ვინ შეჭამა კვერცხები? - კვირის პალიტრა

ვინ შეჭამა კვერცხები?

”ადამიანმა ორი მწერის - ფუტკრისა და აბრეშუმის პეპლის მოშინაურება შეძლო. ქართველებს ისტორიულად გვქონდა როგორც ცხენის, ცხვრის, საქონლის და ძაღლის ეროვნული ჯიშები, ასევე ქართული ფუტკარი და ქართული აბრეშუმი, რომელიც ძალიან ძვირფასი ყოფილა. კომუნისტების დროს ბევრ სოფელში მეაბრეშუმეობა, ანუ აბრეშუმის ჭიის მოვლა პოპულარული საქმიანობა იყო. ამჯერად რა ხდება? საერთოდ არსებობს ქართული აბრეშუმის კვერცხი?

პატივისცემით,

ქეთევან დავლიანიძე”.

”აბრეშუმის ჭიის კვერცხების ბიზნესი კახა ბენდუქიძემ ჩაყლაპა. 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ აღარც ინსტიტუტის შენობა არსებობს და ქართული აბრეშუმის უნიკალური ჯიშის ჭიის კვერცხებიც გაქრა,” - მიპასუხეს სატელეფონო ცნობარში მითითებულ მეაბრეშუმეობის ინსტიტუტის ტელეფონზე და ყურმილი დამიკიდეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, როგორც თვითონ უწოდებენ, ქაღალდზე არსებული ინსტიტუტის თანამშრომლებთან დაკავშირება მაინც შევძელი. საუბრისას მათ მითხრეს, რომ აგრარული უნივერსტეტის ახალმა მეპატრონემ, კახა ბენდუქიძემ გაუფრთხილებლად მიაყენა ბულდოზერები მეაბრეშუმეობის ინსტიტუტის შენობას. ”დოკუმენტების გამოტანაც კი ვერ მოვასწარით და წლების განმავლობაში შექმნილი სამეცნიერო შრომები განადგურდა. ბულდოზერებს წინ გადუდგნენ ინსიტიტუტის დირექტორი ნოდარ სტეფანიშვილი და ერთ-ერთი თანამშრომელი ნარგიზა ბარამიძე. ნახევრად დანგრეული შენობიდან კვერცხი გამოიტანეს. აგრარულმა უნივერსტეტმა ლაბორატორიებისთვის ადგილი არ გამოგვიყო, ამიტომაც კვერცხები ყოფილი თანამშრომლის ოჯახში, მაცივარში შევინახეთ. შვიდი თვის შემდეგ ბენდუქიძემ უეცრად მოინდომა კვერცხების დაბრუნება და შანტაჟისა და დაშინების გზით მიატანინა უნივერსტეტში ნარგიზა ბარამიძეს. კვერცხიდან უკვე გამოიჩეკა ჭია, მაგრამ უნივერსტეტში საჭმელი არ აქვთ და შესაძლოა, სასოებით გადარჩენილი ახლა განადგურდეს”.

ნოდარ სტეფანიშვილი:

- ერთ-ერთი სასელექციო ჯგუფის ჟურნალი თავის საექსპერიმენტო მაგიდიანად განადგურდა, ანუ გენეალოგია დავკარგეთ. ლაბორატორიის გარეშე დარჩენილებს შემოგვთავაზეს ანასეულში, ჩაისა და სუბტროპიკულ ინსტიტუტში წაგვეღო კვერცხი, იქ კი ასი კილომეტრის რადიუსში თუთა არ დგას, რომ ჭია გამოკვებო. მაშინ კახეთში წადითო. ოქტომბრიდან დღემდე ასე მევაჭრებოდნენ, ამიტომაც სხვადასხვა სელექციური ჯიშის ავტორები იძულებული გახდნენ, მოეძებნათ კერძო ფართი, დაკეტილი ბინა, სადაც სპეციალურ მაცივარში შეინახავდნენ უზარმაზარი მოცულობის აბრეშუმის ჭიის საგანძურს. კვერცხი 30 ტემპერატურაზე ინახება და მაცივრის კარი იშვიათად უნდა იღებოდეს, რომ სითბო არ შევიდეს. ამ დღეებში, როგორც იქნა, უნივერსტეტშიც მოგვცეს ორი ოთახი ჭიის გამოსაკვებად, მაგრამ მხოლოდ კვება საკმარისი არ არის. საჭიროა, ადგილზე სელექციონერები მუშაობდნენ, რომ ჯიშები არ გადაგვარდეს. თავის დროზე შუა აზიიდან მოგვქონდა ახალი ჯიშები, წლების გამავლობაში უზარმაზარი შრომა გავწიეთ მათ გადასარჩენად და ახლა, შესაძლოა, ყველაფერი წყალში ჩაიყაროს. არ მესმის მუშაობის საშუალებას რატომ არ გვაძლევენ.

- კვერცხი სელექციონერებს ეკუთვნის თუ უნივერსიტეტს?

- ჯიშების გამოყვანა ფინანსდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტით. თუ კახა ბენდუქიძემ სახელმწიფოს ქონებასთან ერთად მემკვიდრეობაც იყიდა, მაშინ პრეტენზია უნდა ჰქონდეს კვერცხებზე, მაგრამ სად იყო შვიდი თვის განამავლობაში, მე რომ ლაბორატორიების გამოყოფას ვეხვეწებოდი? თუნდაც მას ეკუთვნოდეს, ჩვენ ხომ მათ საქმეს ვაკეთებთ, სელექციონერებიც და ”მეაბრეშუმეობის აღდგენისა და განვითარების ფონდიც”, რომელიც შესანიშნავ მეცნიერთა ჯგუფთან ერთად დავაფუძნეთ. სწორედ ფონდის დაფუძნების შემდეგ დამიბარა უნივერსტეტის პრორექტორმა ზვიად ჭეიშვილმა და მითხრა, ვეღარ ვითანამშრომლებთო. არადა ცოტა ხნის წინ საგრანტო, 50 000-ლარიანი კონკურსი გამოაცხადეს მეაბრეშუმეობის განვითრების პროექტის შესაქმნელად. ამ კონკურსით გულმოცემულმა გადავწყვიტე, ერთ-ერთი დაინტრესებული ჯგუფის ბაზაზე, გარდაბანში (სადაც თუთის უზარმაზარი პლანტაცია და ჭიის გამოსაჩეკად და საპატრონოდ ორსართულიანი კაპიტალური შენობა აქვთ) თავიდან დაგვეარსებინა სასელექციო სადგური. ჭეიშვილს გაოცებულმა ვკითხე, უნივერსიტეტის საქმეს ვაკეთებ და რატომ უნდა წავიდე-მეთქი? საბაბს მოგიძებნითო. მე კი ვცდილობ, დავარწმუნო, რომ სელექციონერებს, რომელთაც საავტორო უფლებები გვაქვს, ჯიშები დაგვიბრუნონ, რადგან დრო არ ითმენს, ჭია უკვე გამოჩეკილია, შეჯვარება, სელექცია მისახედია და რაც მთავარია, ჭიას კვება სჭირდება, ეს კი დღევანდელ პირობებში ძალიან ძნელია. მეაბრეშუმეობის დანგრევასთან ერთად თუთის ხეებიც გაიჩეხა და ხშირად ასობით კილომეტრზე გვიწევს წასვლა ჯანსაღი ფოთლის საშოვნელად. უნივერსიტეტში მეაბრეშუმეობის შესახებ არაფერი იციან, თორემ სისულელეებს არ გვეტყოდნენ და ხელს შეგვიწყობდნენ მუშაობაში. დაგვპირდნენ, ჰიბრიდულ ჯიშებს მოგცემთო. ეს სელექციონერებისთვის უვარგისი მასალაა. ჩვენ წმინდა ჯიშები გვჭირდება, რომ მათგან ახალი გამოვიყვანოთ. აბრეშუმის ჭიის გაურკვეველი ჰიბრიდული ჯიში გენმოდიფიცირებული სიმინდის თესლივით არის, მხოლოდ ერთ წელს მუშაობს, სათესლე ნაყოფს არ იძლევა. მეცნიერებს ასეთი მასალა არაფერში გვჭირდება. აშკარად გვებრძვიან, მაგრამ ვერ ვხვდები, რატომ. თუ ბენდუქიძეს მართლაც სურდა მეაბრეშუმეობის განივთარება, ეთქვა, დაგაფინანსებთ და მიხედეთ საქმესო. მას პიარი სჭირდება, რომ კი არ ანგრევს, ვითომ აშენებს მეაბრეშუმეობას”.

აგრარული უნივერსტეტის პრორექტორი ზვიად ჭეიშვილი აცხადებს, რომ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას მეაბრეშუმეობასთან ბრძოლას ის ხალხი აბრალებს, ვინც ცოტა ხნის წინ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში ვერ გაიმარჯვა. ამასთან უარყოფს, რომ სელექციური ჯიშები შვიდი თვის განმავლობაში კერძო ბინაში ინახებოდა. მისი თქმით, მეაბრეშუმეობის ინსტიტუტის დანგრევის შემდეგ ეს ჯიშები აგრარულ უნივერსტეტში იყო დაცული.

ზვიად ჭეიშვილი:

- სელექციონერებს საავტორო უფლება აქვთ, რაშიც ვერავინ შეედავება, საკუთრების უფლებაზე კი მოლაპარაკება ჯერ არ გვქონია. ჭიის სუფთა ჯიშის კვერცხები ნამდვილად უნივერსიტეტში ინახებოდა, ლაბორატორიის გარეთ, შესაძლოა, ჰიბრიდები ინახებოდა.

- დარწმუნებული ხართ, რომ კვერცხი ინსტიტუტის დანგრევის შემდეგ აგრარულ უნივერსიტეტში ინახებოდა? სელექციონერები ამბობენ, რომ კვერცხი ცოტა ხნის წინ ძალდატანებით მიატანინეთ მეაბრეშუმეობის ინსტიტუტის ერთ-ერთ თანამშრომელს.

- ჩემი ხელით არ შემომიტანია, მაგრამ ვიცი, რომ ჩვენთან ინახებოდა. ეს არის უნივერსიტეტის საკუთრება, საავტორო უფლება კი სელექციონერებს ეკუთვნის. მათი და ”მეაბრეშუმეობის აღდგენის და განვითარების ფონდის” საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. ფონდს ჰიბრიდების ნაწილის გადაცემაზეც შევუთანხმდით. საერთო მემორანდუმის გაფორმებასაც ვგეგმავთ მათთან და საპატრიარქოსთან. ამასთან, საგრანტო კონკურსში უკვე გაიმარჯვა ორმა ძალიან კარგმა პროექტმა. ასევე უნივერსიტეტის დაფინანსებით, პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველად მოხდება აბრეშუმის ჭიის დახასიათება გენეტიკურ დონეზე. უნივერსიტეტი დააფინანსებს მსოფლიოში გავრცელებულ, აბრეშუმის ჭიის დაავადების კვლევასაც. ამ პროექტს ჩინეთსა და იტალიასთან ერთად განვახორციელებთ.

”მეაბრეშუმეობის აღდგენის და განვითარების ფონდის” წარმომადგენლის, გოჩა მიქატაძის, გამარტებით, აბრეშუმის ძაფისგან მიღებული პროდუქტის გამოყენებით დაინტერესებულია საპატრიარქო, რადგან ეკლესიაში მხოლოდ აბრეშუმის ქსოვილი გამოიყენება. ფონდის წარმომადგენლების განცხადებით, მათი მიზანია თუთის ნერგისა და აბრეშუმის ჭიის გავრცელება, რათა ხელი შეუწყონ ფერმერული მეორნეობების განვითარებას და უძველესი ტრადიციის აღორძინებას. როგორც ამბობენ, თუთა და აბრეშუმი ვაზივით და ღვინოსავით ძვირფასი იყო ქართველი კაცისთვის, ამიტომაც შემოსეული მტერი თუთასაც ვაზივით ჩეხდა. ერეკლე მეფეს ჭარელ ლეკებთან ომი ორი თვით გადაუდია, ხალხს აბრეშუმის ჭია ჰყავს მისახედიო.

პ.ს. აბრეშუმის ძვირფასი მასალისგან არა მხოლოდ ჩვეულებრივი სამოსი, უმაღლესი ხარისხის ჯავშანჟილეტიც მზადდება. სპეციალისტების განმარტებით, ასეთი ჟილეტების დასამზადებლად აბრეშუმის ძაფთან ერთად ობობას ქსელიც გამოიყენება.

პ.პ.ს. არაოფიციალურ საუბრებში მეაბრეშუმეთა ერთი ნაწილი იმასაც ამბობს, რომ როგორც ასეთი უძველესი ქართული აბრეშუმის ჭიის ჯიშები აღარც არსებობს და ის, რასაც დღეს ქართულ აბრეშუმხვევიას ეძახიან, სელქციის სედეგად გამოყვანილი ახალი ჯიშებია, რომელსაც გენში ქართული თითქმის აღარაფერი აქვსო.