"ვანო ისეთივე პირობებშია, როგორშიც სხვა პატიმრები" - კვირის პალიტრა

"ვანო ისეთივე პირობებშია, როგორშიც სხვა პატიმრები"

მიუხედავად იმისა, რომ მეცხრე საპყრობილეში ვანო მერაბიშვილის მონახულება "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე წევრს უნდოდა, პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, პარტიის გენერალურ მდივანთან ციხეში მისვლის უფლება გიგი წერეთელმა მიიღო:

- ალბათ, ძალიან გაჭირდება მსოფლიოში ისეთი ქვეყნის მოძებნა, სადაც პარტიის გენერალური მდივანი და ყოფილი პრემიერი ციხეში არიან. ვანო მერაბიშვილი ისეთივე პირობებშია, როგორშიც სხვა პატიმრები. ის წუხს, რომ საინფორმაციო საშუალებებზე ხელი არ მიუწვდება. არ აქვს ტელევიზორი. ის არ ეთანხმება იმ ბრალდებებს, რასაც უყენებენ.

- მას ბრალი დაუმძიმდა 26 მაისის აქციის დარბევის გამო.

- ის მიიჩნევს, რომ ამ ეპიზოდში დანაშაული არ მიუძღვის.

- ამბობენ, რომ ციხეში მის მიყვანას პატიმრების მძაფრი რეაქცია მოჰყვა.

- ეს მხოლოდ ჭორი იყო.

- უცნაურია, რომ აქამდე თქვენს თანაგუნდელებს არ გაგიჩნდათ ბაჩო ახალაიას მონახულების სურვილი.

- მე მოვინდომე ბაჩო ახალაიას ნახვა, მაგრამ რადგან მხოლოდ ვანო მერაბიშვილის მონახულების  ნებართვა მქონდა, ამაზე უარი მითხრეს. ბაჩო ახალაიას, ალბათ, ჩვენი თანაგუნდელები მოინახულებენ. ჩვენ ვხედავთ, ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესზე თანდათან როგორ ირღვევა ის ბრალდებები, რაც მას წაუყენეს და ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ბრალდების მხარე, როდესაც მოწმეები ხან ჩვენებებს ცვლიან ან ხელზე დაწერილი გვარებით გამოდიან სასამართლო პროცესზე.

-  მერაბიშვილთან მომავალი საპრეზიდენტო კანდიდატის შესახებ ხომ არ გისაუბრიათ?

- პარტიის მომავალ გეგმებზე ლაპარაკის შესაძლებლობა იქ არ ყოფილა, რადგან საკანს მეთვალყურეობენ. "ნაციონალური მოძრაობა" პრაიმერის ჩატარებას გეგმავდა, მაგრამ პარტიის გენერალური მდივნის დაკავებამ ჩვენი გეგმები შეცვალა. თვის განმავლობაში კვლევების საფუძველზე გამოვავლენთ, ვინ იქნება ჩვენი პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი.

- ვანო მერაბიშვილს მიაჩნია, რომ პოლიტიკური ნიშნით დააკავეს?

- როდესაც აპატიმრებენ მთავარი ოპოზიციური პარტიის გენერალურ მდივანს, ცხადია, ამაში არის პოლიტიკური შემადგენელი.

- ითქვა, რომ ზურაბ ჭიაბერაშვილიც განიხილება "ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატად.

- როდესაც პრაიმერის ჩატარებას ვგეგმავდით, რამდენიმე პირის გვარი დასახელდა.  რაღაც ჯგუფი, ალბათ, ზურაბ ჭიაბერაშვილსაც განიხილავდა, რომელიც მართლაც ჭკვიანი პოლიტიკოსია. დღეს ჩვენი პარტია არაორდინარულ ვითარებაშია. რადგან ჩვენი პარტიის მოქმედი გენერალური მდივანი დაკავებულია. ჩვენს თანაპარტიელებზე ზეწოლა გრძელდება თბილისშიც და რეგიონებშიც. იმის ფონზე, რომ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა  უარესდება და უამრავი სხვა პრობლემაა, ხელისუფლებას მათი გადაფარვა ოპონენტების დაპატიმრებით უნდა.

- რას იტყვით "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატსა და იმ პოლიტიკოსებზე, რომელთაც საპრეზიდენტო მარათონში მონაწილეობა გადაწყვიტეს?

- "ქართული ოცნების" სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატებად ვინც სახელდებოდა, გიორგი მარგველაშვილი ყველაზე სწორი არჩევანია. სხვა კანდიდატების დახასიათებას კი არ შევუდგები. გიორგი მარგველაშვილთან, ნინო ბურჯანაძესა და სალომე ზურაბიშვილთან, პოლიტიკაში ყოფნის პერიოდში, სხვადასხვა ეტაპზე მქონდა ურთიერთობა, მაგრამ დღეს ჩვენ სხვადასხვა პოლიტიკურ ბანაკში ვართ.