ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი - კვირის პალიტრა

ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი

ომი დამთავრდა, მშვიდობის გეშინოდეს!

17 მაისს თბილისში დატრიალებული მოვლენები ახალი ხელისუფლებისთვის პირველი საგანგაშო სიგნალია. ვინ იყო რეალური ავტორი ამ სცენარისა და რა მიზნებს ისახავდა სექსუალურ უმცირესობათა აღლუმისა თუ მსვლელობის რამდენიმე დღით ადრე საინფორმაციო საშუალებებით აქტიური დაანონსება, მაშინ როცა წინასწარი, საკმაოდ აგრესიული რეკლამის არარსებობის შემთხვევაში, ამ აქციას, დიდი ალბათობით, მშვიდად შეიძლებოდა ჩაევლო. ვინ გამოიწვია, ერთი მხრივ, საქართველოს საზოგადოება და მეორე მხრივ, დასავლეთი?! ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ამ აქციაში მონაწილე ორივე მხარე ბრმა იარაღად გამოიყენეს 17 მაისის ჭეშმარიტმა ავტორებმა რამდენიმე მიზნის განსახორციელებლად:

პირველი მიზანი გახლდათ საზოგადოების კიდევ უფრო პოლარიზება და რაც ყველაზე ცუდია, ისედაც არსებული და მოუთოკავი აგრესიის კიდევ უფრო მობილიზება; კარგად ორგანიზებული აგრესიული ჯგუფების ფორმირება, რომელთა მანიპულირება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს;

მეორე მიზანი გახლავთ ის, რომ პოლიცია, რომელიც ცდილობს გამოვიდეს ცხრაწლიანი მძიმე მემკვიდრეობიდან და რეალურად იქცეს საზოგადოებრივი წესრიგის დამცველად, ისევ გადააქციონ სადამსჯელო რაზმად და საკუთარი ხალხის ჯალათად.

როგორი მძიმეც უნდა იყოს, სათქმელი უნდა ითქვას: ამ ტიპის პროვოკაციების ერთ-ერთი საბოლოო მიზანი ის არის, რომ რომელიმე ასეთი აქცია მსხვერპლით დამთავრდეს, რათა ახალმა ხელისუფლებამ სისხლიანი ხელებით გააგრძელოს მართვა;

მესამე მიზანი იყო ახალი ხელისუფლების უუნარობის დემონსტრირება, რომ მას არ შეუძლია მართოს პროცესები და დასავლეთის თვალში წარმოჩნდეს ისეთ ხელისუფლებად, რომელსაც გაუჭირდება სტაბილურობის შენარჩუნება ქვეყანაში;

საბოლოოდ, ეს ყველაფერი ემსახურება ხელისუფლების მიერ უმართავი და "ნაციონალების" ნარჩენებისგან მართული ქაოსის შექმნის მცდელობას, რათა მოსახლეობას სანატრელი გაუხადონ ის მოჩვენებითი, თუნდაც ავტორიტარული რეჟიმის პირობებში არსებული სტაბილურობა, რაც მათი 9-წლიანი რეჟიმის პერიოდში ქვეყანაში იყო.

და კიდევ ერთი მტკივნეული თემა: რელიგიის მსახურთა პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გამოყენების მცდელობა, რამაც განსაკუთრებით მიუღებელი ფორმები "ნაციონალური" რეჟიმის პირობებში მიიღო, როცა "ნაციონალურ" ფუფუნებაში ჩაფლული ზოგიერთი საეკლესიო მსახური პირდაპირ მიშა სააკაშვილის რუპორად იქცა და ასე გრძელდება დღესაც. ეს ფაქტობრივად, "ნაციონალური" მეხუთე კოლონაა საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში, რომელთა გამოყენებას საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერი ფორმითა და მეთოდით შეეცდება მილევადი "ნაციონალური მოძრაობა".

გასაგებია ისიც, რომ ის, რაც თანამედროვე დემოკრატიისთვის ადამიანის უფლებათა დაცვის რანგში გადის, მართლმადიდებელი ეკლესიისთვის სოდომის და გომორის“ცოდვაა, მაგრამ როდის იყო, ეკლესია ერთ ცოდვას მეორით - ძალადობით ებრძოდა?!

საინტერესოა, რომ 17 მაისის მერე სოციალურ ქსელებში გაჩნდა მოწოდება კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მიმართ„ახალი რუის-ურბნისის საეკლესიო კრების მოწვევის შესახებ, რომელიც საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრის პოსტზე მისი დამაგვირგვინებელი ნაბიჯი იქნებოდა.

ფაქტია, რომ 17 მაისი სერიოზული კატალიზატორი აღმოჩნდა, რომელმაც საქართველოს ხელისუფლებაში, საზოგადოებასა და ეკლესიაში არსებული ბევრი პრობლემა ზედაპირზე ამოიტანა. საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად მსგავსი პროვოკაციების საფრთხე, სადაც საზოგადოებაზე ანალოგიური ექსპერიმენტების ჩატარებას შეეცდებიან, კიდევ უფრო გამწვავდება. ეს არა მხოლოდ დღევანდელი ხელისუფლების, არამედ საზოგადოებისა და მთლიანად სახელმწიფოს უსაფრთხოების სერიოზული პრობლემაა. ხელისუფლებამ უნდა დაამტკიცოს, რომ მას შეუძლია პასუხი აგოს საზოგადოებისა და სახელმწიფოს უსაფრთხოების წინაშე არსებულ გამოწვევებზე.