მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები -17 მაისის გაკვეთილი და "სამართლიანობის აღდგენა" - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები -17 მაისის გაკვეთილი და "სამართლიანობის აღდგენა"

17 მაისის გაკვეთილი

ჩემს არც ერთ სტატიას არ მოჰყოლია იმდენი კომენტარი "კვირის პალიტრის" საიტზე, რამდენიც წინა "კვირის ფიქრებს". 100-ზე მეტ კომენტარში ბევრი ლანძღვა იყო, თუმცა გამიკვირდა, რომ უფრო ბევრი მეთანხმებოდა. სიმართლე გითხრათ, ლანძღვას უფრო ველოდი, რადგან ჩემი პოზიცია სულაც არ არის დღეს პოპულარული. ვიცი, რომ ბევრს ურჩევნია, პატრიოტულ-მართლმადიდებლურ ნოტზე მოიმართოს და 30 ლგბტ-ს ან მათ დამცველებს ქვებით გაუსწორდეს, ვიდრე, მაგალითად, ჯარში წავიდეს და ასე დაიცვას სამშობლო.

ვიღაცამ იხუმრა სოციალურ ქსელში, ამდენი გავეშებული ქართველი 2008 წელს რუსის ჯარს რომ გამოსდგომოდა, ოკუპირებული ტერიტორიები აღარ გვექნებოდაო.

რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ხუმრობაა, მაგრამ როგორც ყველა ხუმრობაში, აქაც არის სიმართლის მარცვალი. მართლა საინტერესოა, სად იყო ამდენი გულანთებული ქართველი მაშინ?! ერთი კომენტარი სოციალური ქსელიდან: "ან სად იყო სამღვდელოება, როდესაც ხელისუფლება ძალადობდა ხალხზე, თუ მღვდლების ქუჩაში გამოსვლა შეიძლებოდა, 7 ნოემბერი და 26 მაისი რატომ არ გააპროტესტეს?!" მოკლედ, ყველაფერს შეიძლება სხვა მხრიდან შეხედო. დღეს მთავარი პრობლემა სწორედ ესაა.

აგრესიულად განწყობილ ადამიანებს უჭირთ მოვლენის სხვადასხვა კუთხით დანახვა. როგორც ირკვევა, საზოგადოების დიდ ნაწილს მხოლოდ სწორხაზოვნად აზროვნება შეუძლია. არ ვიცი, შეიძლება თუ არა ასეთ ადამიანებს აუხსნა, რომ 17 მაისის შემდეგ მთავარი არა ჰომოსექსუალების უფლებების დაცვა, არამედ ძალადობის დაგმობა გახდა. ყველა იმ ადამიანს, ვინც 17 მაისი გააპროტესტა, ერთი სურვილი აქვს: არ ვიყოთ მოძალადეები. პროტესტის უფლება ყველას აქვს, ძალადობის - არა. ეს ხომ ელემენტარული ჭეშმარიტებაა. აქ უმეტესობა გიპასუხებს: ძალადობას მეც ვგმობ, მაგრამ... აი, სწორედ ამ "მაგრამის" შემდეგ იწყება, რაც იწყება, არადა, აქ წერტილი უნდა დასვა, რადგან არავინ გართმევს უფლებას, შენი აზრი გამოხატო და ნურც შენ წაართმევ ამ უფლებას სხვას.

24 მაისსაც გაიმართა აქცია სახელწოდებით "არა თეოკრატიას", რომელსაც ბევრი არ ეთანხმებოდა და იქვე კონტრაქციაც მოეწყო ლოზუნგით "არა ლგბტ პროპაგანდას". თუმცა არ ყოფილა ძალადობა. აი, ეს იყო ნორმალური.

ვინმე გეუბნებათ, არ გააპროტესტოთ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდაო? თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს პრობლემაა, გააპროტესტეთ, მაგრამ მხოლოდ სიტყვითY და არავითარ შემთხვევაში - მუშტით, ან მით უფრო, ტაბურეტით.

ერთი აქციის მონაწილეები, რომელთაც წინ სამღვდელოება მიუძღოდა, მეორე აქციისკენ დაიძრა ერთი მიზნით - არ მიეცათ მათთვის აქციის ჩატარების უფლება. ვინმე დაფიქრებულა, რა მოხდებოდა, სექსუალურ უმცირესობათა დამცველები პოლიციას რომ არ გაეყვანა? როგორ შეაწყვეტინებდა ეს გავეშებული ხალხი მათ აქციას?! ამიტომ არის მომხდარი დასაგმობი! ასეთი რამ აღარ უნდა განმეორდეს.

17 მაისის მოვლენები მთელი კვირა მთავარი თემა იყო. ამან დაგვანახა, რომ ასეთ რამეს ჩვენი საზოგადოება ადვილად არ ეგუება, ყოველ შემთხვევაში - მისი აქტიური ნაწილი მაინც. ამან იმედის მომცემი შედეგი მოიტანა: ხელისუფლებამ რეაგირება მოახდინა დანაშაულზე, საპატრიარქომაც დაგმო ძალადობა და მოძალადე მღვდლების დასჯას თავადაც აპირებს. ეს აქცია და შემდეგ განვითარებული მოვლენები გაკვეთილი უნდა იყოს ხელისუფლებისთვის, ეკლესიისთვისაც და საზოგადოებისთვისაც. მთავარია, საკუთარ შეცდომებზე ვისწავლოთ. დარწმუნებული ვარ, ასეთი რამ ჩვენთან აღარასდროს მოხდება და თუ ამაში ჩემი წვლილიც შევიტანე, აღარ ვიდარდებ "ფეისბუკში" ჩემს ლანძღვაზე. თუ ჩვენი საზოგადოება ძალადობაზე უარს იტყვის, მივიჩნევ, რომ ეს ამად ღირდა.

"სამართლიანობის აღდგენა"

არავინ იცის, საბოლოოდ როგორ დამთავრდება ვანო მერაბიშვილის პროცესი, მაგრამ მისი დაკავება უკვე არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა. ასეთი რანგის პოლიტიკოსი თავის დროზე "ნაციონალურ მოძრაობასაც" კი არ დაუკავებია. მათ არ გაუსამართლებიათ არც სახელმწიფო მინისტრი (მაშინ პრემიერ-მინისტრი არ გვყავდა) და არც შინაგან საქმეთა მინისტრი (კობა ნარჩემაშვილი, როგორც დააკავეს, ისე გამოუშვეს). მათ არც შევარდნაძე გაუსამართლებიათ, რაც ჩემი აზრით, დიდი შეცდომა იყო. სწორედ ამ შერჩევითმა სამართალმა გაუჩინა საზოგადოებას უსამართლობის განცდა. სწორედ ამიტომაა უმნიშვნელოვანესი ეს პროცესი ბოლომდე მივიდეს და თუ საჭიროა, სააკაშვილიც გასამართლდეს, რათა აღარავის ეგონოს, რომ რადგან ხელისუფლებაშია, ყველაფერი შერჩება. ვანოს, ალბათ, ეგონა: 1) ის ძალიან, ძალიან დიდხანს იქნებოდა ხელისუფლებაში. იმდენ ხანს მაინც, რომ მისი დანაშაული ხალხს დაავიწყდებოდა; 2) როდესაც ხელისუფლებიდან წავიდოდა, ხელისუფლებას ისეთ ვინმეს გადააბარებდა, ვისაც მათი გასამართლება აზრად არ მოუვიდოდა.

დღეს მას იმედი გაუცრუვდა. ვერც ხელისუფლებაში დარჩა ათეულობით წლები და ვერც ისეთ ვინმეს დაუტოვა სკამი, ვინც მის დანაშაულზე თვალს დახუჭავდა.

ეს გვიჩენს იმედს, რომ ახალ ხელისუფლებაში ბევრი ჩინოვნიკი დაფიქრდება, ვიდრე დანაშაულს ჩაიდენს. ეს იქნება პრეცედენტი, რომ რაც უნდა მაღალი თანამდებობის პირი იყო, თუ დამნაშავე ხარ, სამართალი ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ მაინც მოგიკაკუნებს.

მე, რა თქმა უნდა, ვეთანხმები ყველას, ვინც ფიქრობს, რომ სამართლიანობის აღდგენა მარტო სააკაშვილის ეპოქით არ უნდა შემოიფარგლოს და კიტოვანი და ვიღაცები, ვინც ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო, თავისუფლად არ უნდა დასეირნობდნენ, მით უმეტეს - ჭკუას არ უნდა გვარიგებდნენ. არ ვეთანხმები იმათ, ვინც ფიქრობს, რომ ასე ჩვენ ნოე ჟორდანიამდე მივალთ. დიახ, სამართლიანობა უნდა აღდგეს და დაისაჯოს ისიც, ვინც 90-იან წლებში უამრავი უბედურება დაატეხა თავს ჩვენს ქვეყანას. ვფიქრობ, ეს აუცილებელია. შეუძლებელია, ადამიანებმა ირწმუნონ სამართლიანობის აღდგენისა, თუ ციხეში იჯდება მერაბიშვილი, მაგრამ ქუჩაში თავისუფლად ისეირნებენ კიტოვანი და მისთანანი.

დასასრულ, ხშირად მესმის კრიტიკა: ნუ იყენებთ ტერმინს "სამართლიანობის აღდგენა"; როდის იყო სამართლიანობა ჩვენს ქვეყანაში - შევარდნაძის დროს, თუ უფრო ადრე, მის აღდგენას რომ ითხოვთო? ჩემი აზრით, ეს ტერმინი გულისხმობს კონკრეტული ადამიანის (ადამიანების) მიმართ უსამართლოდ დარღვეული უფლებების აღდგენას.