შენ რამდენი მოკალი? - "გაუმართლებელია, როცა სიკვდილის პიარს ახდენ პირდაპირ ეთერში" - კვირის პალიტრა

შენ რამდენი მოკალი? - "გაუმართლებელია, როცა სიკვდილის პიარს ახდენ პირდაპირ ეთერში"

"არ იყო სწორი ამ ვიდეოფირის გავრცელება, რადგან შეიძლება ცუდი შედეგი მოჰყვეს"

"როცა ჩვენი მებრძოლები ავღანეთში ცეცხლის წინა ხაზზე არიან, მეტი სიფრთხილე გვმართებს"

26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, საქართველოს მთავრობა და ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ღონისძიებაზე იყვნენ მიწვეული. ყველას არ ერგო ეს პატივი, მათ შორის - საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც. გაბუტული მთავარსარდალი ავღანეთში, ჰილმენდის პროვინციაში გაემგზავრა, - მან ბაზა ლეზერნიკში მე-3 ბრიგადის 33-ე ბატალიონისა და მე-4 ბრიგადის 42 ბატალიონის ჯარისკაცებთან ერთად აღნიშნა დამოუკიდებლობის დღე. მის ამ ვიზიტს ექსპერტებისა და პოლიტიკოსების კრიტიკა მოჰყვა, - საფუძველი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ვიდეოფირი გახდა, სადაც ჩანს, თუ როგორი აღტაცებით საუბრობს პრეზიდენტი ტერორისტების თავდასხმასა და თალიბების ლიკვიდაციის დეტალებზე.

ირაკლი სესიაშვილი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე: - 26 მაისი საქართველოსთვის დიდი დღესასწაულია. ამ დღეს უმაღლესმა მთავარსარდალმა უნდა მოინახულოს თავისი ჯარისკაცები, განსაკუთრებით ცხელ წერტილებში. თუმცა მნიშვნელოვანია, რა მიზნით ჩავა მათ მოსანახულებლად. მაღალჩინოსნების ვიზიტები პიარკამპანიას კი არა, ჩვენი ჯარისკაცების გამხნევებას, თანადგომას და ვითარების გაცნობას უნდა ემსახურებოდეს. ზოგს მიაჩნია, რომ ავღანეთში უნდა ჩავიდეს, რომ ეს მერე ტელეეთერში გაუშვას, ასე მოიქცა პრეზიდენტი სააკაშვილი. ეს ვიზიტი პიარკამპანიაზე იყო გათვლილი.

- თქვენთვის მისაღებია ის ვიდეოფირი, სადაც პრეზიდენტი სიკვდილის "ექსპორტზე" საუბრობს ჯარისკაცებთან?

- როცა პრეზიდენტი მთელი მსოფლიოს საჩვენებლად ასე აჟიტირებით საუბრობს სიკვდილზე, მიუღებელია. ამ ყველაფერს მოსახლეობა უყურებს, მათ შორის ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების მშობლები. გაუმართლებელია, როცა სიკვდილის პიარს ახდენ პირდაპირ ეთერში. ქართველებს ყოველთვის გვჩვეოდა დამარცხებული მტრის პატივისცემა. გავიხსენოთ "ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი", ეს უბრალო ამბავი კი არ არის, არამედ ტრადიციაა. მტერი, მით უფრო გარდაცვლილი, შენი პიარისთვის არ უნდა გამოიყენო.

- თალიბები ხშირად მაშინ აქტიურდებიან, როცა მათ ქვეყანაში კოალიციური ჯარების სარდლობები ან მაღალი რანგის პოლიტიკური პირები სტუმრობენ. 26 მაისს პრეზიდენტის საუბარი სამხედროებთან ადმინისტრაციამ გაასაჯაროვა, ასეთი საუბრები ხომ არ შეუქმნის ავღანეთში მყოფ ქართველ ჯარისკაცებს საფრთხეს?

- ამისგან დაზღვეული არავინ არის, თუმცა პირდაპირ კავშირს ვერ გავავლებთ და ვერ ვიტყვით, რომ ვიზიტების შემდეგ თავდასხმები ხდება. მაგრამ მაღალი თანამდებობის პირმა მაქსიმალურად უნდა შეიკავოს თავი ისეთი ქმედებებისგან, რომელსაც შეიძლება ტერორისტების ახალი აგრესია მოჰყვეს.

თუ დავაკვირდებით ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს, მივხვდებით, რომ ასეთი საუბრების მედიასაშუალებებით გავრცელება შეცდომაა. დაგეგმილ ვიზიტებზე წინასწარ არასდროს საუბრობენ, მხოლოდ დასრულების შემდეგ ხდება ცნობილი ამის შესახებ. ამით ზრუნავენ როგორც თავიანთი თავის, ასევე ავღანეთში მყოფი სამხედროების უსაფრთხოებაზე.

- როგორ შეაფასებთ პრეზიდენტის ღია საუბრებს ისეთ თემებზე, რომლებიც გასაიდუმლოებული უნდა იყოს?

- პრეზიდენტს უფლება აქვს მეთაურთან ასეთ საკითხებზე ისაუბროს. კარგიც არის, როცა პრეზიდენტი ამ სამწუხარო ფაქტით დეტალურად ინტერესდება, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს პირდაპირ ეთერში. არის საკითხები, რაც საჯაროდ არ უნდა გავრცელდეს. როცა ჩვენი მებრძოლები ცეცხლის წინა ხაზზე არიან, მეტი სიფრთხილე გვმართებს.

ცხადია, ყველაფერში შეიძლება პრეზიდენტი ვერ ერკვეოდეს, მაგრამ იმიტომ ჰყავს მას მრჩევლები და ამხელა ადმინისტრაცია, რომ ურჩიონ, როგორ უნდა მოიქცეს. მიმაჩნია, რომ არ იყო სწორი ამ ვიდეოფირის გავრცელება, რადგან შეიძლება ცუდი შედეგი მოჰყვეს.

უტა ბიწაძე