"დაპატიმრებების ახალი ტალღა დაიწყო"
27-05-2013
"დაპატიმრებების ახალი ტალღა დაიწყო"
"ჩვენს პარტიაში ყველაზე რეიტინგული ვინც იქნება, ის უნდა წარდგეს საპრეზიდენტო კანდიდატად"

"ვანო მერაბიშვილი არ არის ის ადამიანი, ვინც გამოძიებას მიემალებოდა"


"ნაციონალურ მოძრაობაში" მძიმე განწყობაა - ერთი იმის გამო, რომ ქვეყანაში სახარბიელო არაფერი ხდება, ყველა სფეროში უკუსვლაა, მეორე - მიმდინარეობს "ნაციონალური მოძრაობის" პირდაპირი ტორპედირება და არის მცდელობა, როგორმე მოახერხონ ყველაზე მძლავრი ოპოზიციური ძალის განადგურება", - განგვიცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა, რომელთან საუბარი ვანო მერაბიშვილის დაკავებით დავიწყეთ:


- ვანო მერაბიშვილს ბრალი
კონკრეტული მუხლებით ფინანსებთან დაკავშირებით წარუდგინეს, მაგრამ პროკურატურა წინასწარ ლაპარაკობს კიდევ სხვა რაღაც საქმეებზე, რაც მიუთითებს, რომ ეს საქმე პოლიტიზებულია. პროკურატურა ამბობს, რომ ჯერ არა აქვთ მომზადებული მასალები, რომ ბრალი წარუდგინონ მერაბიშვილს იმ საქმეებზე, რასაც აანონსებენ. ბიძინა ივანიშვილმა Eთბილისში გამართული ე. წ. პოლიტპატიმრების შეკრების, კაკაბაძე-ბესელიას სიის
წევრების მოსაზრებები გაითვალისწინა და ამიტომ დააპატიმრა ვანო მერაბიშვილი. ფაქტია, ამ ფსევდოსამართლიანობის აღდგენის მოთხოვნის შემდეგ დაიწყო დაპატიმრებების ახალი ტალღა. თუკი აქვთ სამხილები რომელიმე პირზე, დაჰკითხონ, მაგრამ ვანო მერაბიშვილი არ არის ის ადამიანი, ვინც გამოძიებას მიემალებოდა. მისი დაკავება იყო სიმბოლური აქტი, რომელიც მიზნად ისახავდა პოლიტიკური ოპონენტების დაშინებას. ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრების ამ მოსაზრების სოლიდარულია მსოფლიოს ყველა წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაცია. მას მოჰყვა უპრეცედენტო გამოხმაურებების ტალღა როგორც აშშ-ის სენატორების, ისე ევროკავშირისა და ყველა იმ ორგანიზაციისაგან, რომელთანაც საქართველო თანამშრომლობს. ყველა ხედავს, რომ პრობლემების გადალახვის შეუძლებლობისა და წინასაარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობის გამო დევნიან პოლიტიკურ ოპონენტებს.

- კიდევ ხომ არ ელოდებით თანაგუნდელების დაკავებას?

- არ გამოვრიცხავ, რომ დაკავებები გაგრძელდეს. ხელისუფლება ფიქრობს და ეს საჯაროდ თქვა ივანიშვილმა, დაკავება და პროკურატურასთან რიგები მას შემდეგ შეწყდება, რაც "ნაციონალური მოძრაობა" შეწყვეტს პოლიტიკურ აქტიურობასო. "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკურ აქტიურობას არ შეწყვეტს. შესაბამისად, უნდა ველოდოთ, რომ ის ავტორიტარული მმართველობა, რომელიც დღეს არის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების სახით, სულ უფრო გადაიზრდება დიქტატურაში. ეს ადამიანი პოლიტიკური მოწინააღმდეგეების გასანეიტრალებლად ვერ მოძებნის ვერც ერთ სხვა პოლიტიკურ ინსტრუმენტს, გარდა პროკურატურისა. ეს ძალიან სამწუხარო რეალობაა. ჩვენთვის მთავარი ახლა ის კი არ არის, რა მოუვა ივანიშვილის ხელისუფლებას (დიქტატორები კრახით ამთავრებენ მმართველობას), არამედ ასეთმა უპასუხისმგებლო მიდგომამ არ გადაინაცვლოს საქართველოზე და ქვეყანას არ შეექმნას პრობლემები. ივანიშვილის ხელისუფლების ბედი ჩემთვის სავსებით ცხადია იმ კოლაფსის ფონზე, რაც არის ეკონომიკაში, ასევე, როგორც შიდა, ისე საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე.

- მერაბიშვილის დაპატიმრების მერე ხომ არ გადაიფიქრებთ პრაიმერის გამართვას და ხომ არ დაასახელებთ მას პრეზიდენტობის კანდიდატად?
- ჩატარდეს თუ არა პრაიმერი, ახლა ვმსჯელობთ. ჩვენ გვინდოდა პრაიმერის გამართვა, მაგრამ თვალში ნაცარს ვერ შევიყრით. მას შემდეგ, რაც პარტიის გენერალური მდივანი დააპატიმრეს, ახალი პოლიტიკური რეალობა შეიქმნა. არა ვარ დარწმუნებული, რომ ახლა პარტიას იმის ფუფუნება ჰქონდეს, შიდაპარტიული დისკუსია გავშალოთ საპრეზიდენტო კანდიდატზე. ამიტომ შეიძლება კანდიდატი შევარჩიოთ საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციების კვლევების შედეგებიდან გამომდინარე.
თუ პრეზიდენტობის კანდიდატად ვანო მერაბიშვილი დასახელდება, ეს უკვე აღარ იქნება საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა. ეს იქნება სხვა ტიპის პოლიტიკური ნაბიჯი - საპრეზიდენტო არჩევნების შესაძლებლობების გამოყენება, რათა საზოგადოებას დავანახოთ ამ ხელისუფლების სახე. არა ვარ ასეთი გადაწყვეტილების მომხრე. ჩვენს პარტიაში ყველაზე რეიტინგული ვინც იქნება, ის უნდა წარდგეს საპრეზიდენტო კანდიდატად. არა ვარ იმდენად რომანტიკოსი, რომ ვფიქრობდე, მეყსეულად ყველაფერი გადატრიალდება საქართველოში-მეთქი, მაგრამ მჯერა, პოლიტიკური ძალებისთვის მხარდაჭერა შეიცვლება ისეთი ეკონომიკური ვითარების ფონზე, რაც ქვეყანაშია, იმ გაძლიერებული კრიტიკის ფონზე, რაც ყველა მხრიდან მოდის საქართველოსკენ, იმ კაპიტულანტური პოლიტიკის ფონზე, რაც გვაქვს რუსეთთან და იმის ფონზე, რომ "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი აცხადებს, ივანიშვილი რუსეთის სახელისუფლებო წრეებთან შეთანხმებული პროექტიაო.

- როდის თქვა გიორგი მარგველაშვილმა, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსეთის პროექტია?

- ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლიდან ცოტა ხანში. ამ ინტერვიუს მოძებნა ადვილად შეიძლება ინტერნეტში.

- მას შემდეგ, რაც პარტიის გენერალური მდივანი დააპატიმრეს, რა განწყობაა პარტიაში?
- ვანო მერაბიშვილისა და ბაჩო ახალაიას დაპატიმრება და მოლოდინი, რომ შეიძლება ეს დესტრუქციული პოლიტიკა გაგრძელდეს, პარტიისაგან ძალთა მობილიზაციას ითხოვს. თუმც ასეთი დარტყმა და გამოწვევა მეტ შიდა კონსოლიდაციასა  და მობილიზაციას ახდენს. ბოლო დღეებში პარტიაში იმ პირებს ვხედავ, რომლებიც ბოლო ორი თვეა არ მინახავს. "ნაციონალურ მოძრაობას" გაქრობა არ ემუქრება და ის პრობლემები, რომელიც ხელისუფლების არასათანადო პოლიტიკის გამო შეიქმნა, ერთ-ერთი მოტივატორი იქნება, რომ ჩვენი პოლიტიკური ძალა კიდევ უფრო გაძლიერდეს.
duru64
29 მაისი 2013 21:15
მოაშორეთ ეს უვიცი გაუნათლებელი აქაურობას! თავს ნუ აზიზღებთ ხალხს ასეთი ადამიანებით!!!
levan
29 მაისი 2013 20:23
ამის ადგილი ცხვარშია.
GOGI
29 მაისი 2013 09:44
ეს კოალდასსიფათიანი როდის უნდა შეაგდონ იქ სადაც ჯერ არს?

რედაქტორის რჩევით