"ეს პროკურორები ყველა ხელისუფლებას მოერგებიან"
06-05-2013
"ეს პროკურორები ყველა ხელისუფლებას მოერგებიან"
სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი "ძალიან კარგ მინისტრს" უწოდებდა, უფლებამოსილება შეიჩერა. კირვალიძის გადაწყვეტილების მიზეზი მასზე დაქვემდებარებულ უწყებაში 2,5 მლნ ლარიანი დანაკლისი და რამდენიმე პირის დაკავება აღმოჩნდა. არადა, დავით კირვალიძე მთავრობაში მეორედ დიდი მიზნებით დაბრუნდა.

6 თვის წინ მინისტრად დანიშვნას კირვალიძის "სოლიდური ხელფასი" შეეწირა. მინისტრობამდე ის ამერიკულ კერძო კომპანია CNFA-ში (სოფლის მეურნეობის პროექტებს ახორციელებს) პრეზიდენტის უფროსი მრჩეველი იყო. "ამერიკული კომპანიის ხელფასთან ამ ხელფასს არ შევადარებ. ჩემი არჩევანი პრემიერ-მინისტრთან
საუბარმა განაპირობა. ამ ადამიანმა ხომ გაცილებით მეტი რამ დადო სასწორზე, ვიდრე მე. მასთან ნახევარსაათიანი საუბრის მერე მივიღე ეს გადაწყვეტილება",”- განაცხადა ცოტა ხნის წინ სოფლის მეურნეობის მინისტრმა "კვირის პალიტრასთან" საუბრისას, მაგრამ...
"სასამართლო პროცესმა 30-იანი წლების სასამართლო მომაგონა, სადაც პროფესიების მიხედვით განიხილავდნენ საქმეებს", - აცხადებს ადვოკატი სოსო
ბარათაშვილი, რომელიც დაკავებულთა ინტერესებს იცავს.

- დაკავებულებს სასამართლომ პატიმრობა 20 ივნისამდე განუსაზღვრა. 5 პირს ბრალდება 182-ე მუხლით აქვს წაყენებული, რაც გულისხმობს გაფლანგვას. ერთ-ერთ ბრალდებულს, თეო ურუშაძეს, რომელიც გირაოთი გათავისუფლდა, ბრალდება წაყენებული აქვს 373-ე მუხლით, რაც გულისხმობს ექსპერტზე მოქმედების მოხდენას. ვაჟა ნახუცრიშვილს კი ბრალდება მტკიცებულების ფალსიფიცირებისთვის წაუყენეს.

- ითქვა, რომ ერთ-ერთი მოწმის ჩვენებაში თბილისის პოლიციის ყოფილი უფროსის, სოსო ალავიძის გვარმაც გაიჟღერა.

- ინტერნეტში წავიკითხე, ვითომ სოსო ალავიძე დაეხმარა ვაჟა ნახუცრიშვილს ექსპერტებთან დაკავშირებაში, მაგრამ ეს ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმეში არ ფიგურირებს.

- ექსპერტებზე ზეწოლა უმნიშვნელო ბრალდება არ არის.
- ამ ბრალდებას არც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები და არც სხვა ბრალდებულები არ ეთანხმებიან. ტრაქტორების შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში რამდენიმე კომპანია მონაწილეობდა. მოიწონეს ჩეხური კომპანია "ზეტორი" და დაიწუნეს "ნიუ ჰოლანდი". დღეს დაკავებული პირები სოფლის მეურნეობის  დარგის საუკეთესო სპეციალისტები არიან. ისინი იყვნენ იმ კომისიის წევრები, რომელიც განიხილავდა ტენდერის საკითხს. არსებობს კომისიის სხდომის ოქმები, სადაც დაფიქსირებულია, თუ რატომ დაუჭირეს მხარი ჩეხური ტრაქტორების შეძენას. მათი ბრალი ის არის, რომ მხარი არ დაუჭირეს "ნიუ ჰოლანდის" ტრაქტორების შეძენას, რომელსაც გაცილებით უარესი ტექნიკური მახასიათებლები აქვს. "ნიუ ჰოლანდის" ტრაქტორების შეძენისთვის რომ მხარი დაეჭირათ, განსაზღვრული თანხა დაიზოგებოდაო. ეს ექსპერტები ჯერ კიდევ კომისიის სხდომაზე (ეს ჩანს სხდომის ოქმებში) ამტიცებდნენ, რომ "ნიუ ჰოლანდის" ტრაქტორების ყიდვა გაუმართლებელი იქნებოდა, რადგან სწრაფად ცვდება და ნაკლები მარგი ქმედების კოეფიციენტი აქვს. ეს ნიუანსი კი არ არის გათვალისწინებული ბრალდებაში.

- ბრალდებაში ნათქვამია, რომ დაკავებულების გადაწყვეტილების გამო 10 ათასი ევროთი მეტი გადაიხადეს უარესი მახასიათებლების მქონე ტრაქტორებში.

- ეს აბსოლუტური სიცრუეა. ბრალდებაში წერია, თითქოს მათ უმიზეზოდ უგულებელყვეს "ნიუ ჰოლანდის" წარმომადგენლის წინადადება. ბრალდებას ამის დამამტკიცებელი არაფერი აქვს და რომ ვეკითხებით, ეს სად წერიაო, ბრალდების მხარე ამბობს, საქმეში დევსო. რომ ჩავეძიებით, რომელი მტკიცებულება დევს საქმეში-მეთქი, გვპასუხობენ, ჩვენ არა ვართ არსებითი განხილვის ეტაპზეო.  
არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ ბრალდებაში არ წერია, რატომ, რა განზრახვითა და მიზნით მოხდა გაფლანგვა. არ წერია, ანგარება მათ საკუთარი თავის თუ სხვისთვის ჩაიდინეს. როდესაც ვკითხეთ, რა მიზნით ჩაიდინეს გაფლანგვა, პროკურატურა ამაზეც გვპასუხობს, ეს საქმეში დევსო, მაგრამ იქ არაფერიც არ არის. 

ტრაქტორის ფასებს შორის განსხვავება 9 ათასი ევროა, მაგრამ რატომ არის განსხვავება, რატომ არ კითხულობენ?

ჩეხური კომპანიის ტრაქტორი ბევრად უკეთესია და ძვირიც ამიტომ ღირს. "ნიუ ჰოლანდის" ტრაქტორები კი თურქეთშია აწყობილი და ვერ შეასრულებს იმ ფუნქციას, რაც აქვს ჩეხურ ტრაქტორს.

- ბრალდებაში იყო ლაპარაკი მტკიცებულების ფალსიფიკაციაზეც.
- "ზეტორის" ვებგვერდზე შეცდომით იყო მითითებული ტრაქტორის სიმძლავრე და ვაჟა ნახუცრიშვილმა ეს მიუთითა ჩეხურ კომპანიას. როგორ შეიძლება, ვებგვერდზე გამოქვეყნებული არასწორი ინფორმაციის შესწორება ფალსიფიკაციად მოინათლოს?!

ეს საქმე კოშმარია. პროცესზე მე ვნახე პროკურორები, რომელთაც ადეიშვილის დროს ვხედავდი. ეს საქმე მარწმუნებს, რომ ძალიან ცუდ ტენდენციასთან გვაქვს საქმე. ის პირები, რომლებიც დანაშაულს სჩადიოდნენ, პროკურატურაში ისევ მსახურობენ, ეს არის უბედურება. ისინი ყველა ხელისუფლებას მოერგებიან. ეს პროკურორები ხომ სწორედ ისინი არიან, ვინც "ქართულ ოცნებას"  ებრძოდნენ.
ეს ძალიან სახიფათო სიმპტომია. უკვე მივმართე არჩილ კბილაშვილს, რომ პირად კონტროლზე აიყვანოს ეს საქმე და დაინტერესდეს, რა ხდება სინამდვილეში. დაკავებულებზე გამომძიებლები და პროკურორები ზეწოლას ახდენდნენ, არასაპროცესო ხერხებით სთხოვდნენ,  მიეცათ გათქმითი ჩვენებები  სხვა პირებზე და სანაცვლოდ გათავისუფლებას ჰპირდებოდნენ(?!).

- ვისზე ითხოვდნენ გათქმით ჩვენებას?

- ვაჟა ნახუცრიშვილზე.

- ამ საქმეზე მინისტრსაც დაჰკითხავენ?
- შეიძლება მინისტრიც დაჰკითხონ.
ქართველი
12 მაისი 2013 21:47
ხუხაშვილ-ნაცვლიშვილ-ხვედელიძის დავალებით , იმ მეცნიერებს და საუკეთესო სპეციალისტებს რომლებიც ციხეში გამოამწყვდიეს, შეუკერეს ტრაქტორების საქმე იმ მიზნით, რომ უპატიოსნესი კაცი, პროფესორი დავით კირვალიძე თავიდან მოეშორებინათ და სოფლის მეურნეობაზეც დაედოთ "თ ა თ ი". თუ საერთოდ გაინტერესებთ რომელი ტრაქტორი სჯობია,საძიებო სისტემებში შეადარეთ ჩეხური Z e t o r proxsima power120 და თურქული New holland td5110,პირველი -- დაპატიმრებული მეცნიერების არჩეული,მეორე -- JT ჯგუფის. შ ს ს დასკვნა დაიდო მეორეს სასარგებლოდ. ცნობისათვის,მსოფლიო პრაქტიკით--ზეტორის ექსპლუატაციის ვადა 3- ჯერ და მეტად აღემატება თურქეთში აწყობილი ტრაქტორისას. მხოლოდ 1 წლის მანძილზე ინტენსიური ექსპლუატაციის პირობებში თურქულ ტრაქტორს სჭირდება 10 000 ევროზე გაცილებით მეტი თანხის სათარიგო ნაწილები,ზეთების სერვისის და საწვავის ხარჯის ჩათვლით,ვიდრე ჩეხურ ზეტორს, მეორადი ტექნიკის ბაზარზეც კი მთელ მსოფლიოში-- ფერმერები ნახმარ ზეტორში ყველაზე მაღალ ფასს იხდიან,იმიტომ რომ ამ ბრენდმა 1946 წლიდან თავი გამოიჩინა როგორც ყველაზე ხარისხიანმა,გამძლე და იაფად შესანახმა სასოფლო -სამეურნეო ტექნიკამ.
vlad
10 მაისი 2013 21:10
ბატონო ადვოკატო,ბატონებო!ყველაზე კარგად ის,რაც სამინისტროში მოხდა,იცის მინისტრმა, დავით კირვალიძემ და არავინ სხვამ, თან ზოგიერთ დეტალებს ვერავინ, ვერასოდეს ვერ გაიგებს,მათ შორის გამოძიებაც,ასე რომ მინისტრმა თავისი გადადგომით,ყველა ეჭვმიტანილს საბრალდებულო დასკვნა უკვე გამოუტანა და შესაძლოა საკუთარ თავსაც,საქართველო ევროპა ან ამერიკა არაა, რომ მინისტრმა,რომელსაც პრემიერი უჭერს მხარს, რაღაც "მოგონილი"ბრალდების გამო თანამდებობა,თავისი ნებით დატოვოს.ესეიგი იყო მიზეზი და თანაც ძალიან სერიოზული.
keta
10 მაისი 2013 10:56
3თვის წინ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, გამოაცხადა კონკურსი, რეგიონებში, სოფლის მეურნეობის სამმართველოების სპეციალისტებზე. ერთ-ერთ რაიონში მიუხედავად იმისა, რომ კონკურსში ბევრი ღირსეული კანდიდატი მონაწილეობდა, დაინიშნა უღირსი პიროვნება, რომელმაც ციხის კადრების ჩვენების შემდეგაც კი ვერ გაბედა ნაციონალებს დაშორებოდა. თქვეს რომ პირადად მინისტრი მფარველობსო. ლოგიკურად სწორედ ამ სამსახურს უნდა ეკონტროლებინა თუ როგორ ხდებოდა რაიონში ვაუჩერების დარიგება და განაღდება.ვაუჩერებით საქონლის შეძენა 30-40% ძვირია ვიდრე ნაღდ ფულზე. შეუძლებელია ეს მაღაზიებს გაებედათ, რომ არ ქონოდათ თუნდაც სიტყვიერი ნებართვა. როგორც კი საქმე აღიძრა ფასები მეტნაკლებად დაარეგულირეს. ვაუჩერებზე გამოყოფილითანხის მინიმუმ 30% დაილექა "ვიღაცის ჯიბეში" და ეს კველამ კარგად იცის.

რედაქტორის რჩევით