"მე თამაშის წესებს ვუხსნი დამწყებ პოლიტიკოს გიორგი მარგველაშვილს" - კვირის პალიტრა

"მე თამაშის წესებს ვუხსნი დამწყებ პოლიტიკოს გიორგი მარგველაშვილს"

"მივმართავ მთავარ პროკურორს: რა ხდება ჩემს საქმეზე, რა ხდება გახმაურებულ მკვლელობებზე?"

"მე თამაშის წესებს ვუხსნი დამწყებ პოლიტიკოს გიორგი მარგველაშვილს"

"კაცმა რომ შენიშვნა მიიღოს, მისი სახელი კობა უნდა იყოს, ხოლო გვარი დავითაშვილი", - გვითხრა "ხალხის პარტიის" თავმჯდომარე კობა დავითაშვილმა

- კობა, გამუდმებით რატომ ჩხუბობთ?

- მე არ ვჩხუბობ, სიმართლეს ვამბობ. ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული ვარ და მინდა მათი პრობლემები ხელისუფლებამდე მივიტანო, რაც ზოგჯერ ემოციურად გამომდის, ვამლაშებ ხოლმე.

- ბიძინა ივანიშვილმა ბრძანა, რომ მოწოდებით ხართ ოპოზიციონერი.

- ბატონმა ბიძინამ თქვა, გუნდის წევრები მარწმუნებენ ამაშიო და საინტერესოა, ვინ იგულისხმა? თვითმიზნად არასოდეს მქონია ოპოზიციაში ყოფნა და ამიტომაც განვაცხადე, თუკი სადმე რთული უბანია მთავრობაში, მზად ვარ, ავიღო პასუხისმგებლობა და ჩავუდგე იმ სამინისტროს სათავეში.

- ორი თვის წინ ამბობდით, არ მომწონს, სამართლიანობის აღდგენა რომ იგვიანებსო. მას შემდეგ რამე შეიცვალა?

- ჩემი თვითმიზანი არ არის ვინმეს დაჭერა. მთავრობა არ უნდა განსაზღვრავდეს, სამი-ოთხი კაცი უნდა დავიჭიროთ თუ - 400. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, ვის მიმართაც არსებობს ბრალდება და მტკიცებულება. პოლიტიკური ამნისტიის იდეის მოწინააღმდეგე არა ვარ, მაგრამ ის ისე უნდა ჩატარდეს, როგორც ფინანსური ამნისტია. ფინანსური ამნისტიის დროს მოქალაქე აცხადებს, რომ კანონი დაარღვია. რადგან ის დანაშაულს აღიარებს, სახელმწიფო აპატიებს. პოლიტიკურ ამნისტიასაც წინ აღიარებები უნდა უძღოდეს.

- ეს იდეა რამდენიმე თვის წინ გაახმაურა ბიძინა ივანიშვილმა, მაგრამ დანაშაული არავის უღიარებია.

- პოლიტიკური ამნისტია როგორ უნდა გამოვუცხადოთ ხალხს, რომელიც ამბობს, ძალიანაც კარგად ვიქცეოდით ხელისუფლებაში ყოფნისას და გული იმაზე გვწყდება, რომ უფრო კარგად ვერ გჟეჟეთო? თუ ადამიანი იტყვის, ვწუხვარ, რომ იმ რეჟიმს ვემსახურებოდი, რომელიც ადამიანის უფლებებს თელავდა და ღირსებას ულახავდაო, მას უნდა ეპატიოს, მაგრამ ჩვენი ამოცანა არ უნდა იყოს, "ნაციონალური მოძრაობა" შევინარჩუნოთ როგორც პოლიტიკური ძალა. პოლიტიკურ ასპარეზზე ვინ დარჩება, ხალხი გადაწყვეტს არჩევნებზე. მიმაჩნია, რომ პარლამენტის ახლანდელი შემადგენლობა არ ასახავს საზოგადოების ნება-სურვილს და აუცილებელია რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.

საპრეზიდენტო არჩევნების მერე, ვგონებ, "ნაციონალური მოძრაობა" გაქრება. "ქართულ ოცნებაში" ჩანს ტენდენცია, რომ მისთვის მისაღებია ოპოზიციად "ნაციონალური მოძრაობა", რომელსაც, როგორც კი ხმას ამოიღებს, თავში ჩაარტყამენ, 9 წლის განმავლობაში რას აკეთებდითო. უკმაყოფილო ვარ იმ კომპრომისით, რაც "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას" შორის იქნა მიღწეული.

- რა საკითხზე შედგა ეს კომპრომისი?

- პარლამენტმა მიიღო კანონი "საერთო სასამართლოების შესახებ" და ნაფიც მსაჯულებზე. პრეზიდენტმა ორივეს ვეტო დაადო, მაგრამ მას მერე, რაც შედგა შეთანხმება, უმრავლესობამ უარი თქვა ნაფიცი მსაჯულების კანონზე დადებული ვეტოს დაძლევაზე. "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონი უკვე შევიდა ძალაში და როგორც ჩემი კოლეგები ფიქრობენ, აღარ არსებობს მართლმსაჯულების შეფერხების საფუძველი. ამიტომაც მივმართავ მთავარ პროკურორს: რა ხდება ჩემს საქმეზე, რა ხდება გახმაურებულ მკვლელობებზე?

- გსაყვედურობენ, რომ პრობლემებზე გუნდში არ ლაპარაკობთ.

- ჯერ კიდევ შარშან ვუთხარი კოალიციის ლიდერს, რომ ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, სახელმწიფოს ფული კერძო სადაზღვევო კომპანიების ჯიბეში მიდიოდეს. როდესაც გავიგე, რომ ჯანდაცვის მინისტრმა კერძო სადაზღვევო კომპანიებს გაუგრძელა ხელშეკრულებები, ორჯერ ვთხოვე ამ საკითხზე შეხვედრა. დამპირდნენ, რომ პრემიერი, ჯანდაცვის მინისტრი, მე და სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები შევხვდებოდით და ერთად გადავწყვეტდით საკითხს, მაგრამ მინისტრი მარტო შეხვდა სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს. ამის შემდეგ კი მათ კონტრაქტები გააგრძელეს. ფრაქციაში დავსვი საკითხი, რომ მინისტრი მოეწვიათ, მაგრამ არ მოიწვიეს. მერე მთავრობისა და უმრავლესობის შეკრებაზე დავსვი ეს საკითხი. როცა გუნდში ყველა ინსტანცია გავიარე და ეს საკითხი არ გადაწყდა, მერე საჯაროდ დავსვი კითხვები. მე ამ შემთხვევაში გუნდური პრინციპი არ დამირღვევია.

- არც მაშინ, როდესაც მარგველაშვილი საჯაროდ გააკრიტიკეთ?

- გიორგი მარგველაშვილი ძალიან საყვარელი ადამიანია. გუნდურობის პრინციპი შრომის კოდექსის გაკრიტიკებით გიორგიმ დაარღვია, ეს შრომის კოდექსი ხომ პარლამენტამდე მთავრობის სხდომაზე განიხილეს. მე თამაშის წესებს ვუხსნი დამწყებ პოლიტიკოს გიორგი მარგველაშვილს. ბატონმა გიორგიმ მთავრობის მიერ მიღებული კანონპროექტი გააკრიტიკა. თუ მე უსამართლოდ ვიღებ შენიშვნებს, სხვა რატომ არ იღებს სამართლიანს გუნდურობის პრინციპის დარღვევის გამო? მომხრე ვარ, რომ გუნდში მკაცრი წესები იყოს, ყველა დაემორჩილოს და ვინც დაარღვევს, დაისაჯოს. ჩემი მოთხოვნაა გუნდის წევრებს შორის თანასწორობა. არ ვითხოვ, ჩემსა და ბიძინა ივანიშვილის სიტყვას ერთი წონა ჰქონდეს, მაგრამ ვითხოვ, ჩემი სიტყვაც მოისმინონ და გაითვალისწინონ.

მე შენიშვნა მივეცი ბატონ ღარიბაშვილსაც, როდესაც 1-ელ მაისს დაარბიეს სტუდენტების აქცია და არ დაარბიეს "ნაციონალებისა", რომელთაც დაარღვიეს "მიტინგებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონი. რატომ ვეფერებით "ნაციონალებს"? იმიტომ, რომ "ევროპის სახალხო პარტია" და ამერიკელი ნეოკონსერვატორები მფარველობენ? როდესაც ასეთი უსამართლობა ხდება, თვალი დავხუჭო?

- რამდენიმე დღის წინ გიორგი ფარესაშვილმა ისაუბრა მთავრობის წევრების ბიზნესინტერესებზე.

- გიორგი ფარესაშვილი ჩემი მეზობელია და არანაირი ჰომოსექსუალისტი არ არის, გავრცელებული ფირი ფაბრიკაცია იყო. მის გავრცელებამდე გიორგიმ მითხრა, რომ სერიოზული ინფორმაცია აქვს ხუხაშვილზე, ნაცვლიშვილსა და ხვედელიძეზე. ვუთხარი, რომ ამის დასადასტურებლად მტკიცებულებები უნდა წარმოედგინა. შევთანხმდით, რომ მასალებს გამაცნობდა, მაგრამ სწორედ იმ დღეს გავრცელდა ის ვიდეოფირი.

ბატონმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ერთი ჩემოდანი ფარული ჩანაწერები დაუტოვა წინა ხელისუფლებამ. რატომ დაუტოვა? ეს მასალები ახალ ხელისუფლებასაც აქვს და ძველსაც და ეს ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ გაავრცელოს ან ერთმა, ან მეორემ და მერე ერთმანეთს გადააბრალონ.