"ავადმყოფი შეიძლება ყველა ხელისუფლებაში იყოს"
20-05-2013
"ავადმყოფი შეიძლება ყველა ხელისუფლებაში იყოს"
"31 წლის ვარ და საპრეზიდენტო კანდიდატის გამოსავლენად პრაიმერში  მონაწილეობას ვერ მივიღებ"

"იქნებ ხელისუფლების ინტერესშია, სხვადასხვა საქმის გამოძიებას წერტილი არ დაესვას"

"ალასანია უნდა შეერჩია ივანიშვილს, რაც კარგი მესიჯი იქნებოდა დასავლეთისთვის, მაგრამ ივანიშვილმა ალოგიკური გადაწყვეტილება მიიღო"


"ჩემთვის მიუღებელია ნებისმიერი ძალადობა. თუ არ გვინდოდა, რომ რამდენიმე ათეული ადამიანის შეკრებისთვის  ხალხს ყურადღება მიექცია, მათი მსვლელობისთვის ხელი არავის უნდა შეეშალა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მათ თავს დაესხნენ, ინფორმაცია, რომელიც, შესაძლოა, მე-17 ნიუსად გასულიყო, მთელი დღე
ტელევიზიით ტრიალებდა",”- განგვიცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ვაშაძემ:


-  როდესაც ბევრი ადამიანი იკრიბება, რთულია ვითარების გაკონტროლება, მაგრამ პოლიცია იმისთვის არის, რომ წესრიგი დაიცვას და თავპირის მტვრევა არ ატყდეს. არ შეიძლება პროცესები ქუჩაში ანგარიშსწორებაში გადაიზარდოს. ამის წამახალისებელი დაუსჯელობის სინდრომიც არის. ეს სინდრომი 1-ელ ოქტომბრამდეც არსებობდა, მაგრამ
ახლა ყოველდღიურად ძლიერდება. გამაკვირვა უმრავლესობის წევრთა მოსაზრებამ, - რა ვქნათ, თუ მეორე ჯგუფსაც უნდოდა შეკრებაო. შეიკრიბონ, რა პრობლემაა, მაგრამ ძალადობა და თავდასხმაა მიუღებელი.

იმან, რაც ლგბტ-ის აქციის დარბევას მოჰყვა, ჰოლივუდის ფილმი "და ვინჩის კოდი" გამახსენა. ყველა კინოკრიტიკოსი ამბობდა, ეს ფილმი იმდენად უაზროა, ძალიან ცოტა მაყურებელი თუ ნახავსო, მაგრამ იმის გამო, რომ ეს ფილმი ქრისტიანულმა საზოგადოებამ გააპროტესტა, მთელმა მსოფლიომ ნახა. ძალადობა თუ ჩვენი გონებიდან არ ამოვიღეთ, რა ევროპულ ღირებულებებზე ვლაპარაკობთ?

- 19 მაისს სპორტის სასახლეში შეკრება გაიმართა ერთი მოთხოვნით - რეჟიმი უნდა გასამართლდეს.
იგულისხმება ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ.

- დღემდე ისეთი ცხოვრების წესით მიცხოვრია, არ ვფიქრობ, რომ რაიმე ზიანი მოვუტანე ჩემს ქვეყანას. დღედაღამ ვმუშაობდი, რომ რამე გამეკეთებინა მისთვის სასარგებლო. ხალხის უკმაყოფილების მიზეზი ის მგონია, რომ წინასაარჩევნოდ "ქართული ოცნება" ხშირად ლაპარაკობდა ბევრი საქმის გამოძიებასა და დამნაშავეების დასჯაზე. 7 თვე გავიდა და არც ერთი საქმე არ გამოუძიებიათ. ვერ დავინახეთ ვერც ერთი გახმაურებული თუ ნაკლებად გახმაურებული საქმე, რაზეც ხელისუფლება იტყვის, რასაც წინასაარჩევნოდ ვამბობდით, შევასრულეთ და გამოვიძიეთო. ამის ასახსნელად ერთადერთი მოსაზრება მაქვს, - რასაც ხელისუფლება წინასაარჩევნოდ ამბობდა, ალბათ, სიმართლეს არ შეესაბამებოდა და ახლა ამის აღიარება უჭირს. თუ არ ვცდები, 12 ათასი პატიმარია გამოსული ციხიდან. მათ შორის არიან პოლიტპატიმრები და გარკვეული ძალები ცდილობენ მათ გამოყენებას, წაქეზებას, რათა ქუჩაში გარჩევები უფრო გამწვავდეს. 1-ლი ოქტომბრის არჩევნებზე კენჭს ისანში ვიყრიდი და წინადღეს გურჯაანში პატარა ბავშვის მკვლელობის თუ გარდაცვალების გამო, ისანში დილის 8 საათზე ყველა საარჩევნო უბანთან იდგნენ "ქართული ოცნების" მხარდამჭერები და ამბობდნენ, ბავშვის მკვლელებს არ დაუჭიროთ მხარიო. თუ ხელისუფლებას სამართლიანობის აღდგენა უნდა, ეს ფაქტიც უნდა გამოიძიოს და სხვაც, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ არაფერს იძიებს, რადგან სადღაც თავისი ინტერესი აქვს. ავიღოთ თუნდაც სკანდალური ფირის გამოქვეყნების შემდეგ შს მინისტრის მოადგილის დაკავება. რატომ ინახავდა ამ ფირს ხელისუფლება 7 თვის განმავლობაში?

- მაგრამ ეს "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების გადაღებულია, რომელიც წლობით ინახავდა ასეთ ფირებს.
- ავადმყოფი შეიძლება ყველა ხელისუფლებაში იყოს, მაგრამ უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც მონაწილეობდა ამ სიბინძურეში. ახალი ხელისუფლება 7 თვის განმავლობაში ინახავდა ამ ფირს.

- რატომ?
- როგორც ჩანს, ფირი ერთი ავადმყოფისგან მეორე ავადმყოფმა გადაიბარა, რომ ვიღაც დაეშანტაჟებინა. ამბობენ, რომ ეს ფირი მტკიცებულება იყო და დალუქული ინახებოდა. ის გელა ხვედელიძის ხელში ვერ იქნებოდა, გამომძიებელს უნდა ჰქონოდა. ასეთი ტიპის საქმეებს პროკურატურა იძიებს და არა შს სამინისტრო. ამბობენ, თითქოს გელა ხვედელიძეს სეიფში ჰქონდა ფირი შენახული, რაც კანონით დაუშვებელია. მასზე ხელი პროკურატურას და უპირველესად, ლაშა ნაცვლიშვილს მიუწვდებოდა. საბოლოოდ, გელა ხვედელიძე პასუხისგებაში პირადი ინფორმაციის გავრცელებისთვის მისცეს, არადა, მან ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და სხვა მუხლით უნდა გასამართლებულიყო. სინამდვილეში, გელა ხვედელიძე იმიტომ დააკავეს, რომ სხვა გზა არ ჰქონდა ხელისუფლებას - გელა ხვედელიძის საუბრის აუდიოჩანაწერები მეორე მხარეს ჰქონდა.  
უნდათ ნაცვლიშვილი გმირად გამოიყვანონ. თითქოს მან გახსნა ეს საქმე. არადა, არის აუდიოჩანაწერები, სადაც თვითონ ხვედელიძე ლაპარაკობს ნაცვლიშვილისა და ხუხაშვილის ინტერესებზე. ეს საქმე კვერცხის ბიზნესიდან მოდის, ეს ამ ტრიოს ორგანიზებული იყო, მაგრამ უცებ პრემიერ-მინისტრი და საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელი გამოძიების დასრულებამდე აცხადებენ, ნაცვლიშვილი და ხუხაშვილი უდანაშაულოები არიანო. ვინ გადაწყვიტა, რომ ისინი უდანაშაულოები არიან? 

რატომ არ აპირებს ხელისუფლება წერტილის დასმას სხვადასხვა საქმეზე? იქნებ მათ ინტერესშია, რომ სხვადასხვა საქმის გამოძიებას წერტილი არ დაესვას და მეტი მღელვარება იყოს საზოგადოებაში?

- ხელისუფლების ინტერესში რატომ უნდა იყოს საზოგადოების მღელვარება?
- იმიტომ, რომ რასაც წინასაარჩევნოდ ამბობდნენ, იმას ვერ ამტკიცებენ, გარდა ამისა, ქვეყანაში მწვავე ეკონომიკური კრიზისია და ეს ფონი უნდათ იმ დაპირისპირებით გადაიფაროს, რაც არის ქვეყანაში. ეს საქართველოს სწორი გზით ვერ წაიყვანს. ჩვენ დღეს გვყავს ხელისუფლება, რომელსაც ქვეყნის განვითარების ხედვა არა აქვს და არ იცის, ეკონომიკური კრიზისიდან როგორ გამოვიდეს. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელმაც არ იცის ქვეყნის მართვა, არ იცის, საით წაიყვანოს ქვეყანა, ეს არის ყველა პრობლემის საფუძველი. 

ახალ ხელისუფლებას ვაფრთხილებდით, რომ ზოგი პირის საკვანძო თანამდებობაზე დანიშვნა არ შეიძლებოდა, მაგრამ გვიპასუხეს, ამას თქვენ ვინ გეკითხებათო? ლაშა ნაცვლიშვილსა და გელა ხვედელიძეზე უშიშროების საბჭოს მდივანი აფრთხილებდა პრემიერს, რომ თანამდებობებზე არ დაენიშნა. ისინი თავიანთი განვლილი ცხოვრებიდან გამომდინარე ნდობას არ იწვევდნენ. მათ არ მოისმინეს ჩვენი რეკომენდაცია და მივიღეთ შედეგი ხვედელიძის დანაშაულის სახით. როგორც კი ასეთ დანაშაულებს ხელს დააფარებენ, უარეს შედეგს მივიღებთ.

- "ნაციონალურ მოძრაობაში" საპრეზიდენტო კანდიდატის გამოსავლენად პრაიმერში ვინ მიიღებს მონაწილეობას? თქვენც დასახელდით, მაგრამ, მგონი, ასაკი არ გიწყობთ ხელს.
- 31 წლის ვარ და პრაიმერში ვერ მივიღებ მონაწილეობას, ხოლო ვინ მიიღებს, ამაზე შიდა კონსულტაციებია. დასახელდა ზურაბ ჯაფარიძის კანდიდატურა, რა თქმა უნდა, განვიხილავთ დათო ბაქრაძეს, ვანო მერაბიშვილს, გია ბარამიძემაც გამოთქვა პრაიმერში მონაწილეობის სურვილი. თვის ბოლოს გვეცოდინება, ვინ მიიღებს პრაიმერში მონაწილეობას, ივნისში კი პრაიმერს ჩავატარებთ.

- "ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატზე რას იტყვით?
- შესაძლოა, გიორგი მარგველაშვილი კარგი ფილოსოფოსი და ნაკითხი ადამიანია, მაგრამ ის "ოცნების" წარმომადგენლებსაც ნაკლებად წარმოუდგენიათ პრეზიდენტად. ფილოსოფოსობა და პრეზიდენტობა განსხვავებული რამ არის.

მიუხედავად ახალი პრეზიდენტის შემცირებული უფლებამოსილებისა, ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაში, საომარი მოქმედებების დროს, მას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. კრიტიკულ ვითარებაში მარგველაშვილი ამხელა პასუხისმგებლობის აღებას შეძლებს და გადაწყვეტილებას მიიღებს?
ამ პიროვნებამ ჩვენი ქვეყანა საზღვარგარეთ უნდა წარმოადგინოს, ქვეყანა რომ საგარეო ასპარეზზე კარგად წარმოჩნNდეს, ამას პოლიტიკური გამოცდილება და კონტაქტები სჭირდება. ამ კრიტერიუმებიდან გამომდინარე, მარგველაშვილი პრეზიდენტად ვერ წარმომიდგენია.

- თქვენი პარტიისთვის ყველაზე მისაღები საპრეზიდენტო კანდიდატურა ირაკლი ალასანიაა და ამის გაცხადებით, მგონი, ავნეთ კიდეც.
- ერთ-ერთი კრიტერიუმი, რითაც მარგველაშვილი შეარჩიეს, არის ის, რომ მას ცალკე პოლიტიკური გუნდი არა ჰყავს. ის არ არის დამოუკიდებელი, რაც პრეზიდენტისთვის დიდი პრობლემა იქნება. მას არ ჰყავს საკუთარი გუნდი, რომელიც მხარს დაუჭერს ან გაამხნევებს სხვადასხვა სიტუაციაში გადაწყვეტილებების მიღებისას. რადგან ირაკლი ალასანიას საკუთარი გუნდიც ჰყავს და პოლიტიკური გამოცდილებაც აქვს, ლოგიკურად ალასანია უნდა შეერჩია ივანიშვილს, რაც კარგი მესიჯი იქნებოდა დასავლეთისთვის, მაგრამ ივანიშვილმა ალოგიკური გადაწყვეტილება მიიღო.

- ჩემი ინფორმაციით, ოქტომბრის შემდეგ "ნაციონალური მოძრაობა" ბაქრაძისა და მერაბიშვილის გუნდებად დაიშლება.

- ამას გამოვრიცხავ. ის პროცესები, რაც პარტიაში ხდება, მის გუნდებად დაშლას ხელს არ შეუწყობს. ჩვენ ლიდერშიფის გადახალისება გვჭირდება, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ახალი სახით წარდგეს ამომრჩეველთან. ლიდერების შეცვლა აუცილებელი პროცესია. საუბარია იმაზე, ეს საპრეზიდენტო არჩევნებამდე მოხდეს თუ მერე. ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" განახლების, ახალი ხალხის მოზიდვისა და ხელისუფლებაში დაბრუნების ერთადერთი გზა.

- მაგრამ თქვენმა პოლიტიკურმა ძალამ საზოგადოებისთვის ისეთი მტკივნეული შეცდომები დაუშვა, რისი დავიწყებაც იოლი არ არის.
- ასეთ დროს დაპირებები არ გამოგვადგება, ახალი სახეებითა და ჩვენი ქმედებით უნდა დავარწმუნოთ ხალხი, რომ დაგვიჯეროს.

- მინდა რესტორან "ლა ტრუფეში" მომხდარ ინციდენტზეც გკითხოთ..
- ვწუხვარ იმ განცხადებების გამო, რასაც მეორე მხარე აკეთებს, რადგან მხოლოდ იმას ვცდილობდი, ისინი იქაურობიდან გამერიდებინა, რომ შეხლა-შემოხლა არ მომხდარიყო. ჩემთვის მიუღებელია საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებები, აბა, სხვას რას ელოდებოდნენო. ამავე ლოგიკას თუ გავყვებით, გურჯაანში გაუპატიურებული არასრულწლოვნის ოჯახის წევრები უმრავლესობის წევრებს უნდა გაუსწორდნენ, რადგან სწორედ მათ მიერ შეწყალებულმა პატიმარმა ჩაიდინა ეს დანაშაული. როდესაც ხელისუფლებისგან ძალადობის წამახალისებელი რიტორიკა ისმის, მერე აღარ უნდა გაგვიკვირდეს ის, რაც რუსთაველის პროსპექტზე მოხდა და საზოგადოდ, ხდება ქვეყანაში. 
natia
23 მაისი 2013 10:55
ცოტაცა, ცოტაცა და მერე გექნებათ დრო დემაგოგიისათვის!
tamaz
22 მაისი 2013 19:05
არა რა, დემაგოგიურ ლაყაფში ნაცებს ბადალი არა ყავთ, რაც მართალია, მართალია.
თეთრძე ისე გეტყვიან, შავიაო, შენც დაუდასტურებ, კუპრივითო.
TIna
22 მაისი 2013 03:13
ესენი რომ ძალადობას გაიკვირვებენ,რა დგესშI კავდატ ხალხი,ესენი ვინ არიან,სანამდე უნდა უშალონ ადამიანებს ნერვები?გამოკავტ ხალხი ცკობიდან.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები