთვის საჭირო დრო არ გასულა. როდესაც მოსახლეობის უმრავლესობა  ფიქრობს, ეს ჩვენი საუკეთესო მთავრობააო, უცხოელმა დიპლომატმა ამ აზრს ანგარიში უნდა გაუწიო და თქვა, - კი, ბატონო, მოდით, ერთად ვიმუშაოთო!

-  ამაში ალბათ წვლილი ქვეყნის საგარეო პოლიტიკამაც უნდა შეიტანოს. რას ფიქრობთ დღევანდელ საგარეო კურსზე და ქვეყნის ევროატლანტიკურ პერსპექტივებზე? წინა ხელისუფლების წარმომადგენლები თავგამოდებით ამტკიცებენ, რომ საქართველომ გადაუხვია დასავლეთის კურსს...

- არ ვიზიარებ ამ შეხედულებას, ვთვლი, რომ მეტწილად საგარეო კურსი შეუქცევადად მიდის დასავლეთისაკენ. ამასთან, შეინიშნება დადებითი ცვლილებებიც, მაგალითად, რუსეთთან თანამშრომლობის სურვილი, მაგრამ არა ევროპული კავშირების დაზიანების ხარჯზე. ეს ადრინდელთან შედარებით განსხვავებული ტონი, განსხვავებული რიტორიკაა. ამავდროულად, არ ხდება "წითელი ხაზების" გადაკვეთა, რაც გონივრული მიდგომაა.

- როგორც მედიატორი მხარის წარმომადგენელმა, იქნებ კრიტიკული თვალით შეაფასოთ ჟენევის მოლაპარაკებები, რომელიც უკვე ოც რაუნდზე მეტია, საგრძნობი პროგრესის გარეშე მიმდინარეობს.

- მართლაც, რამე განსაკუთრებული მიღწევა, რაც არსებულ სიტუაციას ძირეულად შეცვლიდა, ჟენევის მოლაპარაკებებს ჯერ არ მოჰყოლია, მაგრამ ამის იმედი ამ ეტაპზე არც უნდა გვქონოდა. მოლაპარაკებები ღირებულია იმით, რომ არ ხდება მხარეების გაუცხოება. მონაწილე მხარეები ერთ მაგიდას უსხედან და შეიძლება ერთმანეთს ხშირად არ ეთანხმებიან, მაგრამ ერთმანეთის პოზიციას უსმენენ, რაც, საბოლოოდ, ხელს შეუწყობს საერთო კომპრომისის მოძებნას.

ყველაზე ცუდი, რაც ამ სიტუაციაში შეიძლება მოხდეს, არის  დიალოგის შეწყვეტა; მოლაპარაკებების თითოეული რაუნდი, უაღრესად მნიშვნელოვანია. თუ მოლაპარაკებები შეწყდება, შესაძლოა, მეორე დღეს ხალხს უკვე აღარც სურდეს შერიგება.

-   ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენებზეც ვისაუბროთ. რა კომენტარს გააკეთებდით ახალგაზრდული აქციის პოლიციის მიერ ძალის გამოყენებით დაშლაზე?

- ყველას აქვს უფლება, გამოხატოს საკუთარი აზრი, მათ შორის ქუჩაში, გამართოს კანონიერი და მშვიდობიანი დემონსტრაცია. პოლიციას, უპირველესად, ამ უფლებების დაცვაზე უნდა ეზრუნა, მეორე მხრივ, პოლიციას აქვს უფლება, შეამოწმოს, მიმდინარეობს თუ არა მანიფესტაცია კანონის დაცვით. ორივე მხარეს საკუთარი არგუმენტები აქვს. დასკვნის გამოტანა გამიჭირდება. თუმცა ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, - არ უნდა მოხდეს ამ შემთხვევის პოლიტიზება.

- როგორც ვიცი, თქვენ დაინტერესებული ხართ ქართული აგრიკულტურითა და მისი პერსპექტივებით. ახლახან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა სოფლის მეურნეობის მინისტრმა. როგორ შეაფასებდით მის ნაბიჯს და რამდენად არის ეს ე.წ. ევროპული სტილი?

- სამწუხაროა, რომ მას მოუწია თანამდებობა დაეტოვებინა. მან დაიწყო მეტად პერსპექტიული, გრანდიოზული პროგრამა, რომელიც მნიშვნელოვნად მიმაჩნია ქართული აგრარული სექტორისათვის. მე, რა თქმა უნდა, არ შემიძლია ვთქვა, რა მოხდა სინამდვილეში, მაგრამ რახან დაწყებულია გამოძიება, ვფიქრობ, გადადგომა სწორი ნაბიჯი იყო. ეს გახლდათ ღირსეული და პასუხისმგებლობის მქონე ადამიანის საქციელი. ამით მან ხაზი გაუსვა, რომ არაფერი აქვს დასამალი და არც პასუხისმგებლობას გაურბის. ეს ნამდვილად იყო ევროპული ყაიდის მაგალითი, როგორსაც ევროპაშიც კი ყოველთვის ვერ შეხვდებით. კარგად მოიქცა პრემიერ-მინისტრიც, რომელმაც დააკმაყოფილა მისი თხოვნა, რადგან ამით მან საზოგადოებას დაანახა, რომ კორუფციის მიმართ, განსაკუთრებით ელიტარული კორუფციის წინააღმდეგ, ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა გატარდება. იმედი მაქვს, მინისტრი კორუფციულ გარიგებებში არ აღმოჩნდება გარეული და შეძლებს საკუთარ პოსტს დაუბრუნდეს.

- ბოლო შეკითხვა ფილოსოფიური ყაიდის იქნება. ზოგიერთი ფიქრობს, რომ საქართველოს განსავითარებლად საუკეთესო გზა იქნებოდა ნეიტრალიტეტის გამოცხადება, როგორც ეს თქვენმა ქვეყანამ გააკეთა. რა თქმა უნდა, ამ მოსაზრებაში იდეალისტური ელემენტები ჭარბობს, მაგრამ მაინც როგორ წარმოგიდგენიათ ნეიტრალიტეტის მქონე საქართველო?

- საინტერესო შეკითხვაა, თუმცა მასზე ცალსახა პასუხის გაცემა ალბათ, შეუძლებელია. ჩემი აზრით, თითოეულ ქვეყანასა და ერს აქვს თავისებური თავდაცვის მექანიზმი და იდეოლოგია, რომლებიც მას ისტორიის მანძილზე ჩამოუყალიბდა. ისტორიულად, შვეიცარიაცა და საქართველოც საკუთარ დამოუკიდებლობას ბრძოლითა და სისხლისღვრით ინარჩუნებდნენ, მაგრამ შვეიცარიის ნეიტრალიტეტის გამოცხადებისას, დიპლომატიის გარდა, უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა იმანაც, რომ ქვეყანას ჰქონდა სამხედრო რესურსები, რითაც საკუთარი თავის დაცვას უზრუნველყოფდა. ამით იმის თქმა მინდა, რომ გავრცელებული მოსაზრება, თითქოსდა ნეიტრალიტეტის გამოცხადება ნიშნავს არმიის დათხოვნასა და სამხედრო ღონისძიებებზე უარის თქმას, არასწორია. შვეიცარიას უნდა უზრუნველეყო, რომ საკუთარ ტერიტორიაზე არ დაეშვა არც ერთი მესამე ძალის სამხედრო კონტინგენტი.

საქართველოს კი ასეთი ფუფუნება არ ჰქონია. რამდენადაც ვიცი, ისტორიულად რამდენიმე მხარეთა ინტერესის სფეროში მოქცეული საქართველო ამჯობინებდა, უფრო დიდ ძალას მიჰკედლებოდა, რადგან მისთვის სხვა ალტერნატივა, იგივე ნეიტრალიტეტი, უბრალოდ არ არსებობდა. ახლაც, თუკი საქართველო ნატოს წევრი გახდება, ეს ქვეყნის ისტორიული გზის ბუნებრივი გაგრძელება იქნება. თანაც, საქართველოში იმაზეც მართებთ ფიქრი, რომ ქვეყანას არ აქვს იმის გარანტიები, რომ ნეიტრალიტეტის გამოცხადების შემთხვევაში მეზობლები მის ნდობას 100 პროცენტით გაამართლებენ და თავს არ დაესხმებიან.

გადაჭრით იმის თქმაც ძნელია, თუ რომელი ჯობს - ნეიტრალიტეტის ქონა თუ არქონა. ყველაფერი ერზე, მის ისტორიულ გზასა და გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული.

ვაჟა თავბერიძე