ქართველი დედების გლოვას გრიფი "საიდუმლო" მოეხსნა - კვირის პალიტრა

ქართველი დედების გლოვას გრიფი "საიდუმლო" მოეხსნა

საქართველო ამაყობს თავისი გმირებით და ღირსეულად დახვდა მათ ცხედრებს

დღეს ავღანეთიდან ჩამოსვენებული ჩვენი გმირების ჭირისუფალს აღარავინ აიძულებს, საიდუმლოდ იგლოვოს

უმცროსი სერჟანტი ზვიად დავითიძე, კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე და კაპრალი ვლადიმერ შანავა რამდენიმე დღის წინ გმირულად დაეცნენ ავღანეთში, საქართველოს პოლიტიკური ინტერესებისთვის საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში. მათი დაკარგვით გაიზარდა ტკივილი, რომელიც ავღანეთთან გვაკავშირებს და გვახსენებს, რომ ნატოს წევრი საერთაშორისო ტერორიზმთან მებრძოლი ქვეყნების მსგავსად, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლობის მოსურნე საქართველოსაც მძიმე ტვირთის ტარება უწევს შორეული აღმოსავლეთის მიწაზე. სხვა გზა არ არის და ვეგუებით საშინელ მოლოდინს, რომ მსხვერპლი კვლავ იქნება...

თუმცა, უკვე აღარ გვეშინია, რომ ამ ბიჭებს საიდუმლოდ დაკრძალავენ, ისე, როგორც წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა. პრეზიდენტი სააკაშვილი მათი სახელით ხშირად იკეთებდა პიარს საქართველოშიც და საზღვრებს გარეთაც. შეგახსენებთ ერთ სამწუხარო ფაქტს: 2012 წლის 20 თებერვალს, როცა პრეზიდენტი ავღანეთს სტუმრობდა, ქართველი ჯარისკაცები დაიღუპნენ. თუმცა, საქართველოში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯარისკაცები 22-ში დაიღუპნენ. მაშინ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილმა ამხილა და ნატოს IშAF-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული, 20 თებერვლით დათარიღებული ინფორმაცია მოიშველია: "ავღანეთის დასავლეთში სამხედრო ოპერაციისას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა". თუმცა ამ ცნობაში დაღუპული ჯარისკაცების ვინაობა მითითებული არ იყო(?!). "20 თებერვალს, ანუ იმ დღეს, როცა ავღანეთში სააკაშვილი იმყოფებოდა, დაიღუპნენ ჩვენი ჯარისკაცები და ეს ქართველ ხალხს რატომღაც დაუმალეს. "მთელ ერს და, პირველ რიგში, დაღუპული სამხედროების ოჯახებს აქვთ უფლება, სიმართლე გაიგონ!" - აცხადებდა მაშინ სალომე ზურაბიშვილი.

2012 წლის თებერვლის დასაწყისში საქართველოს პრეზიდენტი მერილენდის შტატის ქალაქ ბეთეზდაში სამხედრო ჰოსპიტალში მივიდა და ავღანეთში დაჭრილი ქართველი ვიცე-პოლკოვნიკი, ბატალიონის მეთაური ალექსანდრე ტუღუში მოინახულა, თუმცა, ის ერთხელაც არ მისულა გორის ჰოსპიტალში, სადაც ავღანეთში დაშავებული ბიჭები თითქმის ორი წელი ელოდნენ, რომ უცხოეთის კლინიკებში გაგზავნიდნენ სამკურნალოდ. სააკაშვილს და მის მთავრობას არც ქართველი ჯარისკაცები გაუცილებიათ პატივით უკანასკნელ გზაზე.

დღეს ავღანეთიდან ჩამოსვენებული ჩვენი გმირების ჭირისუფალს აღარავინ აიძულებს, საიდუმლოდ" იგლოვოს. საქართველო ამაყობს თავისი გმირებით და ღირსეულად დახვდა მათ ცხედრებს.

იმ ხელისუფლების დროს კი, როცა ინტერნეტი სავსე იყო ნატოს წევრი ქვეყნების შინმოუსვლელი ჯარისკაცების ფოტოებით, ქართველ ჯარისკაცთა ფოტოების გავრცელება თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზეც კი სასტიკად იკრძალებოდა. იტალიასა თუ საფრანგეთში დაღუპული ჯარისკაცების შვილების წინაშე ხელისუფლება ქედს იხრიდა, საქართველოში კი ბავშვებს ვერ გაეგოთ, რატომ უნდა დაემალათ, რომ მათი მამები გმირულად დაიღუპნენ. ქართველ ჯარისკაცებს კი დაღუპულებზე ლაპარაკი ეკრძალებოდათ და ამერიკელი მებრძოლები  გვიამბობდნენ, რომ ქართველები ტოლს არავის უდებდნენ.

კარგია, რომ საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ შეცვალა დამოკიდებულება ავღანეთში მყოფი სამშვიდობო ჯარისკაცების მიმართ, მაგრამ საზოგადოება ითხოვს, გადაიხედოს 2011 წლის დეკემბერში მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით ავღანეთში დამატებითი ქვეითი ბატალიონის გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილება. ანტიტერორისტული კოალიციის ზოგიერთ ლიდერ ქვეყნებსაც კი არ ჰყავთ იმხელა კონტინგენტი ავღანეთში, რამდენიც საქართველოს.

2012 წლის დამდეგს ახალი მსხვერპლის გამო ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა, საფრანგეთი ავღანეთს დატოვებსო... სილვიო ბერლუსკონიმ ერთ-ერთმა პირველმა ბრძანა ავღანეთიდან იტალიელი ჯარისკაცების გამოყვანა. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველის გენერალ ბრენთ სკოუკროფტის თქმით კი, ამერიკელი ჯარისკაცები დაიღალნენ ავღანეთის ომში, რომელიც ძალიან გაგრძელდა და ძვირად დაუჯდა ამერიკას. დაღუპულია 2000-მდე  ჯარისკაცი.

P.S. მეგონა, მთელი კვირა თუ არა, დაკრძალვამდე მაინც ვიგლოვებდით ავღანეთში დაღუპულებს. ჩვენ კი... ამბობენ, ქაშუეთში დასვენებული ჯარისკაცების სამძიმარზე მიმსვლელთა რაოდენობა გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე იმ ხალხისა, რომელიც მეორე დღეს ქიმერული მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოვიდა რუსთაველზე...