26 მაისის შემდეგ პროტესტის ნიშნად თმა არ გამიპარსავს და არც ვაპირებდი, სანამ ქვეყანაში ღირსეული ხალხი არ მოვიდოდა...
27-05-2013
26 მაისის შემდეგ პროტესტის ნიშნად თმა არ გამიპარსავს და არც ვაპირებდი, სანამ ქვეყანაში ღირსეული ხალხი არ მოვიდოდა...
"ესენი იყვნენ კუნთმაგარი და გონებაჩლუნგი ადამიანები, რომლებიც ფულისთვის ყველაფერს იკადრებდნენ"

26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი დღესასწაული, რომელიც 1918 წლიდან იღებს სათავეს, არაერთ ხელისუფლებას უზეიმია. სხვა წლებისგან განსხვავებით, საქართველოსთვის მძიმედ მოსაგონარია 2011 წლის 26 მაისი. საპოლიციო ქვედანაყოფებმა პარლამენტის წინ გამართული საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. წინასწარი დაკავების იზოლატორებში რკინის ხელკეტებით ნაცემი ადამიანები შველას ითხოვდნენ. ხელისუფლება კი ამ დროს დამოუკიდებლობას ზეიმობდა.

ლუკა კურტანიძე, 26 მაისის აქციის მონაწილე:
- 2011 წლის 26
მაისი საქართველოს ისტორიაში შავ ლაქად დარჩა. ეგრეთ წოდებულმა პრეზიდენტმა, ვინმე მიხეილ სააკაშვილმა მხოლოდ იმისთვის დაგვსაჯა იმ ღამით, რომ ჩვენ მის რეჟიმს დავუპირისპირდით. მან საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს საკუთარი ხალხის სისხლში იბანავა.

არ მინდა ამ ტკივილით საზოგადოება კიდევ ერთხელ გავაღიზიანო, მაგრამ იქ ისეთი რაღაცები მოხდა, რაც ადამიანმა
არც უნდა გაიფიქროს. პოლიციელები გასისხლიანებულ, ბორკილებდადებულ აქციის მონაწილეებს ხანმოკლე შესვენებების შემდეგ ისევ სასტიკად სცემდნენ. ბიჭებს დუბინკებით აუპატიურებდნენ და ამ ყველაფერს მობილურებით იღებდნენ. ამაზრზენი იყო მათი კმაყოფილი სახეების ყურება. ეს არასდროს დამავიწყდება.

მოხუცებს, ქალებს თუ ბავშვებს, ყველას ერთნაირად უსწორდებოდნენ. დაკავებულებს მთელი სხეული დასისხლიანებული ჰქონდათ, მაგრამ ეს მათში სიბრალულს არ იწვევდა. ისე ვიყავი ამით გაოგნებული, წინააღმდეგობის გაწევა რომც მნდომოდა, ვერ შევძლებდი.
პირველად ვნახე მაშინ განწირული ხმით მტირალი კაცი. ამ ყველაფრის გამო გარეთ ერთი პოლიციელი შეეკითხა მეორეს,  რა ხდება შიგნით, ასეთი ხმაური რატომ არისო. პასუხი იცით, როგორი იყო? ბიჭები ვარჯიშობენო.

ვარჯიშობდნენ ადამიანებზე, მათ შორის - ქალებზე, ბავშვებზე, მოხუცებზე. სასწრაფოს თანამშრომლებს ეს "მოვარჯიშეები" ეუბნებოდნენ, სად დავარტყათ, რომ არ დაიხოცონ ეს ძაღლიშვილებიო.
ისინიც შეშინებულები ზედმიწევნით კარნახობდნენ ადგილებს. როგორ შეიძლება მათ ადამიანები ვუწოდოთ, ამათი შედარება მხეცებთანაც არ შეიძლება.

- იმ ღამეს გადაღებულ ვიდეო და ფოტომასალებში კარგად ჩანს სისასტიკე, რომელიც პოლიციელებმა გამოიჩინეს აქციის დარბევის დროს. ნუთუ ყველა ისე იყო მომართული, რომ შეეძლოთ დაუნდობლად ეცემათ და ცემით მოეკლათ საკუთარი მოქალაქეები?
-  სააკაშვილმა ისეთი რეჟიმი შექმნა, რომ უმეტესობა სისტემის შენარჩუნებისთვის ყველაფერზე წამსვლელი იყო. თუმცა ამ ქაოსში იყვნენ ისეთებიც, რომლებიც  არ ასრულებდნენ უკანონო ბრძანებას. ამას მე ჩემს მაგალითზე გეტყვით. როცა რუსთაველის თეატრში შევედით, სპეცრაზმმა მოიტანა სპეციალური ინსტრუმენტი, რომელსაც კარების შესამტვრევად იყენებენ. იცით, ალბათ, როგორ წინააღმდეგობას ვუწევდით პოლიციელებს, რომ ცემით არ მოვეკალით. ამ დროს
უკნიდან დამიჭირა ერთმა მაღალმა სპეცრაზმელმა და ჩამჩურჩულა, ლუკა, გაჩერდი, შენი ლიკვიდაცია ან დახეიბრება გვაქვს დავალებულიო. მივხვდი, რომ თუ არ დავნებდებოდი, კარების ჩამტვრევის შემდეგ ის ინსტრუმენტი მე მომხვდებოდა ხერხემალში.

სპეცრაზმელებმა დაკავების იზოლატორშიც დამიცვეს და გაყვანის დროსაც გადამეფარნენ, როცა ქაოსურად მორბენალი პოლიციელები რკინის ხელკეტების დარტყმას ცდილობდნენ.
რამდენიმე დღის წინ სპორტული ღონისძიება გვქონდა, სადაც მოვიდნენ ის სპეცრაზმელები, რომლებსაც 26 მაისის ღამეს ჩემი დაკავება ჰქონდათ დავალებული. მე მათ სახეზე ვერ ვცნობდი, მაგრამ თავად შემახსენეს, როცა დამაკავეს და დამიცვეს გამხეცებული დამრბევებისაგან.

- თქვენ ახლა სამართალდამცავებთან სამსახური გაკავშირებთ. როგორ გხვდებიან იმ განყოფილების თანამშრომლები, რომლებიც დარბევის ღამეს რუსთაველის პროსპექტზე იყვნენ?
-  წაქცეული არასდროს დამიმცირებია. ბოლომდე ვიბრძოლებ, რომ წავაქციო, მაგრამ მერე, თუ იგრძნობს თავის დამარცხებას, ხელს გავუწოდებ და წამოვაყენებ.
ბევრი მათგანი შეიძლება გასვრილია, მაგრამ მათი გამოსწორება და სახელმწიფო სამსახურში, სამართლის სამსახურში ჩაყენება შეიძლება.

ნათქვამია, თევზი თავიდან ყროლდებაო და სწორედ იმ აყროლებული ნაწილის მოშორება და გასამართლებაა აუცილებელი, რომლებმაც არაერთი ადამიანი საკუთარი ინტერესების მსხვერპლი გახადა, მათ შორის - პოლიციელებიც.

- ფიქრობთ, რომ ვანო მერაბიშვილის დაკავება დროული იყო?
- სამართალი აუცილებლად უნდა აღსრულდეს. ამის მაგალითია ის, რომ მერაბიშვილი უკვე საბრალდებო სკამზეა და მათ შორის იმ უბედურებაზეც მოეკითხება, რაც 26 მაისს დაატრიალა.  ყველას დაუკაკუნებს სამართალი კარზე და იძულებული გახდებიან, გაუღონ.

ესენი იყვნენ კუნთმაგარი და გონებაჩლუნგი ადამიანები, რომლებიც ფულისთვის ყველაფერს იკადრებდნენ. რომელი პოლიტიკოსი გინახავთ თქვენ ნაცემი და დაზიანებული მიტინგების დარბევის დროს? მოიყვანენ ხალხს, მერე მიაგდებენ და თავად სუფთად გამოდიან. ვის ხვდება ყველაზე მეტი ამ დროს? ისევ ხალხს. ამ აქციაზე საზოგადო მოღვაწეები იყვნენ  და როგორ უნდა მიმეცა თავისთვის უფლება, დარბევის დროს ხალხს გავცლოდი. მე, სოსო ჯაჭვლიანი, გია ბურჯანაძე, რეზო ესაძე და სხვები ვამბობდით, რადგან ჩვენ მოვიყვანეთ ეს ხალხი, ყველაზე მეტი დარტყმა ჩვენ უნდა მივიღოთო და მივიღეთ კიდეც.

- ნინო ბურჯანაძემ თქვა, რომ 2011 წლის 26-მა მაისმა განაპირობა 1-ლი ოქტომბრის არჩევნების მოგება. რა როლი შეასრულა არჩევნების მოგებაში ამ დღემ?
- 1-ლი ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებაზე ყველა იმ უკანონობამ მოახდინა გავლენა, რასაც სააკაშვილის ხელისუფლება სჩადიოდა. 26 მაისი ნამდვილად იყო ბოლო წვეთი მოთმინების ფიალაში, რამაც ივანიშვილი პოლიტიკაში მოიყვანა და ამ კაცმა 1-ლი ოქტომბრის გამარჯვება გვარგუნა.
26 მაისის შემდეგ პროტესტის ნიშნად თმა არ გამიპარსავს და არც ვაპირებდი, სანამ ქვეყანაში ღირსეული ხალხი არ მოვიდოდა მთავრობაში. დღეს უკვე ახალ რეალობაში ვართ და 25 მაისის გვიან ღამით სოსო ჯაჭვლიანის ხელით შევიჭერი თმა. ეს იყო იმის მომასწავებელი, რომ დავასრულებ იმ მოგონებებით ცხოვრებას, რაც 26 მაისის დარბევას უკავშირდება.

უტა ბიწაძე
an s
29 მაისი 2013 12:16
რატომ არის უღირსი და ზნედაცემული? შე მართლა ზნედაცემულო?? გიჟო ვიღაცა ხარ სინდისი საერთოდ არ გაგაჩნია?
an
28 მაისი 2013 20:02
სამაგიეროდ შენ ხარ უღირსი, უვიცი და ზნედაცემული და ვინც გვერდში ამოგიყენა არც ის იქნება შენზე უკეთესი, წინააღმდეგ შემთვევაში, მას შემდეგ რაც გამოჩნდა ვინც ხარ, ასე ურცვხად არ დაიწზბდა შენს კაცობაყე ლაპარაკს, არაკაცო!
გიორგი
28 მაისი 2013 19:35
ეს ესე იყო საჭირო ეს ესე იყო გასაკეთებელი. რა პრობლემაა?! არც არაფერი

რედაქტორის რჩევით