"აქ და ახლა" FM 103.9
03-06-2013
"აქ და ახლა" FM 103.9
კოტე ჟღენტი კახა კახიშვილმა შეცვალა

"ყოველთვის ვცდილობდი, მინიმალურად ვყოფილიყავი კონფორმისტი"


საზოგადოება რადიო "პალიტრის" ეთერში სამი წელი უსმენდა კოტე ჟღენტის საავტორო გადაცემას "აქ და ახლა". გამოცდილმა წამყვანმა (ბატონი კოტე პროფესიონალი დიპლომატია), აქტუალურმა თემებმა, საინტერესო სტუმრებმა "აქ და ახლა" მსმენელისთვის საყვარელ გადაცემად აქცია. ბატონი კოტე ჟღენტი დიპლომატიურ სამსახურს უბრუნდება, პოლიტიკურ ტოქშოუს ახალი წამყვანი ჰყავს - იურისტი და პოლიტოლოგი კახა კახიშვილი. "კვირის პალიტრა" გადაცემის ძველ და ახალ წამყვანებს ესაუბრა:

კოტე ჟღენტი: - როგორ
აღმოვჩნდი რადიო "პალიტრაში"? ჟურნალისტური გამოცდილება მქონდა. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდულ რადიოში ვმუშაობდი, მერე "დიდ" რადიოსა და ტელევიზიაში.   
20 წელი ვიმუშავე საგარეო უწყებაში.  ბოლოს უნგრეთში ელჩის მოვალეობას ვასრულებდი. უნგრეთში საქართველოს სრულყოფილი საელჩო არ ჰქონდა. მე ვიყავი ელჩიც, კონსულიც, მძღოლიც და ტელეფონზე პასუხის გამცემიც.  2009 წელს
მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ მითხრა, თქვენისთანა გამოცდილი დიპლომატი გვჭირდება,  ცოტა ხანი გვაცალეთ და აუცილებლად დაგირეკავთო.  გამიშვეს რეზერვში და სამი წელი ისე გავიდა, არავის დაურეკავს. რაკი დიპლომატიურ სამსახურს თავი დავანებე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორად გავაგრძელე მუშაობა. ამ პერიოდში დამირეკა თამრიკო ცაგარეიშვილმა, პოლიტიკური ტოქშოუს წამყვანი გვჭირდებაო.  ასე მოვხვდი რადიო "პალიტრაში". გადაცემის სახელი "აქ და ახლა" ქალბატონი თამარის მოფიქრებულია. რადგან გადაცემის ამოცანაა, საზოგადოებას გავაგებინოთ რა ხდება აქ და ახლა, ეს სახელი მოუხდა.

- როგორი იყო რადიო "პალიტრაში" მუშაობის სამი წელი?
- შესანიშნავი.

დიდი მადლობა მინდა ვუთხრა "პალიტრამედიის" ხელმძღვანელობას, Aამ გადაცემამ მომცა შანსი, რთულ დროში გამომეხატა ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია.

რამდენჯერმე პირდაპირ ეთერში ვთქვი, - კარგია, რომ ჟურნალისტი არა ვარ და ჩემგან მსმენელი და მაყურებელი მაინცდამაინც ვერ მოითხოვს ობიექტურობას-მეთქი. რადგან "აქ და ახლა" საავტორო გადაცემაა, გულახდილად გეტყვით,  ყოველთვის ობიექტური ვერ ვიყავი. მაპატიოს მსმენელმა და მაყურებელმა, თუ რამდენჯერმე გავფიცხდი, როდესაც მსმენელმა პროვოკაციული კითხვები დამისვა.  ყოველთვის ვცდილობდი, გადაცემაში არ მომეყვანა დემაგოგები და მორალის იქით მდგომი ადამიანები, რომელთათვისაც თანამდებობა, ჯიბე და მუცელია პირველ ადგილზე. ვიწვევდი იმ ადამიანებს, რომელთაც ღრმად და არა ყურმოკვრით იცოდნენ ის საკითხი, რაზეც გადაცემაში უნდა გველაპარაკა. არ მჯერა, რომ პოლიტიკის კეთება სუფთა ხელებით შეიძლება. ამიტომაც არ მნდომებია პოლიტიკოსობა, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა პარტიიდან შემოთავაზება მქონდა. ყოველთვის ვცდილობდი, მინიმალურად ვყოფილიყავი კონფორმისტი.

- გამოგდიოდათ?
- ზოგჯერ არ გამომდიოდა. საგარეო სტრუქტურიდან ორჯერ დავაპირე წამოსვლა (7 ნოემბერსა და 2008 წლის აგვისტოში), მაგრამ ვერ გავბედე, რასაც, მთელი სიცოცხლე ვინანებ. ახლა დიპლომატიურ საქმიანობას დავუბრუნდი და ღმერთმა არ ქნას, იმაზე ფიქრი დამჭირდეს, რასაც იმ ორ შემთხვევაში ვფიქრობდი. ისეთი ხელისუფლება მოვიდა, იმედია, ასე ფიქრი არ დამჭირდება. მჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა ძალიან ცუდ რამეებს გადაარჩინა და ბევრ კარგს გააკეთებს. შეიძლება ეს ჩქარა არ იყოს, მაგრამ ისეთი ქვეყანა გვექნება, როგორიც ყველას გვინდა.

დიპლომატიურმა გამოცდილებამ თავშეკავება მასწავლა და ეს გადაცემის წაყვანისას მეხმარებოდა. თავშეკავების უნარი უცებ არ მოსულა. მახსოვს მწარე გამოცდილება. როცა რუსეთის ერთ-ერთი პირველი დელეგაცია ჩამოვიდა, მას ბატონი კოვალიოვი (საგანგებო დავალებათა ელჩი) ხელმძღვანელობდა, რომელმაც თქვა, - აფხაზეთის განადგურების საშუალებას არ მოგცემთო, რაზეც,  გამოუცდელი დიპლომატის რეაქცია მქონდა. არ დაველოდე, რას იტყოდა ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელი მიშა უკლება და კოვალიოვს ვუთხარი, მერე აფხაზეთი თქვენია-მეთქი?! ამის გამო მოლაპარაკების პირველი ნაწილი ჩაიშალა. მერე ასეთ რამეებს აღარ ვაკეთებდი.

- სად გააგრძელებთ დიპლომატიურ სამსახურს?
- წარდგენილი ვარ ელჩად ცენტრალური აზიის ერთ-ერთ ქვეყანაში. მაგრამ ჯერ ერთი თვით  გერმანიაში, ქალაქ ზიგენის უნივერსიტეტში ჩემს გერმანელ პროფესორ კოლეგასთან ერთად კვლევის დასაწერად მივდივარ. 

- რას იტყვით "აქ და ახლას"  ახალ წამყვან კახა კახიშვილზე?
- როდესაც  მითხრეს, კახა კახიშვილს შევთავაზეთ გადაცემის წაყვანაო, ძალიან გამიხარდა. ის  ზოგჯერ მკვეთრად ოპოზიციურია, მაგრამ,  ვფიქრობ, კარგი წამყვანი იქნება, რადგან ღირსეული ადამიანი და კარგი იურისტია.  
ძალიან მომენატრება ის ადამიანები, ვისთანაც სამი წლის განმავლობაში ვთანამშრომლობდი. მომენატრება მსოფლიოში ყველაზე კარგი პროდიუსერის, ინგა სამხარაძის ხმა. მომენატრება მთელი "პალიტრამედია".  მადლობა ყველას. 

"პალიტრამედიაში" მუშაობა ჩემთვის პატივია"

კახა კახიშვილი: - "აქ და ახლა" ძალზე აქტუალური გადაცემაა. გადაცემის ფორმატი იძლევა საშუალებას, ისაუბრო ყველა მნიშვნელოვან თემაზე, რომლებიც ჩვენს საზოგადოებას აწუხებს და მიიღო პასუხი კომპეტენტური პირებისაგან და ასევე წარმოადგინო საკუთარი ხედვა. ამ გადაცემაში წინასაარჩევნო პერიოდში მიმიწვიეს და ბატონ კოტე ჟღენტთან პაექრობაც მქონდა არჩევნების მოსალოდნელ შედეგებზე. აბსოლუტურად თავისუფლად ვიგრძენი თავი. "პალიტრამედიაში" თავისუფალი აზრის გამოხატვა ისე შეიძლება, რომ უხერხულობას არ იგრძნობ. ერთ-ერთი მთავარი მოტივი ეს იყო, რომ "აქ და ახლას" წამყვანობას დავთანხმდი. 

"პალიტრამედიაში" მუშაობა ჩემთვის პატივია. დარწმუნებული ვარ, აქ არ იქნება ჩარჩოები. არავინ ჩაერევა გადაცემის სტუმრების შერჩევაში და შეზღუდული არ იქნება მსმენელთა ზარები. ვიცი, რომ  თავისუფალი ვიქნები გადაცემის თემის შერჩევაში, კითხვის დასმაში და ამიტომაც სიამოვნებით დავეთანხმე "პალიტრის" ხელმძღვანელობის წინადადებას.

ვეცდები, ობიექტური ვიყო. გამომივა თუ არა, ეს მსმენელისა და მაყურებლის შესაფასებელია.

- რა სიახლეს უნდა ელოდოს თქვენგან მსმენელი და მაყურებელი?
- რთულია ბატონი კოტეს მერე რაიმე ახალი მოვიფიქრო, მაგრამ ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და სიახლე იქნება ჩემს ინდივიდუალიზმში, მიდგომებში, ხედვაში. ფაქტია, რომ შეიცვლება გადაცემის წაყვანის სტილი, კითხვების ფორმულირება და ა.შ.

ვაპირებ ყოველი გადაცემის დასრულებამდე მივმართო მაყურებელსა და მსმენელს, რომ კომენტარებში  შეძლებისდაგვარად განსაზღვრონ მეორე დღის თემა, რა არის მათთვის აქტუალური და რომელი სტუმარი აინტერესებთ. ვეცდები იმ თემებზე ვისაუბრო, რისი დაკვეთაც იქნება მსმენელისა და მაყურებლისგან.
მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ პირადად თქვენ. ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის, რომ "კვირის პალიტრის" ფურცლებზე ჩემს აზრებს ავრცელებდით და ავრცელებთ. ის, რომ თქვენი კოლეგა გავხდი, ალბათ თქვენი დამსახურებაცაა.
ella
05 ივნისი 2013 12:58
კახა რადიოში კაია მაგრამ მთავრობაში უფრო საჭირო ხართ..მართლა საღად მოაზროვნე ადამიანო..წარმატებები...
dato
04 ივნისი 2013 13:44
მე მართლა გამიფიქრებია,რომ კახას რამე "პოსტზე" დანიშნავდნენ,მაგრამ ძალიან კარგი და საინტერესო იქნება კახას მოსმენა.საინტერესო საუბარი და იუმორის მდიდარი მარაგი გააჩნია კახას. წარმატებებს ვუსურვებ.
გიორგი
03 ივნისი 2013 22:42
ბატონი კახა ერთი ყველაზე ობიექტური და სერიოზულად მოაზროვნე პიროვნებაა!

რედაქტორის რჩევით