ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი
27-05-2013
ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი
მძიმე დილემა...

თუ ჩვენ შევძლებთ მომავლის გადმოსახედიდან შევხედოთ მოვლენებს, დავინახავთ, რომ 17 მაისს საზოგადოების რესტრუქტურირებას და იმავდროულად, რადიკალიზაციას ჩაეყარა საფუძველი ორი ძირითადი მიმართულების გარშემო. ფორმალურად ისინი ღირებულებათა სისტემის გარშემო ერთიანდებიან და ვუწოდოთ მათ პირობითად:

ერთ მხარეს ულტრალიბერალური და მეორე მხარეს ტრადიციულ-ეროვნული, მძაფრი რელიგიური ნიშნით თუ სურნელით. პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც იყვნენ რეალური ავტორები ამ პროცესისა, შეეცდებიან, ამ ორ მიმართულებას საგარეო ორიენტაციის დაღიც დაასვან, შ
ესაბამისად, პირველს - პროდასავლური, ხოლო მეორეს - პრორუსული. ეს ბინძური პოლიტიკური ომის დაუწერელი კანონია, რაც პოლიტიკოსებსა და მათ საგარეო პატრონებს საზოგადოებით მანიპულირებას უადვილებს: ანუ მარტივად რომ ვთქვათ, თუ შენ სექსუალური უმცირესობების უფლებებს იცავ, როგორც ადამიანის უფლებებს, როგორც ეს დასავლეთშია მიღებული, ე.ი. პროდასავლელი ხარ; ხოლო თუ ჰომოსექსუალთა საინფორმაციო პოლიტიკა-რეკლამირება არ მოგწონს, რაც რელიგიათა უმრავლესობისთვის
ასევე მიუღებელია, მაშინ - პრორუსი. აქ, საინფორმაციო ტექნოლოგიებში კარგად გათვითცნობიერებული მეორე (ანუ პირობითად, ულტრალიბერალური) მხარე მარტივ ლოგიკურ ჯაჭვს გვთავაზობს: რადგან მართლმადიდებლობა, როგორც ძირითადი რელიგია, აღმოჩნდა ამ მიმართულების აქტიური მხარდამჭერი, ამიტომ რუსული „დათვის თათიც“ უცილობლად უნდა ვეძებოთ ამ პროცესებში.

17 მაისის აქციის, ერთი მხრივ, დაგეგმვასა, ხოლო მეორე მხრივ, შესრულებაში უსაფრთხოების სპეციალისტმა, წესით, ორივე კვალი და ინტერესი უნდა ეძიოს.

ჩვენ კი ამჯერად ვისაუბროთ იმ შედეგებზე, რომელიც პირობითად 17 მაისმა, როგორც მოვლენამ, დაგვიტოვა: ანუ ვინ რა მოიგო და წააგო და ვის რისი იმედი აქვს მომავალში. ამთავითვე უნდა ითქვას, რომ უშუალო მონაწილენი ამ საკმაოდ ფართომასშტაბიანი დრამისა, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, მხოლოდ შემსრულებლები იყვნენ კარგად დაგეგმილი სცენარისა. ნებისმიერ შემთხვევაში, მავანმა თუ არ დაგეგმა, მაქსიმალურად ისარგებლა მაინც მიღებული შედეგებით.

შედეგები კი ასეთია: ხელისუფლება დადგა მძიმე დილემის წინაშე - დასაჯოს და დააპატიმროს აქციაში აქტიურობით გამორჩეული სასულიერო პირები, რასაც მომავალში აუცილებლად მიეცემა შეფასება, რომ მიმდინარეობს ეკლესიის შესუსტება ბიძინა ივანიშვილის ხელით. გამომდინარე შედეგები თავად განსაჯეთ.
არ დასაჯოს და დასავლეთის რისხვას ვერ გაექცევა - მოვლენათა ასეთი განვითარებაც მისთვის ძალზე არასასიამოვნოა. გარდა ამისა, ის, ვინც ამ აქციას "გემო გაუგო", კიდევ უფრო დიდი მონდომებით შეეცდება ანალოგიურის პროვოცირებას მომავალში, რათა მოახდინოს ხელისუფლების უუნარობის დემონსტრირება და ქაოსის ნიშნები შემოიტანოს ჩვენს ცხოვრებაში ან პირიქით, უბიძგოს ხელისუფლებას ძალადობისკენ და ამით ახალი შტრიხი შემატოს თავისი საინფორმაციო ომის არსენალს.

დასავლეთი რეალურად შეშფოთდა საქართველოში მოვლენათა განვითარების პერსპექტივით. სამაგიეროდ, გამოიკვეთა, რომ მილევად "ნაციონალურ მოძრაობაში" ყველაზე მძლავრი პრეტენზიები მომავალზე გიგა ბოკერიას ფრთას აქვს, ცდილობს რა„ველური საქართველოს შუქჩრდილები დასავლეთს მუქ ფერებში დაანახოს და ამ ფონზე თავად წარმოჩნდეს მათ თვალში ერთადერთ ცივილიზებულ ძალად და შესაბამისად, შეუცვლელ საყრდენად.
თუმცა, დასავლეთმა, ალბათ, ისიც დაინახა, რომ მათ მიერ საქართველოში დემოკრატიის განვითარებაში გადახდილმა მილიარდებმა რეალურად მხოლოდ ელიტური არასამთავრობოების ჯიბეებში დაივანა და ვერანაირი რეალური გავლენა არ (და არა ვერ) მოახდინა საზოგადოების ცნობიერების შეცვლაზე. თუმცა, ორი შედეგი კი აშკარაა: პირველი - გაიხსნა სივრცე ღია დისკუსიისთვის საქართველოს საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ისეთ უცხო და მიუღებელ თემაზე, როგორიც სექსუალურ უმცირესობათა უფლებებია; მეორე - ელიტური არასამთავრობო სექტორი ხელისუფლებას მუდმივად მობოდიშის პოზაში აყენებს.

ეკლესიას მოუწევს ან პოზიციების დათმობა, ან პოლიტიკურ თამაშში აქტიური როლის აღება და მხარედ დაფიქსირება, რაც მის ავტორიტეტს სამომავლოდ მძიმე განსაცდელის წინაშე დააყენებს.
გამოიკვეთა, რომ საქართველოში არსებობს დიდი მასივი ამომრჩევლისა, რომელიც მზად არის დაიცვას ტრადიციული ღირებულებები და რელიგიური მორალი. სოციალურ ქსელებში მართებულად შენიშნეს, რომ საქართველოს საზოგადოება არასდროს ყოფილა ასეთი მობილიზებული ტერიტორიული მთლიანობის დასაცავადაც კი. ეს მასივი, ბუნებრივია, ნოყიერი ნიადაგია პოლიტიკური ძალებისთვის, რის ათვისებასაც შეეცდებიან კიდეც.
რა მოიგო ან რას მოიგებს ამ ყველაფრით საქართველოს საზოგადოება, რომლის შეთრევას რადიკალიზმის მორიგ ტალღაში ცდილობენ, ძნელი სათქმელია. ფაქტია, რომ საზოგადოების ამ განწყობებით მოსარგებლე პოლიტიკური ძალები შეეცდებიან, კიდევ უფრო მკვეთრად გამიჯნონ და შემოიკრიბონ ამომრჩეველი. თუმცა არსებობს დიდი ალბათობაც იმისა, რომ ამ ორი მიმართულების ძალებმა ერთმანეთის მარგინალიზება მოახდინონ და ასეთ შემთხვევაში, თუკი ბიძინა ივანიშვილი შეძლებს მათი დაბალანსებით ქვეყნის სტაბილური განვითარების უზრუნველყოფას, იგი შეიძლება კარგა ხანს დარჩეს საჭირო პარტნიორად საგარეო პოლიტიკური ძალებისთვის და ლიდერად საკუთარი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის, რათა თავიდან იქნეს აცილებული საქართველოში პროცესების რადიკალიზაცია: რადიკალური ჯგუფები ენერგიას ერთმანეთთან ბრძოლას შეალევენ, ხოლო ივანიშვილს ერგება რაციონალური არბიტრის ფუნქცია. თუმცა, 17 მაისმა აჩვენა, რომ ეს პროცესების მოსალოდნელი განვითარების მხოლოდ ერთი სცენარია.

და ბოლოს: მე ვამაყობ იმით, რომ ვარ ქართველი და მართლმადიდებელი და სწორედ ამიტომ მთელი არსებით ვისწრაფვი ვეროპისკენ, რადგან ვიცი, რომ ჩემი ქვეყნის ხსნა მხოლოდ მასშია. მაგრამ რა არის დასაძრახი იმაში, რომ მინდოდეს, ნატვრად ქცეული ევროპა თუ არ გაიზიარებს, გაიაზროს მაინც ჩვენთვის ტრადიციული ღირებულებები, რომელთა უხეშად ხელყოფის მცდელობას ძალზე მტკივნეულად განიცდის საზოგადოება; რა არის ცუდი იმაში, რომ მსურდეს ევროპა ჩემი პარტნიორი იყოს და არა მენტორი, რომლისგანაც მხოლოდ გაკიცხვას ველოდები.
იმედია, საქართველოს საზოგადოებას აქვს რესურსი, უარი თქვას რადიკალიზმზე და ამ შერკინებაში გზა გაუხსნას ძალას, რომელიც შეძლებს საგარეო პოლიტიკური აქტორებისთვის მისაღები გახადოს საქართველო, როგორც პარტნიორი და არა როგორც მარიონეტი.
სახელი
29 მაისი 2013 10:39
ევროპისკენ წასვლა შეიძლება, მაგრამ არაა აუცილებელი, რომ წაკუზულმა იარო და თანაც უკუსვლით!
temida
28 მაისი 2013 23:56
mamuka,
ვერც მე ვხვდები, თქვენი არ იყოს, რატომაა ჩვენი ხსნა მხოლოდ ევროპაში. ამ ევროპასაც რომ არ ვუნდივართ, ესაა ყველაზე სასაცილო!
მივმართავ "კვირის პალიტრას", რატომ არ შეიძლება თქვენი გაზეთის ფურცლები დაუთმოთ პოლიტიკოსს ან ექსპერტს, რომელიც იტყვის, რომ ჩვენი ხსნა რუსეთშია? არ შეიძლება ალტერნატიული აზრიც მოვისმინოთ? მე, როგორც მკითხველს მაინტერესებს ასეთი აზრის მოსმენა!
qeti
28 მაისი 2013 22:11
სამწუხაროდ ,მეორე აღმაშენებელი ან გორგასალი არ გვყავს,რომ ერსაც და ბერსაც მტკიცე ხელით მიუჩინოს თავისი ადგილი და თუ ქვეყნის სამსახურში ვერ ჩააყენებს,ღალატის და მტრის დაკრულზე ცეკვის საშუალება მაინც არ მისცეს.
ჩვენ ის ქვეყანა ვართ, სადაც მთავრობის გადასაყენებლად შეიძლება ნახევარი მილიონი ადამიანი გამოვიდეს,მაგრამ ამის მეათედიც კი არ გამოვა არათუ სამშობლოსათვის თავის გასაწირად,არამედ მტრის წინააღმდეგ სიტყვიერი პროტესტის გამოსახატავად მაინც.


რედაქტორის რჩევით